ეს მოედანი იტალიის ქალაქ რეჯო-ემილიაშია. ქალაქში, სადაც ყველზე მეტი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს.
ცარიელი
რეჯო
(ფოტოები გამოყენებულია ინტერნეტწყაროდან)
რეჯო-ემილია იტალიის წითელ ზონად დასახელებულ ქალაქებს შორის
ერთ-ერთია, ამიტომ აქ ყველა ცდილობს სახელმწიფოს მიერ
გაცემული პროტოკოლი დაიცვას.
ქუჩაში ნიღბით მოძრაობენ, ან ვისაც რა მოეპოვება: ცხვირზე აფარებული
შარფით, საკუთარი ხელით შეკერილი ნიღბისმსგავსი ბადით.
გადაადგილდებიან სპეციალურ დრომდე, (18:00 საათი)
სპეციალური საშვით.
რეჯო ემილიას დაცარიელებულ ქუჩებში არც ქართველ ემიგრანტებს
მიეჩქარება სამსახურში. სახლიდან მხოლოდ სუპერმარკეტში, ან
აფთიაქში გადიან. ისიც გადაუდებელი აუცილებლობის
შემთხვევაში.
შემდეგ მთელი რუტინული პროცედურა უნდა ჩაიტარონ: სახლის კართან
დატოვონ ფეხსაცმელი, სალფეთქით გააღონ სახელური, შესვლისთანავე
გაიხადონ და გარეცხონ ტანსაცმელი, ხელები ორჯერ საპნით
საგულდაგულოდ დაიბანონ და ამის შემდეგ დუბრუნდნენ ყოველდღიურ
ყოფას.
ასე უცებ შეცვლილი და თავდაყირა დამდგარი ცხოვრების წესი
ძალიან ღლით. კიდევ უფრო მეტად ის უიმედო ფაქტი, რომ სამსახურის
გარეშე დარჩნენ. არც ის იციან, როდის დაუბრუნდებიან
სამუშაოს.
ასეთ ვითარებაში ემიგრანტები ვეღარც ოჯახში აგზავნიან
თანხას. თვითონაც ძალიან ზოგავენ საფულეში შემორჩენილს. ზოგი
პროდუქტებს იმარაგებს, ზოგიც სამშობლოში გამომგზავრებისთვის (იმ
შემთხვევაში თუ ჩარტერული რეისი დაინიშნება) ბილეთის საყიდელ თანხას
აკოწიწებს. ზოგიც სხვა, კიდევ უფრო უმწეოდ დარჩენილ ქართველს
უნაწილებს.
ახლა იტალიაში მცხოვრებ ყველა ემიგრანტს უჭირს: ლეგალებს,
არალეგალებს, ჩარჩენილ ქართველ მოგზაურებს. სამკურნალოდ, თუ სხვა
მიზნით ჩასულებს. ყველა მათგანს სამშობლოში დატოვებულ
ოჯახთან ერთად, სტაბილურობისა და სიმშვიდის
განცდა ენატრება.
ლეგალები
ე.წ. ლეგალები - ის ხალხია, რომლებიც იტალიაში კანონიერად ცხოვრობენ.
ქართველი ემიგრანტები ასეთებს სხვაგვარად ,,საბუთიანებს“
ეძახიან.
საბუთიანებს სხვებზე ნაკლებად
უჭირთ. ბევრი მიზეზის
გამო: იტალიის ტერიტორიაზე გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის პირობებში
არ ეშინიათ გარეთ გადაადგილების.
არც შემოწმების მიზნით ,,კარაბინიერებთან"
(პოლიციელები) გასაუბრება აფრთხობთ. აქვთ თავშესაფარი.
სამსახური, სადაც კონტრაქტით მუშაობდნენ.
(ზოგიერთი ახლაც მუშაობს) ყველა ჩამოთვლილის
ფონზე ,,ლეგალები" თავს შედარებით დაზღვეულად
გრძნობენ.
„სამსახურიდან დროებით
გამომიშვეს.
დღის სამსახურია, მათთან დალაგებაზე დავდივარ.
თუმცა რადგან კონტრაქტით ვყავდი ოჯახს აყვანილი, თანხასაც
მინაზღაურებენ. ასევე შემპირდნენ, როცა
სიტუაცია დალაგდება, დამაბრუნებენ. უსაფრთხოებისთვის მეც სხვების
მსგავსად სახლში ვარ. ფანჯრიდან ვუყურებ ხოლმე ცენტრალურ მოედანს.
ისეთი სიჩუმეა იფიქრებ გაჩერებულია იტალია.
