მხატვრები ზემოქმედებენ ქალაქებზე და ქალაქები ზემოქმედებენ
მხატვრებზე. რამდენად ძლიერია ეს ურთიერთგავლენა?
რამდენად უწყობს ან უშლის ხელოვანის შემოქმედებით პროცესს გარემო? ან
პირიქით - ხელოვანი რამდენად უწყობს ხელს გარემოს ცვლას? უნდა იყოს თუ
არა მხატვრის ამოცანა მის მიღმა სამყაროში ცვლილებების მიღწევა? რა
მოლოდინები არსებობს შემოქმედის მიმართ? რა უქმნის მხატვარს კომფორტს?
- ამ საკითხებზე "ქუთაისიპოსტი" მხატვარ ქრისტინე რობაქიძეს
ესაუბრა.
- სად არის შენი კომფორტის ზონა? რაზე
გადის?
- მხატვრის კომფორტი წინააღმდეგობებშია. ყოველ შემთხვევაში მე
მიქმნიან კომფორტს წინააღმდეგობები. კარგ ხასიათზე და ბედნიერი ვერ
ვმუშაობ, ვერ ვხატავ. ქუთაისური გარემო დადებითად მოქმედებს ხატვის
პროცესზე - ჩაკეტილი საკუთარ ნაჭუჭში, კუს ბაქანში, ამიტომ უფრო
პროდუქტიული ვარ. მაგრამ რთულიც არის. იმიტომ, რომ გინდა რეალიზება,
არ გინდა მაინცადამაინც სახელმწიფო სამსახურში იმუშაო. გინდა უბრალოდ
ხატავდე და ამით არსებობაც მოახერხო, ამის შესაძლებლობა რომ არ არის
ესაა ცუდი. მაგრამ, აქ მაინც მაქვს ის ინტიმი, რაც ჩემთვის ყველაზე
მნიშვნელოვანია - შემიძლია ვიყო განმარტოებული და ვმუშაობდე.
ამ ეტაპზე ყველაზე კარგი გზა გამოვნახე - გავხსენი სამხატვრო სტუდია
და მაქვს სამსახური, რომელიც ჩემს სფეროსთანაა კავშირში. თუმცა, ესეც
სადაო თემაა, თუ რამდენად უკეთესია ჩემთვის, როგორც მხატვრისთვის, ეს
საქმიანობა. იმიტომ, რომ მთელ ჩემს დროს, ენერგიას და ემოციას, რასაც
ხატვაში ვხარჯავდი, ვხარჯავ სტუდიაში და ჩემთვის აღარაფერი მრჩება,
სხვებთან გადამაქვს, დღეც ამაში გადის. რაც სტუდია გავხსენი აღარ
დამიხატავს.
- ალბათ რაღაც დანაკარგის გარეშე არ ხდება ამ გზაზე სვლა... მაინც რა
შანსი აქვს მხატვარს ქუთაისში რომ თავისი ნახატები
გაყიდოს?
- რაც გამიყიდია, ყველა საზღვარგარეთ. თითზე ჩამოსათვლელია მათი
რაოდენობა. ნორვეგიაშია რამდენიმე ნახატი, ერთი გერმანიაშია. მაგრამ
ასე თავს ვერ ირჩენ ხომ? ქუთაისში კი, მაგალითად, ფულს იხდიან
შეყვარებულის პორტრეტის დახატვაში. ასეთი შემოთავაზებებებია
ძირითადად, რაშიც 50-100 ლარს გთავაზობენ. მათიც მესმის: მეც რომ
მინდა ვიღაცას სიურპრიზი გავუკეთო, შეიძლება მეტი ვერც მე გადავიხადო.
არ არის ადვილი ათასებზე ლაპარაკი ამ ქალაქში. ამიტომ შევეგუე ამ
ყველაფერს .
