ჩემი ოთახიდან შემოსასვლელამდე ცხრა ნაბიჯია,
შემოსასვლელიდან სასტუმრომდე ათი. სასტუმროდან სამზარეულომდე შვიდი.
ეს კოვიდინფიცირების 14 დღეში ,,აღმოვაჩინე".
შემდეგ უფრო დეტალურად შევისწავლე ჩემი ოთახის შპალერი და მასზე ორნამენტების განლაგება, ჭაღზე ბროლის ბურთულების რაოდენობა, იატაკის მხატვრობა.
თუმცა, ზუსტად ამავე ახალი ამბებიდან ყურმოკრული, შემაძრწუნებელი
მონაკვეთები მრჩება ტვინში და შუაღამით მიღიტინებს. მიჩნდება ათასობით
ეჭვი, რომელიც ბუზს წარმატებით აქცევს სპილოდ და სუნთქვაც მიძნელდება.
პანიკურად ვისინჯავ სიცხეს და თუ ტემპერატურა არ მაქვს, კიდევ ერთხელ
ვისინჯავ.
ყველაზე მეტად მაინც ნათხოვარი პულსოქსიმეტრი მამშვიდებს. ხელისგულზე
პატარა, ღილაკიანი აპარატი 99-ს მამცნობს, საკმარისზე მეტად
მომეწოდება ჟანგბადი. რამდენიმე საათი მშვიდად ვარ, მაგრამ მორიგი
ახალი ამბების შემდეგ, ყველაფერი თავიდან იწყება.
კორონამ ახალი ფობიები მომიტანა, რომელიც ისე შემეჩვია, მგონია მათთან
ერთად დავიბადე.
ყველაზე დიდი გამოწვევა თვითდეზინფექციაა. ხელების დაბანის პანიკური
სურვილი ნამდვილი კანის ტკივილია.
ოჯახში ორი მცირეწლოვანი მყავს და კიდევ ორი ზრდასრული. არაფრით მინდა
მათ კოვიდი გადავდო. ამიტომ, სამზარეულოსა და საპირფარეშოში გასვლას
წინ სამოქმედო სტრატეგია უძღვის. ჯერ ოთახის კარიდან ვიჭყიტები და თუ
რომელიმე დერეფანშია, უკან ვიხევ. თუ ჰორიზონტზე არავინ ჩანს,
პირბადით და ხელთათმანებით შეიარაღებული ვიწყებ გასვლას. ამ
დროს არ ვახველებ, სახელურს იდაყვით ვწევ, ვცდილობ არაფერს შევეხო.
ხოლო რასაც შევეხები იქვე ვწმენდ. ორჯერ. იგივე გზით და რიტუალებით,
დაღლილი ვბრუნდები ოთახში.
ვჯდები და ვხვდები, რომ ვერა ვარ კარგად. ვეძებ ნაცნობი ფსიქოლოგის
ტელეფონს. ვერ ვუკავშირდები. არ სცალია. ჩემზე რთული შემთხვევებიც
აქვს, ალბათ, აი, საგნები რომ გიწყებენ ლაპარაკს, იმ
სტადიის.
საკუთარ თავზე მეტს ვერაფერს დავწერ, სამაგიეროდ ისევ ხელებს დავიბან
და მოგიყვებით კორონავირუსისგან „საჩუქრად" დატოვებულ სტრესზე და
ფობიებზე, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში, ზედოზირებით მიეწოდა მთელ
პლანეტას.
ახალი კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ერთი ტიპის შიშს - ფიზიკური და
ფსიქიკური ჯანმრთელობის დაზიანების რისკს დაუქვემდებარა.
ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ოქსფორდის ჯანდაცვის
ბიოსამედიცინო კვლევითი ცენტრის (NIHR) კვლევებმა აჩვენა,
რომ COVID-19 დიაგნოზის მქონე ყოველ მეხუთე პაციენტს
აღენიშნება სხვადასხვა სახის ფსიქიკური ჯანმერთელობის პრობლემა, -
შფოთვა, დეპრესია, უძილობა.
