საზოგადოება
14 წლისამ მეორედ განვიცადე დედის სიკვდილი – უცნობი დეტალები მოწამეთის მონასტრის წინამძღვარზე
FaceBook
"ჩემოდნები, რომ გავყიდე, ბოლო ჩემოდანში 6 შაურის ნაცვლად, ვიღაც მადლიანმა 2-ჯერ მეტი გადამიხადა. შევეცოდე და მითხრა: რაც დათქმულ ფასსზე მეტია, ამით ხილი იყიდე და ჭამეო."

15 ოქტომბერი მოწამეთობაა. მოწამეთის მონასტრის წინამძღვარი წლების განვალობაში მამა თორნიკე (გაგი) მოსეშვილი გახლდათ. იგი სიცოცხლეში უამრავ ადამიანს კურნავდა, თუმცა, მისი რთული ცხოვრების შესახებ საზოგადოებისთვის უცნობია.

მამა გაგი მოსეშვილი 2011 წელს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გთავაზობთ ინტერვიუს მამა გაგისთან, რომელიც მისი გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტმა, გიორგი სირაძემ მოამზადა.


"მამა გაგის ბაბუა, პავლე მოსეშვილი, ქუთაისში, ბალახვანში ხე-ტყის ქარხნის მფლობელი გახლდათ. მოსეშვილების საგვარეულო ოჯახი ტაბიძის ქუჩაზე ცხოვრობდა, ახლანდელი სამხედრო კორპუსებიც მათი საკუთრება ყოფილა.
პავლე მოსეშვილს დიდი ოჯახი ჰქონდა. 9 შვილი ჰყავდა. მამა გაგი 1916 წლის მაისში დაიბადა.

"წითელი ინკვიზაციის შემდეგ, ინკვიზატორებმა ყველაფერი წაგვართვეს და გაგვანადგურეს. ბაბუა მაშინდელ ჩეკაში დაიბარეს და ჰკითხეს: ჩეკაში თუ გინდაო, განრისხდა კაცი. მერე ასეთი შეკითხვა დაუსვამთ – კომუნისტები სჯობს თუ მენშევიკებიო. შეურაცყოფილ პავლეს ასე უპასუხნია: იოსებ (უცნობია ვინ) ურემზე არ მჯდარხარ? ურმის ბორბლები ნელა თუ მიდის უთანაბროა, ერთი დიდია, მეორე პატარა. ასეა ისინიც, კარგის მომტანი არც ერთი არ არის და არც მეორეო".

მათ ოჯახს დევნიდნენ. სწორედ ამ პერიოდში თავის გადასარჩენად მამა გაგის მამა გაიქცა. 6 თვისას დედაც გარდაეცვალა. პატარა გაგი კი მოხუცი ბებია–ბაბუას ამარა დარჩა.

"გაჭივრებაში ვიზრდებოდი, ამ პერიოდში ციხიდან (გადასახლებიდან) დაბრუნდა ბიძაჩემი, გადასახლებიდან დაბრუნებულ ბიძას ციხეში ჩემოდნებისა და ყუთების კეთება უსწავლია, რომელიც თითქმის ერთ-ერთი წყარო გახდა ჩვენი ოჯახის რჩენისა. ბიძა თავის ნაკეთობებს ქუჩა-ქუჩა დამატარებინებდა. რა თქმა უნდა, გაყიდულ ფულს ბიძას ვაბარებდი, რომელიც დღენიადაგ ლოთობდა და ცემა-ტყეპით სულს მხდიდა," -იგონებს მამა გაგი.

მოძღვარს ტკივილით ახსენდებოდა ჩემოდნის გაყიდვის დროს გადახდენილი საბედისწერო ფაქტი: "ჩემოდნები, რომ გავყიდე, ბოლო ჩემოდანში 6 შაურის ნაცვლად, ვიღაც მადლიანმა 2-ჯერ მეტი გადამიხადა. შევეცოდე და მითხრა: რაც დათქმულ ფასსზე მეტია, ამით ხილი იყიდე და ჭამეო. ობოლ ბიჭს მეტი რაღა მინდოდა და იქვე, ჩილინგაროვის ბაღად წოდებულ საფუნთუშეში 12 ცალი კრემიანი ფუნთუშა შევიძინე და ბიძასთან რომ არ დამგვიანებოდა გამალებით ვილუკმებოდი. მშიერი ბავშვი ბიძაჩემის თანამეინახე იოსელიანს შევუმჩნევივარ და ბიძაჩემს ენა მიუტანა, რასაც ჩემი სასტიკი ცემა და ჭერში ავარდნა მოჰყვა".

