მულტიმედია
როცა რეგულაციის დარღვევის მაგალითს ხელისუფლება გაძლევს
FaceBook
,,ავანგარდიდან" ქალაქის ცენტრში მოხვედრა, მარტივი არ არის. განსაკუთრებით, ახლა, როცა მუნიციპალური ტრანსპორტი აიკრძალა.

რამდენიმე დღის წინ ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და ქუთაისში პანდემიით გამოწვეული რეგულაციების დაცვის ამსახველი ფოტოების გადაღება სწორედ ტრანსპორტში დავიწყე.

,,ავანგარდიდან" ცენტრში მოხვედრა ნებისყოფის, სულ მცირე, 40 წუთიან გამოცდას გულისხმობს. ქუთაისის გარეუბნიდან მთავარ მოედნამდე მგზავრობა კიდევ უფრო დრმატული აგვისტოს სიცხეშია. თუ ამას პირბადეც ემატება, ერთადერთ იმედად კონდიციონერით აღჭურვილი ახალი, ლურჯი ავტობუსი რჩება.

ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, მგზავრთა მოსაცდელთან ავტობუსი ჩერდება. კარგად ვირგებ ცხვირზე პირბადეს და ტრანსპორტში ავდივარ. მგზავრების თვალიერებისას რამდენიმეს ვამჩნევ ნიღბის გარეშე.  მინდა ვკითხო, რატომ არ უკეთიათ პირბადე, თუმცა მოსალოდნელ კამათს თავს ვარიდებ და ვჩუმდები. თვალი მძღოლისკენ გამირბის. წინ, სარკეში ქუთაისის მერიის ლოგოიან ლურჯ პერანგში გამოწყობილი თანამშრომლის სახე მხვდება, ისიც ნიღბის გარეშეა. ფოტოების გადაღებას ვიწყებ. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ,,ურჩი" მძღოლი მხვდება. ფაქტია, რეგულაციების დარღვევას მერიის თანამშრომლების მხრიდანაც სისტემატური ხასიათი აქვს.
არ მიკვირს, ამ ადამიანებს პრემიერის მაგალითი აქვთ. ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ბექაურის ოლიმპიური ჩემპიონობა უამრავ ხალხთან ერთად აღნიშნა და "ქეიფი დანაშაულიაო?" იკითხა.

ავტოსადგურთან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ჩაგვიარა. მძღოლს თვალი შეავლო და გაიარა, არც კი შეიმჩნია, რომ პირბადე არ ეკეთა. თუმცა, არც ეს გამკვირვებია. დაჯარიმებამ აზრი დაკარგა სამართალდამცავებისა, თუ სამართალდამრღვევებისთვის. პირველები ტყუილად უნდა გაისარჯონ, რადგან მეორეს პრემიერმა ერთხელ მილიონობით ლარი აპატია და იმავეს მოლოდინი აქვს მომავალში. აღარაფრის ეშინიათ ადამიანებს, - არც კორონასი და აღარც ჯარიმის.
ქალაქის ცენტრს ვუახლოვდები. კიდევ ერთხელ ვათვალიერებ მძღოლს. ვრწმუნდები, პირბადეს არ "აღიარებს". შესაბამისად, არც სხვებს მოუწოდებს ავტობუსში რეგულაციის დაცვისკენ. ერთმა ქალმა უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა: "უპირბადო ხალხი საერთოდ არ უნდა ამოუშვას მძღოლმა". არავინ გამოხმაურებია. ადრესატმა კი სარკეში ისე გახედა, თითქოს მას არ ეხებოდა ნათქვამი და უსიტყვოდ გააჩერა ავტობუსი. ფოტოაპარატი მხარზე გადავიკიდე და გზას გავუყევი.

ათასობით ოჯახის ტრაგედიას ყოველდღიურად ხუთ ათეულამდე გარდაცვალების შემთხვევა ემატება.. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვირუსს 6590 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჯანდაცვის სისტემას რესურსი არ ჰყოფნის, ხელისუფლებას კი ნება, რომ ეპიდსიტუაცია მართოს. ყველა ბერკეტი მთავრობამ თავად გაუშვა ხელიდან, როცა შეზღუდვების უმეტესობა მოხსნა, დარჩენილ რეგულაციებზე კონტროლი კი პრაქტიკულად გააუქმა.

კორონავირუსის პიკური მაჩვენებლის მიუხედავად, ქუთაისში პირბადის ტარებას არავინ აკონტროლებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დახურულ ბაზრობებზე, სავაჭრო ცენტრებში, ბანკსა, თუ სხვა დაწესებულებებთან რიგში, ადამიანების უმეტესობა პირბადეს არ ატრებს. შესაბამისად, ქვეყანაში, რომელიც კორონავირუსით დაღუპულთა მონაცემებით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა, საკუთარ და სხვის სიცოცხლეზე ზრუნვა სამოქალაქო თვითშეგნების დონეზეა დატოვებული.

