ქუთაისში კორონავირუსით
ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება.
ბოლო 24 საათში ვირუსი 16 ადამიანს დაუდასტურდა.
პაციენტები ეტაპობრივად კლინიკებში ნაწილდებიან.
იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის
ინფორმაციით, გამოვლენილ პაციენტთა უმრავლესობა კვლავ 32-ე საჯარო
სკოლის კლასტერს უკავშირდება, სადაც ვირუსი ერთდროულად 21 პედაგოგს
დაუდგინდა. გუბერნატორის თქმით, გრძელდება ინფიცირებულთა კონტაქტების
კვლევა მათი დაინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით.
გასული დღე-ღამის განმავლობაში იმერეთში სულ
1226 ადამიანი გამოიკვლიეს.
მეორე დღეა ქუთაისში აღარ მუშაობს საველე
ლაბორატორია, სადაც კორონავირუსზე უფასო ტესტირება ტარდებოდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, აქამდე დაინფიცირებული
ყველა პირის კონტაქტები დადგენილია და საველე ლაბორატორიის
ფუნქციონირება ამ ეტაპზე საჭირო არ არის.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 179 შემთხვევა
დადასტურდა.
ვირუსით
ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს
დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა,
31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან
დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30
იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში
პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია
კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ
კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში
კარანტინი გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები