კორონავირუსი
რა რესურსი აქვთ ქუთაისის კლინიკებს თუ დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდება
FaceBook

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები დედაქალაქს უკვე გასცდა.

Covid19 დადასტურდა ქუთაისშიც. ახალი ვირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი მკურნალობს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. მათგან ერთი 73 წლის მამაკაცია. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტს  ორმხრივი პნევმონია აქვს.


ვირუსის მასშტაბების ზრდის პარალელურად, "ქუთაისიპოსტი" დაინტერესდა რა რესურსი აქვთ  ქუთაისში არსებულ კლინიკებს პაციენტების მისაღებად და როგორია მათი მზაობა მძიმე შემთხვევების სამართავად. 

როგორც ირკვევა, საავადმყოფოების ნაწილს მოძველებული აპარატურა აქვს და მედპერსონალისთვის საჭირო აღჭურვილობაც კი არ ჰყოფნის.


ქუთაისში ინფექციური პროფილის სამი საავადმყოფოა: „ლჯ და კომპანია“, „მედიქალ სითი“ და „საეკლესიო საავადმყოფო“. პირველ ეტაპზე კორონავირუსის ნიშნების მქონე პაციენტებს „ლჯ და კომპანია“ იღებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მისი მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გათვალისწინებით, მიმღებ კლინიკად შეარჩია.  კლინიკაში ხუთი ბოქსირებული განყოფილება აქვთ. მათგან მხოლოდ ერთს აქვს დამოუკიდებელი შესასვლელი. დანარჩენი ოთხი კი კლინიკის შენობაშია გადანაწილებული.

სამი ბოქსირებული პალატა, 10 რეანიმაციული საწოლი და 6 სასუნთქი აპარატი აქვს ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოს. დაწესებულების კლინიკური მენეჯერი, ლალი არველაძე ამბობს, რომ  კლინიკის სამედიცინო აღჭურვილობა მოძველებულია, რაც ვითარების გაუარესების შემთხვევაში საკმარისი არ იქნება.


„ვერ ვიტყვით, რომ მდიდრული აპარატურა გვაქვს, ძირითადად, წინა წლების გამოშვებაა.  თუ მდგომარეობა დამძიმდა, რა თქმა უნდა, ჩვენი რესურსი არ გვეყოფა, ამიტომ  კარგი იქნება თუ სახელმწიფო მოგვამარაგებს დამატებითი რესურსებით. სასურველია თუ დაგვეხმარება წყალგაუმტარი ხალათებით, პირბადეებითა და ხელთათმანებითაც. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, რაც გვაქვს, იმით დავეხმაროთ ქვეყანას",  – განაცხადა ლალი არველაძემ.


ასეთი პირობების მიუხედავად, კლინიკამ უკვე მიიღო საეჭვო სიმპტომების მქონე  შვიდი პაციენტი, თუმცა, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

რეანიმაციული საწოლებისა და სასუნთქი აპარატების რაოდენობაზე არ საუბრობს  „მედიქალ სითის“ დირექტორი გია გრძელიძე, თუმცა, ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში  პაციენტების მისაღებად მზად არიან.

კლინიკის  ეზოში მათ უკვე  მოაწყვეს პაციენტთა პრეტრიაჟიც, რაც სამედიცინო დაწესებულებაში მისული პაციენტების ფილტრაციას უზრუნველყოფს, რათა არ მოხდეს კორონავირუსის ნიშნების მქონე პირის სხვებთან კონტაქტი.


„ეს არის იმისთვის, რომ მოხდეს მაქსიმალური პრევენცია სხვადასხვა მომსახურების მიღების მიზნით მოსული პაციენტებისთვის. ეს არის  ერთგვარი ფილტრი, რომ თუ პაციენტს აღმოაჩნდება  ვირუსის ნიშნები, ის პირდაპირ იქნება გადაყვანილი ბოქსირებულ განყოფილებაში და არ მოხდება მისი კონტაქტი სხვა პაციენტებსა და მედპერსონალთან. ჩვენთან იყო ერთი ასეთი შემთხვევა, როცა პაციენტს დაუდგინდა კორონავირუსი და ის შემდგომ გადაიყავნეს საჩხერის კლინიკაში“, – აცხადებს გია გრძელიძე.


როგორ ემზადება ქუთაისი და რა რესურსია ქალაქის კლინიკებში დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შემთხვევაში, ამ საკითხებზე სასაუბროდ ჯანდაცვის სამინისტროში ვერ მოიცალეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ  კითხვებზე პასუხების გასაცემად დრო არ აქვთ.


სამინისტროსგან განსხვავებით, განმარტება გააკეთეს დავაადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოში. სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, პანდემიასთან საბრძოლველად მზად არიან არმხოლოდ შესაბამისი პროფილის კლინიკები, არამედ, ყველა საავადმყოფო.


„არამხოლოდ ინფექციური პროფილის კლინიკები, არამედ, ყველა საავადმყოფო, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა ჩაერთოს პროცესში, როგორც ინტელექტუალური, ასევე, მატერიალურ–ტექნიკური რესურსით. ამ დრომდე მშვიდად და სტაბილურად მიდის სიტუაცია და იმედი ვიქონიოთ, რომ არ გვექნება მკვეთრი, ნახტომისებური ზრდა. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოს მოუწევს დამატებითი რესურსების ამოქმედება და  ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ“, – ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში გოჩა გიორგიძე.


დავაადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველო უფროსის თქმით, აქტიურად მუშაობს იმერეთის ლაბორატორიაც, სადაც კორონავირუსზე ნიმუშების შემოწმებაა შესაძლებელი. ლაბორატორიაში უკვე 185 ნიმუშია გამოკვლეული. მათგან მხოლოდ ოთხის პასუხი აღმოჩნდა დადებითი. გიორგიძის ინფორმაციით, იმერეთის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 405 პირი. ამავე რაოდენობის ადამიანია კარანტინის რეჟიმში.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის
COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე
სოციალურ ქსელში წერს.
08:56 / 20.08.2022
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6
ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა
ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
16:00 / 17.08.2022
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.