რეგულაციებს არ იცავენ რიგებში

არც დახურულ და არც ღია ბაზრობებზე

ქუთაისის "მწვანე ბაზარში" დასაქმებულების ნაწილი პირბადეს არ ატარებს, ისევე, როგორც მომხმარებელი
ღია სივრცეში კიდევ უფრო მეტი მოქალაქე არღვევს რეგულაციას

მოქალაქეების ნაწილი პირბადის ტარების აუცილებლობას ხალხმრავალ ადგილებშიც ვერ ხედავს
17 აგვისტოდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა, თუმცა რა აზრი აქვს რეგულაციას, თუკი მის შესრულებას არ აკონტროლებ. ხელისუფლება თავად არ სცემს პატივს საკუთარ დადგენილებებს.
მოქალაქეებს მთავრობა ჯარიმით ვეღარ "აშინებს". უკვე აღარავის სჯერა, რომ ვინმე კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო გამოწერილ ჯარიმას რეალურად გადაახდევინებს.

ამის პრეცენდენტი მთავრობამ მაშინ შექმნა, როცა თვითმმართველობის არჩევნებამდე (2021 წლის 2 ოქტომბერი) ცოტა ხნით ადრე, კოვიდრეგულაციების დარღვევაზე დაწესებულ ყველა ჯარიმაზე ამნისტია გამოაცხადა. შედეგად, 245 000 მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს ჯამში 76 მლნ. ლარის ჯარიმა ჩამოეწერება. კანონპროექტი პარლამენტშია და დამტკიცებას ელოდება. ხელისუფლება არ ჩქარობს და დაპირებულ ამნისტიას, სავარაუდოდ, არჩევნების წინ მიიღებს. ამით კიდევ ერთხელ შეახსენებს ხალხს საკუთარი "მზრუნველობისა და გულმოწყალების" ამბავს.

ინფიცირების მზარდი და გარდაცვალების შემაშფოთებელი სტატისტიკის ფონზე, მოქალაქეების დიდი ნაწილი რეგულაციების დაცვის აუცილებლობას ვერ აცნობიერებს.
ხელისუფლება რომ ჯარიმების ჩამოწერას ამომრჩეველთა გულის მოსაგებად იყენებს, ამაში დარწმუნებულია სამოქალაქო და პოლიტიკური სექტორი.

,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ ეს პროცესი სრულად არის პოლიტიკურ ნებაზე მიბმული.

,,ამ ჯარიმების ჩამოწერა, შესაძლებელია, აღქმული ყოფილიყო, როგორც ჰუმანური აქტი, მაგრამ როდესაც შეზღუდვები და შესაბამისად, ჯარიმების გამოწერა გრძელდება, ეს ამ პროცესს სერიოზულობას აკარგინებს. ამიტომაც ვხედავთ, რომ სხვადასხვა სივრცეში ირღვევა წესები, რადგან ადამიანებს დაჯარიმების შიში აღარ აქვთ. ის ფაქტი, რომ ეს დაემთხვა არჩევნების წინა პერიოდს, ბადებს ეჭვს, რომ ეს გათვლილი იყო ამომრჩევლის გულის მოსაგებად. ჩვენ ამას ვუწოდებთ ამომრჩევლის მოსყიდვას. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მიბმულია პოლიტიკურ ნებაზე. თუ ხელისუფლებას სურს, აღასრულებს მის მიერვე დაწესებულ რეგულაციებს და თუ არ სურს, არ აღასრულებს".

გენეტიკის ლაბორატორიის დირექტორი, გიორგი ჩალაძე მიიჩნევს, რომ რეგულაციების დარღვევაში ნეგატიური მაგალითის მიმცემი თავად პრემიერ-მინისტრია, როცა ხალხმრავალ წვეულებას ესწრება. მისი თქმით, მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერც ახალი რეგულაციების შემოღება გამოასწორებს, თუ კონტროლი არ გამკაცრდა.

,,სახელმწიფოს რომ რეგულაციები აღესრულებინა, ამ მდგომარეობამდე არ მოვიდოდით, მაგრამ ვხედავთ, როგორ ქეიფობენ ხალხმრავალ სუფრებზე პრემიერ-მინისტრი და თანამდებობის პირები. არავინ ამის გამო მათ პასუხს არ სთხოვს. შესაბამისად, ახალი რეგულაციების შემოღებას აზრი არ აქვს აღსრულების გარეშე".

ქვეყანაში დაწესებულ რეგულაციებზე კონტროლი რომ არ არსებობს, ამაზე სტატისტიკაც მიუთითებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც გაცილებით მსუბუქი ეპიდვითარების დროს მოქალაქეებს სოლიდური თანხით კამერების წინ აჯარიმებდა, ახლა ყოველდღიურ სტატისტიკასაც აღარ აქვეყნებს.

