ქუთაისში, ავანგარდის დასახლების მცხოვრებლები, მათი კორპუსების
მიმდებარედ, კერძო სასაფლაოს შესაძლო მოწყობას აპროტესტებენ.
მოსახლეობამ პროცესის შეჩერების მიზნით, ხელმოწერების შეგროვებაც
დაიწყო.
ადგილობრივები ამბობენ, რომ უბანში, სადაც მუნიციპალურ სასაფლაოს 11
ჰექტარზე მეტი უკავია, ახალი საფლავების მოწყობას არ დაუშვებენ.
"ყოველდღიურად იზრდება სასაფლაო და ლამისაა უბანში შემოვიდეს.
ავანგარდი, უკვე სასაფლაოსთან ასოცირდება. შეუძლებელია ფანჯრიდან
გამოხედვა, აივანზე გამოსვლა. დილიდან ისმის ადამიანების მოთქმა.
პირდაპირ გზის პირზეა საფლავები. შეუძლებელია ასე ცხოვრება", – ამბობს
მარიკა ფრუიძე, რომელმაც ახალი სასაფლაოს მოწყობის შესაჩერებლად,
ხელმოწერების ნაწილი უკვე შეაგროვა.
მოსახლოებასთან ერთად, სასაფლაოს გახსნას ეწინააღმდეგება ავანგარდის
სულიწმიდის სახელობის ეკლესიის წინამძღოლი, მამა ილია, რომელმაც
ერთ–ერთი ქადაგების დროს მრევლს უთხრა, რომ სასაფლაოს გაფართოებას არ
შეგუებოდნენ.
მამა ილია ამბობს, რომ დასახლებიდან რამდენიმე მეტრში მდებარე
სასაფლაო ყოველდღიურად, უკონტროლოდ იზრდება, რაც დაუშვებელია.
"ყველგან საფლავებია. თუ რამე მიწა იყო ეკლესიის ირგვლივ, ყველგან
სასაფლაო მოეწყო. ახლა კერძო სასაფლაო ეწყობა აქვე.
შეშფოთებულია ხალხი. გარდა ამისა, მიცვალებულები ზოგი ვირუსით, ზოგი
ინფექციური დაავადებით არის გარდაცვლილი. ეს ყველაფერი ჰაერში
ტრიალებს და საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის", – ამბობს მამა
ილია.
მამაოს წუხილის არ სჯერა მიწის ყოფილ მესაკუთრეს, ვაჟა შავგულიძეს,
რომელმაც ადგილი, სადაც, სავარაუდოდ, სასაფლაო უნდა მოეწყოს, ცოტა
ხნის წინ გაასხვისა. ვაჟა შავგულიძე ამბობს, რომ სინამდვილეში მამა
ილიას ამ საქმეში პირადი ინტერესი აქვს, რაც მათ შორის გზის გამო
დაწყებულ დავას უკავშირდება.
წყალტუბო–ქუთაისის საზღვარზე მდებარე მიწის
ისტორია
ვაჟა შავგულიძემ ქუთაისი–წყალტუბოს საზღვარზე, 4 ჰექტარი მიწის
ნაკვეთი 2011 წელს, აუქციონზე შეიძინა. ტერიტორია ამ დრომდე არ
შემოუღობია და არც გამოუყენებია. სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების
მიწის ნაკვეთიდან 1 500 ჰა შავგულიძემ გასული წლის მიწურულს თეიმურაზ
იობაშვილზე გაასხვისა, რომელიც ადგილზე სასაფლაოს მოწყობას გეგმავს.
დარჩენილი ტერიტორია კი კვლავ მის საკუთრებაშია.
ვაჟა შავგულიძე ამბობს, რომ მამა ილიას სწორედ მის ნაკვეთზე
სურს საკუთარ სახლამდე მისასვლელი გზა გაიყვანოს და ახლა
იობაშვილსაც ხელს უშლის, რადგან ჰგონია, რომ სასაფლაოს არა ის, არამედ
შავგულიძე აკეთებს.
შავგულიძე ნაკვეთის გასხვისების შემდეგ მამაოს არ შეხვედრია. თუმცა,
გასულ წელს მათ შორის გამართულ საუბარს იხსენებს, სადაც მამა ილია
გზის უსასყიდლოდ დათმობას სთხოვდა.
"მეუბნებოდა სასაფლაოებში არ მინდა ვიაროო. ადრეც ვუთხარი, კი ბატონო
გამოიყენეთქვა, მაგრამ საკუთრებაში უნდა. მაშინ, იყიდოს, გადამიხადოს
რამდენი კვადრატიცაა იმის მიხედვით და გავუფორმებ. ტყუილა რატომ
მივცე?", – ამბობს ვაჟა შავგულიძე.
გზა, რომელსაც მამა ილია ითხოვს, შავგულიძის მიწას შუაზე ჰყოფს. ვაჟა
შავგულიძე ამბობს, რომ ეს მისთვის სტრატეგიულად წამგებიანია, რადგან
მიწის გასხვისების ან მისი კონკრეტული დანიშნულებით გამოყენების
შემთხვევაში, გზის ორივე მხარეს საზღვრის მოწყობა მოუწევს. თუმცა,
ამის მიუხედავად მზადაა მამაოს გზა მიყიდოს.
