მულტიმედია
ქალაქი, რომელიც მსხვერპლს ითხოვს
FaceBook
ტყიბულში, საცხოვრებელ კორპუსებს რომ გავცდით, ტყე დაიწყო. გზა ფართო და უსწორმასწოროა, ალაგ-ალაგ წყლის გუბეებით, ზოგან ტალახიანი ნიადაგით, ზოგან მძიმე ტექნიკისგან დატკეპნილი ნახშირით.

ეს გვაფიქრებინებს, რომ სწორი გზით მივდივართ. წესით, რამდენიმე ათეულ მეტრში უნდა იყოს ქვანახშირის კარიერი, რომელიც ცოტა ხნის წინ, ტყიბულში მორიგი ტრაგედიის ადგილად იქცა. სამაშველო ოპერაციის კვალი ამ ადგილს ჯერ ისევ ემჩნევა. ყვითელი ლენტით შემოსაზღვრული კუსტარული შახტის ტერიტორიაც ნედლი ხის სუნითაა გაჟღენთილი. ეს იმ ფიცრების სუნია, შახტის შესასვლელი რომ აჭედეს მაშველებმა, მას შემდეგ, რაც იქიდან ერთი გარდაცვლილი, ერთი კი ცოცხალი ამოიყვანეს. 47 წლის ავთო არსენიძის ცხედარს მაშველები შვიდი საათი ეძებდნენ, 65 წლის ვიტალი ტურძელიძე კი უზარმაზარი მიწის მასიდან უფრო ადრე ამოიყვანეს, ცოცხალი, მაგრამ მრავლობითი დაზიანებით. სხეულმა რამდენიმე საათის განმავლობაში ზეწოლას ვერ გაუძლო და მაშველების მიერ გადარჩენილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოჯახები ახლა გლოვობენ და მომხდარში დამნაშავეს არ ეძებენ, თუმცა, ხვდებიან, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვის შემთხვევაში, ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

ვიტალი ტურძელიძეს შატხში მუშაობის 40 წლიანი გამოცდილება ჰქონდა. სწორედ ამდენი დრო გაატარა მან მინდელის სახელობის შახტში. 10 წლის წინ დაზიანება მიიღო და სამსახურის დატოვება მოუწია. უმუშევრად დარჩენილ მრავალწლიანი გამოცდილების მქონეს, ყოფილი სამსახური მხოლოდ 160 ლარს უხდიდა, კომპანიაში ახალი მმართველის მოსვლის შემდეგ ამ თანხასაც აღარ აძლევდნენ.

მეშახტე იძულებული გახდა მუშაობა კერძო კარიერზე დაეწყო. ლენინის უბნის შახტი მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო, თუმცა, სამი წელია აქ, ისევე, როგორც 15-ზე მეტ ღია კარიერზე, მუშაობა აკრძალულია. კერძო კარიერებზე წიაღის მოპოვება 2018 წელს, მას შემდეგ აიკრძალა, რაც ერთ-ერთ ასეთ შახტში ორი მუშა უჟანგბადობით გარდაიცვალა.

ვიტალი ტურძელიძე ტრაგედიის დღეს სახლიდან დილის რვის ნახევარზე გავიდა. ოჯახმა იცოდა, რომ შახტის მეპატრონე ობიექტს იმ იმედით ამაგრებდა, რომ მუშაობის უფლებას მისცემდნენ, თუმცა, ვისგან ჰქონდა მას ასეთი დაპირება მიღებული, გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ არ იციან. მათი თქმით, კარიერის მეპატრონეს გია გოლოვინს მსგავს ობიექტზე მუშაობის გამოცდილება არ აქვს და შახტში მხოლოდ ვიტალი და ავთო ჩადიოდნენ. საბედისწერო დღეს ისინი კარიერზე მარტო იყვნენ და შახტშიც ორივე, ზედამხედველის გარეშე ჩავიდა. გარდაცვლილის მეუღლე ვარაუდობს, რომ მიწა შახტში მათი ჩასვლიდან მალევე ჩამოიშალა.

