ახალი ამბები
იმერეთში ფერმერებს მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილების უფლება მისცეს
FaceBook
იმერეთში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების მიზნით, მოქალაქეებს უფლება აქვთ დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე და საღამოს 18:00-დან 19:0-მდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.

ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძემ 12-ვე მუნიციპალიტეტის მერებთან დისტანციური თათბირის შემდეგ გახდა ცნობილი. 

"როგორც იცით, ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა კიდევ რამდენიმე დღით გაგრძელდა, რის გამოც ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც მიწის ნაკვეთები აქვთ ქალაქის მიმდებარე სოფლებში, შეექმნათ პრობლემები გადაადგილებასთან დაკავშირებით. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღის განმავლობაში - დღის და საღამოს საათებში, მათ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა მიეცეთ, რათა მათ საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად განახორციელონ. ამ საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერებთან გავმართეთ დისტანციური თათბირი, მათ მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები, ასევე 12-ვე მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მივიღეთ ინფორმაცია", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

გადაადგილების დროს მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხო წესები დაცული უნდა იყოს, რაც პირბადის ტარებასა და მანქანაში არაუმეტეს სამი პირის ყოფნას გულისხმობს.

მოქალაქეები ხშირად ჩიოდნენ, რომ მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა მათ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებაში ხელს უშლიდათ. მოქალაქეებს ავტომობილით მოძრაობისთვის ნებართვის მიღება მხოლოდ 144-ზე დარეკვის შედეგად შეეძლოთ, თუმცა მათივე თქმით ცხელი ხაზი არაეფექტურად მუშაობდა და ზარის განხორციელებას ორ დღეს ანდომებდნენ, რადგან მათ ზარებს არავინ პასუხობდა. 


ფოტო: ერთერთი მოქალაქის სქრინი, რომელიც ცხელ ხაზზე დარეკვას უშედეგოდ ცდილობს.


Print