კომპანიამ, რომელსაც ქუთაისის მერიამ „ორმაისობის“ ღონისძიებების ორგანიზებისთვის 40 000 ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა, დღესასწაულში მონაწილე არც ერთ პირს კუთვნილი ანაზღაურება არ გადაუხადა.
საუბარია 30–ზე მეტ ადამიანზე, რომლებისთვისაც შპს „ახალგაზრდობის საერთაშორისო ჯგუფს", როგორც
ტენდერში გამარჯვებულს, ჰონორარის სახით ჯამში 10 000
ლარზე მეტი უნდა ჩაერიცხა.
კომპანიამ მოატყუა 20 მსახიობი,
8 მწერალი, ვიდეორგოლის ავტორი, დიზაინერი, თავის მხრივ,
არ შეასრულა ქუთაისის მერიის წინაშე აღებული ვალდებულებები.
ერთ-ერთი, ვისაც ორმაისობის ღონისძიებაში მონაწილეობისთვის სამ
თვეზე მეტია კუთვნილი ანაზღაურება არ უღია, პოეტი ლია
ლიქოკელია. იგი ამბობს, რომ რამდენჯერმე შეეცადა საკითხი
გაერკვია, თუმცა, უშედეგოდ.
“არ გადმოგვირიცხა კომპანიამ და რატომ, არ ვიცი, გაურკვეველი
დარჩა. იყო მცდელობა, რაღაც მსჯელობაც, მაგრამ შემდეგ
შევეშვი. არც ვიცი სად და ვის მოვკითხო. რა აზრი აქვს.
ძალიან გაურკვეველია ჩემთვის რა მოხდა“,-ამბობს ლია
ლიქოკელი.
მასთან ერთად კომპანიამ თანხა არ გადაუხადა მწერლებს:
ნენე კვინიკაძეს, დავით გაბუნიას, ანა კორძაიას, თეონა
დოლენჯაშვილს, დიანა ანფიმიადს, ნინო თარხნიშვილსა და თამთა
მელაშვილს, რომლებმაც შექმნეს ჩანახატი ქუთაისზე და წარმოადგინეს
პერფორმანსი ქართველ
ფემინისტ ქალებზე.
ქუთაისის მერიაში მომხდარზე პასუხისმგებლობას კონკრეტულად არავინ
იღებს, თუმცა, ამბობენ, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში კომპანიის
მიმართ არ არსებობდა ეჭვის საფუძველი, ის არ იყო შეყვანილი შავ
სიაში და არც ხელშეკრულების შესრულებაზე ჰქონია
პრობლემები.
„ამ კომპანიასთან ხელშეკრულების არგაფორმების არანაირი სამართლებრივი
საფუძველი არ გვქონდა. არ იყო შავ სიაში და ჩვენამდე არავისთან
არ ჰქონდა შეწყვეტილი ხელშეკრულება. აბსოლუტურად სუფთა კომპანიაა“,–
აცხადებენ ქუთაისის მერიაში.
შპს "ახალგაზრდობის საერთაშორისო
ჯგუფთან“ ქუთაისის მერიამ ხელშეკრულება ყველაზე დაბალი
ფასის პრინციპით გააფორმა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ტენდერში
მონაწილე ერთ-ერთ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა. მერიის მიერ
"ორმაისობის" ღონისძიებების ორგანიზებისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ
შესყიდვაში სულ ოთხი კომპანია მონაწილეობდა. მათგან
ყველაზე დაბალი ფასი 28 900 ლარი შპს "ბრავომ" დააფიქსირა, შპს
„ახალგაზრდობის საერთაშორისო
ჯგუფმა" კი ღონისძიებების ორგანიზებისთვის 40 500 ლარი
მოითხოვა. საბოლოოდ, მერიამ ორი ყველაზე დაბალფასიანი შეთავაზებიდან
არჩევანი „ახალგაზრდობის საერთაშორისო ჯგუფზე" გააკეთა,
შპს "ბრავო" კი
არასრული ტექნიკური დოკუმენტაციის
მოტივით ტენდერიდან მოხსნა.
ხელშეკრულების გაფორმებამდე, ქუთაისის მერიას, შესაძლოა,
ვერ გადაემოწმებინა კომპანიის
კეთილსინდისიერება ყველა იმ მუნიციპალიტეტსა თუ
დაწესებულებაში, რომლებთანაც „ახალგაზრდობის საერთაშორისო ჯგუფმა“
ითანამშრომლა, თუმცა, თუ მის სატენდერო
ისტორიას გადახედავდა, ეჭვის საფუძველი ნამდვილად
გაუჩნდებოდა.
