მულტიმედია
წყალტუბო, ქალაქი წარსულის ნანგრევებში
FaceBook
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

იგი ყველა ხელისუფალს უჩენდა სხვადასხვა მსუყე დაპირების გაცემის სურვილს, თუმცა მათი ენთუზიაზმი უმეტესად ზეპირსიტყვიერ მოწოდებაში ან ქაღალდზე გაწერილი პროექტის კონცეფციაში რეალიზდებოდა და რეალურ სივრცემდე არ აღწევდა.

მთავრობის მიერ წყალტუბოს მომავლის შესაძლო ვარიანტების სიმრავლის მიუხედავად, ქალაქი ყოველწლიურად იცლება და გადინების ეს პროცესი არ წყდება. მოსახლეობა უმუშევრობას და უპერსპექტივობას უჩივის. მომავლისადმი უიმედობა გამოიხატება, როგორც წყალტუბოელთა ცხოვრების შინაარსში, ასევე - ფორმაშიც.

საბჭოთა დიდი სტილით ნაგები ყოფილი სანატორიუმების პომპეზური დიდებულება ეკალ-ბარდებითაა დაფარული. წყალტუბოში მოიძებნება ისეთი გაუვალი ადგილები, უღრან ტყეში გადაადგილების უნარებს რომ მოითხოვს. თუკი სხვა ქალაქებში ძველი და მიტოვებული შენობები მხოლოდ აქა-იქაა შემორჩენილი, წყალტუბოს მთელ იერსახეს ნანგრევები განაპირობებენ. ერთ დროს ცნობილ კურორტზე მწვანეში ჩაფლული საბჭოთა ისტორიის ნაშთები იმზირება და ეს ხედი წლებია არ იცვლება.







65 წლის ნატალია

"ასეთი უსუფთაო და მოუვლელი წყალტუბო არასდროს ყოფილა",- ამბობს 65 წლის ნატალია.
მას სხვა წყალტუბო ახსოვს, სხვა სტატუსით და ხედით - პომპეზური სანატორიუმებით და უამრავი დამსვენებლით.
"არ იფიქროთ საბჭოთა კავშირი მენატრება, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქალაქი მინდა და არა ასეთი დაცლილი. ახალგაზრდებს კანტი-კუნტად თუ დაინახავ. ცოტანი დარჩნენ, ყველა გარბის. ვისთვის გასცემენ აბა ამ დაპირებებს, ახალგაზრდები თუ არ ეყოლათ?! - კითხვას სვამს ნატალია და იმასაც აზუსტებს, რომ კითხვა რიტორიკულია, რადგან რეალური კითხვების დასმას აზრი არა აქვს - მათზე პასუხებს ვერ მიიღებ.
ნატალიას შვილი უცხოეთშია და ასეთი ძალიან ბევრი ოჯახია წყალტუბოში. ქალაქში უმეტესად მოხუცებს და ბავშვებს შეხვდებით. ისიც კონკრეტულ ადგილებში. ქალაქის ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი თითქმის უკაცრიელია.
"თითქოს ომი იყოს, ყველა შრომისუნარიანისგან იცლება ქალაქი. რჩებიან ვისაც გაქცევა უკვე აღარ შეუძლია ან ჯერ არ შეუძლია", - ამბობს ნატალია.

35 წლის ეკატერინე

აფხაზეთიდან დევნილმა 35 წლის ეკატერინემ ვერ გაიხსენა სფერო წყალტუბოში, რომელშიც პრობლემა არ არის. ტრანსპორტი, ჯანდაცვა, განათლება, დასაქმების პოლიტიკა, დევნილების მდგომარეობა, ყველაფერი მხოლოდ უკეთესის სურვილს აჩენს.

ეკატერინე ჩამოთვლილ პრობლემათა პირველ სამეულში ქალაქიდან ახალგაზრდების აქტიურ გადინებას ასახელებს.

"ახალგაზრდებისგან დაიცალა ქალაქი, მიზეზი რა არის? ქალაქს არ აქვს პერსპექტივა. სამუშაოს იპოვი მხოლოდ მშენებლობაზე ისიც კანტი-კუნტად, კიდევ არის კერძო ხელობა - თუკი ვინმეს დაიქირავებენ. ასევე მერია, მერიის აიპები და საკრებულო. მაგრამ მანდ თუ ვინმე არა გყავს, ისე არავინ დაგასაქმებს", - ამბობს ეკატერინე.

იგი მრავალგზის დაანონსებულ სახელისუფლო პროექტებს ეჭვით უყურებს და უჭირს დაჯერება მათ რეალურად განხორციელებაში.

"მთავრობის შეპირებულ პროექტებს რაც შეეხება, მე პირადად გაკეთებულს ვერაფერს ვხედავ. თუ ვინმე ხედავს და დამანახებს, მადლობას ვეტყვი. თუ ვინმემ რამე გააკეთა, კერძო ბიზნესია. ისიც საკუთარ შემოსავალზე ზრუნავს და საკუთარ საქმეს იკეთებს. ხელისუფლება კი ყოველ წელს ნათელ მომავალს მხოლოდ ჰპირდება წყალტუბოს. 30 წლის განმავლობაში რამდენიმე სანატორიუმი გაიყიდა და მათგან მხოლოდ ერთი რემონტდება. სხვა ან არ გაყიდულა ან გაიყიდა და არაფერი ხდება, რაც გაკეთდა გზებია და ცენტრალური პარკის ნაწილი. თუკი რამე გაკეთდა მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის მხარდაჭერით მოხდა. ბინებიც დევნილებს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აუშენეს. ამათი გაკეთებული რა არის? "- ნატალიას მსგავსად რიტორიკულ კითხვას სვამს ეკატერინე.

17 წლის თინა

თინა სკოლის დამთავრებას ელოდება და მერე თბილისში აპირებს სწავლის გაგრძელებას. წყალტუბოში საკუთარ თავს ვერსად ხედავს. ვერც ახლო-მახლო ქალაქებში.
ქუთაისი თითქოს ახლოს არის, მაგრამ მიმოსვლა ჭირს, რადგან არ არსებობს მუნიციპალური ტრანსპორტი, გვიყვენა თინა.

"ტაქსის ან მანქანის საშუალება არ მაქვს. წყალტუბო ნაკლებს მთავაზობს, გამოდის ვერც ქუთაისში დავსაქმდები უტრანსპოსტობის გამო, მაშინ ბინა უნდა ვიქირავო. თუკი ამდენი უნდა ვიწვალო ისევ თბილისში წავალ, ან სულაც საზღვარგარეთ", - უკვე ქალაქის დატოვების გეგმებზე საუბრობს თინა.

დარჩენას არც თინას მეგობრები აპირებენ, ქალაქიდან სასწავლებლად წასვლის შემთხვევაში, დაბრუნების ნაკლები იმედით. გოგონები ამბობენ, რომ მშობლიური ქალაქი მათ დევნის და ოცნებებს ყველგან დაბრკოლებას ახვედრებს.
"წყალტუბო ძალიან ლამაზია, მაგრამ ჩიხია. მიტოვებული და უსიცოცხლო სილამაზეა", - ამბობს თინა.

არადა წყალტუბოსთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვას, ბოლო 13 წელია, ცდილობენ სხვადასხვა ხელისუფლებები. მცდელობა რიტორიკის დონეს ნაკლებად სცილდება. წყალტუბოს აღორძინება, ძველი დიდების დაბრუნება, ახალი სიცოცხლის მინიჭება, წყალტუბოს ლას-ვეგასად, ბადენ -ბადენად, კარლოვი ვარად გადაქცევა- ამ რიტორიკის თვალსაჩინო ფრაზებია.

"ჩვენ დავუბრუნებთ აქაურობას და თითოეულ ჩვენგანს მომავალს. ავაშენებთ ახალ საცურაო აუზებს, ახალ აბანოებს", - 2012 წლის სექტემბერში ამბობდა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
აქედან ექვსი წლის შემდეგ, 2019 წელს, ბიძინა ივანიშვილი აჟღერებს მის გადაწყვეტილებას წყალტუბოსთან მიმართებაში: "მინდა პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია".

ივანიშვილი პირადი სახსრებით აპირებდა "სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას.
იგი რეგიონში 15 000 - 20 000-მდე ადამიანს უპირებდა დასაქმებას.

2020 წელს, ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია აღნიშნავდა, რომ წყალტუბოს სჭირდებოდა იმ ძველი ისტორიის აღდგენა, თანამედროვეობის გარკვეული ხარისხის, ნიშნის დამატება, რის შემდეგაც წყალტუბო იქნებოდა საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ბრილიანტი".

