ქუთაისის სკოლებში საკლასო ოთახებში
სასწავლო პროცესის განახლების თარიღი 15 თებერვალს გახდება
ცნობილი.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი
პირველ მარტს უნდა განახლებულიყო, თუმცა შესაძლოა ეს თარიღი
ეპიდვითარების მიხედვით შეიცვალოს.
"15 თებერვალს კიდევ ერთხელ შეფასდება
არსებული ეპიდსიტუაცია და თუ შვიდი დღის მაჩვენებელი ჩამოსული იქნება
4%-მდე, დაიწყება შემდგომი შემსუბუქების პროცედურები. მინდა აღვნიშნო,
რომ, რასაკვირველია, ყველას გვინდა, ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი
იყოს ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახებში. ამისთვის ყველაფერს
ვაკეთებთ. აქედან გამომდინარეობს ჩვენი გეგმაც. სასწორის მეორე მხარეს
არის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი: ეს არის ჩვენი ბავშვების, ჩვენი
შვილების ჯანმრთელობა. სწორედ, ამ პრინციპების გათვალისწინებით არის
ეს გადაწყვეტილებები მიღებული",- ნათქვამია სამინისტროს
განცხადებაში.
სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლების
თარიღის შესაძლო ცვლილების შესახებ იციან ქუთაისის საგანმანათლებლო
რესურსცენტრში.
"ვიცით, რომ უწყებათაშორის საბჭოს
სხდომაზე ისაუბრეს თარიღის ცვლილებაზე, თუმცა ჯერჯერობით
ჩვენამდე ეს დოკუმენტის სახით მოსული არაა. თუ გადაწყვეტენ, რომ
15 თებერვალს უნდა დავიწყოთ სწავლა, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ.
ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა პირველ მარტამდეა გადავადებული, ესეც
მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სკოლაში
იარონ. სხვა მხრივ პრობლემა არ არის. სკოლები აღწურვილია
სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით და ა.შ,"- განაცხადა
ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსეცნტრის უფროსმა მაია
ცქიტიშვილმა.
განათლების სამინისტროს
ინფორმაციით, სასწავლებლების Covid-19-ზე ტესტირება იქნება
რეგულარული, ანუ ყოველ ორ კვირაში მოხდება მასწავლებლების სისტემატური
ტესტირება.
ქვეყნის დიდ ქალაქებში, მათ შორის ქუთაისში,
სასწავლო პროცესი 4 ნოემბრიდან დისტანციურად მიმდინარეობს.
საგაკვეთილო პროცესი 14 იანვარს უნდა განახლებულიყო თუმცა უწყებამ ეს
გადაწყვეტილება კოვიდინფექციის გაზრდილი შემთხვევების გამო
მიიღო.
ქუთაისში სულ 38 საჯარო სკოლაა, სადაც 24
ათასამდე მოსწავლე ირიცხება.
ავტორი: ანა ჯიქია
მასალის გამოყენების პირობები