უბედური შემთხვევის შესახებ საზოგადოებამ დღის 3 საათისთვის შეიტყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ტრაგედია, სულ მცირე, 6 საათის მომხდარი იყო.

"იქ, ზემოთ, მესამე რომ ყოფილიყო, იქნებ კი გადარჩენილიყვნენ. რომ არ გამოეხმაურებოდნენ ესენი, მიხვდებოდა, რომ რაღაც მოხდა, მაგრამ მხოლოდ ორნი იყვნენ. გამაგრებას აკეთებდნენ, წინა დღეებში წვიმა იყო და ამ დროს სჭირდება გამაგრება. უფროსს უთქვამს, სულ ნუ დავანგრევთ ამ ნამუშევარსო და თუ დაგვრთეს ნება, მერე დავიწყებთო. ჩემი ქმარი მშრომელი კაცი იყო და ვერ ჩერდებოდა უსაქმოდ. ზოგჯერ ისე მიდიოდა შახტში, უფროსმაც არ იცოდა. არავის დაუძალებია იქ წასვლა, ვინმეს რომ დაეძალებინა, ასე გავჩერდებოდი? ვაპატიებდი ვინმეს მის სიკვდილს?" - ამბობს მარინა ტურძელიძე.

მეშახტის პროფესია იყო არსენიძეების ოჯახის შემოსავალიც. ამიტომ გარისკა საკუთარი სიცოცხლე ავთო არსენიძემაც, როცა 27 ნოემბრის დილას შახტში სამუშაოდ ჩავიდა. ავთოს ოჯახის წევრებს მომხდარზე საუბარი არ სურთ. ჯერ ისევ თავს დამტყდარი ტრაგედიის გააზრებას ცდილობენ.

"მომხდარს აღარაფერი ეშველება, ჩემ ძმას ვეღარავინ გააცოცხლებს. ჯერჯერობით, არაფერს ვამბობ, მერე ალბათ, გამიჩნდება კითხვები", – ამბობს დავით არსენიძე.

კითხვები ამ ტრაგედიაში ბევრია, მძიმე სოციალური ფონით დაწყებული, ხელისუფლების პასუხისმგებლობით დასრულებული, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ვერც ეკონომიკურ კეთილდღეობას უქმნის და ვერც მათ სიცოცხლეს იცავს.

სიკვდილი თვითგადარჩენის ძიებაში

ტყიბულში ქვანახშირის საბადო 1825 წელს აღმოაჩინეს. აქ ქვანახშირის მოპოვებამ მაქსიმუმს 1950-იან წლებში მიაღწია. 1980-იან წლებში ქალაქში 4 შახტი მოქმედებდა. ქვანახშირის ძირითადი მომხმარებელი კი რუსთავის მეტალურგიული კომბინატი იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 21–ე საუკუნის დასაწყისამდე, შახტებში ქვანახშირის მოპოვება პრაქტიკულად შეწყდა, დაინგრა ქვანახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა, დაიხურა შახტები. უმუშევარი დარჩა უამრავი ადამიანი.

პროცესი მხოლოდ 2006 წელს აღდგა, თუმცა, განახევრებული ძალებით. ქვანახშირის მოპოვება მხოლოდ ორ – ძიძიგურის და მინდელის შახტებში განახლდა. ამ დროისთვის ტყიბულში 10 000–მდე ადამიანი ცხოვრობდა. ტყიბულელები ისევ დაუბრუნდნენ ქვანახშირის მოპოვებას და შახტები კვლავ ქალაქის ერთადერთი შემოსავლის წყაროდ იქცა. დღემდე, შახტი, ხალხისგან დაცლილ ქალაქში ძირითადი დასაქმების ადგილია. ადამიანები, მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ, საკუთარ სიცოცხლეს ყოველდღიურად აყენებენ რისკის ქვეშ. ზოგი კუსტარულ, ზოგიც ლიცენზირებულ შახტში. ვიღაცას უმართლებს და სამუშაო დღის ბოლოს სახლში ბრუნდება, ვიღაც კი გარდაცვლილთა სტატისტიკის ნაწილი ხდება.

