ქუთაისის მერიას ჯერჯერობით არ აქვს გეგმა,
როგორ და რა პროგრამებზე გადაანაწილებს გვირილობის დღესასწაულზე
დაზოგილ 100 000 ლარს.
მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე აღნიშნული თანხის
ხარჯვის საჭიროება არ არის.
"როგორც კი იქნება საჭირო ამ თანხის განკარგვა, ბიუჯეტში შევა
შესაბამისი ცვლილება. ამ ეტაპზე ეს საჭიროება არ დგას", - აცხადებენ
მერიაში.
ქუთაისის ბიუჯეტში 100 000 ლარის ეკონომია, პანდემიის გამო ჩაშლილი
გვირილობის დღესასწაულის ხარჯზე გაკეთდა. მერიაში მაშინ ამბობდნენ,
რომ დაზოგილ თანხას სხვადასხვა პროგრამაზე გადაანაწილებდნენ, თუმცა,
როგორც ირკვევა, ადგილობრივი ხელისუფლება ამ თანხის დახარჯვას,
ჯერჯერობით, არ აპირებს. ეს მაშინ, როცა ქალაქში უამრავი სოციალურად
გაჭირვებული და პანდემიით დაზარალებულია.
ქუთაისის მერიას თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს ოპოზიცია.
პარტია "თავისუფალი საქართველო" პანდემიის პირობებში ბალახვნის
ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციას არაპრიორიტეტულად მიიჩნევს და
აცხადებს, რომ მერია ამ თანხით სოციალურად გაჭირვებულებს უნდა
დაეხმაროს, საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" კი ქალაქის
ხელისუფლებას მოუწოდებს, პანდემიით დაზარალებული ოჯახების
დასახმარებლად ბიუჯეტში ხუთი მილიონი ლარი გამოყოს.
მასალის გამოყენების პირობები