უწყებათაშორისი საკოორდინაციო
საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ნებადართულია ღია სივრცეში
ნებისმიერი სოციალური, მათ შორის სადღესასწაულო, რიტუალური
(ქორწილი, ნებისმიერი იუბილე) ღონისძიებების ჩატარება,
რომლებზე დამსწრეთა რეკომენდებული მაქსიმალური რაოდენობა 100
ადამიანით განისაზღვრა.
საბჭომ გასულ კვირას უკვე დაუშვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება
ღია სივრცეში, ასევე ნებადართული გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების
ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის
დაცვით.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ
ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა
საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1039
დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 900 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41
მოქალაქე. გარდაცვლილია 16 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5534 ადამიანი, ხოლო სტაციონარში,
მეთვალყურეობის ქვეშ - 267 პირი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა
ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები