საზოგადოება
ოჯახი, რომელიც იმერული სოფლის განვითარებისთვის თბილისს ტოვებს (ვიდეო)
FaceBook

უიმედობისგან დაცლილი სოფელი, მოშლილი ინფრასტრუქტურა და დანგრეული გზები -


ასე გამოიყურება სამტრედიიდან 10 კილომეტრის მოშორებით მდებარე ჭაგანი, სადაც თვლიან, რომ განვითარებისთვის "მეტი ევროპა" სჭირდებათ და სოფლის გადარჩენის გზა სწორედ ევროპასთან მიდის.


###
სამტრედიის სოფელ ჭაგანს, რუკაზე ვერ იპოვით. სამაგიეროდ, თუ ესტუმრებით, აღმოაჩენთ, რომ ის დაცლის ზღვარზეა. დასახლების გასაჭირს გლეხები ხელისუფლებიდან ზრუნვის ნაკლებობით ხსნიან და გაძლიერებისთვის დახმარებას ადგილობრივი მთავრობიდან დიდი ხანია ითხოვენ.

მხარდაჭერის მრავალწლიან მოლოდინში, ჭაგანში პატრონისგან მიტოვებულ სახლებს ყოველ მეორე ეზოში ნახავთ, საიდანაც უკეთესი ცხოვრებისთვის სხვადასხვა ქალაქებში გადასახლებულან.


სოფლიდან გაქცევის პრაქტიკის შეცვლას ჭაგანში ხვიჩიების ოჯახის ახალგაზრდა შთამომავალი აპირებს.

ბაია ხვიჩია 27 წლისაა, ის თბილისში ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის მენეჯერია, თუმცა წლის ბოლომდე სამსახურში დადებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვისთანავე მეუღლესთან ერთად სოფელ ჭაგანში მამაპაპისეულ სახლში გადაბარგდება. ახალგაზრდა წყვილი დედაქალაქში ჩვეულ კომფორტსა და სამსახურს იმ მიზნით ტოვებს, რომ ყურადღების მიღმა დარჩენილ სოფელში სასტურო კომპლექსის მშენებლობით ტურიზმი განავითარონ, რაც იმედგაცრუებულ გლეხებს, იმედს უბრუნებს.

ბაია ხვიჩია ამბობს, რომ ჭაგანში მცხოვრებ გლეხებს ბევრი პრობლემა აქვთ. მრავალ გასაჭირს შორის, ყველაზე მეტად სოფლამდე მისასვლელი გზა აწუხებთ, რომელიც იმდენად დაზიანებულია, მასზე გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია.

 



სოფლის გზის სირთულე არ აშინებს ბაია ხვიჩიას. ის თბილისიდან ჭაგანში ყოველ შაბათ -კვირას ჩადის და სოფლის ცხოვრების შეცვლაზე ფიქრობს. ამბობს, რომ კარგად ახსოვს მამის დანაბარები, რომელსაც არ სურდა შვილს მამისეული კერა მიეტოვებია. აქამდე საჭირო დროს და შესაძლებლობას ელოდა, ახლა კი ფიქრობს, რომ სწორედ მისი გეგმების განხორციელების დროა, რაც ღარიბ, მაგრამ ლამაზ ჭაგანს ევროპულ პერსპექტივას უჩენს.

"სოფლის მოწყობაზე შთაგონება მეუღლესთან ერთად ამსტერდამში მოგზაურობიდან დაიწყო. სწორედ იქაური სოფლების მონახულება დამეხმარა მოტივაცია მქონოდა ჩემს ქვეყანაშიც მომეწყო ერთი პატარა ევროპული სოფელი. პირველი რაც იქ მომეწონა ეკოტრანსპორტი, იქაური უნიკალური ყველი და სიძველისადმი პატივისცემა იყო. რაღაცნაირად კავშირიც აღმოვაჩინე ჭაგანთან. მაგალითად, ამსტერდამში ველოსიპედებით დადიან, ისევე როგორც სამტრედიაში, აქვთ ყველის წარმოების ტრადიციული კულტურა, როგორც ჭაგანში და აფასებენ ძველ არქიტექტურას, რომელიც ჩვენს სოფელშიც გვაქვს ძველი ოდა სახლების სახით. ეს ყველაფერი კი ჭაგანშიც შეიძლება იქცეს ძვირფას სანახაობად ტურისტებისთვის," - სწორედ ამ კავშირების აღმოჩენის გამო ბაია გვიმხელს, რომ სასტუმროს რომელსაც ჭაგანში ააშენებს  "ამსტერდიას" დაარქმევს, რითაც მის მოგონებებს შეინახავს და ამაზე ყველა სტუმარსაც მოუყვება.