ყველაზე ხმაურიანი ხალხი დუმს. მართალია, აქ კორონავირუსით
დაღუპულებიდან ძირითადად მოხუცები არიან, თუმცა უკვე ყველა
შიშითაა შეპყრობილი, ახალგაზრდაც, მოხუციც.“
მანანა იტალიის ქალაქ რეჯო-ემილიაში 24 წელია ცხოვრობს. ამ პერიოდში
ბევრი სამსახური გამოიცვალა: ჯერ 24 საათიან
რეჟიმში, ბებიას მომვლელად მუშაობდა. შემდეგ ე.წ. დღის
სამსახურებზე
გადავიდა. რაც იმას ნიშნავს, რომ დღე ორ სხვადასხვა ადგილზე მუშაობს,
საღამოს კი საკუთარ ნაქირავებ ბინაში ბრუნდება.
მანანა ნაქირავებ თავისუფალ ოთახებს სხვა ემიგრანტებზე
აქირავებს. ეს მისთვის დამატებითი შემოსავალია. ახლა მასთან
ხუთი ქართველი ემიგრანტი ქალი ცხოვრობს.
მანანასავით ისინიც დროებით სამსახურის გარეშე არიან
დარჩენილი. ამიტომ
თავს ძირითადად ტელევიზორის ყურებით, ან ოჯახის წევრებთან
სკაიპში საუბრით ირთობენ. უსაფრთხოების
მაქსიმალური დაცვისთვის საკვები პროდუქტების შესაძენადაც
გარეთ რიგრიგობით გადიან.
,, გადაადგილების დროს გვამოწმებენ ხოლმე. აუცილებელია
გვქონდეს სერთიფიკატი, რომელშიც
სახელი-გვარი და გარეთ გასვლის მიზეზი წერია.
ჩემს ბინაში ყველა
საბუთიანია. ჯერჯერობით
თავის გატანას ვახერხებთ შემონახული რესურსებით.
გაცილებით რთულ ვითარებაში არიან არალეგალი ქართველი ემიგრანტები,“ -
გვიხსნის მანანა.
არალეგალები
არალეგალები ის ემიგრანტები არიან, რომლებიც იტალიაში არაკანონიერად ცხოვრობენ.
საბუთიანებისგან განსხვავებით, ასეთებს ქართველები ,,უსაბუთოებს“ ეძახიან.
ნანა ერთ-ერთ მათგანია - ,,უსაბუთო".
ის 54 წლისაა. იტალიაში
მეოთხე წელია ცხოვრობს. როგორც ამბობს გაუმართლა, რადგან კარანტინის
გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე ბებიასთან (სამსახურში) იმყოფებოდა.
მას შემდეგ იქ უსაფრთხოდ რჩება.
,,ბოლო ხელფასი ბოლო კაპიკებამდე გავგზავნე ოჯახში. ბებიას ვუვლი,
ჩაწოლილი არ არის, მაგრამ დღის მანძილზე დახმარება სჭირდება. შემდეგ
ბინაში ვბრუნდებოდი საღამოობით.
ქართველებთან ერთად ვცხოვრობ ნაქირავებ სახლში. პანდემია რომ დაიწყო
ჩემი ბებიას შვილებმა მითხრეს ახლა დღე-ღამე დარჩიო. აქეთ-იქეთ
სიარულს ასე ამჯობინეს. რა დაგიმალოთ და მეც
ასე მერჩია. აქ ჩემთვისაც მოაქვთ საკვები ბებიას შვილებს,
ასევე ყველა საჭირო ნივთი. მეც უფრო დაცულად და იმედიანად
ვარ, იქნებ მალე გამოსწორდეს ყველაფერი," - ამბობს ნანა.
ნანასგან განსხვავებით სამსახურში არ დატოვეს 39 წლის თამილა. ის
არალეგალია, შესაბამისად სამსახურში არანაირი საკონტრაქტი პირობები არ
იცავდა.
,,24 საათიანში ვმუშაობდი, მაგრამ კორონავირუსის გამო ოჯახს შეეშინდა,
ამიტომ გამომიშვეს. არც ის უთქვამთ ისევ დამიძახებენ, თუ არა. ყველა
საქმეს ჩვენ გავაკეთებთო, ვნახოთ მერე როგორი
სიტუაცია იქნებაო. რა მენქა, ჩემი მეგობრის ბინაში
გადმოვბარგდი. ერთ თვეზე
მეტია სახლიდან არ გავსულვარ. ყოველ დღე გადაცემებს ვუყურებ და
მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. კარგა ხანია არ იშოვება პირბადე და
სადეზინფექციო ხსნარები. იტალიელებივით სიტუაციის დალაგებას ველოდები, თუმცა მე კიდევ
რა მაქვს საწუწუნო. ისეთ დღეშია ზოგიერთი ქართველი. რამდენიმე
ჩემსავით სამსახურიდან უეცრად გათავისუფლებული ადამიანი ღამეებს
ქუჩაში, პარკში ათენებდა. უცებ ვერ იშოვეს თავისუფალი ოთახები, ზოგს
ფულიც არ ქონდათ. ძალიან ვჯავრობდი მათზე. შემდეგ გავიგე რომ ზოგიერთი
ისევ ქართველებმა შეიფარა, ზოგი თავშესაფარში წასულა, ზოგიც
საქართველოში დაბრუნებულა. მოასწრეს ჩარტერულით წასვლა," - ყვება
თამილა.
