ინტერვიუ USAID-ის მისიის დირექტორ ჯონ პენელთან - ქუთაისიპოსტის სტუდია (გადაცემა)
16:33 / 30.03.2023
USAID-ის მისიის დირექტორი ჯონ პენელი იმერეთში ვიზიტის ფარგლებში
"ქუთაისიპოსტს" ეწვია.
საქართველოში ამერიკის საელჩოსა და ზოგადად USAID-ის მხრიდან გაწეული
დახმარებები და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები - ეს ის თემებია,
რაზეც ჯონ პენელმა "ქუთაისიპოსტთან"ინტერვიუში ისაუბრა.
- მოკლედ რომ გვითხრათ თქვენი ვიზიტის შესახებ იმერეთში და
კონკრეტულად ქუთაისში - რა შეხვედრები გაქვთ დაგეგმილი, ან უკვე
გქონდათ?
დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ დღეს აქ. ჩემთვის სასიამოვნოა თქვენს
პროგრამაში მონაწილეობა. ბევრი კარგი რამ მსმენია "ქუთაისიპოსტის"
შესახებ, თქვენ ხართ ძალიან კარგი მაგალითი იმისა, მედია როგორ უნდა
მუშაობდეს ხარისხიანად და როგორ უნდა ემსახურებოდეს მოსახლეობას,
ამავე დროს მაგალითი იმისა, რას ნიშნავს იყო დამოუკიდებელი მედია - ეს
ძალიან მნიშვნელოვანია.
მე პირველად ვიმყოფები ქუთაისში. დღეს შესაძლებლობა მქონდა,
დავსწრებოდი რამდენიმე პროექტს. ერთ-ერთია თეატრი-ფორუმის დადგმა,
სადაც ახალგაზრდებმა სხვადასხვა ინოვაციური გზებით და საშუალებებით
თავიანთი მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები და საკითხები გადმოსცეს.
ასევე, ამ დადგმის საშუალებით ისინი განიხილავდნენ ისეთ საკითხებს,
რასაც გავლენა აქვს მოსახლეობაზე. ხელს უწყობენ აუდიტორიას
დაფიქრდნენ, როგორ შეიძლება დაეხმარონ სხვებს და მოაგვარონ არსებული
საკითხები. მე ასევე შევხვდი სამოქალაქო აქტივისტს, შევხვდები
სამოქალაქო პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს, სამოქალაქო განათლების
მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. ეს არის სკოლის და ბიზნესის
ურთიერთობა, როცა ორივე მხარე ცდილობს გადაჭრან ის პრობლემები,
რომლებიც ადგილობრივად არსებობს მოსახლეობაში.
სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად ერთი სული მაქვს როდის შევხვდები
ბავშვებს, რომლებიც ისაუბრებენ თავიანთ პროექტებზე. ჩვენ დღეს ასევე
ვეწვევით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს. USAID-ი და
უნივერსიტეტი თანამშრომლობენ ერთად, რათა ხელი შევუწყოთ
მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას, ისეთი უნარების
შეძენას ახალგაზრდებისთვის, რომლებიც კონკურენტუნარიანს გახდის მათ
სამუშაო ბაზარზე და ექნებათ დასაქმების მეტი შესაძლებლობა.
- ვიცით, რომ USAID-ი ბევრ პროგრამას ახორციელებს
თითქმის ყველა მიმართულებით, ეს იქნება სოფლის მეურნეობა, მცირე
ბიზნესი, დევნილთა საკითხები და ა.შ. მართალია მცირე ხანია ხართ
საქართველოში, მაგრამ ალბათ ფლობთ ინფორმაციას გაწეული საქმიანობის
შესახებ. ზოგადად როგორ შეაფასებდით, რამდენად გაამართლა თქვენი
მხრიდან გაწეულმა ფინანსურმა თუ მორალურმა მხარდაჭერამ და რამდენად
კმაყოფილი ხართ? (ალბათ მონიტორინგის შედეგები გაძლევთ ამის თქმის
საშუალებას).
