მუნიციპალური განვითარების ფონდმა რიონისპირა სახლების საქმეზე
პირველი ინსტანციის სასამართლო დავა წააგო.
4-წლიანი დავის შემდეგ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის
ციცინო მოსიძის გადაწყვეტილებით, მგფ-ს შპს „კარკასისთვის“ 439 593
ლარის გადახდა დაეკისრა.
"საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაეკისროს, შპს
„კარკასის“ მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება - 379
999.52 ლარის ოდენობით და მოპასუხის მიერ საბანკო გარანტიის
გამოთხოვის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება - 44 543.87 ლარი;
სარჩელის აღძვრისთვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 5000 ლარის
ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი -
50 ლარის ოდენობით; საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება 10
000 ლარის ოდენობით",- წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც
"ქუთაისიპოსტმა" მოიპოვა.
ფონდი დაკისრებული თანხის გადახდას არ აპირებს, შესაბამისად,
გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
საქმე იმაშია, რომ ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციისთვის
საჭირო პროექტირებისთვის სახელმწიფო შესყიდა 2019 წელს რეაგიონალური
განვითარების ფონდმა გამოაცხადა. ელექტრონული ტენდერი შპს „კარკასმა“
მოიგო. მხარეებს შორის ხელშეკრულება, 2019 წლის 11 ივნისს, 799 999
ლარზე გაფორმდა.
დოკუმენტის მიხედვით, საპროექტო მომსახურება 4 ეტაპს მოიცავდა, რომლის
მიხედვით, კომპანიას სამუშაოები 2020 წლის თებერვალში უნდა
დაესრულებინა. სწორედ ვადაში შეუსრულებლობა გახდა სადავო.
კერძოდ, მგფ, რომელიც სამუშაოების დამკვეთია,"კარკასს" ხელშეკრულებით
კუთვნილ თანხას იმ მიზეზით არ უხდიდა, რომ კომპანია საპროექტო
სამუშაოებს განსაზღვრულ ვადებში არ ასრულებდა.
თავის მხრივ, შპს "კარკასში" განმარტავენ, რომ მათ მიერ დარღვევას არ
ჰქონია ადგილი და პირიქით, ფონდი სამუშაოების შესრულების შესახებ
გაგზავნილ დოკუმენტაციას შეგნებულად არ ნახულობდა. ამავდროულად,
რადგან დასაპროექტებელი ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის
მატარებელი იყო, შესაბამისს სააგენტოში პროექტის განხილვა
მიმდინარეობდა, რასაც დრო დასჭირდა. ამის შემდეგ ფონდმა კომპანიას ჯერ
ხელშეკრულება შეუწყვიტა, შემდეგ კი დავამ სასამართლოში
გადაინაცვლა.
პროცესი 4 წელი გაგრძელდა. დავის პარალელურად, გაუარესდა რიონისპირა
სახლების მდგომარეობაც და აქ ცხოვრება საფრთხის შემცვლელი გახდა.
ადგილობრივებს მრავალწლიანი დაპირებისა და აღნიშნული პროექტის
ჩავარდნის შემდეგ, იმედი საბოლოოდ გადაწურული აქვთ, რის გამოც თავიანთ
პრობლემაზე ჟურნალისტებთან საუბრისგან თავს იკავებენ.
„ქუთაისის საქმე კეთდებოდა და არ გვაცალეს. შეგვიწყვიტეს ხელშეკრულება
უკანონოდ. გააჩერეს საქმე, თითქოს იმ მოტივით, რომ ეჩქარებოდათ და
ჩვენ დავაგვიანეთ. როგორ ეჩქარებოდათ? - ეს სახლები რა მდგომარეობაშია
იცით, არადა 4 წელია ხელი არ უხლიათ, არაფერს აკეთებენ. ამიტომ
მოვიგეთ პირველი ინსტანცია მოსამართლე შევიდა ჩვენს
მდგომარეობაში“,- ამბობს ჩვენთან საუბარში კომპანია
„კარკასის“ დირექტორი გიორგი მაჭარაშვილი.
მისთვის გაურკვეველია, რატომ უთხრეს კონკრეტულად ამ პროექტის
შესრულებაზე უარი, მაშინ როცა ქუთაისის ახალი საცურაო აუზი, სწორედ
მათი კომპანიის მიერაა დაპროექტებული.
„რაღაც მიზეზებია, პირადიც არის, მაგრამ, ძირითადად, რაღაც
კორუფციული სქემებია“,- განმარტავს გიორგი მაჭარაშვილი.
ამ დავაში ერთ-ერთი მთავარი დაზარალებული რიონისპირა სახლებში
მცხოვრებლები არიან, რომლებსაც 10 წელზე მეტია რეაბილიტაციის დაპირება
ესმით. სამაგიეროდ, ქალაქის მერიას და ადგილობრივ თვითმმართველობას,
ყოველწლიურად, მყარად აქვთ დაპირების ერთი ობიექტი, რომელსაც მომდევნო
წელს „აუცილებლად“ განახორციელებენ.
არადა, ქალაქის ერთ-ერთი ისტორიული უბნის აღდგენის პირობა ქუთაისის
მერიამ 2018 წელს გასცა, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს პროექტი, რომლის
მიხედვითაც უნდა მოხდეს რიონისპირა ჩამონგრეული სახლების
რეკონსტრუქცია. ამას ემატება სასამართლოში დაუსრულებელი დავა პროექტის
დამკვეთსა და შემსრულებელს შორის, რომელმაც საქალაქოდან უკვე
სააპელაციოში გადაინაცვლა.
ამავე თემაზე:
ქუთაისში რიონისპირა სახლებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეკონსტრუქციისთვის ტენდერი
გამოცხადდა
მასალის გამოყენების პირობები