მულტიმედია
მედეას ყავის სურნელი და გემრიელობები ლილესთან - ქალების „პანდემიური“ ბიზნესი
FaceBook
როგორ უნდა მოიქცე, თუ მიზნის მიღწევაში უხილავი ვირუსი გაბრკოლებს? – ალბათ, მედეასავით და ლილესავით უნდა დაიჯერო, რომ გასაღები მიზანდასახულობაში დევს. ეს ამბავიც იმ ქალებზეა, რომლებმაც გარისკეს, პანდემიისას ბიზნესი წამოიწყეს და ყველაფერი გამოუვიდათ.


ყველასთვის განსაკუთრებული ყავა მოემზადებინა, - ეს 44 წლის მედეას ბავშვობის ოცნებაა, რომელიც აფხაზეთს და დედის მიერ განსაკუთრებული რიტუალით მომზადებული ყავის გემოს ახსენებს.

,,სიყვარულით, მედეა"


ყველასთვის განსაკუთრებული ყავა მოემზადებინა, - ეს 44 წლის მედეას ბავშვობის ოცნებაა, რომელიც აფხაზეთს და დედის მიერ განსაკუთრებული რიტუალით მომზადებული ყავის გემოს ახსენებს.

,,როცა დედა ყავას ადუღებდა, ის აუცილებლად ახალი მოხალული, ახლად დაფქვილი უნდა ყოფილიყო. აუცილებლად თბილ, საგულდაგულოდ გამშრალებულ ჭიქაში დაესხა. გამაბრუებელ არომატს აყენებდა სახლში, მაგრამ მე პატარა ვიყავი და ამ ჯადოსნური სასმელის გასინჯვა მეკრძალებოდა. ერთხელ მალულად მაინც გავსინჯე და მას შემდეგ იმ გემოს ძიებაში ვარ. ამიტომ, წლების განმავლობაში ვალქიმიკოსობდი. სხვადასხვა ვარიაციებს ვქმნიდი და ამას უბრალოდ ჩემთვის, ოჯახისთვის, ახლობლებისთვის ვაკეთებდი. პანდემიისას, როცა უამრავი დრო დამრჩა, ვეცადე შემექმნა ყავა, რომელიც იქნებოდა განსხვავებული ქუთაისში. ეს ერთგვარი სტიმულიც იყო ჩაკეტილობისას".

მედეას ყავის განსაკუთრებული გემოს საიდუმლო, სხვადასხვა მარცვლის შეზავებაშია. ზუსტად ამ უნარის გამო, მეგობრები მას დიდი ხანია ,,ყავის მედეას" ეძახიან.

ლოქდაუნის დროს უძილო ღამეებმა ის საფირმო ყავის აღმოჩენამდე მიიყვანა.

,,ერთს მეორე მოჰყვა და ხუთი საფირმო გემო დამიგროვდა. რიტუალი ასეთია: ყავის მარცვლებს ერთმანეთში ვაზავებ და ახალ გემოს ვქმნი. ამას კუპაჟი ეწოდება. თუმცა, რომ არა ჩემი მეგობარი ცირა ხუჯაძე, რომელმაც დამიჟინა, გატაცება საქმედ მექცია, ალბათ, დღეს ეს ბიზნესიც არ იქნებოდა. სწორედ მისივე რჩევით, "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" საგრანტო პროექტში მივიღე მონაწილეობა, მოვიპოვე გრანტი და გავხდი მეწარმე ქალი".


მედეა შვილდაძე და ცირა ხუჯაძე

სწორედ ასე გაჩნდა ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში ყავის მაღაზია ,," coffee friends since 2019 ".

სიყვარული ედო საფუძვლად მედეას და ცირას აქციას ქუთაისში. მათ გამამხნევებელი კამპანია გამართეს და კორონავირუსით გადაღლილ მოქალაქეებს ყავა უფასოდ შესთავაზეს.