ტურისტების მიზიდვასა და ბიზნესის აწყობაში ბაიას მეზობლად მცხოვრები ბიძა  ბადრი ხვიჩია უნდა დაეხმაროს.  მას საქონლის ფერმა აქვს და ამბობს, რომ სოფელში საუკეთესო ყველს აწარმოებს. ფერმის მშენებლობა 20  წლის წინ დაიწყო, მაშინ ჯერ კიდევ სამი საქონელი ჰყავდა, დღეს  32 პირუტყვი ჰყავს. კვირაში 100 კილოგრამამდე ყველის რეალიზაციას ახერხებს. ძირითადად მისი პროდუქტი რესტორნის მფლობელებს მიაქვთ.

"მცირე ფერმერული წარმოება საკუთარი ფინანსებით დავიწყე, შემდეგ დამჭირდა ბანკის სესხიც და საქმეც აეწყო. შემდეგ სოფელში 6 ადამიანი დავასაქმე, თუმცა ახლა შევამცირე დასაქმებულთა რაოდენობა, რადგან ყველის თვითღირებულებამ ბაზარზე დაიწია. გარდა ამისა ბანკმა დაპირებული სესხი არ დამიმტკიცა, მე კი ვფიქრობდი, რომ ამ თანხით ფერმას უფრო გავაძლიერებდი. საბოლოო ჯამში მხოლოდ შრომა არ კმარა და სოფელს დახმარება სჭირდება. თუ სახელმწიფო ხელს გაუწვდის გლეხებს, არამხოლოდ ჭაგანი, არამედ სხვა სოფლებიც აღორძინდება," - ამბობს ბადრი ხვიჩია.


ფერმერი ფიქრობს რომ ბიზნესის გაფართოებასა და  პროდუქტის უფრო მომგებიან რეალიზებაში ჭაგანში ახალი სასტუმროს მშენებლობა დაეხმარება, რადგან მის მიერ წარმოებულ ყველს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ვიზიტორებს შესთავაზებს.

სასტუმრო "ამსტრედიას" პროექტის თანახმად, ხვიჩიების ეზოში ერთი ძირითადი შენობითა და ოთხი კოტეჯით მოეწყობა. როგორც ბაია ხვიჩია მოგვითხრობს, კომპლექსს საკუთარი ფინანსებითა და მეგობრების ხელშეწყობით ააშენებს.

"თავდაპირველად 20 ათასი დოლარით ვიწყებთ, მინიმალური დანახარჯებით ვეცდებით მაქსიმალური შედეგი გვქონდეს. აქ მოსულ სტუმარს შეღავათიანი ფასებს შევთავაზებთ და ძალიან მეგობრულ გარემოს. ჩემი გათვლებით მომავალ ორ წელიწადში სასტუმროში მოვაწყობთ სამკითხველოსა და აუზს," - ამბობს ბაია ხვიჩია.  მისივე თქმით,  სასტუმროს მოწყობის შემდგომ ჭაგანის პოპულარიზაციისთვის, ყველაზე მთავარი სოფელში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა.

"ჭაგანში ჩასულმა ვიზიტორმა კომფორტულად გადაადგილება უნდა შეძლოს. ამის თაობაზე მქონდა კიდეც შეხვედრები სამტრედიის მერთან, ვთხოვე დაგვხმარებოდა და სოფელში გზა მოეწესრიგებინათ, რაშიც მან სიტყვიერად მხარდაჭერა გამოგვიცხადა და ვნახოთ," - განმარტავს ბაია ხვიჩია. 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში გვიცხადებენ, რომ სოფელ ჭაგანში გზის მოწყობა იგეგმება, თუმცა შეპირების მიუხედავად, ვერ აკონკრეტებენ ვადებს. 
ადგილობრივი მთავრობის მიერ გზის მოწყობის ვადების გარკვევამდე, სასტუმრო ვიზიტორების მისაღებად მზად უკვე 2018 წლის ბოლოს იქნება. ეს ფაქტი კი ბაია ხვიჩიას აზრით, რუკაზე ჯერ კიდევ არარსებულ სოფელს ევროპულ გზას გაუხსნის.