საქართველოში, კორონავირუსის დიაგნოზის გარეშეც უჩივიან პანდემიის
გავლენას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ასეა ქუთაისელი ნინოს
შემთხვევაშიც.
"გაქვს ჩიხის განცდა, მაგრამ ეს მხოლოდ წარმოდგენა არაა, რეალურად ჩიხში ხარ, გასაქცევი არსადაა და ამ პლანეტის იქით გზა არ არის. კარანტინში მარტო რჩები და შენი მარტოობა ფაქტია. შეიძლება სამსახური დაკარგო და არც ესაა ირაციონალური წარმოსახვის ნაყოფი, ესეც ნამდვილად ხდება შენს თავს. მერე, რეალური თუ წარმოსახვითი შიშები გროვდება და ბევრი მიზეზი გიჩნდება ცუდად ყოფნისთვის."
პანდემიის პირობებში, სხვა დროს საკმაოდ მყარი ფსიქიკის მქონე
დათოსთვისაც ბურუსით შეიმოსა აწყმო და მომავალი. ეს მისთვის დღემდე
შფოთვისა და უძილობის საბაბია.
"მთავარი შიში
დასაწყისში იყო,
მიუხედავად
იმისა, რომ
მაშინ სულ 20
ადამიანი დაინფიცირდა
საქართველოში.
გარემო და სხვა
ქვეყნებში მიმდინარე
დრამატული შემთხვევები
ძალიან მძაბავდა.
ეს დამთრგუნველი
განცდა, რომ
ყველგან შეიძლება
იყოს ვირუსი
ცხოვრებას
მიმწარებდა,
სტრესებს,
ფობიებს
მიჩენდა".
სტრესი გამოვლინდა ქცევითი დარღვევის ფორმითაც. ამის მახასიათებელია
ხელების პანიკური დაბანა.
"ხელებს
ვიბან მგონი
ყოველ 10
წუთში, თუკი
ამის საშუალება
მაქვს, ან
სადეზინფექციოს
ვისხამ. კანი
უკვე ძალიან
გაღიზიანებული
მაქვს, მაგრამ
ასე მგონია,
ამას ვერასდროს
შევწყვეტ და
ხელის
პერმანენტული
დაბანის გარეშე
რაღაც
დამემართება. ეს
თითქოს ჩემი
ფარია", – ასე აღწერს გოგი საკუთარ
კოვიდგამოცდილებას.
კორონა ფსიქიკაზე ზემოქმედებას აგრძელებს მაშინაც, როდესაც ადამიანის
ორგანიზმიდან გადის. ტოვებს დაძაბულობით და სტრესით გაჩენილ
კვალს.
"მინდა დამავიწყდეს
და არასდროს
გავიხსენო", – ჰყვება კორონასთან
ბრძოლით დაღლილი მარინე, რომელმაც დაავადება მძიმედ
გადაიტანა.
როგორც აღმოჩნდა, მსუბუქად არც ე.წ. უსიმპტომო პაციენტები გრძნობენ
თავს.
"სუნთქვის გაძნელება
მქონდა, თუმცა
ამას არ გააჩნდა
არანაირი ობიექტური
მიზეზი.
კვლევებმაც არაფერი
აჩვენა. არც
ანთება, არც
სატურაციის (სისხლში ჟანგბადის შემცველობა)
პრობლემა.
რეალურად უსიმპტომო
კოვიდდადებითი
ვიყავი, მაგრამ
ნამდვილად მქონდა
ჯანმრთელობის გაუარესების
შეგრძნება.
ალბათ, სადღაც
გონებაში ჩარჩა
ის ინფორმაცია,
რომ კოვიდს
ახლავს სუნთქვის
გაძნელება და
ჩემი ორგანიზმიც
აჰყვა ამ
ინფორმაციას.
