რჩევები
როგორ ავიცილოთ თავიდან ზაფხულის სეზონური დაავადებები - ექიმის რჩევები
FaceBook

ზაფხულში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა უმაღლეს ნიშნულზეა, ნაწლავური თუ სხვა ტიპის ინფექციური დაავადებები იმატებს.


აქტუალურია, აგრეთვე, რუჯი და მზის ულტრაისფერი სხივები მავნე ზემოქმედებისგან გამოწვეული პრობლემები. რომელი სეზონური დაავადებები არსებობს ზაფხულში და როგორ ავირიდოთ ისინი თავიდან. ამ და სხვა კითხვებზე ქუთაისიპოსტს წმ.ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული და ონკოლოგიური ცენტრის თერაპევტი, ლალი მაკარიძე ესაუბრება.

რომელი დაავადებები იჩენს თავს ზაფხულობით ყველაზე ხშირად?


ზაფხულში განსაკუთრებით თავს იჩენს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები, კერძოდ კუჭ-ნაწლავის ინფექციები. ასევე მაღალი ტემპერატურით გამოწვეული დაავადებები, როგორიცაა მზით დამწვრობა და მზის დაკვრა, ასევე, მწვავდება გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები.

ზაფხულის პერიოდში რა ურჩევდით გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულ ადამიანებს?

ვინც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს უჩივის, ზაფხულის ცხელ დღეებში ყურადღება უნდა მიაქციოს თავის ჯანმრთელობას. ჰიპერტონული დაავადების შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს არტერიული წნევის კონტროლი. გულის უკმარისობისას არ არის სასურველი 1,5 ლ-ზე მეტი სითხის მიღება. უარი უნდა ვთქვათ ფიზიკურ დატვირთვაზე. კარდიოლოგიურ პაციენტებს ცხელ დღეებში ვურჩევთ, საერთოდ არ გავიდნენ სახლიდან და საჭიროების შემთხვევაში დროულად მიმართონ კარდიოლოგს.

რა შეიძლება ითქვას, ამ პერიოდში გახშირებული ნაწლავური ინფექციების შესახებ?

მაღალი ტემპერატურის გამო, ზაფხულში ბევრი ინფექცია და სხვადსხვა დაავადება იჩენს თავს, რომელთაგან თავის დასაცავადაც აუცილებელია, გარკვეული წესები დავიცავთ. ზაფხულის სეზონზე საფრთხე იზრდება საკვებით მოწამვლის კუთხითაც. განსაკუთრებით ხშირია სხვადასხვა ინფექციური აგენტებით გამოწვეული ნაწლავური ინფექციები. ზაფხულში ინფექციების მზარდი რაოდენობა დაკავშირებულია საკვების არასათანადოდ მომზადებასთან. აუცილებელია, საკვები, რომელსაც ვამზადებთ, იყოს მაქსიმალურად შემწვარი ან მოხარშული. თოლხოდ შემწვარი და ნახევრად მოხარშული საკვები არ უნდა მივირთვათ. უნდა მოვერიდოთ ხორცის პროდუქტების ღია სივრცეებში შეძენას. ხელი უნდა დავიბანოთ ძალიან ხშირად.

ასევე, ზაფხულში აქტუალურია ზღვის სეზონი და მასთან დაკავშირებული პრობლემები და რას გვეტყდით ამის შესახებ?

მოგეხსენებათ, რომ მზე საუკეთესო საშუალებაა ადამიანის გუნება-განწყობის ამაღლების. ის სიცოცხლის, სიხარულის და პოზიტიური ხასიათის მნიშვნელოვანი ნაწილია. მზე ხელს უწყობს D ვიტამინის გამომუშავებას, რომელიც ძვლის ნორმალური ფუნქციონირების და ზოგადად იმუნიტეტის ამაღლების ხელშემწყობია, თუმცა, ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო და როდესაც ეს ზომიერება ირღვევა მზემ ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია არასასურველი შედეგები გამოიწვიოს.


რამდენად უსაფრთხოა რუჯი და ზღვა?