ჩვენ დავდივართ, რომ ვნახოთ ჩვენი პროგრამები, მისი
განმახორციელებლები, შევაფასოთ რას აკეთებენ ისინი, ასევე შევხვდეთ
ჩვენს ბენეფიციარებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს და ვნახოთ რა
შედეგები გვაქვს იმ პროექტების ფარგლებში, რასაც ვახორციელებთ. ჩვენ
ქუთაისის მხარეს გვაქვს 11 აქტიური პროგრამა. მათ შორის "დემოკრატიული
მმართველობის პროგრამები", რომლებიც მმართველობის სფეროს მიმართულებით
ახორციელებენ სხვადასხვა პროექტს. გვაქვს სხვადასხვა სერვისის
მიწოდების პროგრამები კერძო სექტორთან თანამშრომლობის ფარგლებში,
განათლების პროგრამები და სხვა. ყველა ჩვენი პროგრამა მიმართულია ერთი
მთავარი ამოცანის შესრულებაზე, რასაც ჰქვია ევროკავშირთან
გაერთიანება, ის, რაც საქართველოს უნდა ყველაზე მეტად და რისი მომხრეც
არის მოსახლეობის უმრავლესობა. ჩვენ ამისთვის ხელს ვუწყობთ
საქართველოს და 30 წელია გვერდში ვუდგავართ, რომ ეს მიზანი იყოს
მიღწეული. რა თქმა უნდა, შეუძლებელი აქ არაფერი არ არის. ჩვენ
ყველანაირად შევეცდებით, რომ შევქმნათ შესაძლებლობა, საქართველო
დაუახლოვდეს ევროკავშირს და გახდეს წევრი ქვეყანა. ამისთვის საჭიროა
გავაძლიეროთ სხვადასხვა ინსტიტუტები, რათა არ მოექცნენ მავნე
ზეგავლენის ქვეშ, რომელიც სამწუხაროდ არსებობს
საქართველოში.
ვეხმარებით კერძო სექტორის წარმომადგენლებს, უბრალო ადამიანებს,
ფერმერებთან დაკავშირებით ვცდილობთ, რომ მეტი ბაზრების მოძიებაში
დავეხმაროთ და ამასთან, რაც ყველაზე მთავარია, მათ უნდა იმუშაონ
თავიანთი პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ვეხმარებით რომ
ევროკავშირის ბაზრებზე გავიდნენ და გაიტანონ ექსპორტზე თავიანთი
პროდუქცია. ვმუშაობთ მოქალაქეებთან, ადგილობრივ მთავრობასთან,
ყველასთან, ვისთანაც შეიძლება რომ მიგვიწვდებოდეს ხელი. ვაკეთებთ
იმას, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მოქალაქეებს და ვცდილობთ,
ვუპასუხოთ ჩვენი პროგრამების განხორციელებით იმ მოთხოვნებსა და
საჭიროებებს, რაც არსებობს მოსახლეობაში.
ამასთან, ჩვენ მონიტორინგის საშუალებით ადვოკატირებას ვუწევთ იმ
საკითხების გადაჭრას, რაც აუცილებელია მოსაგვარებლად
მოქალაქეებისთვის. ვითვალისწინებთ იმ საჭიროებებს, რაც არსებობს
მთლიანად ქვეყანაში. ვცდილობთ, გადავჭრათ ისეთი საკითხები, როგორებიც
არის: მყარი ნარჩენების მართვა, განათლების, ჯანდაცვის და სხვადასხვა
სფეროს გაუმჯობესება.
ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ და ვმუშაობთ ეკონომიკის განვითარებაზე
ქვეყანაში. ამ მიმართულებითაც გვაქვს პროექტები. ვიწყებთ ახალი
პროგრამების განხორციელებას, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაახლოვებს
საქართველოს ევროკავშირთან. ეს ის პროფესიებია, რომლებივ ბაზარზე
მოთხოვნადია. მათ შორის, ეს არის საინფორმაციო ტექნოლოგიების
სერვისები, შემოქმედებითი მრეწველობა, ექთნების გადამზადება. მთავარი
მიზანია შეიქმნას სოფლის მეურნეობასა და სხვა სფეროებშიც
მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, დავეხმაროთ, რომ ის პროდუქცია,
რაც არის ადგილობრივად წარმოებული, გავიდეს ევროპისა და სხვა ბაზრებზე
და გაიზარდოს ხარისხი. ჩვენი მთავარი მიზანია, ქვეყანა გახდეს ძლიერი,
ამ შემთხვევაში ეკონომიურად ძლიერი და სწორედ ამ მიმართულებებს
ვუწყობთ ხელს.