ერთ-ერთ ამერიკულ საიტზე ვარ დარეგისტრირებული, სადაც მხატვრები ახალ
ნამუშევრებს ერთმანეთს ვუზიარებთ, მოწვევა მომივიდა: მონაწილეობა
მიიღეთ ამერიკელი მხატვრების გამოფენაშიო. როდესაც ვიკითხე მგზავრობას
თუ დამიფინანსებთ-მეთქი, რა უნდა ჯორჯიიდან ჩამოსვლასო. ჯორჯიაში
ვეგონე. ავუხსენი, რომ მე სხვა ჯორჯიიდან ვიყავი. მითხრეს, რომ თუკი
გზას თავად დავაფინანსებდი, შემეძლო მონაწილეობის მიღება. მაგრამ ეს
ბევრ სირთულესთან იყო კავშირში და ვერ წავედი...
ვფიქრობ, რომ იქნებ ჩემი სტილი და ჩემი ნახატი არ უწყობს ფეხს იმას,
რაც ახლა სტანდარტია. შეიძლება ძალიან კონტრასტულია, მაგრამ შეიძლება
სწორედ ეს განსხვავებულობა მოსწონთ.
- ჩვენი ეპოქა რა გამოწვევის წინაშე აყენებს მხატვარს? თუ
არსებობს რაიმე ორიენტირები? რაიმე ხელმოსაჭიდები, ხავსი რომ
მოეჭიდო... რა გზას უნდა დაადგეს ხელოვანი? საით მიდის
ხელოვნება?
- თვითონაც არ იცის. ჯერ ერთი, რითი უნდა განვასხვავოთ ხელოვნების
ნაწარმი არახელოვნებისგან, აღარ არის პასუხი. იმიტომ, რომ ყველა
ზღვარი წაიშალა. ამ ჭიქაში რომ ასხია "ნაბეღლავი", ამაზეც შემიძლია
ვთქვა, რომ არტია და ვერავინ დამიმტკიცებს რომ არტი არ არის. ამ
კითხვებზე პასუხგაუცემლობამ მეც სერიოზული კრიზისი შემიქმნა. ხშირად
მიკითხავს საკუთარი თავისთვის, რისთვის აკეთებ, რას აკეთებ. იქნებ
არასწორ გზას ადგახარ? ხელოვნების პროცესიც ეს არის - ძიების. არ ვიცი
რამდენად არის ხელოვნება რასაც მე ვქმნი, ან ვის რაში ჭირდება. მაგრამ
ეს არის თვითრეალიზების ხერხი. ამიტომ აღარ ვფიქრობ ამაზე, ვხატავ და
ხატვით ყველაზე კომფორტულად ვახდენ საკუთარი ემოციების და საკუთარი
თავის გამოხატვას.
ცვლი თუ არა გარემოს?! მაგალითად, ქალების მიმართ ძალადობის თემაზე
ვხატავდი. საბოლოოდ იმდენი ნახატი დაგროვდა, რომ ქალთა ფონდს
გამოფენის მოწყობაც შევთავაზე, თუმცა მერე სხვა რამეზე გადავერთე.
კარგი, შენ შეგაწუხა და დახატე, რაა მერე?! ამ ქალებს რაიმეს ვუცვლი
ამით?! ყოველთვის ვფიქრობ, სად არის ჩვენი ვალდებულება და რამდენად
ვცვლით არტისტები რამეს ნახატით, ლექსით, სიმღერით... შეიძლება ცუდად
გამომდის მაგრამ, იქნებ ამით ჩვენც ვიწერთ ქულებს? ნახეთ, რა სწორად
ვაზროვნებ, ნახეთ რა სწორ პოზიციაზე ვარ, ნახეთ რა მაგარი ტიპი ვარ -
ეს ხომ არ არის?
- თუმცა მინახავს შეცვლილი ადამიანებიც, სავლე რომ პავლე
გახდა.
- ხელოვნებით?
- მათ შორის. არაფერი იკარგება ალბათ ამ სამყაროში. ყველა
მცდელობას აქვს რაღაც შედეგი.
- არ ვიცი. ძალიან ხშირად მაქვს ეს შეგრძნება, რომ კარგი, დავხატე,
მერე რა შეიცვალა ამით? მაინც ვიღაც შიმშილით, ან სიცივით მოკვდა,
მაინც ქმარმა ცოლი მოკლა და ა.შ. როგორც კიტანოს ერთ ფილმში სვამს
კითხვას პერსონაჟი, აფრიკაში თუ მშიერ ბავშვებს პიკასოს ორიგინალს და
პურს ჩავუტანთ, როგორ გგონია, რომელს ამოირჩევენ?
- არ ვიცით ჩვენი საქმიანობით ვახდენთ თუ არა გავლენებს,
თუმცა ზუსტად ვიცით, ვინ იყვნენ ისინი, ვინც ჩვენზე მოახდინეს გავლენა
...
- სკოლა, უნივერსიტეტი ახლა რომ ვფიქრობ არც ერთს არანაირი სასიკეთო
გავლენა არ მოუხდენია ჩემზე. მიუხედავად იმისა, რომ კარგი ლექტორები
მყავდა. სამაგიეროდ გავლენებს ახდენდნენ მწერლები - ბავშვობაში ტუვე
იანსონი მიყვარდა ძალიან. მქონდა უხერხული პერიოდებიც თინეიჯერეობის
წლებში, როდესაც სიურრეალისტები მომწონდა. ბავშვობისას ვხატავდი
წვრილი ფიგურებით, მერე ერთ დღესაც ბათუმში ვიყავი და ვნახე რუსუდან
ფეტვიაშვილის გამოფენა. ვერ ვიტყვი, რომ იმ ეტაპზე ჩვენი ნახატები
ერთმანეთს გავდა, თუმცა ჩემთვის მაინც სევდიანი მომენტი იყო, რომ
ვიღაც არსებობდა, ვინც სრულყოფილად ხატავდა ამ სტილში, მე კი მაშინ
აღმოაჩინე ის. ახლა ძალიან ჭრელი ტექნიკა მაქვს. ჩემი ნახატები ისე
განსხვავდება ერთმანეთიდან, რომ სამი სხვადასხვა მხატვრის დახატული
შეიძლება გეგონოს. რაც დრო გადის ძალიან ბევრი რამე მომწონს და ბევრიც
- არ მომწონს.
- გავლენაში მხოლოდ მხატვრები არ მიგულისხმია. შეიძლება იყოს
ბიძგი მოვლენიდან, რაიმე ფილოსოფიური სწავლებიდან...
- რაღაც ეტაპზე ეზოთერიკა მაინტერესებდა. ერთ-ერთ მაღაზიაში
აღმოვაჩინე კარლ გუსტავ იუნგის წიგნი "ფსიქოლოგია და ალქიმია". წიგნში
მრავლად იყო ილუსტრაციები. რაღაც პერიოდი ნახატებში ვიყენებდი ამ
სიმბოლოებს. ესთეტურად მხიბლავდა, თორემ დიდი შინაარსობრივი დატვირთვა
არ გააჩდა. რაც დრო გადის, ფენტეზი ცალსახად ჩემი საყვარელი ჟანრი
ხდება. მიყვარს ამ ჟანრის კინოც და ლიტერატურაც. ამ მოსაწყენ რელობას
მწყვიტავს.
- ფენტეზი თითქოს ბავშვობაც არის და დიდობაც
ერთდროულად...
გავლენებზე ვისაუბრეთ და მოლოდინებზე მინდა გკითხო, როგორ მოქმედებს
როდესაც შენგან მოელიან რაღაცას?
- რთული მომენტია მოლოდინები. ჩემს შემთხვევაში მოხდა ისე, რომ უცებ
ვენაში მიმიწვიეს ხელოვნების აკადემიაში. როდესაც უკან ბრუნდები, იცი
რომ შენგან რაღაცას ელიან. ამ დროს არ გამოდის არაფერი. ამის გამო
იდანაშაულებ თავს, გზღუდავს რაღაცნაირად ეს მოლოდინი. უკვე კარგავ
თავისუფლებას. ვინ რას იტყვის და რა კომენტარს გააკეთებს იმაზე ხდები
დამოკიდებული.
ამ შემთხვევაში გამოსავალია დასცინო შენს თავს და საკუთარი თავის
ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავადვე გახდე. დაასწრო სხვებს და იუმორით
შეხედო ყველაფერს.
- თვითირონია წამალია. საკუთარი თავის, შემოქმედების
სერიოზულად მიღება ალბათ ძალიან აზარალებს.
- საშინელებაა, როცა იჯერებ შენს მნიშვნელობას და სერიოზულად იღებ
თავს. ჩიხში ხარ მაშინ.
- ჩათვალე რომ ბრძოლას წააგებ.
- რაც უნდა ინტელექტუალური სეგმენტი იყოს, მაინც რაღაც ეტაპზე ხარ
აქტუალური. შენც თუ სერიოზულად მიიღე შენი წარმატება, უნდა იცოდე, რომ
ყველა შემთხვევაში მოსდევს ამას დაბლა დაშვებაც.
- ყველგან ასეა ალბთ, რა სფეროშიც არ უნდა იყო თვითირონია
ყველგან შველის... ირონიაზე გამახსენდა. ქუთაისში მიმდინარე კულტურულ
ცხოვრებაზე რას იტყვი? ქუთაისში ირონიაც იციან და იუმორიც, თუმცა
რატომღაც მაინც პათეტიკა მეტი გხვდება თვალში, ყოველ შემთხვევაში იმ
სივრცეებში რაც "კულტურის კერებად" ითვლება.
- ძალიან არ მიყვარს, როდესაც ადამიანებს არაფერი მოსწონთ. არ მიყვარს
სულ რომ წუწუნებენ. თუმცა მაინც გამომდის წუწუნი. ქუთაისი იყო ძალიან
მაგარი 90 -იან წლებში, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი.
მახსოვს, არტისტები ფულისა და ყოველგვარი სარგებლის გარეშე როგორი
სიყვარულით აკეთებდნენ საქმეს. "აუტსაიდერი" იყო ასეთი, სხვა ჯგუფებიც
იყვნენ. ახლა მაქვს ის შეგრძნება, რომ ნებისმიერი აქცია და გამოფენა,
მათ შორის ჩემებიც, არის "გამოფენის მცდელობა", კონცერტი "კონცერტის
მცდელობა", იგივე "აუტსაიდერიც" რომ ჩამოდის, მის შემთხვევაშიც ასე
ხდება. გამოფენებია და ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ ერთი და იგივე
გამოფენებზე მიდიხარ. ამას ნიშნისმოგებით არ ვამბობ.
ამ წუთში რაღაცნაირ ძილშია ქუთაისი, თუ მე დავკარგე შეგრძნებები და
არაფერი მომწონს არ ვიცი. ყველაფერი არის რაღაცის მცდელობა და არაფერი
გამოდის ხოლმე. არა გვაქვს ხალისი, რამე უკეთესი გავაკეთოთ.
აი, მაგალითად, კარგი პროექტი გვქონდა რამდენიმე არტისტს -
თანამედროვე ქანდაკებების პარკი უნდა გაგვეკეთებინა. ადგილს ვეძებდით,
სად შეიძლებოდა მათი განთავსება, იშხნელების ფონზე კარგი კონტრასტი
იქნებოდა. ჩემი იდეა იყო დაგვედგა ჩვეულებრივი გზის მაჩვენებელი,
სადაც ყველა მიმართულებებზე ეწერა "ღმერთი". მაგრამ, ჯერ ადგილის
პრობლემა შეიქნა, მერე ამ იდეის მიღების. არაო, გვითხრეს, თამარ მეფის
ქანდაკება უნდა დავდგათო, ესენი არასერიოზული ქანდაკებებიაო...
მოკლედ, ერთი კარგი გალაწუნება უნდა ამ ქალაქს. თუმცა არა მარტივი
ფორმებით, სკაბრეზით და სკანდალით, არამედ, რაიმე უფრო საინტერესო,
რადგან აღფრთოვანების შეგრძნება მომენატრა.
მასალის გამოყენების პირობები