ქუთაისში, კუპრაძის ქუჩის მცხოვრებლებს ბოლო ერთი კვირაა ფეხით უწევთ გადაადგილება.
კუპრაძის ქუჩაზე მცხოვრები ნარგიზა დოღონაძე ამბობს, რომ მისი სამსახურის გამო, სახლიდან გასვლა ყოველდღე უწევს,ტრანსპორტის არარსებობის პირობებში კი ეს შეუძლებელი ხდება.
„ვცხოვრობ კუპრაძის ქუჩაზე. სამსახური ბუხაიძეზე მაქვს, უნივერსიტეტამდე ფეხით ჩამოვდივარ, შემდეგ ორი ტრანსპორტით ვმგზავრობ. სულ ფეხით სიარული მიჭირს. ადრე ხუთი სხვადასხვა ნომერი მარშუტი დადიოდა. საგანგებო სიტუაციის შემდეგ მხოლოდ ორი დღე იარა ავტობუსმა. რამდენიმე დღეა არავითარი ტრანსპორტი აღარ დადის. მივწერე მერსაც, მაგრამ უშედეგოდ. სახლში ყოფნისკენ მოგვიწოდებენ, მაგრამ ჩემი პროფესია ამის საშუალებას არ მაძლევს“,–ამბობს ნარგიზა დოღონაძე.
ქუთაისის მერიაში არ უარყოფენ, რომ ახალ რეგულაციებზე გადასვლის
შემდეგ სატრანსპორტო სქემა ოპტიმიზაციას საჭიროებს.
ეკონომიკისა და ტრანსპორტის განყოფილების წარმომადგენელი, დავით კბილაშვილი ამბობს, რომ პრობლემას მგზავრთა ნაკადის ყოველდღური შემცირება ქმნის.
„ერთის მხრივ, კარგია, რომ ადამიანები სახლში რჩებიან, მაგრამ, მეორეს მხრივ, მგზავრთა ნაკადის კლების გამო ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებენ ავტობუსები. ამიტომ, საჭიროა კიდევ ერთხელ ოპტიმიზაცია. ხვალ, გადამზიდავი კომპანიების წარმომადგელბეთან მერიაში შეხვედრა შედგება, სადაც სწორედ ამ საკითხზე იქნება საუბარი. საჭიროა ინტერვალების დაზუსტება, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გაიზარდოს ინტერვალები, მაგრამ მთავარია რომ იყოს ტრანსპორტი. ახლა ყველა მსხვილ უბანში მიდის ტრანსპორტი, თუმცა, კუპრაძის ქუჩაზე ნამდვილად არის პრობლემა“,–ამბობს დავით კბილაშვილი.
ქუთაისში 18 მარტიდან საქალაქო მიკროავტობუსებით გადაადგილება აიკრძალა. ქალაქში მხოლოდ ავტობუსები მოძრაობენ. აკრძალულია საქალაქთაშორისო სატრანსპორტო და სარკინიგზო მიმოსვლაც.
შეზღუდვები ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევვენციას უკავშირდება.
ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალი Covid19–ით 81 ადამიანია
ინფიცირებული. მათგან 13 უკვე გამოჯანმრთელდა. სავალდებულო კარანტინში
4505 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში დაკვირვების ქვეშ 247
პირი.
მეხუთე დღეა კარანტინის რეჟიმი მოქმედებს ბოლნისსა და მარნეულში, სადაც შესვლა და გამოსვლა აკრძალულია. მუნიციპალიტეტების სურსათითა და პირველადი საჭიროების ნივთებით მომარაგება საპოლიციო კონტროლის ქვეშ ხდება.
მასალის გამოყენების პირობები