რიონის ხეობის მოსახლეობა ნამახვანი ჰესის წინააღმდეგ ბრძოლას
ააქტიურებს.
ადგილობრივებმა უკვე შეაგროვეს 500-ზე მეტი ხელმოწერა და
მდინარე რიონზე მშენებარე ჰესის რისკების ობიექტურ შეფასებას
ითხოვენ.
რიონის ხეობის მცხოვრებლებმა მიმართვა უკვე გაუგზავნეს
პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.
მიმართავში ადგილობრივები უნდობლობას უცხადებენ ჰესის მშენებელ
კომპანია "ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯიას", რომელიც მოსახლეობას
არწმუნებს, რომ ჰესის მშენებლობა მათ საფრთხეს არ შეუქმნის.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სინამდვილეში, რიონის ხეობის სოფლებს
დატბორვა ემუქრება.
მათივე თქმით, კომპანიას გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტიც
კი არ აქვს, რაც მოსახლეობის ინტერესებისადმი მათ გულგრილ
დამოკიდებულებაზე მიუთითებს.
ადგილობრივთა ნაწილმა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით შექმნილი
საკონსულტაციო საბჭოებიც დატოვა. მათი თქმით, საბჭოს ფარგლებში
გამართულმა შეხვედრებმა ისინი დაარწმუნა, რომ კომპანიის ერთადერთი
მიზანი არა მოსახლეობის პოზიციების მოსმენა და რისკების ერთობლივად
შეფასება, არამედ, მათი გადაბირებაა.
"საბჭოების წარმომადგენელთა კრებები დახურულ ხასიათს ატარებს. აცნობენ
წესდებას და დათანხმების შემთხვევაში, მათგან კომპანიის ინტერესების
გატარებას მოითხოვენ. პრაქტიკულად, საბჭოების წევრები უნდა იქცნენ
"ქლინ ენერჯის" აქტივისტებად და პროპაგანდისტებად, რის სანაცვლოდაც,
კომპანიისგან პრივილეგიები ეძლევათ. ცხადია, რომ ძალზე იოლია
გაჭირვებულ ადამიანებზე ზემოქმედება, მათი მოსყიდვა და გადაბირება," -
ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს 500-ზე მეტი ადგილობრივი
აწერს.
პირველივე სხდომის შემდეგ საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
სოფელ მექვენას მკვიდრმა, მაკა სულაძემ.
"მე ვერ მივხვდი უშიშროების სხდომაზე ვიყავი თუ შეხვედრაზე, სადაც
რისკებზე უნდა გვესაუბრა და კომპანიის წარმომადგენლებს ჩვენთვის
მოესმინათ. პირველივე შეხვედრაზე დამრჩა განცდა, რომ სინამდვილეში ეს
საბჭოები ემსახურება მოსახლეობის გადაბირებას, რომ მათ არ
გააპროტესტონ ჰესის მშენებლობა. გარდა იმისა, რომ გაგვაფრთხილეს
სხდომაზე განხილულ საკითხებზე საჯაროდ არ გვესაუბრა, მედიასთან
კომენტარის გაკეთებაც მათთან უნდა შეგვეთანხმებია. მე ამ საბჭოში
თავიდანვე შევედი ჩემი სოფლის ინტერესების გამო და არა იმიტომ, რომ
ჰესის მშენებლობას ვეთანხმები, თუმცა, მალევე მივხვდი, რომ ეს
საბჭოები სხვა მიზანს ემსახურება",- ამბობს მაკა სულაძე.
ის, რომ საბჭოს წევრებმა შეხვედრებზე განხილულ საკითხებზე მედიასთან
წინასწარ შეთანხმებული პოზიციებით უნდა ისაუბრონ, ეს საბჭოს ერთ-ერთი
სხდომის ოქმშიც წერია.
"რაც შეეხება მედიასთან გასაჟღერებელ საკითხს, ის წინასწარ უნდ
შეთანხმდეს "ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯიასა" და თემის წარმომადგენლებს
შორის გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით",- ნათქვამია ოქმში.
იგივე მიზეზით საბჭო დატოვა კიდევ ერთმა წევრმა, სოფელ დერჩის
მკვიდრმა, მალხაზ მურუსიძემ. მისი თქმით, კომპანია მოსახლეობის
გადასაბირებლად ყველანაირ ხერხს მიმართავს.
"მიდიან მოსახლეობასთან და პირდებიან კლუბების მოწყობას, ექსკურსიებზე
წაყვანას, ესაუბრებიან სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე.
მოტყუებით მოაწერინეს ხელი წინასწარ შეთანხმებაზე კომპენსაციის
შესახებ, რომ თითქოს გასახლების დროს სამხარაულის ექსპერტიზის
დასკვნით მოხდება მათი ქონების შეფასება. სინამდვილეში,
ადგილობრივების დიდ ნაწილს არც კი ესმის რა დასკვნაზეა საუბარი. არ
აქვთ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, 2015 წელს უკანონოდ
მიიღეს ეს გეგმა და ამ დრომდე არ აქვთ ახალი ნებართვა. ის, რომ ჩვენ
სახლებს დატბორვა არ ემუქრება, არის ხალხის მოტყუება. ყველაფერს
აკეთებენ, რომ მოსახლეობა გადაიბირონ, რადგან საერთაშორისო საფინანსო
ორგანიზაციებისგან მოიპოვონ დაფინანსება, რომლებიც თავის მხრივ
პროექტზე მოსახლეობის თანხმობას ითხოვენ. რასაც ისინი აკეთებენ, ამას
მოსახლეობის ყიდვა ჰქვია",- ამბოს მალხაზ მურუსიძე.
მისივე თქმით, გარდა კონკრეტული დაპირებებისა, ყოველ სხდომაზე,
რომელიც თვეში 2-3-ჯერ იმართება, საბჭოს თითოულ წევრს 30 ლარს უხდიან,
რაც ბევრი ადგილობრივისთვის დამატებითი მოტივაციაა.
"მე პირველივე სხდომაზე დავტოვე საბჭო და არ ამიღია ეს თანხა, მაგრამ
ყველას აძლევენ, ვინც სხდომებს ესწრება. ეს წესდებაშიც წერია, რომ
ეკუთვნით კომპანიისთვის დახარჯული დროის გამო. რამდენიმეს ვუთხარი
კიდეც არ გინდა, არ წახვიდეთქვა, მაგრამ რა ვქნა ფულს მაინც მომცემენო
მითხრეს. რა უნდა უთხრა ასეთ დროს გაჭირვებულ ადამიანს?"- ამბობს
მალხაზ მურუსიძე.
საბჭოს ყოფილი წევრების თქმით, იმას, რომ საბჭოები რეალურად სხვა
მიზანს ემსახურება, გამართული სხდომების შინაარსიც მოწმობს. მალხაზ
მურუსიძის თქმით, კომპანიის წარმომადგენლები ცდილობენ აქცენტი
გააკეთონ იმ სიკეთეებზე, რასაც ჰესი მოუტანს რეგიონს, მეწყრული და
სეისმურად აქტიური ზონის გამო ხეობის დატბორვის რისკებზე კი არ
საუბრობენ.
გაურკვეველია მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხიც. საბჭოს
ყოფილი წევრების თქმით, კომპანიას ამაზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ
აქვს.
ნამახვანი ჰესის საფრთხეები ვრცლად აქვს შეფასებული "მწვანე
ალტერნატივას".
არასამთავრობო ორგანიზაცია უხარისხოს უწოდებს კომპანიის მიერ 2015
წელს წარმოდგენილ გზშ-ს და მიიჩნევს, რომ დოკუმენტი სრულყოფილად არ
ასახავს ჰესის ადგილობრივ მოსახლეობაზე პირდაპირი და ირიბი
ზემოქმედების რისკებს. ასევე, არ არის დასაბუთებული რა კონკრეტულ
ფინანსურ სარგებელს მოუტანს ქვეყენას პროექტი გრძელვადიან
პერსპექტივაში.
ანგარიშის მიხედვით, პროექტის ზემოქმედება შეეხება არამხოლოდ
მოსახლეობას და სასოფლო-სამურნეო მიწებს, არამედ, ბიომრავალფეროვნებას
და ისტორიულ ძეგლებსაც კი.
"პროექტის ზემოქმედების ქვეშ ექცევა დაახლოებით 600 ჰა ფართობის
ტერიტორია. აქედან 180 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწებია, ხოლო დაახლოებით
360 ჰა - ტყეები. პროექტის განხორციელება გამოიწვევს
ბიომრავალფეროვნების შეუქცევად დეგრადაციას. დაგეგმილი პროექტის
საპროექტო არეალში ხვდება ბუნების ძეგლიც- იმერეთის 8 მღვიმე.
ცალკე უნდა აღინიშნოს პროექტის ზემოქმედება ყურძნის უნიკალურ ჯიშებზე,
რომელზეც პროექტში საერთოდ არ არის საუბარი. პროექტის
განხორციელება გამოიწვევს მათ ხარისხობრივ გაუარესებას ან
საერთოდ გაქრობას",-ნათქვამია ანგარიშში.
პროექტის მიხედვით, ნამახვანი ჰესის გავლენის ზონაში ფიზიკურ და
ეკონომიკურ განსახლებას სულ 104 ოჯახი დაექვემდებარება, მხოლოდ
ეკონომიკურს კი 47 კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები.
"ქლინ ენერჯი გრუპში" მოსახლეობისა და სპეციალისტების შიშებს არ
იზიარებენ და ამბობენ, რომ კაშხლები საერთაშორისო სტანდარტებით
შენდება, შესაბამისად, განსახლების პროცესი ოჯახების მცირე რაოდენობას
შეეხება.
რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტს,
კომპანიაში არ უარყოფენ, რომ განახლებული ნებართვა ჯერჯერობით არ
აქვთ.
"დასასრულს უახლოვდება გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის განახლებული
დოკუმენტის მომზადება. ანგარიში ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ
მზადდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. დოკუმენტი 2018 წლის
შემოდგომაზე გასაჯაროვდება",- აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიაში არც იმას უარყოფენ, რომ საბჭოს წევრებს ყველა სხდომაზე 30
ლარს უხდიან, თუმცა, აცხადებენ, რომ ეს მათ მიერ დაკარგული დროის
კომპენსაციაა.
"საბჭოს წევრებს თითოეული შეხვედრის დასწრებისათვის სიმბოლური თანხა -
30 ლარი გადაეცემათ, ისინი რამდენიმე საათს ატარებენ საბჭოს სხდომაზე,
რა დროსაც წყდებიან ყოველდღიურ საქმიანობას, ეს თანხა არის მათი
დაკარგული დროის კომპენსაცია",- ამბობენ კომპანიაში.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხდება მოსახლეობისთვის კომპენსაციის
გადახდა, "ქლინ ენერჯი გრუპს" ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს.
კომპანიაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დატბორვის არეალში მცირე
რაოდენობის ოჯახები მოხვდება და მათ საშუალება ექნებათ აირჩიონ
ალტერნატიული საცხოვრებელი.
კომპანია "ქლინ ენერჯი გრუპმა" ნამახვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა
2015 წელს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" მიერ
გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.
პროექტის მიხედვით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიეტეტებში,
მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514
გეგა ვატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული
სიმძლავრე ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.
პროექტი 750 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ინვესტიციის სანაცვლოდ,
კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის
შეტანის პირობას დებს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც
სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, 3000-მდე ადამიანი დასაქმდება.
მასალის გამოყენების პირობები