- USAID-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის
დემოკრატიის ხელშეწყობა. თქვენ კარგად ფლობთ ინფორმაციას,
საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და
საინტერესო იქნება თქვენი პოზიცია, რა ხედვები გაქვთ. ვგულისხმობ ე.წ
უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს, რომელსაც რუსულ
კანონად მოიხსენიებენ. აგრეთვე საზოგადოება თანხმდება იმაზეც, რომ
საქართველოში სასამართლო რეფორმა საჭიროებს სერიოზულ განხორციელებას
და ამ კუთხით ძალიან ბევრია გასაკეთებელი, კიდევ ძალიან ბევრი
საკითხია. როგორ შეაფასებდით ამ პროცესებს და რას ურჩევდით
ხელისუფლებას?
საქართველოს მოსახლეობამ თვითონ ყველაზე უკეთ იცის, რა სჭირდებათ მათ.
ეს ცხადყო იმ მრავალმა გამოკითხვის შედეგებმა, რომელიც ბოლო პერიოდში
თუ მანამდე ჩატარდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას უნდა რომ
საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. სწორედ ამიტომ კანონპროექტი,
რომელზეც მიდიოდა მუშაობა, რომელიც გამოითხოვეს და ჩააგდეს, ხელს
შეუშლიდა ქვეყანას, გამხდარიყო ევროკავშირის წევრი.
სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს დემოკრატიის მამოძრავებელ ძალას,
ეს ასეა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში და
ამერიკაშიც. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამ
შემთხვევაში მარტო დამკვირვებლის პოზიციაში კი არ გამოდიან, არამედ
ისინი ძალიან ბევრი საკითხის ადვოკატირებას ახდენენ. ცდილობენ
გადაჭრან მნიშვნელოვანი საკითხები, რაც არსებობს ქვეყანაში. დაეხმარონ
იმ ადამიანებს, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. მათ შორის,
მოწყვლად ჯგუფებს, ბავშვებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, დაიცვან
მასწავლებლების, მოსწავლეების, ბიზნესის წარმომადგენლების, ფერმერების
ინტერესები. და რაც ყველაზე მთავარია, სამოქალაქო საზოგადოება
წარმოადგენს იმ მთავარ ფუნდამენტს, რომელიც ქმნის და ამყარებს
დემოკრატიას. ამიტომ საქართველოს არ სჭირდებოდა ეს კანონპროექტი,
პირიქით, საქართველომ უნდა იმუშაოს ისეთ რეფორმებზე, რომელიც
დაეხმარება შესრულდეს ის 12 რეკომენდაცია, რომელიც არის გაცემული მის
მიმართ. ამისთვის საჭიროა არსებული მიმდინარე რეფორმების
განხორციელება-მიღება, კიდევ უფრო მეტი რეფორმის გატარება. იმედია,
რომ უფრო მეტი შედეგები გვექნება ამ მიმართულებით.
- თქვენ ახსენეთ ევროკავშირი, 12 რეკომენდაცია,
რომელთა შესრულება ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამ ყველაფერზე
გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა არსებობს ხელისუფლების, ოპოზიციის და
საზოგადოების მხრიდან. როგორ ფიქრობთ, რა გვაახლოებს ან რა გვაშორებს
ევროკავშირთან?
საქართველო უნდა ეცადოს, რაც შეიძლება მეტი გააკეთოს იმისთვის რომ
რეალურად შესრულდეს 12 რეკომენდაცია. აქ არ უნდა მოხდეს უბრალოდ იმის
აღნიშვნა, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ და არ უნდა დაისვას უბრალოდ პლიუსი
გრაფებთან, რომ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. რეალურად უნდა მოხდეს ამის
განხორციელება. საქართველომ უნდა გააგრძელოს რაც შეიძლება მეტი
აქტიურობა იმისთვის, რომ დაუხლოვდეს ევროკავშირს. საქართველოს ბევრი
ფასეულობა აქვს ისეთი, რომელიც აკავშირებს ევროკავშირთან.
სამწუხაროდ, ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება ისეთ ფასეულობებთან
დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ეკონომიკის გაძლიერებას,
უსაფრთხოებას, კანონის უზენაესობას და მრავალ სხვა საკითხს, რომელიც
არასწორ ინფორმაციას აწვდის მოსახლეობას, სინამდვილეში კი ქართველ
ხალხს შეიძლება გააჩნდეს ისეთი ფასეულობები და აქვს კიდეც ნამდვილად,
რომლებიც საკმაოდ დაახლოვებს ევროპელ ხალხთან და გააზიარებინებს იმ
ფასეულობებს, რომლებიც ამჟამად გააჩნიათ ევროპელებს. საქართველოს ახლა
აქვს უნიკალური შესაძლებლობა იმისათვის, რომ განახორციელოს ეს
რეფორმები, ეს დააჩქარებს თქვენი ქვეყნის ევროკავშირის წევრობას.
თქვენ უნდა გახდეთ სამაგალითონი არა მარტო თქვენი მოქალაქეებისთვის,
არამედ მაგალითი უნდა იყოთ მთელს რეგიონში. იმ ადამიანებმა, რომლებიც
მოგზაურობენ ევროპაში, ძალიან კარგად იციან, რომ ევროკავშირის
ნებისმიერ ქვეყანას აქვს საუკუნოვანი კულტურა, მახასიათებლები და არც
ერთ ქვეყანას მათი კულტურა და ხასიათი არ დაუკარგავთ, მათ ყველაფერი
შეინარჩუნეს. შესაბამისად, საქართველოც არ დაკარგავს ამ უნიკალურ
კულტურას, ის აუცილებლად შეინარჩუნებს მას. ევროკავშირში გაერთიანება
არ ნიშნავს, რომ რაიმე შეიძლება დაკარგოს ქვეყანამ, პირიქით, მას
გაუჩნდება გაცილებით მეტი შესაძლებლობა.
- უდავოა, რომ დემოკრატიული სამყარო არ არსებობს
თავისუფალი მედიის გარეშე. საქართველოში ბოლო დროს გარკვეული ზეწოლა
შეინიშნება თავისუფალ მედიაზე და ამის ბევრი მაგალითი არსებობს.
განსაკუთრებით უჭირს მედიას რეგიონებში, რომელიც მხოლოდ უცხოური
დონორების დაფინანსებით არსებობს. ხომ არ ფიქრობთ, რომ USAID-მა უნდა
გადახედოს ამ კუთხით თავის მუშაობას და მეტი მხარდაჭერა გამოუცხადოს
მედიაპროგრამების სახით როგორც თბილისში არსებულ, ისე რეგიონულ
მედიასაშუალებებს. დამოუკიდებულ მედიას გადამწყვეტი როლი აქვს
დემოკრატიაში. დემოკრატიას კი სჭირდება ფაქტობრივი, დამოუკიდებელი
ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მოქალაქეებისთვის, რათა ყველას ხმა
იყოს. ყველას უნდა მოუსმინონ, ყველას უნდა ჰქონდეს იმის უფლება,
გამოხატოს თავისი აზრი, მოქალაქეებიც ჩართულნი უნდა იყვნენ აქტიურად.
ასევე, ეს საჭიროა იმისათვის, რომ ის კრიტიკული უნარჩვევები, რომლებიც
აუცილებელია, შეიძინონ ამ მოქალაქეებმა. სამწუხაროდ, გლობალურად,
ამერიკაშიც და ყველგან, დეზინფორმაცია საკმაოდ გაძლიერებულად არის
გავრცელებული.
ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რეგიონალური მედია რამდენად დიდი
გამოწვევების წინაშე დგას და რა რთული პერიოდი უდგას დღეისათვის. ჩვენ
ამჟამად გვაქვს რამდენიმე მიმდინარე პროგრამა. ერთ-ერთი მიმართულია
მედიაწიგნიერების გაძლიერებაზე, განვახორციელებთ ისეთ პროგრამასაც,
როგორიც არის მედიის შესაძლებლობების გაძლიერება. ჩვენი მთავარი
მიზანია, ასევე გავაკეთოთ ისეთი პროგრამაც, რომელიც საზოგადოების
ცნობიერებას აამაღლებს ჩვენი საქმიანობის შესახებ, რას ვაკეთებთ და
რას ვახორციელებთ. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაზედაც ახლა
ვმუშაობთ, არის სწორედ ის რომ დავეხმაროთ რეგიონალურ მედიას.
გამოვკვეთოთ პრიორიტეტები, თუ რა სჭირდებათ მათ და სად სჭირდებათ
ჩვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად.
- სიტუაცია მსოფლიოში და კონკრეტულად საქართველოში
ელვისებურად იცვლება. შეიძლება დღეს რაღაცას ვაკეთებთ და ხვალ ამის
საჭიროება აღარ იყოს. როგორ ფიქრობთ, ხომ არ დადგა ის მომენტი, რომ
USAID-მა გადახედოს თავის პრიორიტეტებს, შეიძლება რაღაც მიმართულება
უნდა ჩაანაცვლოს სხვა მიმართულებით. ამ კუთხით თუა ცვლილებები და
კონკრეტულად რა პროექტების და პროგრამების განხორციელება იგეგმება
იმერეთში?
ქუთაისში, იმერეთში პირველად ვარ. ზოგადად, საქართველოში, დაახლოებით
7 თვეა, რაც ვიმყოფები და ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ
საქმემ, რასაც USAID-ი აკეთებს თქვენს ქვეყანაში, ჩვენი ქართველი
კოლეგები ასევე, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ. ვმუშაობთ
ყოველდღიურად, რათა მიაღწიონ მნიშვნელოვან პროგრესს. ჩვენ მართლაც
ძალიან ვამაყობთ იმ საქმით, რასაც ბოლო 30 წლის განმავლობაში
ვახორციელებდით, მიუხედავად იმ სირთულეებისა და გამოწვევებისა, რომლის
წინაშეც დგას დღეს რეგიონი, თუ გავითვალისწინებთ უკრაინაში რუსეთის
მიერ განხორციელებულ საომარ მოქმედებებს. ეს განსაკუთრებით დიდ
გავლენას ახდენს ეკონომიკასა და საერთოდ ყველაფერზე. ჩვენთვის
მთავარია, გავაგრძელოთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა. ჩვენი
პროგრამები გაწერილია ისე, რომ საკმაოდ მოქნილია და მისი რაღაცით
ჩანაცვლება ყოველთვის არის შესაძლებელი. ის არის სამაგალითო არა მარტო
აქ, არამედ სამხრეთ კავკასიაშიც კი. საკმაოდ დიდი გავლენა აქვს ჩვენს
პროგრამებს მთელს რეგიონზე.
როგორც გითხარით, იმერეთში და ქუთაისის მხარეს 11 აქტიური პროგრამა
გვაქვს მიმდინარე. ვცდილობთ, რაც შეიძლება ინოვაციური გზები დავნერგოთ
და ინოვაციურად განვახორციელოთ სხვადასხვა ახალი პროგრამა. ჩვენი
ერთ-ერთი მიზანია, დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ რეგიონულ მედიას.
ეს ის საკითხია, რომელზეც მუდმივად მესაუბრებიან, როცა ვსტუმრობ
სხვადასხვა რეგიონს. იმ პროგრამების უმრავლესობა, რასაც საქართველოში
ვახორციელებთ, გათვლილია იმერეთის რეგიონზეც. როდესაც მე ჩავდივარ
ადგილობრივად რეგიონებში, ერთი-ერთი მიზანი ისაა, ვიხილო ამ
პროგრამების მიმდინარეობა, უფრო კარგად გავიგო მათი არსი. ჩვენ
გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები