ლაშას მამამ ასწავლა, მამამისს - ბაბუამ, ბაბუამისს - დიდმა ბაბუამ. პროფესია მემკვიდრეობით თაობიდან თაობას გადაეცემა.
დრომ ბოლო წლებში ვითარება შეცვალა – ეკონომიკურმა პრობლემებმა სოფელი დააცარიელა და კრამიტის ოსტატებიც გააიშვიათა.
ახლა ბოსლევში საუკუნოვანი გამოცდილების გადარჩენას რამდენიმე ახალგაზრდა ცდილობს. მათი მიზანი მინიმუმ იმერული კრამიტის დამზადების ტრადიციის შენარჩუნება, მაქსიმუმ - პროდუქტის მსოფლიოსთვის გაცნობაა.
,,მე და მამა ბაბუას დავპირდით, რომ მის მიერ გადმოცემულ ცოდნას სხვებს გადავცემდით. ეს არ მავიწყდება. კაცი სიტყვის პატრონი უნდა იყოს, თორემ მოგებაზე საუბარიც ზედმეტია ზოგჯერ“, – ამბობს ბოსლევში დარჩენილი ერთადერთი სახელოსნოს მფლობელი, ლაშა მახათაძე.
ბოსლევში ყველაზე ახალგაზრდა
მეკრამიტე მზემოკიდებული, შავგვრემანი, მხიარული ბიჭია.
ლაშა 17 წლისაა და ვიდრე საშუალო სკოლას დაამთავრებს, ცდილობს საქმესა
და განათლებაზე დრო სწორად გადაანაწილოს. გაკვეთილების შემდეგ
სოფლის განაპირას, ბაბუის აშენებულ ხის სახელოსნოში მიდის და
კრამიტს საკუთარი ხელით ამზადებს. შეგირდებიც ჰყავს. ცოდნას
მეგობრებს მოხალისეობრივ საწყისებზე უზიარებს. ასე გაჩნდა კიდევ სამი
ოსტატი სოფელში.
ყველაზე მეტი, 10 000 კრამიტი ლაშამ ორი წლის წინ
გაყიდა. მას შემდეგ მხოლოდ პატარა შეკვეთხბზე მუშაობს, - ფაქტობრივად
ხელობის გადარჩენაზე. მეკრამიტეები ყვებიან, რომ სახურავს ძირითადად
ეკლესიებისთვის და რესტორნებისთვის ყიდულობენ, სახლებს კი სხვა
მასალით ხურავენ.
,,ახლა მოდაში ძვირადღირებული ხელოვნური სახურავებია, რომელიც
არაფრით სჯობს კრამიტს“, – ამბობენ ბოსლეველი
მეკრამიტეები.
ლაშა და მისი მეგობრები, კრამიტით გადახურული სახლის
უპირატესობებზე საუბრისას, ამტკიცებენ, რომ ასეთი სახურავი
ყველა სხვაზე მეტად დაცულია.
,,მასში არ აღწევს წვიმა, თოვლი. ტემპერატურაც ამინდის
მიხედვით იცვლება: თუ სიცივეა ეკოსახურავი სახლს სითბოს უნარჩუნებს,
ზაფხულში კი პირიქით, სიგრილეს. კრამიტი ხანგამძლე და
ცეცხლმედეგიცაა. კარგად გაკეთებული კრამიტი საუკუნეებს უძლებს.
ამის საიდუმლო მის სწორად გამოწვაშია. ჯერ ერთი, რომ დაინახავ
ლამაზია, ბუნებრივია, სუნთქავს“, – ამბობს ლაშას მოწაფე
ბესო.
ბესო
ლაშას სახელოსნოში, დანარჩენ ორ მეგობრთან ერთად, მეკრამიტეობას
ეუფლება. ახალბედები ფიქრობენ, რომ ცოდნის გაზიარებით სოფელს ბევრი
ოსტატი ეყოლება.
ეს სოფელში ხალხს დააბრუნებს და ფინანსურ კეთილდღეობასთან
ერთად, განვითარებასაც მოუტანს.
,,ვაკვირდები, რომ თანდათან ფასდება ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი
პროდუქტები საქართველოში და, ალბათ, ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვლება.
იქამდე ჩვენ შევინახავთ ბაბუების დანატოვარ ტრადიციებს,“ – ამბობს
ლაშა მახათაძე.
ლაშამ პროფესია უკვე აირჩია. სირთულეების მიუხედავად, არ აპირებს
ბაბუაზე მიცემული სიტყვა გატეხოს და როცა სკოლას დაამთავრებს, ან
საქმე მიატოვოს, ან სოფელი. ახლა მთავარი მისია აქვს შესასრულებელი:
რაც შეიძლება მეტი თანატოლი დააოსტატოს მეკრამიტის საქმეში.
ავტორები: ანა ჯანაშია,
ლანა კოკაია
მასალის გამოყენების პირობები