,,უფასო ყავა ყველას'' კამპანია ქუთაისში

,,უფასო ცხელი ყავის მიზანი ორი იყო: გვსურდა ხალხი გაგვემხნევებინა, ყავასთან ერთად მათთვის მხნეობა და სითბო დაგვერიგებინა. მეორე მიზანი კი ჩემთვის მტკივნეული თემაა, რადგან ეს დღე დაემთხვა დევნილთა საერთაშორისო დღეს. ამ ფორმით კი ყველას შევახსენეთ, რომ დევნილები ვართ ჩვენსავე სამშობლოში"



,,ეს არ არის იოლი, დიდი პასუხისმგებლობაა შენი თავის, გულშემატკივრების წინაშე. ძალაუნებურად ხდები მაგალითი იმ ქალებისათვის, რომლებსაც ძალა სჭირდებათ იმისათვის, რომ საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნონ. სწორედ ამიტომ, ჩვენც არ დავიხიეთ უკან და შრომა სახლიდან გავაგრძელეთ".

მედეა ონლაინ კვირაში ერთხელ ემსახურებოდა. სასურველ ადგილამდე ყავის მიტანაში მეუღლე და ოჯახის წევრები ეხმარებოდნენ. ლოქდაუნის დასრულების შემდეგ, მედეა და ცირა მაღაზიას დაუბრინდნენ და ახლა უკვე ყავასთან ერთად მომხმარებელს ჩაისა და შოკოლადს სთავაზობენ. გემოების მაძიებელ მედეას პანდემიამ ახალი გატაცებაც აღმოაჩენინა.

პროფესიით აგრომენეჯერს, სამომავლოდ, სურს ენდემური ჯიშის მარცვლეულის ფქვილით, უსაფუარო პური გამოაცხოს. ამისთვის სახლში ბუნებრივი საფუარი გამოიყვანა და მალე, მეგობართან ერთად, კიდევ ერთი ბიზნესის დაწყებას აპირებს.

,,ბევრი რამის სწავლას ახლა ვიწყებ და არ მეშინია, ზოგჯერ ვბრაზობ, ადრე რატომ არ გამოვედი კომფორტის ზონიდან, ბრძოლა ადრე რატომ არ დავიწყე, თუმცა გვიანი არასდროს არის".

,,ლილესთან"

ქუთაისში, თამარ მეფის ხმაურიან ქუჩაზე, რამდენიმე თვის წინ, ახალი ფერადი შენობა წამოიმართა. მისი ყვითელი კედლები და გამჭირვალე ვიტრაჟი თითქოს გარემოს სიმყუდროვეს სძენს.


,,ლილესთან''

ეს რესტორანია ,,ლილესთან", რომელიც ლილემ პანდემიის დროს შექმნა.

კორონავირუსის გამო, ლილეს გეგმა - შეექმნა ჰარმონიული სივრცე ვიზიტორებისთვის, ადვილი არ აღმოჩნდა. თუმცა, ქალმა გამოწვევა მის ძლიერ მხარედ აქცია და წარმატებასაც მიაღწია.

,,რისკი საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა, ჩემი მოლოდინი გამართლდა. ხარისხიან მომსახურებას, გემრიელ კერძებს, სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს ეძებენ, პანდემიის გამო, თავისუფლებას დანატრებული ადამიანები".

ახალ რესტორანში შექმნისთანავე კოვიდრეგულაციების დაცვა მოუწიათ. ეს დამფუძნებლისთვის დამატებითი ხარჯი იყო, თუმცა მიაჩნია, რომ რეგულაციების დაცვის გარეშე არც ერთმა საზოგადო დაწესებულებამ არ უნდა იმუშაოს.


ლილე მაღლაფერიძე

,,თანამშრომლები აღჭურვილნი არიან შესაბამისი საშუალებებით. ვიცავთ დისტანციას და ვირუსის გავრცელების შეფერხებისთვის ყველა სანიტარულ წესს. ბევრი ტურისტი გვსტუმრობს. საჰაერო მიმოსვლა რაც განახლდა ვიზიტორების ნაკადიც გაიზარდა, კარგი იქნება, თუ ეს ტემპი შენარჩუნდება. მთავარია არ შეგვეშინდეს გამოწვევების და დავძლიოთ".

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ივნისში საქართველოს 146 664 უცხოელი სტუმრობდა, რაც პანდემიის პერიოდისთვის უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს მონაცემი, გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 28,8%-ით აღემატება. თუმცა, 2019 წლის იმავე თვის მონაცემს 80%-ით ჩამორჩება.

მედეა და ლილე პანდმიის დასრულებას და ტურიზმის სრულად აღდგენას არ დაელოდნენ. მათ საკუთარი თავიც და სხვებიც დაარწმუნეს, რომ დაბრკოლებებით სავსე გზაზეც შეიძლება წარმატებას მიაღწიო.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.