კორონავირუსის მართვის პროცესში მოხალისეობრივად
ქუთაისში, მედიცინის
ფაკულტეტის სტუდენტებიც
ჩაერთვებიან.
ისინი ამბობენ, რომ ამის სურვილი
მათ იმაზე უფრო ადრე ჰქონდათ, ვიდრე განათლების მინისტრი ამის
მოწოდებას გააკეთებდა.
საბა ჩხკივაძე ერთ-ერთია იმ სტუდენტთაგან,
რომლებიც ვირუსის მართვის პროცესში მაშველ ძალად მოიაზრება. მას
მიაჩნია, რომ სტუდენტებიც ვირუსთან ბრძოლაში სამედიცინო პერსონალს
გვერდით უნდა დაუდგნენ.
საბა 23 წლისაა, ის აკაკი წერეთლის სახელმწიფო
უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროგრამა მედიცინა+პლბ-ის მეექვსე
კურსზე სწავლობს. უნდა, რომ კარგი ნეიროქირუგი გახდეს, თუმცა მანამდე
კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი.
მომავალი ექიმი ამბობს, რომ ვირუსმა მისი
სასწავლო გრაფიკი უკვე დიდი ხანია შეცვალა. ახლა მათთვის პრიორიტეტი
კოვიდინფექცია გახდა, რაზედაც ყველა ინფორმაციას ინტერესით
ეცნობიან.
"ჩვენი სასწავლო კურსი ინფექციოლოგიის
შესწავლას ისედაც ითვალისწინებდა, მაგრამ დღეს უკვე სხვა მდგომარეობაა
და ამ მიმართულებით უფრო მეტი ინფორმაციის მიღება გახდა საჭირო.
ვირუსი ახალია, ახალი სიმპტომები ვლინდება", - ამბობს
საბა.
სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი თვლის, რომ მათი
ჩართულობა პირველადი ჯანდაცვის სისტემისთვისაც და ასევე,
სტუდენტებისთვისაც დიდი გამოწვევა და გამოცდილებაა.
"ვირუსის მართვაში ჩვენი ჩართვა,
სურვილზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, ჩემი აზრით, ეს ვალდებულება
უნდა იყოს. ვირუსთან საომარ სიტუაციაში ვართ და არ შეიძლება ამ
სიტუაციაში სტუდენტების როლი არ გაიზარდოს,"- მიაჩნია
საბას.
საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსის მართვის
პროცესში ჩასართავად მზადაა მედიცინის ფაკულტეტის სამკურნალო საქმის
მეოთხე კურსის სტუდენტი ნაზი მაჩიტიძეც.
,,ბუნებრივია, ამ დროს ახლობლებმა შესაძლოა ეს
ემოციურად მიიღონ, მაგრამ ჩემი მომავალი პროფესია შიშს არ ცნობს.
პირველ რიგში, ქვეყანაში შექმნილი კოვიდსიტუაცია მოითხოვს იმას, რომ
ექიმებს, ექთნებს, ვინც დღედაღამე მუშაობენ გვერდით დავუდგეთ. ეს
ჩვენთვის არის დიდი გამოცდილების მიღებაც, რომელსაც შემდგომში
გამოვიყენებთ, ამავდროულად სოლიდარობა სამედიცინო
პერსონალისადმი", - ამბობს ნაზი
მაჩიტაძე.
ნაზი მაჩიტაძე - სტუდენტი
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის
ფაკულტეტზე 700 სტუდენტი სწავლობს. დამამათავრებელ კურსზე - 40,
რომელთა დიდმა ნაწილმა გამოთქვა მოხალისედ მუშაობის
სურვილი.
ფაკულტეტის დეკანი, ირინე ფხაკაძე ამბობს, რომ
სტუდენტების კლინიკებში სასწავლო პრაქტიკით გაშვება ისედაც ხდება, რაც
სამომავლო პროფესიული განვითარებისთვის აუცილებელია.
რაც შეეხება პანდემიას, მსგავს შემთხვევებში
სტუდენტებისთვის შესაბამისი უნარების გამომუშავება განსაკუთრებით
აქტუალური კორონავირუსის მსოფლიო კრიზისის დაწყებიდან
გახდა.
"ჩვენი სტუდენტები ახლაც მზად არიან
ჩაერთონ მოხალისეობრივ პროცესში და სასწავლო კურსის გარეთაც მიიღონ
მონაწილეობა მსგავს პროგრამებში",- ამბობს ირინე
ფხაკაძე.
მისივე თქმით, ამ საკითხზე 28 ოქტომბერს არის
შეხვედრა ჩანიშნული, სადაც, სავარაუდოდ, სტუდენტთა ჩართვის
პროცედურებზე იმსჯელებენ.
ქუთაისში სულ ხუთი კოვიდკლინიკაა, სადაც
ამბობენ, რომ სამედიცინო პერსონალი სიმცირეს არ უჩივიან. თუმცა,
ინიციატივას და სტუდენტების ჩარვის ინიციატივას
იწონებენ.
"ამ ეტაპზე რესურსი გვყოფნის. ჩვენ
ინფიცირებული სამედიცინო პერსონალი არ გვყავს, მაგრამ თუ ვინმე
გამოთქვამს მოხალისეობრივად ჩართვის სურვილს, პრობლემა არ
იქნება",- აცხადებენ ,,ლჯ და კომპანიაში".
,,ზოგადად იდეა კარგია, რომ დამატებით
გადამზადდეს მედ პერსონალი. საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან
პროცესში. ჩვენთან 170 საწოლია და შესაბამისი მედ.პერსონალიც
გვყავს,"- განმარატვენ კლინიკა "ბომონდში".
რამდენი ან რა პროცედურების გავლით
ჩაერთვებიან მოხალისეობრივად სტუდენტები კორონავირუსის მართვის
პროცესში ჯერჯერობით უცნობია.
განათლების მინისტრის განცხადებით, მოხალისე სტუდენტების ბაზა ერთ
კვირაში უნდა შეიქმნას.
ავტორი: ანა ჯიქია
მასალის გამოყენების პირობები