გაუსაძლის პირობებში მყოფი ბავშვის მშველელი ვაჟიშვილმკვდარი ერთადერთი მამიდა აღმოჩენილა. მას შვილის საფლავზე პირობა დაუდევს, რომ მიუხედავად უდიდესი გაჭირვებისა, იგი ძმისშვილს ბოლომდე უპატრონებდა და მის 4 შვილთან ერთად გაზრდიდა.
"ეს იყო 1930 წელი. მამიდამ მხოლოდ 2 წლის განმავლობაში შეძლო ჩემი პატრონობა. იგი გარდაიცვალა და 14 წლის მოზარდმა უკვე მეორედ განვიცადე დედის სიკვდილი. მერე გადასახლებიდან მამაც დაბრუნდა, მაგრამ მაინც მოხუც ბებიასთან გავაგრძელე ცხოვრება. 16 წელის უკვე სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გავხდი".

მამა გაგი მეოთხე კურსის დასრულებამდე მედიცინას ეუფლებოდა, მერე დაიწყო პრაქტიკული საქმიანობა. მას ღვთის წინაშე შეუფიცია, რომ: ადამიანის სულში არასოდეს გაესვარა ხელები.

მეორე მსოფლიო ომი, გერმანიის აგრესია და მამა გაგის სვანეთის მთებში გაქცევა თითქმის ერთმანეთს დაემთხვა. სვანეთის უსიერ ტყეში იგი შეხვდა ყაჩაღს, რომელიც ომის საშინელებას ემალებოდა. მამა გაგის ცხოვრება სვანეთის მთებში 6 თვე გაგრძელდა. დაბრუნების შემდეგ,

"1943 წელს ჯერ გელათის, შემდეგ ტყიბულის მაღაროში ვმუშაობდი ინჟინრად დედის ძმასთან, ანდრო ჩიქოვანთან. გარკვეული დროის შემდეგ, კვლავ სამედიცინო ინსტიტუტს დავუბრუნდი, თუმცა სრული კურსი არ დამისრულებია. ბედი უსაყვარლეს ქალს დავუკავშირე, მაგრამ ბედმა არ დამაცალა ჩემს მეუღლესთან ყოფნა და ის რამდენიმე თვეში გარდაიცვალა," - იხსენებს მამა გაგი.

ღვთიური ხილვების გავლენით, რომელიც ობოლ ბიჭს ყოველთვის თან სდევდა, მონასტერში იპოვა ნავთსაყუდელი.
მცირე ხნით გარე კაჭრეთში იმყოფებოდა, შემდეგ ბეთანიაში, ცივ გომბორის მთაზე მდებარე სამების მონასტერში.

პირველი უდიდესი ხილვა მას 1950 წლის 11 იანვარს ჰქონია.

"დილის ლოცვამ საოცარი ძილი მომგვარა. კოშკში ასულს უმალ ჩამეძინა. დამესიზრმა, თითქოს, თბილისში სტუდქალაქის ერთ ოთახში როიალი დგას, ჩემს მიღმა ორ მეტრიანი ხატია, მერე იქედან მაცხოვარი გადმოვიდა, ინსტრუმენტს ხელი ჩამოჰკრა და ააჟღერა. ვაიმე უფალო შენ ჩემს ოთახში?! შვილო, დაჰკრა ზარმა და ხილვაც გაუჩინარდა. ეს წინასწარი ხედვა ჩემი მომავლის ერთგვარი გაგრძელება აღმოჩნდა".

50-იანი წლების განუკითხაობამ და მის საგვარეულოზე გამუდმებულმა დევნამ, მამა გაგის კიდევ ერთხელ მოუვლინა განსაცდელი და ციხის გისოსები.

"როგორც უკვე გითხარით,კომუნისტები გამუდმებით დევნიდნენ ჩვენს ოჯახს. ეროვნულ მოძრაობაში ჩაბმულს, გამოტეხვის მიზნით, ციხეში მომიწია ღამეების თევა. იქაც იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინმა და ღვთიურმა ხილვამ გადამარჩინა. ჩემი ხელით შეკერილი სამონასტრო კაბა ციხეშიც არ გამიხდია. სასტიკ წამებაში, 5 დღის განმავლობაში ფეხზე მყოფს, თავისებურ მშველელად ციხის ექიმი ვინმე რუხაძე და ექთანი გამომიჩნდა. რუხაძე, როგორც უდანაშაულო პატიმარს ციხიდან გაქცევას მთავაზობდა. ასეც მოხდა. თუმცა, თავისუფალი ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა. ისევ დევნა, შემდეგ ისევ ციხეში პატიმრობა".

მამა გაგის კატორღულ ცხოვრებას 1956 წელს მოეღო ბოლო. ციხიდან დაბრუნებული იგი ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსმა, მეუფე ნაუმმა (შავიანიძე) შეიკედლა. 6 თვე მასთან დაჰყო და ისევ საბედისწერო შემთხვევა.

მამა გაგიმ მონასტრის შემოგარენში, ღამის თევის დროს, რუსი ტურისტებისგან ქართველთა სიტყვიერი შეურაცყოფა და თამარ მეფის აუგად ხსენება ვერ აიტანა. ის ავად მხსენებლებს, მეგობრებთან ერთად, დამსახურებულად გაუსწორდა, რის გამოც ისევ ციხის გისოსები ხვდა წილად.

"ტკივილით მახსენდება სასამართლო პროცესზე პროკურორ სოსო ბლიაძის შეკითხვა: ქართველებს, რომ ასე იცავ, 1956 წელს რას იზამდიო: _ მე ნაწილს მაინც გადავარჩენდი, თქვენ კი იმ სისხლიან 9 მარტს 500 უდანაშაულო ადამიანი ჩახოცეთ-თქო. ისევ ციხეში ყოფნა. ძალიან ცუდად ვიყავი, ჩემს სხეულს გახრწნაც კი ჰქონდა დაწყებული. უიმედო მდგომარეობაში აგონიაში ჩავარდნილს ბებიის მოლანდება დავინახე. შვილო, ძალა მოიკრიბე, გავიგე შენი ავადმყოფობა, მოკრიფე მრავალძარღვა, მჟაუნა, ჭინჭარი ჯამში დაალბე და ჭამეო. ჩვენება გაქრა. ეს სიზმარგამოცხადება ციხის დარაჯების ხმამ გაფანტა. მერე დაოსებული პატიმარი ჰაერზე გამიყვანეს, ციხის ერთ დარაჯს შევეცოდე და ჩუმად ბალახი მომიტანა, ბებიის ნაკარნახევი შევასრულე და მოვიხედე. ერთ თვეში ციხიდანაც გამათავისუფლეს. კიბოს დიაგნოზი დამიდგინეს, მოწამეთის მონასტერს შევაფარე თავი. მშობლიურ ქალაქში ჩემს დაბრუნებას თან ახლდა პატრიარქის წყალობა და ზრუნვა. ჩვენმა პატრიარქმა დიდი სიკეთე გამიკეთა, დღეს რომ ცოცხალი ვარ, ეს მისი დამსახურებაა. მას შემდეგ მოწამეთის სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარი ვარ, ბალახებით მკურნალობას ეხლაც გავნაგრძობ, უმრავი ადამიანი განიკურნა ჩემი წამლებით. ჩემი ბალეხეული წამლებით მკურნალობა 1964 წლიდან თარიღდება. ერთი ფაქტის შესახებ მინდა გიამბოთ. მენაღარიშვილების ოჯახში, 19 წლიანი ლოდინის შემდეგ ნანატრი შვილი დაიბადა. კუჭ-ნაჭლავის ურთულესი დაავადება ჰქონდა, ბავშვი კვდებოდა. მთელი მსოფლიო მოატარეს და არაფერი ეშველა. ვიღაცას უთქვამს, მაინც კვდება ეს ბავშვი და მოწამეთაში წაიყვანეთ მამა გაგისთანო. ორთვიანი მკურნალობის შემდეგ ეს ბავშვი გამოჯანმრთელდა. ასე მოვედი დღემდე. უკვე რამდენიმე წელია აქ ვმოღვაწეობ. არ ვიცი რამდენ ხანს ვიცოცხლებ, მაგრამ ისე არ მინდა მოვკვდე, რომ გაერთიანებული საქართველო და ბედნიერი ქართველი არ ვნახო".
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.