2022 წელს ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნებოდა, რომ "მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კურორტი განვითარდეს.გვაქვს ამბიცია, რომ წყალტუბო გადავაქციოთ 21-ე საუკუნის თანამედროვე, მაგრამ ამავე დროს მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის მქონე კურორტად,"

2022 წელს, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელმაც ახალი პროექტი "წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" გააცნო საზოგადოებას, კონკრეტული ინვესტორითაც წარსდგა წყალტუბოელების წინაშე. "ჩვენ გვყავს უკვე უცხოელი ინვესტორი, რომელიც წარმოდგენილია სასტუმრო ბიზნესში და მათ აქვთ საკმაოდ ამბიციური გეგმები," - აღნიშნავდა დავითაშვილი.
კონკრეტულ თანხებს ასახელებდა, ასევე, ყოფილი პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც: "ჩვენ ვიწყებთ უფრო მასშტაბურ სახელმწიფო პროგრამას, ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამას, რომელიც იქნება 5-წლიანი და ბიუჯეტიდან გამოიყოფა 1 მილიარდი ლარი".

ამ ქალაქებში მოიაზრებოდა წყალტუბოც.

ხელისუფლება წყალტუბოს "აყვავებისა" და ქალაქის განვითარების სწორ გზად სანატორიუმების კერძო ხელში გადასვლაში ხედავდა. მიუხედავად ამ რწმენისა, მთავრობის ხედვამ ნაკლებად მიიღო მატერიალური სახე.
ივანიშვილის შეპირება, წყალტუბოს აღორძინების პროექტის სათავეში ჩადგომაზე, მალევე დაპაუზდა. ერთ-ერთი იფიციალურად გაცხადებული მიზეზი, ქალაქის გენერალური გეგმის არარსებობა იყო. სადღეისოდ წყალტუბოს გენერალური გეგმის მხოლოდ კონცეფციაა დამტკიცებული. თავად გენერალური გეგმა - არა.

თუმცა გენერალური გეგმის არარსებობას ხელი არ შეუშლია 2022 წელს, მასშტაბური საინვესტიციო პროექტის, "წყალტუბოს ახალი სიცოცხლეს" ასამუშავებლად, რომლის ფარგლებში გასაყიდად 14 სანატორიუმი გამოიტანეს. მათგან მხოლოდ 5 გასხვისდა. ნაწილი - 2022 წელს, ნაწილი - 2023 წელს, სხვადასხვა ვალდებულებით.




მიუხედავად ამ თუ სხვა ძველი პროექტის დეკლარირებული მასშტაბურობისა, წყალტუბოში შეცვლილ ცხოვრებას ნაკლებად ხედავენ ადგილობრივები.




წყალტუბოში დასაქმებაც ისევ ძველი ვექტორით მიდის.

ინვესტორების გამოჩენის და სანატორიუმების გაყიდვის მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი დასაქმების ადგილად მაინც მერია და მერიის აიპები რჩება. ერთადერთი ფუნქციით - ადმინისტრაციული რესურსის როლით არჩევნებზე. ასე მიაჩნია "ნაციონალური მოძრაობის" წყალტუბოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს გიორგი შუბლაძეს.

"აიპეში გაბერილი შტატებია. ხალხი ჰყავთ იმდენი, სკამი არა აქვთ და არც იციან რა გააკეთონ სამწუხაროდ. მე იმას არ ვამბობ, ადამიანი შემოსავლის გარეშე უნდა იყოს, უბრალოდ ფუნქცია ხომ უნდა მოუნახო? უფუნქციო ხალხი ჰყავთ, რომლებიც არჩევნებისთვის სჭირდებათ. ამას გარდა არსებობს 300 ლარიანი ხელფასები, ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ბიძინას "უფასო ფული", ადამიანები გაფორმებული ჰყავთ ოცი-ოცდაათი, რომელიღაც აიპებში, ბაღებში, სასაფლაოთა მეურნეობაში. ერთ-ერთ სოფელში ახალი სასაფლაო გაიხსნა 5 თუ 6 მიცვალებულია, მაგრამ ჰყავს 22 მომვლელი, 300 ლარიანი ხელფასით. ჯერ ერთი, რაში სჭირდება ამდენი მომვლელი და მეორე, სამას ლარად ადამიანმა თვეში როგორ უნდა იცხოვროს. თავად სცადონ, ერთი თვე იცხოვრონ სამასი ლარით, ვნახოთ თუ გამოუვათ", - ექსპერიმენტს სთავაზობს ხელისუფლებას გიორგი შუბლაძე.

წყალტუბოს მერიისგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, მერიის აიპებში დასაქმებულების რაოდენობასა და შრომის ანაზღაურების შესახებ, თუმცა ეს ინფორმაცია წყალტუბოს მერიამ არ მოგვაწოდა.
სამაგიეროდ გაგვვიმხილეს გეგმები, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას აპირებენ.

"განვიხილავთ მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას. წყალტუბოს ისეთი რელიეფი აქვს, რომ რამოდენიმე ტრანსპორტი სჭირდება. მომავალ წელს განვიხილავთ მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხს და აუცილებლად გავაკეთებთ", - პირობას დებს წყალტუბოს მერის მოადგილე გია კვასტიანი.