შპს „ახალგაზრდობის საერთაშორისო
ჯგუფს“ სულ 27 ტენდერში აქვს მონაწილეობა
მიღებული. აქედან, ოთხ შემთხვევაში მას უარი არასრულყოფილი
ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენის გამო ეთქვა. ორჯერ,
ტენდერში გამარჯვების შემდეგ, უარი თქვა
ხელშეკრულების დადებაზე, ხოლო, გასულ წელს „მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ცენტრმა“ კომპანიას არაკეთილსინდისიერი
ქმედების გამო 57 000 ლარიანი ხელშეკრულება გაუუქმა. როგორც
სატენდერო კომისიამ დაადგინა, კომპანიის დირექტორმა, სალომე
ბენდიაშვილმა, რომელსაც მასწავლებელთა კონფერენციის ორგანიზება უნდა
უზრუნველეყო, გამოცდილების დადასტურების მიზნით, მისი
მეორე კომპანიის მიერ გაცემული დოკუმენტი წარადგინა.
უფრო მეტიც, ამავე კომპანიის წარმომადგენელი იყო
ინდ.მეწარე დავით გოდერძიშვილი, რომელიც ტენდერში მეორე პრეტენდენტის
- სალომე ბენდიაშვილის კომპანიის კონკურენტის სახით მონაწილეობდა.
თუმცა, გაირკვა, რომ სალომე ბენდიაშვლი და დავით გოდერძიშვილი,
რომლებიც ამ კონკრეტულ ტენდერში კონკურენტების სახით
მონაწილეობდნენ, სინამდვილეში პარტნიორები არიან. ამ გარემოების
გამოვლენის შემდეგ, „მასწავლებელთა პროფესიულმა ცენტრმა“
გამოცხადებული ტენდერი საერთოდ შეწყვიტა, სალომე ბენდიაშვილსა და
დავით გოდერძიშვილს კი დისკვალიფიკაცა მისცა.
იგივე მცდელობა ჰქონდათ მათ მიმდინარე წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, სადაც სალომე ბენდიაშვილი შპს „ახალგაზრდობის საერთაშორისო ჯგუფის“ სახელით, დავით გოდერძიშვილი კი ინდ.მეწარმის სტატუსით მონაწილეობდა. ტენდერი ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოიგო.
ქუთაისიპოსტი ორივე მათგანთან დაკავშირებას შეეცადა.
სალომე ბენდიაშვილს მუნიციპალიტეტებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში
ორი ნომერი აქვს მითითებული. მათგან ერთზე ზარს არ პასუხობს,
მეორეზე კი გვითხრეს, რომ ნომერი სალომე ბენდიაშვილს არ
ეკუთვნის და არც კი იცნობენ მას.
რაც შეხება დავით გოდერძიშვილს, ჩვენ მასთანაც, როგორც მის
პარტნიორთან ვცადეთ დაკავშირება. დავით გოდერძიშვილმა ზარზე არ
გვიპასუხა და მოგვწერა, მისთვის გვეკითხა რა თემაზე გვსურდა საუბარი.
მას შემდეგ, რაც მივწერეთ, რომ ორმაისობის ღონისძიებების შესახებ
გვინდოდა გვეკითხა, დავით გოდერძიშვილმა აღარ გვიპასუხა.
ორმაისობის ღონისძიებებზე შეუსრულებელი ვალდებულელების გამო, საქმეს
ახლა უკვე პროკურატურა იძიებს. ქუთაისის მერიამ საგამოძიებო ორგანოს
შესაბამისი დოკუმენტები უკვე გადაუგზავნა.
"ორმაისობა" ქუთაისის ტრადიციული დღესასწაულია. მას ბოლო წლებში
"გვირილობასაც" უწოდებენ. ამ დღის აღსანიშნავად, ქალაქში ყოველწლიურად
მრვალფეროვანი ღონისძიებები იმართება. "ორმაისობის"
დღესასწაულში ხშირად მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი,
ასევე, მოწვეული ხელოვანები, მწერლები, პოეტები და სხვადასხვა
სფეროს წარმომადგენლები.
მთავარი ფოტო აღებულია ლია ლიქოკელის
ფეისბუქგვერდიდან
მასალის გამოყენების პირობები