მულტიმედია
პანდემიაში უწყლოდ დარჩენილები
FaceBook
სამტრედიის სოფელი საჯავახო, საქართველოში უწყლოდ დარჩენილი 3500 სოფლიდან ერთ-ერთია, სადაც სიცოცხლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის გარეშე არსებობა განსაკუთრებით ახლა, პანდემიისას უჭირთ.

მწვანეში ჩაფლულ, ლამაზ საჯავახოს ვიწრო ქუჩებს ახლად დაგებული ბეტონის კვალი აჩნია, თუმცა აქ მცხოვრებ უწყლოდ დარჩენილ 1300 ადამიანს, ახალ გზას, თავიანთ ეზოებში ონკანიდან მოჩხრიალე, სანატრელი წყალი ერჩიათ.


სოფელი საჯავახო

საჯავახოს მკვიდრნი სოფლის არსებობის დღიდან დღემდე, წყალს ყველა ხელისუფლებისგან ითხოვენ, თუმცა მათი თხოვნა საუკუნეზე მეტია, შეუსრულებელი რჩება.

საჯავახოში მცხოვრები ქალები კი მძიმე კასრებს ისევ კილომეტრობით გზებზე ეზიდებიან 21 საუკუნეში.

მათ შორის ერთ-ერთი 56 წლის ქეთევან თადუმაძეა, რომლის ძველი ხის სახლის სამზარეულოში ყველაზე დიდი რაოდენობით წყლის კასრები მოიპოვება. ასეა დანარჩენი საჯავახოელი დიასახლისების სამზარეულოებშიც.


ქეთევან თადუმაძის სახლი

ქეთევანის ექვსსულიან ოჯახს დიდი ეკონომიურობის მიუხედავად, დღეში ათი კასრი წყალი ჭირდება. თითოეული კასრი ას ლიტრიანია, შესაბამისად, ერთი დღე-ღამისთვის საკმარისი 500 ლიტრი წყლის შესაგროვებლად, თადუმაძეების ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის ბავშვები, მეზობლის ჭასთან მიდიან. პატარები პატარა ბიდონებს ეზიდებიან. დიდები, დიდებს.


კასრები

,,მე კიდევ გამიმართლა, რადგან გვერდით მეზობელს აქვს გაკეთებული ჭა. ისე, სოფელში სულ ასი ჭაა და მასზეა დამოკიდებული დანარჩენი 1200 ადამიანი", - გვიყვება ქეთევანი.


ქეთევან თადუმაძე

,,სახლში დარჩი" რომ სახლში მშიერი დარჩის ნიშნავს, ამას უკვე მივხვდით, მაგრამ მთელი აქცენტი ახლა რომ დაბანაზეა გადატანილი კორონას თავიდან ასაცილებლად და ამ დროს სოფელში ხელის დასაბანი წყალი არცერთ ონკანშია, როგორ დავიბანოთ? ახლა გვეტყვიან გზა ხომ დაგიგეთო, მაგრამ ჩვენ რომ წყალს ვითხოვდით? რად მინდა გზა, თუ წყალი არ მაქვს? დავბერდი ვედრების თრევაში, სარეცხის ხელით რეცხვაში, ეს ხომ ტყუილი წვალებაა? ხომ შეიძლება ეს შრომა მოგვაკლონ მხოლოდ იმით, რომ აღირსონ სოფელს წყალი?", - ამბობს ქეთევანის მეზობელი თამარა ბებო. 



საჯავახოელების პრობლემა განსაკუთრებით მაშინ მძიმდება, როცა წვიმიანი ამინდია. ამ დროს ჭა ბინძურდება, შედეგად, წყალი სასმელად უვარგისი ხდება.

,,ასეთ დროს სასმელად ძველ წყალს ვინახავთ, სარეცხს კი წვიმიანი წყლით ვრეცხავთ," - ამბობს ქეთევან თადუმაძე.

თადუმაძეებს განსაკუთრებით თვითიზოლაციის დროს გაუჭირდა, როცა სახლიდან ვერ გადიოდნენ, კასრებში მომარაგებული წყალი კი თანდათან გამოილია.

,,კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი გვქონდა, ყველა იზოლაციაში ვიყავით, გარეთ ვერ გავდიოდით, მეზობლები ჭიშკართან გვიტოვებდნენ წყლიან კასრებს, მაგრამ მხოლოდ დასალევად გვყოფნიდა. ძალიან გავწვალდით. დიდი ხანია სოფელი ითმენს უწყლობას, მაგრამ ახლა, ამ პანდემიაში, როცა წყალი და ჰიგიენა უპირველესია, შეუძლებელია ასე ცხოვრების გაგრძელება", - ამბობს ქეთევანი.


ჭა საჯავახოში

ადგილობრივები ახლა იმაზეც ჯავრობენ, რომ საჯავახოს სკოლაში, ვერ ხერხდება ისეთი ჰიგიენური ნორმების დაცვა, რაც აუცილებელია ვირუსისგან მათი შვილების დასაცავად.  

,,მასწავლებლებს და მოსწავლეებს სახლიდან უწევთ სასმელი წყლის წაღება, მაგრამ ამ პერიოდში, როცა მუდმივად უნდა ხდებოდეს სკოლის სველი წესით დასუფთავება, ეს როგორ მოხერხდება? ჯანდაცვის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობა, მოგვეშველეთ. 1300 ადამიანი, მოხუცები, ბავშვები, პანდემიაში უწყლოდ გყავთ დატოვებული", - ამბობენ ადგილობრივები.

საჯავახოს მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას ჯერ კიდევ 2019 წელს დაპირდა სამტრედიის მაშინდელი მერი ვალერი ფოცხვერია. თუმცა რატომ ვერ შესრულდა დანაპირები, ამაზე მერის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, მიხელ ლეჟავა ამბობს, რომ ჯერ პრიორიტეტი გზის მშენებლობას მიენიჭა, წყალი კი სოფელს 2022 წელს ექნება. 


ფოტო არქივი ვალერი ფოცხვერიას შეხვედრა ადგილობრივებთან

,,2022 წელს იგეგმება რეაბილიტაცია, სოფელს აუცილებლად ექნება წყალი"-, ამბობს ლეჟავა.

თავად სოფელ საჯავახოს გამგებელი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ადგილობრივები საჯავახოში ასე ცხოვრობენ და ამაში ახალი არაფერია.

,,ვიცი პანდემიაა, მაგრამ ასე იყო საბჭოთა კავშირის დროსაც. ჩვენ ვეხმარებით ადგილობრივებს წყლის მიტანაში ვისაც ეს არ შეუძლია. სამომავლოდ კი პრობლემის გამოსწორებაზეც ვზრუნავთ",- ამბობს სოფელ საჯავახოს გამგებელი, შავლეგ თარგამაძე.

თღუმცა წლიდან წლამდე გაცემული დაპირებების მიუხედავად, ადგილობრივებს ხელისუფლების აღარ სჯერათ და იციან, რომ მინიმუმ, კიდევ ერთი პანდემიური წელი წყლის გარეშე იქნებიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.