შახტებში, სამუშაო პროცესში დაღუპულთა შესახებ ინფორმაციის შეგროვება 2010 წლიდან იწყება. მხოლოდ ამ წელს, ხუთთვიანი ინტერვალით, რვა ადამიანი დაიღუპა მინდელის შახტში, 2011 წელს უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ 5 მეშახტის სიცოცხლე იმსხვერპლა, 2013 წელს დაიღუპა კიდევ ერთი, 2014 წელს - 1, 2015 წელს -1, 2016 წელს - 1, 2017 წელს - 5, 2018 წელს - 10, 2019 წელს 1, 2021 წელს – 2.
ბოლო 11 წლის განმავლობაში, ღია და დახურულ შახტებში სულ 35 ადამიანი დაიღუპა.
ქაღალდზე დარჩენილი აკრძალვა

ქვანახშირის კუსტარულად მოპოვება ხელისუფლებამ 2018 წლის 16 ივლისს აკრძალა და ამ გადაწყვეტილების მიღებას ისევ ტრაგედია უძღოდა წინ. 2018 წლის 2 ივნისს, კერძო კარიერზე ორი მუშის დაღუპვა ის წყალგამყოფი აღმოჩნდა, რამაც მთავრობა აიძულა სიკვდილის წინააღმდეგ ზომები მიეღო, თუმცა, აკრძალვიდან ერთ წელიწადში, 2019 წლის 27 მაისს, ღია კარიერზე კიდევ ერთი მუშა დაიღუპა. 55 წლის ნუგზარ ხვადაგიანის შახტში ჩასვლა ტრაგიკულად დასრულდა. ზუსტად ორ წელიწადში კი, 2021 წლის 27 ნოემბერს კუსტარულმა შახტმა კიდევ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

"პროფკავშირების გაერთიანების" თავმჯდომარის თამაზ დოლაბერიძის თქმით, ბოლო ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა, რომ სახელმწიფოს მის მიერვე მიღებული აკრძალვის კონტროლი არ შეუძლია.

"როგორც კი მოადუნა სახელმწიფომ ყურადღება, დაუშვეს შახტზე ორი ადამიანი და დაიღუპა ორივე. აშკარაა, რომ მთავრობამ ვერ შეძლო მის მიერვე მიღებული აკრძალვის გაკონტროლება. როცა რაღაცას კრძალავ, აღსრულების მექანიზმი უნდა გაგაჩნდეს, თუ ეს არ გაქვს, აკრძალვაც აზრს კარგავს. ფაქტია, რომ ვიღაც ამზადებდა ამ შახტს ნახშირის მოსაპოვებლად, ზოგადად, ამიტომ აკეთებენ გამაგრებას. საერთოდაც, კუსტარული შახტების მეპატრონეები აკრძალვის დღიდან ცდილობდნენ მუშაობის უფლების მიღებას, ყველანაირ გზას ეძებდნენ ამისთვის. არ არის გამორიცხული, რომ დადიოდნენ და ვინმეს აწუხებდნენ კიდეც. მე არ ვიცი ვინ რას დაჰპირდა მათ, მაგრამ არც ერთ ლეგიტიმურ პირს ამის უფლება არ ჰქონდა", - ამბობს თამაზ დოლაბერიძე.

სინამდვილეში, აკრძალვას არც არასდროს უმუშავია. ამას ადასტურებს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბოლო სამ წელიწადში, ტყიბულში ქვანახშირის უკანონო მოპოვების 17 ფაქტი გამოვლინდა. სულ ამოღებულია 102 ტონა უკანონოდ მოპოვებული ქვანახშირი, დაკისრებული ჯარიმების რაოდენობა კი ჯამში 3497 ლარს შეადგენს.

ფაქტია, რომ უკანონო სამუშაოების მწარმოებლებს 1000 და 1500 ლარიანი ჯარიმა, რომელსაც სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვება ითვალისწინებს, არ აშინებთ.

რატომ არ დგამს სახელმწიფო უფრო მკვეთრ ნაბიჯებს იმ კანონდარღვევის აღმოსაფხვრელად, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება, ამაზე სამმართველოს უფროსი გვპასუხობს, რომ მსგავს ფაქტებზე რეაგირების დროს, მოსახლეობის მხრიდან მკვეთრი წინააღმდეგობა ხვდებათ.

"ყველა ოქმი, ყველა ზიანი არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ორგანოებში გადაგზავნილი და შესაბამისი რეაგირება მომხდარია. გაძლიერებული გვაქვს მონიტორინგი, მაგრამ მოსახლეობა იმდენად არის დამოკიდებული ქვანახშირზე, ყველანაირად ცდილობენ არ დაჯარიმდნენ. ძალიან დიდი წინააღმდეგობა გვხვდება ამაზე, ხელს გვიშლიან ყოველთვის, რომ შევასრულოთ კანონი. იყო შემთხვევა, როცა დაგვჭირდა პოლიციის გამოძახებაც," – ამბობს თინათინ ჩაკვეტაძე.

კიდევ ერთი ზედამხედველობითი ორგანო შრომის ინსპექციაა. ტყიბულის ღია კარიერებზე შრომის ინსპექტორები ბოლოს 2018 წელს იმყოფებოდნენ. სწორედ მათი კრიტიკული დასკვნის საფუძველზე აეკრძალა კერძო შახტებს მუშაობა. თავის მხრივ, სამუშაოების მწარმოებლებთან ხელშეკრულებები გაწყვიტა "საქნახშირმა". შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი მაია მიქაია გვეუბნება, რომ ამ გარემოების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციას მონიტორინგის ვალდებულება არ ჰქონდა.

"მონიტორინგს ვერ განვახორციელებდით, რადგან მოქმედი ხელშეკრულებები არ არსებობდა. 2018 წელს რომ გაუქმდა ეს ხელშეკრულებები, მას შემდეგ არ მომხდარა მათი განახლება. ბოლო მოვლენის შემდეგ, ბუნებრივია ადგილზე მოხდა ვითარების შესწავლა, აღმოჩნდა, რომ იქ არ არსებობდა ხელშეკრულება და თვითნებურად ახორციელებდნენ ისინი სამუშაოებს. შესაბამისად, რადგან არსებობდა შესაძლო დანაშაულის ნიშნები, მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის შესაბამისი მასალების გადაცემა",– ამბობს მაია მიქაია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლით იძიებს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

მომხდარის შემდეგ გამოკითხვაზე დაიბარეს სამუშაოების მწარმოებელი, თუმცა, გია გოლოვინს ტრაგედიის მიზეზებზე მედიასთან საუბარი არ სურს.

სად მიაქვთ უკანონოდ მოპოვებული ქვანახშირი?

და თუ მაინც, აკრძალვის პირობებში, კუსტარულ კარიერებზე წიაღისეულს მოიპოვებენ, ჩნდება კითხვა – ქვანახშირის რეალიზაციის რა გზები არსებობს?

კომპანია "საქნახშირმა", რომელიც წლების განმავლობაში ღია კარიერებიდან მოპოვებულ ქვანახშირს ყიდულობდა, მოგვწერა, რომ ახალი მენეჯმენტის პირობებში, ეს პროცესი აღარ ხდება.

