კარანტინში ორ რამეს მიხვდა:
ყველაზე დასაფასებელი - ჯანმრთელობაა, ყველაზე გასაფრთხილებელი -
სხვისი ჯანმრთელობა.
მეხუთე დღეს, კორონავირუსზე ტესტმა უარყოფითი რომ აჩვენა, სიხარულისგან გადაირია, თუმცა, თავისი და სხვისი უსაფრთხოების გამო, ვალდებულია იზოლაციაში 14 დღე დარჩეს.
,,იმ შეცდომის გამოსყიდვას
ვცდილობ კარანტინში რომ მომახვედრა. რაც ჩემს თავს ხდება,
ეს ყველა დროის ყველაზე დიდი გაკვეთილია“, – Facebook-ის
საკუთარ გვერდზე დაწერა 26 წლის ნოდარმა.
მოჭადრაკე პორტუგალიაში დაგეგმილ ტურნირზე 4 მარტს წავიდა. ზუსტად მაშინ, როცა მოქალაქეებს გაფრთხილება მიეცათ, კორონავირუსის გამო უცხოეთში მოგზაურობისგან თავი შეეკავებინათ. დედამაც სთხოვა არ წასულიყო. არ დაუჯერა.
სურვილი - ევროპაში ეასპარეზა, ყველაზე და ყველაფერზე ძლიარი
აღმოჩნდა. ინტელექტუალურ სპორტს ისედაც წლების შემდეგ მიუბრუნდა და
აღარ უნდოდა კვლავ წყვეტა ჰქონოდა. როცა იურიდიულზე ჩააბარა, ჭადრაკს
დაემშვიდობა. მერე ხან ტელევიზიაში იმუშავა, ხან ჟურნალებისთვის წერა
და როცა პროფესიონალურად მიუბრუნდა ქიშ-შამათს, ახალი კორონავირუსი
წინაღობად ვერ აღიქვა.
დანიშნულების ადგილზე მილანის გავლით ჩაფრინდა და რადგან ქალაქში
კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკი იყო, ყველა პრევენციულ
ზომას მიმართა.
,,შვიდი საათი ვიყავით მილანში.
დედაჩემის ყველანაირი მითითება დავიცავი. რობოტივით ვმოძრაობდი,
თითქმის სულ პირბადით. ნებისმიერი საგნის შეხებაზე ხელებს სპირტიანი
სალფეთქით ვიწმენდდი“ (ამონარიდი „პოსტიდან“).
პორტოში დაბინავდა. საოცნებო პორტუგალიაში ყველაფერს ინტერესით ათვალიერებდა.
"მესამე დღეს ჯამში 8 საათი ვითამაშე. გარეთ საკმაოდ ციოდა. სათამაშო
დარბაზშიც კი აღწევდა სიცივე. მთელი პარტიის განმავლობაში დავდიოდი და
ვცდილობდი ფეხები გამეთბო. მეორე ტურში დავმარცხდი. სიცივისგან ძალიან
ცუდად ვიყავი. მივხვდი, მინიმუმ - გავცივდი“ (ამონარიდი
„პოსტიდან“).
ტურნირში მოპოვებულ მესამე
ადგილთან ერთად პორტუგალიიდან მძაფრი შთაბეჭდილებები და მოგონებები
გამოიყოლა. ბედნიერების განცდა მხოლოდ მაშინ შეეცვალა, როცა
სამშობლოში გამომგზავრებისას თავი ცუდად იგრძნო.
,,აეროპორტამდე მეტროთი მივედით
და დაიწყო! ვიგრძენი ნელ-ნელა როგორ შემწვეს ტაფაზე. ძალიან მაღალი
სიცხე მქონდა. პორტოდან ვენაში ჩავედით, სადაც 13 საათი უნდა
გამეტარებინა. ჰოდა პირველი 5 საათი, ალბათ, ინტერნეტში კორონას
სიმპტომების კითხვას მოვანდომე. იმდენი „ფეიკია“ ინტერნეტში, არასდროს
რომ უნდა წაიკითხოთ. ლამის ისიც წერია, თუკი ნოდარი გქვია,
უეჭველი კორონა გჭირსო. ნელ-ნელა მაინც დავპანიკდი. არადა ძალიან
მჯეროდა კორონა არ მჭირდა“.
ნოდარი ყვება, რომ ქუთაისის აეროპორტში, სპეცტანსაცმელში შემოსილი თანამშრომლები თითოეულ მგზავრს, უსაფრთხოების მიზნით, სიცხეს უზომავდნენ. ზოგს მალევე უშვებნდნენ, ზოგსაც დიდხანს აყოვნებდნენ. როცა მისი ჯერი დადგა, თეთრმა აპარატმა მაღალი ტემპერატურა დააფიქსირა.