უწყებას ვკითხეთ, ამნისტიის გამოცხადების შემდეგ, რამდენი ადამიანი დააჯარიმა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის. ციფრების დაჯამებით უწყებამ თავი არ შეიწუხა და ბოლო ექვსი თვის მონაცემი მოგვაწოდა.

შსს-ს სტატისტიკით, იანვარ-ივნისის ჩათვლით, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 156 347 პირია დაჯარიმებული. თუმცა, არასრულყოფილად მოწოდებული ინფორმაციის გამო, უცნობი რჩება რამდენი ადამიანი დაჯარიმდა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ჯარიმებზე ამნისტია გამოაცხადა.

უცნობია ისიც, ჯარიმების ჩამოწერამდე რამდენმა ადამიანმა გადაიხადა ფული და რა თანხა შევიდა ბიუჯეტში ამ გზით. ამაზე ღია სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. შსს-ს გვერდზე (ინფო.პოლიცე.გე) გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-მარტში, სხვადასხვა კოვიდრეგულაცია ჯამში 8737-მა პირმა დაარღვია. გამოწერილი ჯარმების რაოდენობამ 26 463 000 ლარი შეადგინა. რამდენმა მათგანმა გადაიხადა ფული უცნობია. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.

კორონავირუსის საფრთხეს ნაკლებად გრძნობენ საკურორტო ზონებში. იქ წესებს თითქმის არავინ იცავს. დამსვენებლები ხალხმრავალ ქუჩებში პირბადეს ძირითადად არ იყენებენ. კორონავირუსის არსებობას ვერც დახურულ სივრცეებში გრძნობენ. საზღვაო ქალაქების (ბათუმი, ქობულეთი) კაფეებში ისევე ბევრი მომხმარებელია, როგორც ეს პანდემიამდე იყო.

ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მიუხედავად, პირბადის ტარებას საკურორტო ზონებშიც არ აკონტროლებენ. 
ხელისუფლებამ წინდახედულება ვერც შეზღუდვების დაწესებაში გამოიჩინა. მთავრობა ახალ რეგულაციებზე მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ყოველდღიურად გარდაცვლილთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა.

სამოქალაქო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მოთხოვნის შემდეგ, პრემიერმა 9 აგვისტოს თქვა, რომ 10 აგვისტოდან იკრძალებოდა ხალხმრავალი შეკრებები. ამ დროისთვის მოქალაქეებს უკვე დაჯავშნილი ჰქონდათ სადღესასწაულო სუფრები.

ამიტომაც, რეგულაციების შემოღების დღეს ქუთაისში ორი მასშტაბური ქორწილი გადაიხადეს, რესტორნებში ,,ასტორია" და ,,გრანდ პალასი".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგულაციების დარღვევაზე რეაგირება მხოლოდ მას შემდეგ მოახდინა, რაც ადგილობრივებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. რესტორნების მეპატრონეები, რომლებიც თავს იმით იმართლებენ, რომ დამკვეთებს თანხა წინასწარ ჰქონდათ გადახდილი და ქორწილებს ვერ ჩაშლიდნენ, 2000 ლარით დააჯარიმეს.

ქვეყანაში ეპიდვითარება რთულდება. დაგვიანებული შეზღუდვებისა და რეგულაციების არაეფექტური კონტროლის გამო, კორონავირუსს ყოველდღიურად ათობით ადამიანი ეწირება, ათასობით ინფიცირდება. ხელისუფლებას კი არც საწოლფონდი და არც სამედიცინო მუშაკების რაოდენობა ჰყოფნის.

პარალელურად, ქვეყანა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. ეს კიდევ ერთი დიდი გამოწვევა იქნება შეზღუდული სამედიცინო რესურსისა და მომძლავრებული ანტივაქსერული განწყობების ფონზე.

არსებულ რეალობას და მოსალოდნელ რისკებს თითქოს ვერ ხედავს ხელისუფლება. ერთი მხრივ, შეზღუდვებს აწესებს, კრძალავს მუნიციპალურ ტრანსპორტს და ამით ყველაზე ღარიბ სოციალურ ფენას დამატებით ფინანსურ ტვირთს აკისრებს. მეორე მხრივ კი არ ერიდება მის მიერვე დაწესებული რეგულაციების დარღვევას და ხალხმრავალ შეკრებებში მონაწილეობას. შედეგად, მოქალაქეები ყველგან პირბადის გარეშე დადიან. პოლიცია კი უმოქმედოა. რა საჭიროა რეგულაცია, თუ ის არ გაკონტროლდება და სასიკეთო შედეგს არ გამოიღებს?! არადა, ქვეყანა ფაქტობრივად, ომშია უხილავ მტერთან, თავდაცვის სტრატეგიის გარეშე. ოქტომბერში არჩევნებია - ამომრჩევლების უდიდესი დანაკარგით.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.