ქუთაისის საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია, რომელიც სამი წლის წინ
დაიწყო და ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო, ამ დრომდე გრძელდება.
საუბარია N9 საჯარო სკოლაზე, რომლის 1 125 მოსწავლე წლებია ქალაქის ორ
სხვადასხვა სკოლაშია გადანაწილებული.
"დაწყებითი საფეხური გვყავს მე-12 საჯარო სკოლაში, საბაზო და
საშუალო საფეხური კი - მე-11-ში. ჩვენი სკოლის შენობა ძალიან ძველი
იყო, ამიტომ ბევრი გაუთვალისწინებელი რამ წარმოიქმნა რეაბილიტაციის
პროცესში, ამის აღმოფხვრას დრო დასჭირდა, თუმცა იმდენად
მაღალხარისხიანად კეთდება ყველაფერი, არანაირი პრობლემის წინაშე აღარ
დავდგებით და მომდევნო სასწავლო წლისთვის (სექტემბრისთვის), ძალიან
კარგ და გარემონტებულ სკოლაში შევლენ ჩვენი მოსწავლეები“,
- ამბობს მეცხრე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი
სოფიო ქუთათელაძე.
საჯარო სკოლის ხელმძღვანელისგან განსხვავებით უკმაყოფილებას
გამოთქვამენ მშობლები.
„წლებია, დავხეტიალობთ სხვადასხვა სკოლაში. ჩვენს
შენობაში რემონტს ბოლო არ უჩანს. ყოველ წელს გვპირდებიან მალე
დასრულდებაო, თუმცა არადა არ დამთავრდა“,- ამბობს ერთ-ერთი
მშობელი ქეთი კვირკველია.
საჯარო სკოლის შიდა ნაწილი, სადაც სარემონტო სამუშაოები
მიდის
ქუთაისის N9 საჯარო სკოლის სამსართულიანი შენობის რეაბილიტაციას
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ფონდსა და
შპს „დამბას“ შორის ხელშეკრულება 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს გაფორმდა.
კომპანიას სკოლის კეთილმოწყობა 2 მილიონ 971 000 ლარის სანაცვლოდ
დაევალა, თუმცა, როგორც დოკუმენტებში ვკითხულობთ, სკოლის სარემონტო
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან მხოლოდ თვენახევრის შემდეგ
დაიწყო, ვინაიდან მანამდე შენობაში საარჩევნო უბანი იყო განთავსებული.
ამას დაერთო პანდემია და მისგან გამომდინარე გარკვეული
შეზღუდვებიც.
მთავარი მიზეზი კი, რის გამოც სკოლის რეაბილიტაცია დროში გაიწელა,
შენობის ერთ-ერთი ფრაგმენტის (რომელიც იყო შემდგომში ჩაშენებული და
პრაქტიკულად არ გააჩნდა ფუნდამენტი) კედლის დეფორმაცია გახდა, ამიტომ
მშენებლობა დროებით შეჩერდა.
2020 წლიდან დღემდე ყველაზე მთავარი სამუშაო, რაც მუშებმა გასწიეს,
დაზიანებული კედლის ადგილზე პრაქტიკულად ახალი შენობის ჩადგმა
იყო.
შპს "დამბას" დირექტორის გიორგი ჯაბიძის განმარტებით, ახლა ობიექტში
მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაობია დარჩენილი.
„ეს შენობა დაახლოებით 107 წლისაა, გარედან არაფერი ეტყობოდა,
თუმცა შიგნით საშინელი მდგომარეობა დაგვხვდა, ამის ამსახველი ფოტოებიც
გვაქვს. ხელის მიდებაზეც კი იშლებოდა კედლები. კედლის უკანა ნაწილი
საერთოდ ჩამოინგრა, ამიტომ თავიდან აშენდა ფუნდამენტიანად. ჩათვალეთ,
რომ ახალი შენობა ჩავდგით. ამას უსაფრთხოების ნახაზები სჭირდება,
მოლაპარაკება, შეთანხმებები და ამან ძალიან დიდი დრო წაიღო. ამასთან
აქ იყო სპორტდარბაზი, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის მიხედვით,
დასანგრევი აღმოჩნდა (ავიღეთ ამის ცნობებიც). ახლაც ძალიან ფაქიზად
ვმუშაობთ, თუმცა შენობა უკვე გამყარებულია. ძირითადი სამუშაოები
შესრულებულია, მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაოები დარჩა, რომელიც
დაახლოებით სამ თვეში დასრულდება“, - განმარტავს გიორგი
ჯაბიძე.
სამუშაოები, ხელშეკრულების მიხედვით, მიმდინარე წლის 15 ივლისს უნდა
დასრულდეს.
ქალაქში არსებული 38 საჯარო სკოლიდან, ბოლო 4 წლის განმავლობაში,
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 12 საჯარო სკოლის
შენობა კეთილმოაწყო.
მასალის გამოყენების პირობები