იტალიაში კიდევ ერთი ალარეგალი
ქართველი 42 წლის ნატოა. ის რეჯო ემილიაში სამუშაოდ სულ
ათი თვის წინ ჩავიდა. პანდემიის დაწყებამდე სამუშაოც ვერ იშოვა,
ამიტომ ისიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. თანხას თავის სარჩენად
საქართველოდან ოჯახი უგზავნის.
,,ცრემლები მახრჩობს, ეს რა დღეში აღმოვჩნდი. იქეთ ოჯახის სარჩენი
გავხდი სამუშაოდ წამოსული. ჯერ ისევ ჩემების დატოვება ვერ
მომინელებია," - ამბობს ნატო, რომელიც რთული ფინანსური, თუ ემოციური
მდგომარეობაში მიუხედავად კორონაამბების პოზიტიური დასასრულის
მოლოდინშია.
,,ახლა ისეთი
სიტუაციაა,იტალიიდან ვერავინ გაჰყოფს თავს, მინიმუმ მკაცრი კარანტინის
დამთავრებამდე აკრძალული გვაქვს სახლიდან ცხვირის გაყოფაც. მითუმეტეს
მე არალეგალს. იმედია ეს ყველაფერი მალე ჩაივლის."
ჩარჩენილები
ლევანი და ავთო მამა-შვილი არიან. ევროპის ერთ-ერთ ,,წითელ ზონაში“ ჩარჩენილები.
ლევანი მამასთან ერთად იტალიაში მიმდინარე წლის 28 იანვარს სამკურნალოდ წავიდა.
მკურნალობის მიზნით უცხოეთში მყოფ მამა-შვილს
ემიგრაციაში მყოფი ქართველი ექიმი თეა მაღრაძე უანგაროდ
ეხმარებოდა.
,,მოგეხსენებათ მკურნალობა რა
თანხებზე გადის. არადა შვილის მდგომარეობის გადადება არ
შეიძლებოდა. ამიტომ ფული მოვისესხეთ. ყველა ძალითა და რესურსით
გვეხმარებოდა ჩვენი ოჯახის
მეგობარი, ქართველი ექიმი. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ლევანიც
უკეთესად იყო უეცრად რომ პანდემიამ იფეთქა,“ - გვიყვება ლევანის მამა,
ავთო.
მამა-შვილი ახლა ტოსკანას
პროვინციის ქალაქ ფუჩეკიოში დაუგეგმავ დროსა და ვითარებაში თავის
გატანას ახერხებენ.
,,დილის რვის ნახევარზე, ჩიხებით
გავდივარ ახლოს მდებარე პატარა მაღაზიაში. რათქმაუნდა ნიღბით, რომელიც
გამიმართლა და ადრიანად რვა ევროდ ვიყიდე. ისე ძალიან ძვირი
ღირს - 35 ევრო
და მეტიც. კვების პრობლემა არ გვაქვს, “
- სამაგიეროდ ფუჩეკიოში ჩარჩენილ
მამა-შვილს ბოლო პერიოდში ბინის ქირის გადახდა
გაუჭირდათ. როგორც ამბობენ ამაში საქართველოს საელჩო
დაეხმარათ.
,,ოჯახმა, მეგობრებმა,
ნათესავებმა რამდენეჯერმე გადმოგვიგზავნეს თავიანთი დანაზოგი, მაგრამ
იმათაც ამოეწურათ ყველა რესურსი. ბოლოს ბინის ქირის გადასახდელი თანხა
არ გვქონდა და
შესაძლოა ქუჩაში დავრჩენილიყავით. არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ
საქართველოს საელჩო ძალიან დაგვიდგა
გვერდით. თანხა გადმოგვირიცხეს და ერთი თვის ქირა დავფარეთ.
ძალიან მადლიერი ვარ მათი, რადგან ამ მძიმე წუთებში არ მიგვატოვეს,“- ამბობს ავთო, რომელიც ამჯერადაც საელჩოს იმედზეა. ისინი სწორედ საქართველოს საელჩოს დახმარებით უნდა მოხვდნენ პირველივე ჩარტერულ რეისზე, რომელიც მამა-შვილს სამშობლოში უვნებლად დააბრუნებს.
კორონაპანდემია იტალიაში
კორონავირუსის გავრცელების გამო, 10 მარტიდან იტალიის მთელ
ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის შედეგად 889
ადამიანი დაიღუპა, ხოლო ბოლო დღე-ღამის მანძილზე იტალიაში
კორონავირუსით დაინფიცირების 5974 ახალი შემთხვევა გამოვლიდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაღუპულია 10 023
ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 92 472-ს შეადგენს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ვირუსისგან სრულად
გამოჯანმრთელდა 12 384 პაციენტი.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ
საფრთხედ გამოაცხადა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის
გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები