უნდა აშენდეს თუ არა "მაკდონალდსის" რესტორანი ქალაქის ცენტრში? - ამ
საკითხზე მსჯელობა ცხარე კამათის ფონზე ქუთაისის "დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრში" წარიმართა.
დისკუსიას ქალაქის თვითმმართველობის, კომპანიისა და საზოგადოების
წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მერიისა და "მაკდონალდსის" წარმომადგენლებმა ცენტრალურ მოედანზე
რესტორნის მშენებლობა ქალაქის განვითარების საჭიროებით ახსნეს.
"ამით გაჩნდება სამუშაო ადგილები და ტურისტებსაც მიიზიდავს", -
აღინიშნა შეხვედრაზე.
"მაკდონალდსის" წარმომადგენლის თქმით, წარმოდგენილი პროექტი არ არის
საბოლოო, იგი დამუშავების პროცესშია.
"პროექტი დამუშავების რეჟიმშია და მასზე მუშაობს ცნობილი გერმანელი
არქიტექტორი, რომელსაც ევროპის ბევრ ისტორიულ ქალაქში დაუპროექტებია
"მაკდონალდსის" რესტორნის პროექტი. შესაბამისად, რესტორანი ქალაქის
ცენტრში არსებული არქიტექტურიდან აცდენილი არ იქნება", - აღნიშნა
ნიკოლოზ დარბაისელმა.
თუმცა, ქალაქის ცენტრში მშენებლობა ყველა ფორმით დაუშვებლად მიიჩნია
დარბაზში შეკრებილი საზოგადოების უმეტესობამ. მათ კატეგორიულ
მოთხოვნას წარმოადგენდა რესტორნისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფა
და მშენებლობისთვის სხვა ადგილის მოძებნა.
"ცენტრში ამ შენობის აშენება არა თუ ესთეტიკის საკითხი არაა, არამედ
დანაშაულია შენობის იქ ჩადგმა. უნდა გამოიძებნოს ალტერნატიული
ფართი",- აღნიშნა არქიტექტორმა და ქუთაისის ყოფილმა მერმა, დავით
მელქაძემ.
მისი თქმით, "მაკდონალდსის" წარმომადგენლები ყოველთვის დიდი
სიფრთხილით უდგებიან ქალაქების არქიტექტურას, იერსახის საკითხს და
მწვანე საფარის პრობლემას.
"ამიტომ ხმა უნდა მივაწვდინოთ "მაკდონალდსის" წარმომადგენლობას
ამერიკაში. ისინი არ დაუშვებენ ასეთი ფორმით მათი რესტორნის
აშენებას", - აღნიშნა დავით მელქაძემ.
"მაკდონალდსის" რესტორნის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ხაზი
გაუსვეს, რომ მათ კონკრეტულად კომპანიის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ,
პრობლემას მხოლოდ მშენებლობისთვის შერჩეული ადგილი წარმოადგენს.
საკრებულოს წევრმა ნატო ქათამაძემ საზოგადოებას ერთად დგომისკენ
მოუწოდა. მან რამდენიმე შემთხვევა გაიხსენა, როდესაც საზოგადეობის
მოთხოვნით სახელმწიფო იძულებული გახდა უკან დაეხია.
"სამი ოთარის ძეგლის ადგილას უნდოდათ ობიექტის აშენება და ბუხაიძის
#18 კორპუსის ეზოში შენობის ჩადგმა. ხალხის მძაფრმა წინააღმდეგობამ ეს
მშენებლობები შეაჩერა, ამიტომ, ამ შემთხვევაშიც, უკან არ უნდა
დავიხიოთ", - აღნიშნა ქათამაძემ.
მან ყველას მოუწოდა 2017 წლის 25 იანვრის საკრებულოს სხდომაზე
დასწრება, სადაც აღნიშნული საკითხის განხილვა მოხდება.
მასალის გამოყენების პირობები