საზოგადოება
ქუთაისში მერიის ნებართვით 2 ხე მოჭრეს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის #95-ში, სადაც 4 სართულიანი მრავალფუნქციური შენობა შენდება, 2 ვერხვის ხე მოიჭრა.
რასაც, მაისის თვეში წინ უძღვოდა მარვალსაუკუნოვანი ნაძვის ხის მოჭრა.

ადგილზე იმყოფებიან „სპეციალური სერვისების“ წარმომადგენლები, რომლებიც ტერიტორიიდან მოჭრილი ხეების გატანას ახდენენ. ადგილობრივთა თქმით, სკვერი, სწორედ ქუთაისის მერიის ააიპ „სპეციალური სერვისების“ ხელმძღვანელს, გელა გაგუას ეკუთვნის, თუმცა, ტერიტორია შპს „ალფა +“-ის ხელმძღვანელის, ინდ.მეწარმე, მამუკა ორმოცაძის სახელზე აქვს გადაფორმებული. ადგილზე კი ამავე ააიპის დაქვემდებარებაში არსებული ტექნიკა მუშაობს.

ადგილობრივი მოსახლეობა უკანონობაზე საუბრობს და ხეების მოჭრას აპროტესტებს. ქუთაისის მერიაში კი აღნიშნავენ, რომ ხეები გამხმარი იყო.



რუსთაველის #95-ში, ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, 2 ვერხვის ხე მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ნებართვით მოიჭრა.
ტერიტორიის მესაკუთრემ, შპს „ალფა+“-ის დირექტორმა მამუკა ორმოცაძემ მერიის კეთილმოწყობის სამსახურს ნებართვის მისაღებად განცხადებით 2017 წლის 26 ივლისს მიმართა.

„განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვდით ქუთაისში რუსთაველის ქუჩა #95-ში არსებული 2 გამხმარი ვერხვის ხის მოჭრის ნებართვას, გაცნობებთ, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური არ არის წინააღმდეგი განახორციელოს აღნიშნული სამუშაო უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ტერიტორია კი დაასუფთაოთ ნარჩენებისგან. რაც შეეხება მოჭრილი ორი ვერხვის ხის ტერიტორიიდან გატანას, აღნიშნულ სამუშაოს შეასრულებს ააიპ „სპეციალური სერვისების“ სამსახური“ - აღნიშნულია ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის მიერ 26 ივლისით დათარიღებულ წერილობით პასუხში.

აღსანიშნავია, რომ მესაკუთრის მხრიდან მიმართვამდე ერთი თვით ადრე, 21 ივნისს, მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა წერილობითი დავალება მისცა ააიპ „სპეციალურ სერვისებს“ უზრუნველეყოთ რუსთაველის ქუჩა #95-ში უკვე მოჭრილი 1 კვიპაროსის ხის ტერიტორიიდან გატანა, შემდგომ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე გადაცემის მიზნით.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ კვიპაროსის ხის მოჭრის გამო, რაც უნებართვოდ მოხდა, მესაკუთრე დაჯარიმდა. ხოლო ორი ვერხვის ხე, ნებართვის დაცით მოიჭრა, რადგან ისინი გამხმარი იყო.

მამუკა ორმოცაძე უკანონოდ მოჭრილ ნაძვის ხეზე აცხადებს, რომ მის ნაცვლად ადგილზე საუკეთესო ჯიშის ნაძვის ხეების დარგვას აპირებს.
ის უარყოფს კავშირს ააიპ "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელთან, გელა გაგუასთა, ისევე, როგორც რუსთაველის # 95-ში არსებული ტერიტორიის ფლობას არ ადასტურებს თავად გაგუაც.

რუსთაველის #95-ში არსებული სკვერის ჩრდილოეთი ნაწილი, შპს "ალფა +"-სს ქუთაისის მერიამ 2015 წელს, 50 წლიანი იჯარით, აღნაგობის უფლებით, მორიგების შედეგად გადასცა.

მერიასა და ორმოცაძეს შორის დავის საგანს რუსთაველის # 108-ში შეძენილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა, სადაც ორმოცაძე მრავალფუნქციური შენობის მშენებლობას გეგმავდა, თუმცა, მას ამის უფლება ადგილობრივებმა არ მისცეს. 2014 წელს კი ორმოცაძეს ქუთაისის მერიამ მშენებლობის უფლება შეუჩერა და სანაცვლოდ რუსთაველის # 95-ში არსებული სკვერის ჩრდილოეთ ნაწილში 115 კვ.მ. მიწის ნაკვეთში გადაუცვალა.

ისევე, როგორც, რუსთაველის # 108–ში, სკვერში მშენებლობას რუსთაველის # 95-ში მცხოვრებლებიც იმთავითვე შეეწინააღმდეგნენ და სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, თუმცა, დღემდე სხდომის ჩანიშვნას ელოდებიან. მათი თქმით, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე მშენებლობის შეჩერებაზე უარი თქვა და საქმეს შეგნებულად აჭიანურებს.


ბაქარ ლიკლიკაძე

ამავე თემაზე:

მშენებლობას შეწირული ნახევარსაუკუნოვანი ნაძვი (ვიდეო)

ქუთაისის მერია კომპანიას, რომლემაც ნაძვის ხე მოჭრა, სასამართლოში უჩივის

ქუთაისის მერიამ სკვერი გაყიდულ მიწის ნაკვეთში გაცვალა - რაზე მოურიგდა ხელისუფლება კერძო მესაკუთრეს



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.