დღეიდან დახურულ საჯარო სივრცეებში კვლავ სავალდებულო იქნება
პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიექტებშიც,
- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი
ჩიქოვანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ასევე, სავალდებულო იქნება სოციალური დისტანცის
დაცვა.
„23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება
პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიქტებშიც. ასევე,
სავალდებულო იქნება სოციალური დისტანცის დაცვა. ბოლნისის
მუნიციპალიტეტში კარანტინი გაუქმებულია და საკარანტინე ზონებად რჩება
მხოლოდ სოფელი მუშევანი და სოფელი გეტა, სადაც ამ ეტაპზე აქტიური
პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები მიმდინარეობს. საკარანტინო
ზონად კვლავაც რჩება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. უქმდება
ავტომობილებში სამკაციანი შეზღუდვა და ეს შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ
და მხოლოდ ტაქსით მომსახურეობის დროს. ასევე, ყველა ტაქსის მძღოლი
ვალდებული იქნება, გამოიყენოს პირბადე. ასევე უქმდება შეზღუდვა
სახლიდან გასვლის შესახებ 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის,
მაგრამ ვინაიდან ეს ადამიანები მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ,
ჩვენ მივმართავთ მათ რეკომენდაციით, რომ უკიდურესი აუცილებლობის
გარდა, სახლიდან არ გავიდნენ და დარჩნენ შინ", - განაცხადა
ჩიქოვანმა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად ჯანმოს (
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის) რეკომენდაცით სავალდებულოა დამცავი
პირბადეების, სოციალური დისტანციის და ჰიგიენური ნორმების დაცვა.
საქართველოში კორონავირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 509 უკვე
გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12
ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში 3614 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის
ქვეშ კი - 316.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26
თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა
ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მასალის გამოყენების პირობები