სოფელი ჭაგანი საქართველოშისამტრედიის მუნიციპალიტეტის ღანირის თემში მდებარეობს. სოფელში ერთ  ვაკეზეა გაშენებული, ამიტომ ამაღლებული ადგილები არ გვხვდება. შესაბამისად,  მიწა ნესტიანია სადაც კარგად ხარობს სიმინდი და ბამბუკი. სამწუხაროდ, სოფლის ნოყიერ ნიადაგზე  ყანების რაოდენობა მოსახლეობის მსგავსად შემცირებულია. საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ბოლო 10 წელიწადში ჭაგანის დასახლება  200 კომლით შემცირდა.

გლეხები ევროპასთან ინტეგრაციაზე

ევროპული ღირებულებებისადმი ჭაგანელ გლეხებს საკუთარი აზრი აქვთ და ამბობენ, რომ სოფლის ცხოვრებაში "მეტი ევროპა" სჭირდებათ. ისინი გვიყვებიან ევროპასთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებიდან მათთვის ნაცნობ საკითხებზე. ასევე ამ დოკუმენტით სახელმწიფოს ნაკისრი ვალდებულების შესრულება მნიშვნელოვან საქმედ მიაჩნიათ. 

"სახელმწიფომ სოფლის განვითარების სტრატეგია უნდა შექმნას და აგრარული სექტორი გააძლიეროს, სწორედ ასეთ სოფელში შემოვა ევროპაც და ევროპელებიც," - ამბობენ ჭაგანში მცხოვრები გლეხები. 

მათივე აზრით, დღეს საქართველოში სოფლის მეურნეობა ახალი გამოწვევების წინაშე დგას, რადგან ნელი ტემპით ვითარდება, ხოლო მცირე ზომის ფერმები ვერ უზრუნველყოფენ ეფექტურ წარმოებას. 

"საზღვრები რომ გაიხსნა ეს საგარეო სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობას აჩენს. მაგრამ დღეს ჩვენ ვიყენებთ მეტ იმპორტირებულ პროდუქტს, ვიდრე თვითონ ვაწარმოებთ. მაგალითად ამიტომაც აქვს ჩემს ყველს ბაზარზე დაბალი ფასი. ფერმერები ვხედავთ, რომ იმპორტიორების მიერ დაბალფასიანი პროდუქციაა შემოტანილი და მათ კონკურენციას ვერ ვუწევთ. ამას ემატება სოფლის მეურნეობის განუვითარებელი ინფრასტრუქტურა, დაბალი კვალიფიკაცია, ტექნოლოგიების არარსებობა. ასე, რომ თუ მთავრობა  დაგვეხმარება სოფელიც აყვავდება," - ამბობს ჭაგანში მცხოვრები ბადრი ხვიჩია.  

გლეხების აზრითვე, თუ ქვეყნის სტრატეგიული პოლიტიკა საბაზრო განვითარებისკენ იქნება მიმართული, აგრარული პოტენციალის მქონე მცირე ფერმები სიღარიბეს დაძლევენ და  თანდათანობით კომერციულ მნიშვნელობას შეიძენენ.

ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ახალმა მთავრობამ სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობის განვითარება დაასახელა. მთავრობამ ეტაპობრივად დაიწყო პროექტები, რომლებიც აგრარულ სფეროში როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირების, მეწარმეების წახალისებასა და ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს. თუმცა აღნიშნულმა პროექტებმა ამ დრომდე ვერ შეაღწია ყველა სოფელში, შესაბამისად, იმერელი გლეხები ჯერ კიდევ მოლოდინში არიან.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა
სჭირდება.
11:32 / 11.10.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, საბა ჭეიშვილს, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.