ახალი ამბები
"გვეშინია ქუჩაში გასვლის" - მომრავლებული უპატრონო ძაღლები ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის ქუჩებში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, რის გამოც მოქალაქეებისთვის გადაადგილება საფრთხის შემცვლელია.

უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციაში პრობლემას აღიქვამენ, თუმცა მისი მოგვარების ერთადერთ გამოსავლად საკითხის საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტას ხედავენ. 

შესაბამისი კანონის მიღებამდე, რომელიც ჯერ მხოლოდ იდეის დონეზეა, მოქალაქეებს თავად მოუწევთ ქუჩებში მომრავლებული ძაღლების მოგერიება. 

"დილაობით ვარჯიში მინდა, თუმცა მომრავლებული ძაღლების გამო გამოსვლას ვერ ვახერხებ, ძალიან აგრესიულები არიან. განსაკუთრებით ბევრი მხვდება მეორმოცე სკოლასთან", - ამბობს ნიკეას ქუჩაზე მცხოვრები გივი დვალიშვილი. 

"ქუჩის ძაღლმა ლამის შემიჭამა შვილი. გადაადგილებისაც გვეშინია, თუ ჯგუფურად არიან თავმოყრილნი. ისინი იმსახურებენ სათანადო ყურადღებას, მაგრამ ჩვენც დაცულად უნდა ვგრძნობდეთ თავს. ზოგი ძაღლი სამკურნალოა, ზოგს ცოფი აქვს, ზოგიც უმიზეზოდ გეცემა უკნიდან. სახელმწიფოსგან აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ რეაგირება, მიხედონ ცხოველთა თავშესაფრებს და წაიყვანონ, ძალიან მომრავლდნენ“. 



ქალაქში უმეთვალყურეოდ დარჩენილ ცხოველებზე, მათ შორის ძაღლებზე, პასუხისმგებელი მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ "სპეციალური სერვისებია". ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მიუსაფარ ცხოველებს, კანონის შესაბამისად, მხოლოდ 10 დღე აჩერებენ და ყველა სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფენ. ამის შემდგომ კი, თუ ძაღლს მეპატრონე არ გამოუჩნდა და სერვისებმაც მისი გასხვისება ვერ მოახერხა, ისევ ქუჩაში ბრუნდება.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავაშვილოთ ცუგები, თუმცა, მაინც ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა ცუგა უბრუნდება თავისუფალ გარემოს. როგორც ვიცი, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონი, რითაც ხდება საყოველთაო აღწერა საკუთრებაში მყოფი შინაური ცხოველების, განსაკუთრებით ძაღლების. ანუ კანონი გაამკაცრებს კონტროლს, რომ მეპატრონემ ქუჩაში ვერ დატოვოს ცუგა და ვერ გახდეს ის მსხვერპლი ვინმესთვის. კანონი გულისხმობს ჯარიმებს, დასანქცირებას, გამრავლების წესს და ა.შ. თუ ეს ყველაფერი კანონმდებლობით არ დარეგულირდა, მარტო მუნიციპალური თავშესაფრის დონეზე ეს საკითხი ვერ გადაწყდება. დაახლოებით 2024 წლისთვის ეს, ალბათ, ძალაში უნდა იყოს შესული. ეს რეგულაციები რომ ამუშავდება, გვექნება თვალშისაცემი შედეგი“, - ამბობს ა(ა)იპ "სპეციალური სერვისების" წარმომადგენელი გიორგი მჟავანაძე. 

საკითხის გადაწყვეტას სხვაგვარად ხედავს ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარე თემურ ლაჭყეპიანი, რომელიც ქუთაისის მერიას ცხოველების პოპულაციის მართვის გადაბარებას სთავაზობს. მისი თქმით, ამ წინადადებით ადგილობრივ თვითმმართველობას რამდენჯერმე მიმართა, თუმცა უშედეგოდ. მისი თქმით, სწორედ რომ ცხოველთა პოპულაციის არასწორი მართვის შედეგია ქუთაისის ქუჩებში აღურიცხავი, არაიდენტიფიცირებული, არასტერილიზებული და არაკასტრირებული ძაღლების მომატებული რიცხვი.

"შევთავაზეთ სხვადასხვა ინოვაციური პროგრამების განხორციელება და თანამედროვე მეთოდების დანერგვა, რომ ჩვენ აგვეღო პასუხისმგებლობა ქუთაისის მასშტაბით ცხოველების პოპულაციის მართვაზე, იქნებოდა ჩართულობა მოხალისეების, საერთაშორისო ვეტერინარების და ა.შ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.
ჩვენს თავზე რომ აგვეღო პოპულაციის მართვა, ამით თანხაც დაიზოგებოდა, რადგან თანადაფინანსებაზეა საუბარი (იყო გარკვეული შემოთავაზებები დონორებისაგან). ამასთან, ჩვენი მუშაობა გაცილებით ეფექტური იქნებოდა, ვიდრე მუნიციპალურის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპის, რომელიც მრავალპროფილურია. ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციასთან, გვყავს სხვადასხვა ქალაქში მოხალისეები. შეგვიძლია, ლეკვების დაბინავების, ძაღლების გასხვისების და სხვა პროგრამები ავამუშაოთ და ა.შ. სამწუხაროა, რომ მერიისგან გვეცნობა, ამ მომენტისთვის თქვენი წინადადება ვერ იქნება განხილულიო“,- ამბობს თემურ ლაჭყეპიანი.

რამდენი მიუსაფარი ძაღლი დადის ქუთაისის ქუჩებში ეს უცნობია, ვინაიდან „სპეციალურ სერვისებში“ ეს არ იციან.  

ფოტო: დეა მანაგაძე


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების
გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით,
ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
13:33 / 03.12.2024
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გასაპროტესტებლად და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუთაისელები დღეს, 16:00 საათიდან ისვე შეიკრიბებიან.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე
კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
10:39 / 02.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე კვირა უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.