,,არ ვიცი, ალბათ, არასდროს დამავიწყდება ეს ქალი, სიცხე რომ
გამიზომა. ისეთი დაღლილი იყო ცალი თვალი ოდნავ დახუჭული ჰქონდა და
მეორეს რაღაც ღვთიური ძალით ჯერ კიდევ ახელდა. როცა ჩემი ისტორია
მოვუყევი, იგრძნო, მეშინოდა და თბილად დამიწყო ლაპარაკი. სკამზეც
დამსვა, წყალიც მომაწოდა. ვკითხე ასე კარგად რატომ მექცევით მეთქი და
მომაკვდავ ავადმყოფს წყურვილით ხომ არ მოგკლავო, გამეხუმრა. ამაზე
სხვა დროს ისტერიულად ვიცინებდი, მაშინ გამეღიმა“ (ამონარიდი
„პოსტიდან“).
ნოდარი ქუთაისის ინფექციურ
საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ დაბნეული
იყო, ქუთაისელი ექიმები კარგად დაამახსოვრდა. ცხვირპირაკრული,
დაღლილი ექიმები.
,,ამ ექიმებმა რაღაც ზე-ადამიანობა გამოავლინეს ჩემს მიმართ. არც ის ექიმი დამავიწყდება, რომლის მხოლოდ თვალები მახსოვს ნიღბის გამო. ლაპარაკის დროს ჩერდებოდა. რამდენიმე წამი სანამ აზრზე მოვიდოდა უბრალოდ იდგა და გაშტერებული იყურებოდა სივრცეში. მითხრა, აღარ შეეძლო დღეს იმდენი პაციენტი ჰყავდა. ძალიან შემაწუხა იმ ამბავმა, რომ ამ ყველაფერში მეც რაღაც წვლილი შემქონდა“.
ნაცხი აუღეს, სიცხის დამწევი დაალევინეს და დილით კარანტინში
გადაიყვანეს. იზოლირებული კეთილმოწყობილი სასტუმროს ნომრის ფანჯრიდან
თვალს ადევნებდა ქუჩებს, სადაც ცოტა ხნის წინ თავისუფლად დადიოდა.
ბევრი რამ გაანალიზა, გადააფასა, სხვანაირად დაინახა. ასეთი
სიჩქარით და მასშტაბით ჯერ არასოდეს უფიქრია.
კარანტინის პირობებზეც ვკითხეთ.
სასაყვედურო ნამდვილად არაფერი მაქვს, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ
სადილზეც და
ვახშამზეც ბადრიჯანი მომიტანეს, რომელსაც ბავშვობიდან ვერ ვიტანო,
იხუმრა.
,,უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები, რომ ,,დაიკიდოთ“ კორონა და რაც დასამართია ისედაც დაგემართებათ. რაც დასამართია ნამდვილად დაგემართებათ, მაგრამ თუკი ამ დამართებას თქვენ შეუწყობთ ხელს, ეს ძალიან შეგაწუხებთ. მეორე - დედებს დაუჯერეთ!!! მასზე გაცილებით ჭკვიანი ხალხი მინახავს ალბათ?! მაგრამ მასზე გენიალური რჩევები არავის მოუცია ჩემთვის. მათი რჩევები რაღაც სხვა განზომილებიდან მოდის“ (ამონარიდი „პოსტიდან“).
კარანტინში კორონავირუსზე განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდება და
ძალიან უნდა ის უარყოფითი იყოს. საკუთარი ჯანმრთელობის გამო იმდენად
არ ღელავს, რამდენადაც პატარა პორტუგალიელი ბიჭუნას გამო, რომელთან
ერთადაც, ჩახუტებულმა, ფოტო გადაიღო. ლამაზი ბრაზილიელი გოგონას გამო,
რომელიც თვითმფრინავში გვერდით ეჯდა. აეროპორტის პატარა კაფეს
გამყიდველზე ჩაისთვის რომ 5 ევრო გადაუხადა, კიდევ ხალისიანი
ესპანელი მეგობრები ედარდება. კარანტინში გააცნობიერა, რამხელა ზიანის
მოტანა შეეძლო სხვებისთვის.
როცა კარანტინს დატოვებს, ბავშვების წვრთნას ვეღარ გააგრძელებს, დრო არ დარჩება, რადგან როგორც პროფესიონალმა მოჭადრაკემ, თვითგანვითარებაზე უნდა იზრუნოს. თუმცა, დააფასებს ყველაფერს, რაც აქვს და რასაც აქამდე არაფრად აგდებდა.
„გავისეირნებ ქუჩაში და აწი ზოგადად, ხშირად ვისეირნებ ჰაერზე“, გვითხრა ნოდარმა, თუმცა, დროში, ალბათ, ესეც გადაიწევს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო.
მასალის გამოყენების პირობები