საზოგადოება
ქუთაისის მერია ავარიულ კორპუსს ფასადს ურემონტებს
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის N85-ში, სადაც ადგილობრივები კორპუსის საძირკვლისა და კედლების გამაგრებას ითხოვენ, მერია ფასადს აწესრიგებს.

ადგილობრივი თვითმმართველობა მზადაა ავარიული კორპუსის ვიზუალური ეფექტისთვის 426 000 ლარი გადაიხადოს. ადგილობრივების მოთხოვნას კი, რეალური პრობლემა მოუგვარონ, პროგრამის არარსებობით პასუხობს. შესაბამისად, მალე რუსთაველის N85-ში მცხოვრებლები მიიღებენ რეაბილიტირებულ ფასადს ავარიული კედლებითა და საძირკვლით.

,,ქარის დროს აგურები ცვივა კორპუსს, აქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია, არ ვიცი როდემდე გაძლებს, შეიძლება ერთ დღესაც ცუდად დასრულდეს ეს ყველაფერი. ფასადის გაკეთებას რა აზრი აქვს, როცა კორპუსი ითხოვს მთლიანად რეაბილიტაციას? მოვიდნენ გეოლოგები და შეამოწმონ, ან ქუთაისის მერიიდან მოვიდნენ და გვითხრან მხოლოდ ლამაზი ფასადი თუ გვიშველის'',
- ამბობს რუსთაველის N85-ში მცხოვრები ნინო დარსაძე.

რუსთაველის N83

ადგილობრივებმა, რომლებისთვისაც ვიზუალზე უფრო მნიშვნელოვანი უსაფრთხოებაა, მერიას საცხოვრებელი სახლის საძირკვლის რეაბილიტაციის თხოვნით გასული წლის ივლისში მიმართეს, თუმცა, უარი მიიღეს.

"სამსახურს ავარიული საცხოვრებელი სახლის საძირკვლის რეაბილიტაციის პროგრამა არ გააჩნია. საკითხის გადაჭრის მიზნით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ უნდა მიმართოს საპროექტო ორგანიზაციას, გეოლოგიური კვლევისა და კონსტრუქციული მდგრადობის შესახებ. დასკვნის საფუძველზე მომზადებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, კვლავ მოხდება განცხადების განხილვა და შესაძლებლობის ფარგლებში დახმარების გაწევა", - ნათქვამია მერიის მიერ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისთვის გაგზავნილ წერილში. 


იგივეს იმეორებს საბინაო სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე. მისი თქმით, ავარიულობის შემოწმება თავად ამხანაგობამ უნდა უზრუნველყოს, თუმცა, სამსახურის უფროსი ვერც დასკვნის მომზადების შემთხვევაში იძლევა დახმარების პირობას.

"შენობა ეკუთვნის ამხანაგობას, ამიტომ ადგილობრივებმა თავად უნდა იზრუნონ დასკვნის მომზადებაზე. მართალია, ჩვენ საძირკვლის რეაბილიტაციის პროგრამა არ გვაქვს, მაგრამ მოგვმართონ წერილობით და შესაძლოა, დავეხმაროთ", - ამბობს ჯონი არაბიძე.

ქუთაისის მერიას, წელს ფასადების რეაბილიტაციისთვის 602 000 ლარი აქვს გამოყოფილი. თანხის ფარგლებში დაგეგმილია ოთხი საცხოვრებელი სახლის ფასადის მოწესრიგება. ესენია: შოთა რუსთაველის გამზირის #85-ში; #90-ში; #92-სა და #94-ში მდებარე ბინები.






რენდერის მიხედვით, რეაბილიტირებული ფასადები ასეთი უნდა იყოს. 

ქუთაისში კორპუსების მესამედი ავარიულია. მერიის ინფორმაციით, ქალაქში არსებული 1500-მდე საცხოვრებელი ბინიდან 500-მდე ძველია და მათი ექსპლუატაციის ვადა გასულია.

ძველი და ამორტიზებული საცხოვრებელი სახლები, ადამიანების დაშავების და ტრაგედიის მიზეზიც გახდა. 2020 წელს, ბუხაიძის ქუჩაზე, ქალს თავში კორპუსიდან გადმოვარდნილი ფილა დაეცა, 2017 წელს კი კორპუსის ფასადის ჩამოშლის შედეგად 12 წლის გოგონა გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ქალაქში ავარიული კორპუსების პრობლემის მოგვარების საკითხი გააქტიურდა, თუმცა, რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა. წლიდან წლამდე კი მდგომარეობა უარესდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.