ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის კლინიკაში გახსნილ
ცხელების ცენტრში პაციენტებს მესამე დღეა იღებენ.
კლინიკის აღმასრულებელი მენეჯერის არჩილ მუკბანიანის თქმით, ცენტრს
უკვე 40–მა პაციენტმა მიმართა. 8 მათგანის ბიოლოგიური ნიმუში შემდგომი
კვლევისთვის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.
„ჩვენ უკვე ვიღებთ პაციენტებს. ამ დროისთვის
40–მა ადამიანმა მოგვმართა. ზოგს ჰქონდა ტემპერატურა, ზოგს
რესპირატორული ჩივილები. 8 ნიმუში გადავაგზავნეთ ლაბორატორიაში,
პასუხები ჯერ არ გვაქვს“,– განუცხადა ქუთაისიპოსტს არჩილ
მუკბანიანმა.
ქუთაისში ცხელების ცენტრი პირველი აპრილიდან მოქმედებს. ცენტრში
მისვლა შეუძლია ყველა პაციენტს, ვისაც აქვს ტემპერატურა ან
რესპირატორული დაავადების სხვა ნიშნები. საეჭვო სიმპტომების მქონე
პაციენტებს, ცენტრიდან პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანენ. ცხელების
ცენტრის შექმნის მიზანი კორონავირუსის შიდა გადაცემის
შეჩერებაა.
ქუთაისში კორონავირუსის მქონე სამი პაციენტი მკურნალობს.
მასალის გამოყენების პირობები