ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ 31
ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმები შეადგინა.
ოქმზე ხელი არ მოაწერა კომისიაში "ნაციონალური
მოძრაობის" წარმომადგენლმა. მან სხდომა პროტესტის ნიშნად
დატოვა.
ოქმში, შედეგებთან დაკავშირებით განსახვავებული
აზრი დააფიქსირა ,,პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმა.
ქუთაისის საოლქო კომისიაში, 31 ოქტომბრის კენჭისყრასთან დაკავშირებით
44 საჩივარი შევიდა. აქედან, კომისიამ მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა
სრულად, ორი ნაწილობრივ, 15 კი არ დააკმაყოფილა. განუხილველად
დატოვა 17 საჩივარი.
საოლქო კომისიას საპროტესტო აქციის ფონზე მოუწია 5 ნოემბრის სხდომის
ჩატარება, სადაც #102 უბნის ბიულეტენები განმეორებით დაითვალეს.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები და აქტივისტები სხდომაზე დასწრებას
ითხოვდნენ, რის საშუალებასაც მათ პოლიცია არ აძლევდათ. კომისიამ
სხდომის დაწყება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც რამდენიმე აქტივისტი
საოლქოს შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები 2020 წლის პარლამენტის
არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მიღებულ მანდატებზე უარს
ამბობენ. მათი თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის
შედეგები გააყალბა.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო
არჩევნები 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდა, ხოლო
საარჩევნო ბლოკებისათვის ბარიერი 1%-ისა და ბლოკში შემავალი პარტიების
ნამრავლით განისაზღვრება. გაუნაწილებელი მანდატები კი თანმიმდევრობით
უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე
განაწილდება.
მასალის გამოყენების პირობები