მზის ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი, არადოზირებული გამოყენების შემთხვევაში შეიძლება მზით დამწვრობა განვითარდეს. ზოგადად, მზით დამწვრობა, კანის დაცვითი ფიზიოლოგიური რეაქციაა, რომელიც კანზე ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური ზემოქმედების შემდეგ, დაახლოებით 3-6 საათის შემდეგ ვითარდება. ასევე ვითარდება კანის მკვეთრად გამოხატული სიწითლე ანუ ჰიპერემია, მტკივნეული შეშუპება, დაჭიმულობისა და წვის შეგრძნება. კიდევ უფრო ხანგრძლივი და ინტენსიური დასხივების შემთხვევაში ადგილი აქვს სითხით სავსე თხელკედლიანი ბუშტუკების და ბუშტების წარმოქმნას. ასეთ შემთხვევაში კანის ადგილობრივი რეაქციის გარდა, თავს იჩენს ორგანიზმის გადახურებისთვის და მზის დაკვრისთვის დამახასიათებელი ზოგადი ჩივილები - ციებ-ცხელება, გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი და ზოგადი სისუსტე. მზით დამწვრობა ძალიან ხშირად კანის მზისადმი მგრძნობელობის მკვეთრ მომატებას განაპირობებს. არცთუ იშვიათად მზით დანწვრობის შემდეგ ვითარდება ისეთი დაავადებები როგორიცაა წითელი მგლურა, მზისმიერი ჭინჭრის ციება, ნაადრევად ვითარდება ასაკობრივი პიგმენტაციები და კერატოზები, კანი კარგავს ელასტიურობას, გარდა ამისა იმატებს კანის კიბოს განვითარების რისკი. მზით დამწვრობა უფრო ხშირად ქერათმიან, წითურ და ღია ფერის კანის მქომე პირებში იჩენს თავს.

რამდენად რეკომენდირებულია რუჯის მიღება ხალებიანი ან პიგმენტურ ლაქებიანი კანისთვის?

რუჯის მიღება არ არის რეკომენდებული იმ ადამიანებისთვის, ვისაც კანზე ხალები და პიგმენტური ლაქები აქვს, რადგან მზის ზემოქმედების შედეგად იმ უბნებზე განსაკუთრებით გააქტიურებულმა მელანინის პროდუქციამ შესაძლებელია ზიანი მოუტანოს ორგანიზმს, სიმსივნურ გადაგვარებას შეუწყოს ხელი. უკანასკნელი წლების განმავლობაში ღია კანის მატარებელ პირებში, რუჯის არაკონტროლირებულმა მიღებამ, კანის კიბოს მნიშვნელოვანი მატება გამოიწვია. ასეთ პირებს ვურჩევთ ზღვავზე წასვლის წინ ონკოდერმატოლოგის კონსულტაცია გაიარონ.

რა რჩევებს მისცემდით მოსახლეობას, როგორ უნდა აარიდონ თავი მზით დამწვრობას?

დღესდღეობით გარუჯვის ოპტიმალურ დროდ დილის 9:00 - 11:00 საათი და 17:00-18:30 ითვლება. რუჯის მიღება უნდა მოხდეს თანდათანობით, თავდაპირველად დღეში რეამდენიმე წუთი და შემდეგ ნელ-ნელა გაიზარდოს მზეზე ყოფნის ხანგრძლივობა. დილის 11 სთ-დან 4 საათამდე მზის ულტრაიისფერი გამოსხივება განსაკუთრებით მავნეა ორგანიზმისთვის. როდესაც მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებით. მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება როგორც ღრუბლიან ამინდში, ასევე, ზღვაში ბანაობის დროსაც გრძელდება. არ უნდა დაგვავიწყდეს მზის ქუდი, სათვალე, რადგან მზეზე არანაკლებ ზიანდება თვალებიც და აუცილებელია მზის დამცავი კრემების გამოყენება მაღალი ფილტრით. მზის დამცავის დატანება უნდა მოხდეს დაახლოებით 30 წთ-ით ადრე მზეზე გასვლამდე და დღის განმავლობაში აუცილებელია განმეორებითი გამოყენება, ზღვაზე დასვენების დროს და ცურვის შემდეგ საშუალოდ ორ საათში ერთხელ. იმედია ჩვენ რჩევებს გაითვალისწინებთ და გისურვებთ ზაფხულის უსაფრთხოდ და ხალისიანად გატარებას.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ
წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
13:09 / 31.12.2023
საახალწლო მრავალათასიან ცრურწმენას ერთიც შეემატა, რა ფილმებსაც ახალ წელს უყურებ ისეთი წელი დაგებედება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს
აქვეყნებს.
10:01 / 09.08.2023
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.