გაყიდეს სახლი, ეზო და სხვა ყველა ნივთი წიგნების გარდა. დაივიწყეს
საავადმყოფოები, გადასახადები, გამორთეს ტელევიზორი და თავისუფალ
სივრცეში გადასახლდნენ - გეგმა დედამიწის წყლით შემოვლაა.
ეს ერთი დიდი ოჯახია. პირველი ქართველი მოგზაური
ოჯახი.
მათი სახლი გემია. ის თეთრია და ლამაზი. სახელადაც "ლამაზია"
ჰქვია.
ირმა ქუთაისელია, რალფი
ამერიკელი. წყვილმა ლამაზია" 2 წლის წინ
შეიძინა
"ლამაზიას" კაპიტანი რალფია. რალფი ირმას მეუღლეა.
ირმა ქუთაისელია. როცა მშობლიური ქალაქი დატოვა 16 წლის იყო. ბევრი
ქვეყანა და ქალაქი შემოიარა. რალფი ცხრა წლის წინ ამერიკაში გაიცნო.
კარგად ახსოვს მათი პირველი შეხვედრა. მაშინ რალფი "მაიკროსოფტის"
ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი იყო. ირმა უკვე პიანისტი.
"16 წლის ვიყავი, როდესაც ქუთაისი დავტოვე და სწავლა პარიზში,
კონსერვატორიაში გავაგრძელე. შემდეგ იყო ბრიუსელის სამეფო
კონსერვატორია, ვიყავი ამერიკაში ლექსო თორაძეს გუნდშიც. ბოლოს ტრამვა
მივიღე ერთ-ერთი გასტროლის დროს და მას მერე ვეღარ დავუკარი," - ამ
ტრამვამ ირმასთის ერთი კარი დაკეტა, სამაგიეროდ, მეორე გააღო და
თავგადასავლებით სავსე ცხოვრებაც დაიწყო.
"კორპორაციული ცხოვრებით, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით ვიყავით
გადაღლილები. რა ხელფასიც არ უნდა გქონდეს, სულ ორომტრიალში ხარ და
ბავშვები იზრდებიან მარტო. ამიტომ ასეთი ცხოვრებისთვის თავი დაღწევა
გვსურდა. მე და რალფი ერთნაირები ვართ, ორივეს გვიყვარს მოძრაობა,
დინამიკა, სიახლეები. გვინდა მეტი ვნახოთ, ამიტომაც მოვიშორეთ მუდმივ
რუტინაზე ფიქრი, სახლი, ვალი და გემზე წავედით," - ირმასა და რალფის
გარდა, "ლამაზიაზე" მათი გოგონა ანაბელი და ორი ძაღლი ცხოვრობს.
რალფი,
მამბო, ანაბელი და ირმა - ოჯახისთვის ზაფხული ყველაზე
საყვარელი სეზონია
თავგადასავლების მოყვარული ოჯახი ყოველი გასვლის წინ მარშუტს რუკაზე
სწავლობს. ისინი "ლამაზიასთან" ერთად უამრავ მზიან, ქარიშხალიან
ამინდებს გადიან და ამ გზას სხვადასხვა ნაპირთან მიჰყვებიან.
"გემით მოვიარეთ კარიბის კუნძულები. ბევრი კუნძულია კარიბის ზღვაში.
თითოეული ულამაზესია. ზოგჯერ თავი სამოთხეში გგვონია," - აღმოჩენების
პარალელურად, ირმასთვის რთულია გემის დიასახლისად ყოფნა.
გემზე ცხოვრებას ორი მხარე აქვს: პირისპირ ხვდები უზომო შიშს და
განუზომელ ბედნიერებას. აქ დისკომფორტის საფასური საოცნებო
შთაბეჭდილებები, ხოლო განსაცდელების შედეგი გამოცდილებაა.
ტექნიკოსი - დიასახლისი - ირმას
გემის შეკეთება რალფმა ასწავლა
"აქ ყველა კომფორტზე უარი უნდა თქვა. ინტერნეტი ლიმიტირებულია.
ტელევიზორი არ არსებობს. ელექტროენერგია გვექნება თუ არა ეს მზეზეა
დამოკიდებული. წყალიც უნდა გამოვიზოგოთ. ასევე ყოველდღიურად რაღაც
ფუჭდება და საჭიროა ტექნიკის, ძრავების, იალქნებისა თუ სხვა
მოწყობილობების შემოწმება, შეკეთება. როცა აქ ცხოვრობ კომფორტის
ზონიდან გადიხარ. თუმცა, სწორედ ამ დროს ხდები ბედნიერი," - გვიყვება
ირმა.
უკვე ბევრი ასეთი დღე დაგროვდა მოგზაური დიასახლისის მეხსიერებაში.
ირმა ამ წამებს ფოტოკადრებით ინახავს.
თითოეულ ფოტოს თავისი პერსონაჟი ჰყავს. მათ თავიანთი ისტორია
აქვთ.
ერთ-ერთი ასეთი ნალაა.
ნალა ლამაზი, კეთილი და პრინციპული გოგოა - გემზე საკუთარ ადგილს
არავის უთმობს.
ნალა ქართული ჯიშის ძაღლია. ის სამი
წლისაა
"ნალა ხაშურსკის ვეძახით ხოლმე. ის საქართველოდან, ხაშურის გზიდან
წამოვიყვანეთ. ხუთი ლეკვი იყო მკვდარი. ეს გადარჩენილი, აბუზული
დაგხვდა. ყველაზე ულამაზო ლეკვი იყო რაც კი მინახავს. ჭუჭყიანი,
დაავადებული, დაკბენილი. მერე მოვაწესრიგეთ და მისი ფოტო დავდეთ
გასაჩუქებლად. ორ კვირაში ისე შეგვაყვარა თავი, აღარ გავაჩუქეთ.
ამერიკაში წავიყვანეთ. ახლა ნალა დიდია და ჭკვიანი. ის ძალიან
მადლიერია. ჩვენსავით უყვარს მოგზაურობა. ძალიან თბილი ძაღლია, სულ
მოფერება და კალთაში ყოფნა სურს," - ყვება ირმა.
ხაშურელ ნალასთან ერთად, გემზე მამბოც ცხოვრობს. მამბო ამერიკელია და
ნალასაგან განსხვავებით, კალთაში ყოფნას ვიოლინოს ბუდე ურჩევნია.
მამბო ამერიკული ჯიშის ძაღლია. გემზე
ხშირად იკარგება და განცალკავებულ, მყუდრო ადგილებს
ირჩევს
მამბოს არც ნალასავით ბოხი ხმა აქვს. ამიტომ მისი ყეფა
მცველის როლს ვერ ეხამება. სამაგიეროდ, კარგად ცეკვა და სიმღერა
გამოსდის. ქართველ ნალასა და ამერიკელ მამბოს მეგობრობაც კარგი
გამოსდით.
"მუსიკოსი" მამბო
მნახველების აღფრთოვანებას იწვევს
ცხოველები განსაკუთრებით გემის ყველაზე უმცროსს წევრს - ანაბელს
უყვარს . ის რვა წლისაა. დედმ-მამის მსგავსად, მოგზაურობაზე
შეყვარებული.
გემზე მისი პირადი სკოლა აქვს, სამკითხველოც. სწავლობს ყველაფერს რაც
აინტერესებს.
ისტორიას მარშუტის მიხედვით ეცნობა, სწავლობს იმ ქვეყნის შესახებ,
რომელშიც იმ მომენტისთვის იმყოფება. ანაბელი ასე პირდაპირ ეხება
ისტორიას. ის ძალიან ლაღი და ბედნიერია.
ცხოველები დიდ დროს პატარა ანაბელთან
ერთად ატარებენ
"უმეტეს შემთხვევაში პატარა რამეებშია ბედნიერება. მთავარია
გადაწყვიტო იყო იქ, რაც ბედნიერს გხდის. ამისთვის რაც პირველ რიგში
ადამიანს სჭირდება, ეს არის გამბედაობა. რადგან თუ იმას ელოდები როდის
დადგება შენი დრო, წამი გაგექცევა. თუ ოცნებობ და ელოდები როდის
გექნება რაღაც საოცარი, ამის გამო ვერ დაინახო რა შეიძლება გქონდეს
დღეს. მე მესმის რომ ყველას გვაქვს ყოველდღიური პრობლემები, მაგრამ
მთავარია იმ ყოველდღიურობაში რომელიც შენია და ვერ გაექცევი, რას
დაიჭერ. გრანდიოზული რაღაცეები ხან ხდება, ხან არა, ამიტომ უნდა
იცხოვრო დღეს. გარისკო და იცხოვრო," – ასეთია პირველი ქართველი
კრუიზერი ოჯახის დიასახლისის აზრი ბედნიერებაზე.
ქართულ- ამერიკული
ოჯახის თითოეული წევრი იღიმის, ისინი მოგზაურობაში თავს
ბედნიერად გრძნობენ
მოგზაური ოჯახის მომდევნო რისკი და ბედნიერების მოლოდინი სამხრეთ
ამერიკაა.
ამ მარშუტისთვის"ლამაზიას" ხუთი თავგადასავლების მოყვარული ბინადარი
2019 წლისთვის ემზადება.
ამ გზით დედამიწას უნდა შემოუარონ.
მასალის გამოყენების პირობები