კოვიდის
შემდეგაც, უკვე
ერთი თვეა გასული
და ემოცია ვერ
მოვიშორე.
დროდადრო ისევ
მაქვს პრობლემა
სუნთქვაზე", - ეს უკვე მაიას
კოვიდგამოცდილებაა.
განსხვავებული სიმპტომებისა, თუ ემოციების მიუხედავად, ყველა ყოფილ
კოვიდპაციენტს ერთი სურვილი აქვს – ეს ვირუსი და მასთან დაკავშირებული
ემოციები საერთოდ გაქრეს მეხსიერებიდან.
"ვფიქრობდი ჩემი
კორონაისტორია ფოტოამბებით
მომეყოლა, მაგრამ
არა, არასდროს
მინდა
გავიხსენო", - ჰყვება
ქრისტინე.
პანდემიით გამოწვეული შიში და მისი ნეგატიური გავლენა რომ დიდ
მასშტაბებს შეიძენდა და ნაირგვარი ფორმით გამოვლინდებოდა, პანდემიის
დასაწყისშივე ხვდებოდნენ სპეციალისტები.
"ცხადი
იყო, რომ
პანდემია უარყოფით
გავლენას მოახდენდა
ცალკეულ ინდივიდზე
და
საზოგადოებაზე.
პროგნოზირება რთული
არ იყო.
მართალია ამის
მწირი, მაგრამ
სხვადასხვა ეპიდემიების
დროს დაგროვებული
გარკვეული გამოცდილება
არსებობდა. შიში
და შფოთვა ახალი
დაავადების მიმართ
და ფიქრი
იმაზე, რა
შეიძლება მოხდეს
მომავალში, ხდება
ყოვლისმომცველი და
ძლიერი ემოციების
გამომწვევი,
როგორც
მოზრდილებში, ისე
ბავშვებში", – ამბობს ფსიქიატრი
ნინო ოკრიბელაშვილი.
პროფესორი საუბრობს დოქტორ ელკე ვან ჰოფმანის
"წინასწარმეტყველებაზეც". მან აპრილში ივარაუდა, რომ სტრესით
გამოწვეული "მეორადი პანდემია" მთელ პლანეტას მოიცავს.
"მთელ მსოფლიოში,
2,6 მილიარდი ადამიანი
სხვადასხვა ხარისხით
დატუსაღებული
აღმოჩნდა, ჩვენ
უდიდეს ფსიქოლოგიურ
ექსპერიმენტს ვატარებთ.
2020 წლის მეორე
ნახევარში ეს
გამოიწვევს გადაწვის
მეორად
პანდემიას,
ეპიდემიას,
სტრესთან დაკავშირებული
პრობლემის გამო
სამსახურის და
სასწავლო პროცესის
ძალიან დიდ
ჩავარდნებს. დღეს
განხორციელებულ აქტივობებს
შუეძლია შეამციროს
კოვიდის იზოლაციის
ტოქსიკური
მოქმედებები".
საზოგადოებაში სტრესების შემცირებას ცდილობს ფსიქო-სოციალური
დახმარების ცენტრი "ნდობა". ცენტრის ცხელ ხაზზე, განსაკუთრებით,
კორონას პირველი ტალღის დროს რეკავდნენ. ბევრი ზარი შედის
დღესაც.
საზოგადოებაში შიშის და სტრესების სიმძაფრის სტადიებში სპეციალისტები
პრე-კოვიდურ ხანას გამოარჩევენ. ისინი გართულებებს ელიან პოსტ –
კოვიდურ პერიოდშიც.
"დეპრესიულობა პირველ
პერიოდში უფრო
მეტი იყო.
ახლა შეიძლება
ითქვას, ბრძოლაში
ვართ ჩართულები
და ლოქდაუნიც რომ
დაემთხვა, სხვა
პრობლემებით ვართ
დაკავებული. როცა
ჩნდება ჯანმრთელობის
პრობლემა, ვეძებთ
ადგილს,
სამკურნალო
საშუალებებს...