ვაჟა შავგულიძის
ნაკვეთზე გამავალი გზა, რომელსაც მამა ილია სახლამდე
მიყავს
ვაჟა შავგულიძესთან ტერიტორიის დათმობაზე საუბარს არ უარყოფს
ავანგარდის სულიწმიდის ეკლესიის წინამძღოლი. თუმცა, ამბობს, რომ ეს
პირადად მას კი არა, ხალხს სურდა.
"შევხვდი მე ვაჟას და ვილაპარაკეთ, მაგრამ კაცი რომ სიტყვას გეტყვის,
იმას არ უნდა გადავიდეს. ჩემს გარდა ოჯახები ცხოვრობს აქ. ასე არ
შეიძლება. ჩვენ ამ გზას არავინ გვაძლევს, რადგან ადგილი წყალტუბოს
ეკუთვნის გზა ქუთაისს. ქუთაისის მერია კი არ არის ვალდებული წყალტუბოს
მოსახლეობას გზა მისცეს",–ამბობს მამა ილია.
მამაოსა და ვაჟა შავგულიძეს
შორის განახლებული დავა
მამაოსა და მიწის მფლობელს შორის გზის გამო დაწყებული დავა, მას
შემდეგ განახლდა, რაც მამაოს სახლთან ახლოს ტრაქტორებმა მიწის
დამუშავება დაიწყეს. მამა ილია დღემდე დარწმუნებულია, რომ კერძო
სასაფლაოს, რომლისთვისაც ერთ ჰექტარზე მეტი ტერიტორია
ეკალ-ბარდებისგან უკვე გაიწმინდა, რეალურად ვაჟა შავგულიძე
აკეთებს.
"რა თქმა უნდა მისია. თვითონ აკეთებს ამ სასაფლაოს. დღემდე მისი ცოლის
ძმიშვილის სახელზეა მიწა", - ამბობს მამა ილია.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ქუთაისი-წყალტუბოს საზღვარზე 4 ჰა მიწის
ნაკვეთი 2011 წელს ვაჟა შავგულიძის შვილმა, რამაზ შავგულიძემ
იყიდა, რომელმაც მიწა მალევე გადაუფორმა მისივე ბიძაშვილს, ირაკლი
ხარაბაძეს. თუმცა, ქონებას რეალურად ვაჟა შავგულიძე განაგებდა.
შავგულიძეს მიწა თავის სახელზე არც შვილის გარდაცვალების შემდეგ
გაუფორმებია. მის ნათესავს კი საკუთრების შესახებ ბოლო ამონაწერით
კვლავ 4 ჰა მიწა უფიქსირდება. თუმცა, 2017 წლის 15 დეკემბერს,
მიწის ნაკვეთი კოდით 03.05.27.089 უკვე თემურაზ იობაშვილის სახელზეა
რეგისტრირებული, რაც იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ვაჟა შავგულიძის
თქმით, ტერიტორია გაყიდა.
მამა ილიას
სახლი
ვაჟა შავგულიძის მიწის
ნაკვეთი
თეიმურაზ იობაშვილის მიწა,
სადაც სასაფლაოს მოწყობა იგეგმება
მიწის ახალი მფლობელი ამ დრომდე არ შეხვედრია სულიწმიდის ეკლესიის
წინამძღოლს. თეიმურაზ იობაშვილი ამბობს, რომ მამა ილიას არ იცნობს და
არც სასაფალოს მოწყობასთან დაკავშირებით მისი და მოსახლეობის
პრეტენზიები სმენია.
"ჯერ ერთი, არ მაქვს გადაწყვეტილი რას გავაკეთებ. შეიძლება ქვის ცეხი
გავაკეთო, ან უბრალოდ შემოვღობო და გავყიდო. ჩემი კერძო ტერიტორიაა და
რის ნებასაც დამრთავს ქუთაისის მერია, იმას გავაკეთებ", – ამბობს
თეიმურაზ იობაშვილი.
იობაშვილი ახლა მიწის დანიშნულების შეცვლას გეგმავს, რადგან ამ
კატეგორიის მიწაზე კომერციულ საქმიანობას ვერ დაიწყებს. იმისთვის, რომ
იობაშვილმა სასაფლაოს მოწყობის უფლება მიიღოს, მიწა
არასასოფლო–სამეურნეო უნდა იყოს.
გარდა ამისა, ტერიტორიას საკადასტრო რუკაზე ქუთაისის კოდი (03) აქვს
მინიჭებული, საჯარო რეესტრის ამონაწერში კი მიწა წყალტუბოს
მუნიციპალიტეტის საზღვრებში შედის. შესაბამისად, იობაშვილმა ჯერ მიწის
ახალი საზღვრები უნდა დაადგინოს, შემდეგ კი მას მიზნობრიობა
შეუცვალოს, რაც საჯარო რეესტრში რთულ პროცედურებს უკავშირდება.
გაყიდვამდე, მიწისთვის დანიშნულების შეცვლას თავად ვაჟა შავგულიძეც
ცდილობდა. თუმცა, იმის გამო, რომ მან ვერ დაასაბუთა ცვლილების
საჭიროება, საჯარო რეესტრმა უარი უთხრა.
ვიდრე თემურაზ იობაშვილი საჯარო რეესტრში მონაცემებს შეცვლის და
სასაფლაოს პროექტზე ნებართვას მიიღებს, მანამდე ტერიტორიაზე ახალი
საფლავების მოწყობას, შესაძლოა, თავად მოსახლეობამ, მღვდელათან ერთად
შეუშალოს ხელი.
მასალის გამოყენების პირობები