ქუთაისის მერიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის
აღდგენასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტზე მუშაობენ.
შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის"
დირექტორის მოადგილე, ირაკლი ცხვედიანი ამბობს, რომ განიხილავენ
არამხოლოდ იმას, თუ როგორ უნდა განთავსდნენ მგზავრები სატრანსპორტო
საშუალებებში, ასევე, დგინდება მოძრაობის გრაფიკი. ცხვედიანის თქმით,
გეგმა მუშავდება როგორც ავტობუსების, ასევე, მიკროავტობუსების
შემთხვევაში.
მერიაში ჯერჯერობით ვერ ამბობენ როდის
ამუშავდება ტრანსპორტი, თუმცა, აცხადებენ, რომ გეგმა, სავარაუდოდ,
თვის ბოლოს ან 10 ივნისისთვის შემუშავდება.
"მიმდინარეობს დაზუსტება, როგორ უნდა განლაგდნენ ადამიანები
ტრანსპორტში, ჭადრაკისებურად, თუ სხვაგვარად. რამდენი უნდა იყოს
დისტანცია, მეტრნახევარი თუ ორი მეტრი. ფაქტია, რომ 15 კაციან
მიკროავტობუსში 15 მგზავრი ვერ ავა, შეიძლება ავიდეს 5, 7 ან 10,
ზუსტად ამის თქმა ჯერჯერობით არ შეგვიძლია. უნდა გაკეთდეს ისე, რომ
მგზავრებს არ შეექმნათ გადაადგილების პრობლემა და ამიტომ ახლა
ვმუშაობთ ინტერვალებზე. რეგულაციები, რა თქმა უნდა ყველგან ერთნაირი
იქნება, ამიტომ უფრო დაზუსტებით გვეცოდინება თვის ბოლოს ან 10
ივნისისთვის", - ამბობს ირაკლი ცხვედიანი.
კორონავირუსის გამო, საქართველოში საზოგადოებრივი
ტრანსპორტის მოძრაობა 28 მარტს აიკრძალა.
რომელი შეზღუდვა მოიხსნა და რომელი დარჩა, ნახეთ
აქ:
მასალის გამოყენების პირობები