ფსიქიკური პრობლემა
ცოტა ხნის შემდეგ
მოდის. ამიტომ
მომავალში მოსალოდნელია
ფსიქიკური ჯანმრთელობის
პრობლემების
მომატება", - მიაჩნია
ფსიქო-სოციალოური ცენტრ "ნდობის" ფსიქოლოგ ნანა
აღაპიშვილს.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მომატებასთან ერთად, შეიძლება
გაიზარდოს კოვიდით დაინფიცირების რისკ-ჯგუფის სიაც.
ამის თქმის საფუძველს იძლევა კვლევა, რომელიც ოქსფორდის
უნივერსიტეტისა და ოქსფორდის კვლევით ცენტრ NIHR-ში ჩაატარეს.
სპეციალისტებმა აშშ-ს ჯანდაცვის 70 მილიონამდე ჩანაწერი შეისწავლეს,
რომელიც ასევე მოიცავდა 62 ათასზე მეტი პაციენტის ისტორიას, ვისაც
ჰოსპიტალიზაცია და სასწრაფო დახმარება არ დასჭირვებია. კორონავირუსით
დაავადებიდან 14-90 დღეში გამოკვლეულთა 18.1%-ს ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემა გამოუვლინდა, მათ შორის 5.8%-სთვის ეს
პირველადი დიაგნოზი იყო.
კვლევის შედეგების თანახმად, 65%-ით მეტია ალბათობა, რომ
კორონავირუსით დაავადდნენ ის პირები, რომლებსაც ადრეც ჰქონდათ
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, ვიდრე ისინი, ვისაც მსგავსი
დიაგნოზი არ ჰქონია.
ხსენებული მიზეზის გამო, NIHR-ის მკვლევარების აზრით, ფსიქიკური
დაავადება უნდა დაემატოს COVID-19-ის რისკ-ფაქტორებს, ანუ
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები უნდა ჩაითვალონ რისკ
ჯგუფად.
მძიმე სტატისტიკაზე მიუთითებს ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი.
პანდემიის პერიოდში, აშშ-ში ყოველ მესამე ადამიანს აღენიშნებოდა
შფოთვითი აშლილობა ან დეპრესია. წინა წლებში მსგავსი პრობლემები
მხოლოდ ათიდან ერთ ამერიკელს ჰქონდა.
პანდემიის პირობებში პაციენტების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა
შეისწავლეს საქართველოშიც.
ფონდმა „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი", ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტმა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 25 მაისიდან 25 ივნისამდე ჩაატარეს
ეპიდემიოლოგიური კვლევა. 18 წლის და ზევით ასაკობრივი ჯგუფის
ადამიანთა გამოკითხვით შეისწავლეს პანდემიის გავლენა მოსახლეობის
ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
ონლაინ კვლევაში ჩაერთო 2000-ზე მეტი რესპონდენტი.
გამოიკვეთა არც თუ მსუბუქი სურათი, რომელმაც საქართველოშიც აჩვენა
პანდემიასთან დაკავშირებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების
გავრცელების მაღალი დონე.
უცხოელი თუ ადგილობრივი სპეციალისტების პროგნოზების მიუხედავად, იზოლაციის ტოქსიკური მოქმედებების რაიმე სახის აქტივობებით შემცირებას არ გეგმავს საქართველოს მთავრობა. ყოველ შემთხვევაში, ამას არ აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო, სადაც არ არსებობს არანაირი ცხელი ხაზი, ან რაიმე ტიპის სერვისი, რომელიც კოვიდპაციენტებს, ან პანდემიით დასტრესილ ადამიანებს ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევდა.
,,მსგავს სიტუაციაზე
რეაგირების ცხელი
ხაზი სამინისტროში
არ მოქმედებს", –
გვეუბნებიან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.
სახელმწიფო ვერ აფასებს საფრთხეს, რასაც ვირუსი ფსიქიკურ ჯანმრთელობას
უქმნის და კოვიდთან ბრძოლის ერთ-ერთ ფრონტზე საზოგადოებას სრულიად
დაუცველს ტოვებს.
"სახელმწიფომ ნამდვილად
გაცილებით მაღალი
ყურადღება უნდა
მიაქციოს მოსახლეობის
ფსიქიკურ ჯანმრთელობას
- ეს
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
ნაწილია და
ზრუნვის საგანი,
რადგან ფსიქიკური
ჯანმრთელობის და
ფსიქოსოციალური დახმარების
სერვისების გარეშე
ვერ მოხდება
პანდემიის ზემოქმედების
და საფრთხის
შემცირება.
სამწუხაროდ,
ჯერჯერობით მსგავსი
სამსახურები არ
გვაქვს", - ამბობს კვლევის
,,COVID-19 და ფსიქიკური ჯანმრთელობა საქართველოში" ერთ -ერთი ავტორი
ნინო მახაშვილი.
ფსიქოლოგი პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე მიუთითებს მისი
აზრით, თუნდაც სტრესის მართვის ტექნიკის თაობაზე მოსახლეობის
ინფორმირება მათ ნაკლებად მოწყვლადს გახდიდა.
"21-ე საუკუნე
პრევენციის საუკუნეა
და დროა
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
სფეროში საქართველოც
შეუერთდეს ამ
მიდგომას".
ნინო მახაშვილს ხმას უერთებენ სხვა ფსიქოლოგები და ფსიქიატრები,
რომლებთანაც პაციენტების მიმართვიანობამ მკვეთრად იმატა.
"ძირითადად შიში
აწუხებს ხალხს.
შედარებით იშვიათად
ჩამოყალიბებული,
გამოკვეთილი
ნევროზები.
წარმოსახვითი,
ფსიქოსომატური ტკივილები
გავრცელდა კიდევ
და ვატყობ
პირდაპირ მიბმულია
კოვიდის
სიმპტომატიკასთან.
ეჩვენებათ, რომ
სტკივათ ის,
რაც წესით,
კორონავირუსის გამო
უნდა სტკიოდეთ.
მაგალითად,
ყელი, ან
ზოგჯერ
გრძნობენ,`როგორ
დაიძრა თრომბი“,
- ამბობს ფსიქოლოგი დავით ფორჩხიძე.
საქართველოში დაძაბულობას და სტრესს აძლიერებს დაუცველობის განცდა და
კოვიდის მართვის ნეგატიური მაგალითები. ახალი ამბები სასუნთქი
აპარატების ნაკლებობის, საავადმყოფოების გადატვირთვისა და მედიკოსთა რესურსის
სიმწირის შესახებ, არაერთ მოქალაქეს აგდებს
პანიკაში. "როცა
გყავს პასუხისმგებლიანი
ხელისუფლება, ისე
არ გეშინია.
მაგრამ საქართველოში
სასწრაფო ვერ
მოდის, დაქცეულია
ჯანდაცვის სისტემა
და პრობლემასაც
არ აღიარებენ,
ეს კი ზრდის
სტრესს", - ამბობს ქუთაისელი კოტე
რატიანი, რომელიც პრობლემის არაღიარების მძიმე შედეგებს
პოსტ-პანდემიურ პერიოდში ელოდება.
"დღეს ადამიანები
გადარჩენით არიან
დაკავებული, მერე
დადგება სხვა,
შეიძლება უფრო
მძიმე
პრობლემები,
სოციალური, ან
პოსტ-ტრავმული.
გამოვძვრებით.
მაგრამ
პოსტ-პანდემია
იქნება საშინლად
სტრესული.
დასავლეთში უჭირთ
ამ პრობლემასთან
გამკლავება.
ჩვენთან,
ალბათ, კიდევ
უფრო რთული
იქნება."
სპეციალისტები სტრესების ერთ-ერთ მთავარ "გადამტანად" და
გამავრცელებლად მედიას და სოციალურ მედიას მიიჩნევენ.
"რა უნდა
ვქნათ პრობლემების
შესამცირებლად?
სახლში საინფორმაციო
არხები გავთიშოთ
და მსუბუქი
წიგნები ვიკითხოთ
ლამაზი მუსიკის
ფონზე. ხუმრობას
ჰგავს, მაგრამ
საერთოდ არ
ვხუმრობ", - ამბობს დათო
ფორჩხიძე.
ფსიქოლოგი პრობლემას ორ კატეგორიად ჰყოფს, პრობლემა, რომელთან
დაკავშირებითაც შეიძლება რაიმე იღონო, და პრობლემა, რომელსაც ვერაფერს
მოუხერხებ.
რასაც ვერაფერს უხერხებ იმ პრობლემიდან ყურადღება სხვაგან გადაგვაქვს
- ვირუსიდან წიგნზე, მუსიკაზე, ფილმზე.
პანდემიით გადაღლილი ადამიანების ყურადღების გადასატანად რჩევების
ჩამონათვალს ადგენს პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი.
კორონა რომ ნერვების ომია, მხოლოდ ფიგურალური გამოთქმა არ არის.
პანდემიის დროს ადამიანს ერთ ომში ბევრ ფრონტზე უწევს ბრძოლა. თუმცა
ამ ბრძოლაში მოკავშირედ უმეტესად მხოლოდ საკუთარი თავი რჩება. ამიტომ,
სპეციალისტების რჩევაა, მოვუხმოთ ყველა სასიკეთო ემოციასა და
ინფორმაციას, რაც აქამდე დაგვიგროვდა. მივმართოთ საკუთარი პიროვნების
ყველაზე პოზიტიურ და ნათელ მხარეს.
"როდესაც შფოთვა
მოდის
მნიშვნელოვანია,
რომ ადამიანმა
შეაჩეროს ფიქრი,
დაიწყოს სწორი
სუნთქვა ანუ
გადაიტანოს აზრი
სხვა რამეზე,
შემდეგ ინტროსპექცია
გააკეთოს, ანუ
მოაწესრიგოს ურთიერთობები
საკუთარ თავთან,
იპოვოს საკუთარ
თავში აი,
ის დადებითი,
რომელიც მას აქვს
და რომელიც
შეიძლება ითქვას,
სადღაც დაკარგულიც
არის ამ
აჩქარებულ
ყოფაში. ყველა
ადამიანთან მიმართებაში
მუშაობს ეს.
პანდემიის პირობებში
ურთიერთობის მოგვარება
აუცილებელია როგორც
საკუთარ თავთან,
ასევე ყველა სხვა
ადამიანთან,
რომელიც ჩვენს
ირგვლივ არის", -
ამბობს ნინო ოკრიბელაშვილი.
თუკი ოქსფორდის კვლევები ზუსტია, მაშინ სტრესი და შიში ორგანიზმს
მოწყვლადს ხდის და ვირუსის სამიზნედ აქცევს, ამიტომ C და D ვიტამინთან
ერთად, მნიშვნელოვანია განწყობის შექმნა.
ამით გადარჩება ფსიქიკა იმ მოულოდნელი "ექსპერიმენტის" მძიმე
შედეგებისგან, რომლის წინაშეც ყველა ერთად დავდექით.
და ვიდრე ძალებს ვიკრებთ, სახელმწიფო პასუხისმებლობის არსში ერკვევა,
სანამ ვაქცინა ჩვენამდე მოაღწევს, შეგვიძლია თავი ასტრონავტ კარლ
სეიგანის სიტყვებით ვინუგეშოთ.
"სიცოცხლე იმარჯვებს
სიკვდილზე,
მეცნიერებისთვის ჯერ
კიდევ უცნობი
მეთოდით".
მასალის გამოყენების პირობები