"3 წელია, ახალი მენეჯმენტის მოსვლის დღიდან, "საქნახშირს" არ შეუძენია სხვა კარიერებიდან მოპოვებული ქვანახშირი. ქვანახშირის მოპოვებას ახდენს თვითონ, "მინდელისა" და "ძიძიგურის" მიწისქვეშა შახტებზე, უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით. იქიდან გამომდინარე, რომ მოპოვების ლიცენზია მხოლოდ "საქნახშირს" აქვს და მხოლოდ "საქნახშირს" შეუძლია უზრუნველყოს თანამშრომლებისთვის უსაფრთხო შრომის პირობები, კომპანიის ადმინისტრაცია კატეგორიული წინააღმდეგია არაკანონიერი საძიებო გამონამუშევრების (ე.წ. კუსტარული შახტების) არსებობისა და მუშაობის", – წერია ქუთაისიპოსტისთვის გამოგზავნილ პასუხში.

ასეთ პირობებში, არაკანონიერად მოპოვებული ქვანახშირის რეალიზაციის ერთადერთ გზად კერძო პირებთან მოლაპარაკებები რჩება. ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ერთ–ერთი ასეთი გზა აღმოსავლეთ საქართველოს კერძო ბაზარია.

რა შეიცვალა ბოლო ტრაგედიიდან ტყიბულში?

27 ნოემბრის ტრაგედიის დროს გარდაცვლილები, შახტებში დაღუპულთა სტატისტიკის ნაწილად იქცნენ. არც შემთხვევის დროს და არც მომხდარის შემდეგ, ადგილზე ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩასულან და არც საჯარო გამოსვლებში უსაუბრიათ პრობლემის გადაჭრის გზებზე. ხელისუფლებისთვის ეს საკითხი მეორეხარისხოვანია და მის მოგვარებას ისევ აკრძალვით ცდილობს. ტყიბულის ახალარჩეული მერის დავით ჩერქეზიშვილის თქმით, მუნიციპალიტეტში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც უკანონო შახტებს აღწერს და მათ დალუქვაზე იმუშავებს.

"ვიწყებთ ამ ყველა ღია კარიერის დალუქვას. დაიწყო უკვე საინფორმაციო სამუშაოები. შეიქმნება კომისია, რომელიც დაკომპლექტდება მერიის, საკრებულოს, შპს"საქნახშირის" და შესაბამისი ექსპერტების წარმომადგენლებით, ასევე, საზოგადოების წევრებით. კომისიურად მოხდება ამ შახტების შესწავლა, მათი გადაკეტვა, დაიდგმება ფირნიშები, პოლიცია იქნება გაფრთხილებული. ვინც ჩავა, იქნება დაკავებული და დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. მესმის, რომ ეს შესაძლოა, გარკვეული ადამიანებისთვის შემოსავლების წყაროა, თუმცა, ამავე დროს, არის დიდი რისკების შემცველი, სიცოცხლის ფასად არანაირი შემოსავალი არ ღირს", – ამბობს დავით ჩერქეზიშვილი.

ტყიბულში, სადაც ადამიანები თვითგადარჩენისთვის სიცოცხლეს რისკავენ, აკრძალვამ ერთხელ უკვე არ გაამართლა. სწორედ აკრძალვის პირობებში დაიღუპა სამი ადამიანი კერძო კარიერზე, რომლებსაც შახტის გარდა სხვა სამუშაო არ ჰქონდათ. მათ კი, ვისაც გაუმართლა და უკანონო სამუშაოების დროს შახტი თავზე არ ჩამოენგრა, ხელისუფლება ისევ არაფერს სთავაზობს.

ახლა ტყიბულელებისთვის კუსტარული შახტებისკენ მიმავალი გზები ისევ ჩაიკეტება, გზები, სადაც სიკვდილი ელოდათ, მაგრამ მაინც მიდიოდნენ. მიდიოდნენ, რადგან სხვა გზა არ ჰქონდათ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.