ამ გეგმებში ნაკლებად შედის ახალაგზრდებისთვის მხარდამჭერი პროგრამების ამოქმედება. შეიძლება იმიტომ, რომ წყალტუბოდან ახალგაზრდების გადინებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს მერის მოადგილე.
"ახალგაზრდების გადინება წელს და შარშანაც მასშტაბური არ არის. იმ ტენდენციაშია, რაც ქვეყანაში ხდება", - ამბობს გია კვასტიანი.

ქვეყანაში კი ის ხდება, რომ 2023 წელს საქართველოდან ემიგრაცია წინა წელთან შედარებით 95.6%-ით გაიზარდა. ქვეყანა 245 064-მა ადამიანმა დატოვა.

წყალტუბოს მოსახლეობა კი 11 200 ადამიანიდან რვა წელიწადში 3800-თ შემცირდა და 2024 წელს 7400 შეადგინა.

ამ ადამიანებმა, როგორც ჩანს, ნაკლებად დაიჯერეს ის შეპირებები, რომელთაც უხვად იძლევიან. სამაგიეროდ, მერის მოადგილეს სჯერა მთავრობის მიერ "წყალტუბოს ახალი სიცოცხლის" ფარგლებში დაანონსებული მიმდინარე პროექტების ეფექტურობა.
"მათი (გაყიდული სანატორიუმების) პროექტირება მიმდინარეობს, არქიტექტურული და გეოლოგიური კვლევა უნდა, რომ შემდგომში დაიგეგმოს სამშენებლო სამუშაოები. ვიღაცას ჰგონია, რადგან დღეს გაიყიდა, ხვალ მივარდება და შენებას დაიწყებს?! კვლევა უნდა. შემდგომ, როდესაც ყველაფერი კარგად იქნება, პროექტიც შეთანხმდება. ეს პროექტი გამართულად მუშაობს", - ამბობს გია კვასტიანი.

მიუხედავად მერის მოადგილის რწმენისა, პროექტების" გამართულმა მუშაობამ" ვერ დააკავა ათასობით მოქალაქე, რომელთაც ბოლო სამ წელიწადში დატოვეს წყალტუბო.
ადგილობრივები მიდიან, თუმცა წყალტუბოს კვლავაც სტუმრობენ ტურისტები.

მართალია, სპეციალისტების განსაზღვრებით, წყალტუბო თავისი არსით არა დასასვენებელი, არამედ ბალნეოლოგიური კურორტია, სადაც ათეულობით სხვადასხვა დაავადებას მკურნალობენ. კურორტის ბანლეოლოგიური უნარები, ჯერჯერობით, მხოლოდ პოსტ -საბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლებისთვისაა ცნობილი. დასავლეთის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტები, ძირითადად, "პრომეთეს მღვიმისა" და სანატორიუმების ნანგრევებით ინტერესდებიან. ამაზე მიუთითებენ ტურიზმის სფეროში ჩართული ადამიანები.

"დაინტერესება ახლანდელ დროში დაკავშირებულია "პრომეთეს მღვიმესთან", შემდეგ ძველ სანატორიუმებთან. კურორტის სამკურნალო თვისებების გამო შემოდიოდნენ დამსვენებლები აზერბაიჯანიდან. აზერბაიჯანთან საზღვრის დაკეტვამ შეამცირა ნაწილობრივ წყალტუბოს აბაზანების ვიზიტორები", - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის დირექტორი ლაშა ბერეკაშვილი.
მისი თქმით, წყალტუბო ნაკლებად ცნობილ ბალნეოლოგიურ კურორტად რჩება ევროპელი თუ აზიელი დამსვენებლისთვის.

"წყალტუბოს რებრენდინგი არ მომხდარა ევროპული და თანამედროვე ბაზრებისთვის, ამიტომ მისი სამკურნალო ნაწილი უცნობი ან ხელმიუწვდომელია მათთვის. წყალტუბოს წყლებს სჭირდება ჩვენი ღვინოსავით აღიარება, სანამ ეს არ მოხდება, მანამდე არაფერი შეიცვლება, - მიაჩნია ლაშა ბერეკაშვილს.

კურორტი, რომელსაც რეალურად აქვს პერსპექტივა გახდეს საერთაშორისო მნიშვნელობის, ჯერ ისევ ნანგრევებში რჩება, გაჟღერებული შეპირებების ხმების ფონზე.




Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #წყალტუბო
მსგავსი სიახლეები

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.