ქუთაისის #24 -ე საჯარო სკოლაში, შესაძლოა,
ახალი კლასტერი გაჩნდეს.
13 სექტემბერს კორონავირუსი სკოლის
დირექტორს, ბუღალტერს და საქმეთა მმართველს დაუდასტურდა.
სკოლის დირექტორის ელიზბარ ბარბაქაძის
ინფორმაციით, ტესტი სკოლის თანამშრომლებსა და პედაგოგებს უკვე
აუღეს და ყველა პასუხი უარყოფითია. თუმცა,როგორც ირკვევა, საქმეთა მმართველმა, რომელიც
ამავდროულად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მაგისტრია, 12 სექტემბერს უნივერსიტეტში დიპლომის დაცვის გამოცდა
ჩააბარა. მომხდარის გამო, ახლა თვითიზოლაციაში იმყოფება ფილოლოგიის
ფაკულტეტის დეკანი ლუკა დვალიშვილი და ის პირები, როლებიც გამოცდას
ესწრებოდნენ.
"მე გუშინ დამიდგინდა. სტაციონარში ვწევარ ახლა.
დღეს უკეთ ვარ. სკოლა დაკეტილია და ტარდება შესაბამისი სამუშაოები.
ყველა პედაგოგს აუღეს ანალიზი და ჯანმრთელები არიან. რაც შეეხება ორ
ინფიცირებულს, ერთი ბუღალტერია, რომელსაც პირველად აღმოაჩნდა, მეორე
საქმეთა მმართველი", - ამბობს ელიზბარ ბარბაქაძე.
ფილოლოგიის ფაკულტეტის
დეკანის ლუკა დვალიშვილის ინფორმაციით, მაგისტრს გამოცდის ჩაბარების
პროცესში სიმპტომები არ ჰქონდა, საგამოცდო ოთახში
კი დისტანცია დაცული იყო. ამის მიუხედავად, ყველას, ვინც
გამოცდაზე იმყოფებოდა, ბიოლოგიური ნიმუში
აუღეს.
"გუშინ დილით დამირეკეს და ავიღე ანალიზი. პარასკევს იყო მოსული,
სადიპლომოს დაცვა ჰქონდა. უსიმპტომო იყო. ჩვენ ყველა ზომა დაცული
გვქონდა, აუდიტორიაც გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ დისტანცია
დაგვეცვა. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს ფილოლოგიის
ფაკულტეტის დეკანი ლუკა დვალიშვილი.
წერეთლის უნივერისტეტში ვირუსზე
ტესტის პასუხს ახლა რვა ადამიანი ელოდება.
კორონავირუსი დაუდგინდა ქუთაისის #32-ე საჯარო
სკოლის პედაგოგებსაც. მათი კლასტერი ყოველდღიურად იზრდება.
იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ბოლო 24
საათში გამოვლენილი 10 შემთხვევიდან უმრავლესობა #32-ე სკოლის
პედაგოგებს უკავშირდება.
ქუთაისში, ბოლო ერთი დღის განმავლობაში
1 132 ტესტი გაკეთდა. უფასო კვლევა ქალაქის ცენტრში განთავსებულ
საველე ლაბორატორიაში ყოველდღიურად ტარდება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა
ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის
რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ
კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ
გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში
დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი
შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ
კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში
კარანტინი გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები