სკოლა VS COVID-19 და სახელმწიფო „გაქცევის“ რეჟიმში
21:33 / 01.10.2020
კორონავირუსი
არაპროგნიზირებადია.რა შეიძლება იყოს კორონავირუსზე
უფრო არაპროგნოიზირებადი?
ალბათ,
საქართველოს უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები, რომელმაც
სწავლის დაწყების თარიღი და ფორმა, ბოლო ერთ თვეში, სამჯერ
შეცვალა.
ამას ემატება
1 ოქტომბრამდე ერთი დღით ადრე სკოლაში მისული შეტყობინება
სწავლის ფორმის არჩევითობასთან დაკავშირებით. გაირკვა, რომ I-VI
კლასების მოსწავლეებს და მათ მშობლებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ,
იარონ სკოლაში თუ სწავლა ონლაინ გააგრძელონ.
გაირკვა, რომ
მასწავლებლებიც დაბნეულები არიან, - არ იციან, როგორ უნდა
გაუმკლავდნენ ერთდროულად საკლასო ოთახში და ონლაინ კლასში სწავლებას,
რა სქემა იმუშავებს და როგორ.
გაირკვა
ისიც, რომ სამთვიანიდიდი სამზადისის შემდეგ, 1
ოქტომბერს, სწავლის საკლასო ოთახებში დაწყებას საქართველოს დიდ
ქალაქებში, მათ შორის ქუთაისში, სკოლები ერთგვარად მოუმზადებლები
შეხვდნენ. ისევ მთავრობის არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებების
გამო.
მაშინ, როცა ქვეყანაში მასწავლებლების დეფიციტია, ზეგანაკვეთური
დატვირთვით მუშაობა აკრძალული – ხელისუფლება პედაგოგებს ერთდროულად
ონლაინ და საკლასო ოთახებში სწავლებას ავალებს.ფაქტი დიდ ვნებათაღელვასიწვევს, მაგრამ მიუხედავად ამისა,
,,ქუთაისიპოსტს“ მასწავლებლების ნაწილი ანონიმურად ესაუბრება.
,,ხელისუფლებამ იმისთვის მოგვამზადა, რომ
უმცროსკლასელებისთვის სკოლაში გვესწავლებინა და უფროსკლასელებისთვის
ონლაინ. ახლა, ბოლო 24 საათში გაგვიმხილეს, რომ სწავლების ფორმა
უმცროსკლასელებისთვისაც არჩევითიაო. ვერაფერზე ჩამოყალიბდნენ და ჩვენც
გაურკვევლობაში ვართ, როგორ უნდა მოხერხდეს, ერთმა მასწავლებელმა,
ერთდროულად ასწავლოს საკლასო ოთახშიც და ონლაინ?
“.
ირკვევა, რომ სკოლის დირექტორების ნაწილს სამინისტროს ბრძანება 1
ოქტომბერსაც არ ჰქონდა მიღებული.სკოლების ნაწილში კი იციან, როგორ უნდა
იმოქმედონ.
„ჩვენ გვითხრეს, რომ საკლასო ოთახში გაკვეთილზე ჩავრთავთ კომპიუტერს
და ვინც ონლაინ სწავლებას გადაწყვეტს ამ ფორმით
ჩაებმება საგაკვეთილო პროცესში",
–ამბობს N23 სკოლის
პედაგოგი, მარი ჩიტაიშვილი.
პედაგოგის ინფორმაციით, ბავშვების უმრავლესობამ უკვე გამოხატა სკოლის
სივრცეში სწავლის სურვილი. მასწავლებლებს ახლა ესღა აიმედებთ.
სკოლების ნაწილში არ არის გამართული ინტერნეტი და არ არსებობს
შესაბამისი ტექნიკა გაკვეთილის ჩაწერისთვის ან პირდაპირი
ჩართვისთვის.
დაზუსტებით მეტი ჯერ არავინ არაფერი იცის. მასწავლებელს თუ მოსწავლეს
არაპროგნოზირებადი ვითარება და გადაწყვეტილებები
აშინებთ.
ხელისუფლებამ მოსწავლეებიც, ბუნდოვანი ლოგიკით,
ორად გაყო და რეალურ სივრცეში განათლების მიღების შესაძლებლობა
მხოლოდ ნაწილს მისცა. ამის გამო, არაერთი მოზარდია
სტრესში, რომლებსაც სწავლების სრულფასოვანი სერვისი ვერ
მიეწოდება.
მეათეკლასელ კესოს ქუთაისიდან იმედები
გაუცრუვდა. ის მთელი ზაფხული ელოდა, რომ სწავლა საკლასო ოთახებში
განახლდებოდა. სახელმწიფოს გადაწყვეტილებამ ონლაინრეჟიმში სწავლის
გაგრძელებაზე, გაუნელა ენთუზიაზმი.
„ძალიან
მინდოდა რომ სწავლა სკოლაში გამეგრძელებინა და მეგონა ასეც იქნებოდა.
იმდენს ლაპარაკობდნენ და ისე ემზადებოდნენ... ძალიან დამწყდა გული,
რომ ისევ ონლაინ მოგვიწევს სწავლა, რაც, სხვა თუ არაფერი, ძალიან
მოუხერხებელია“.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც
სახელმწიფომ გადაწყვეტილება შეცვალა და დაანონსებულის ნაცვლად,
საპირისპირო ფაქტის წინაშე დააყენა სკოლები და
მოსწავლეები.
15 სექტემბერს სკოლის კარი
საქართველოს მოსწავლეთა ნაწილისთვის
გაიხსნა
სამი თვე მოსამზადებლად და
ხელისუფლების შედეგი
ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან
დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებისთვის“ დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს
განათლების სამინისტრო მთელი ზაფხული ემზადებოდა 15 სექტემბერს
სწავლის დასაწყებად.
სასწავლო წელს რომ მზად დახვედროდნენ, ქუთაისში
სკოლათა ნაწილი თითქმის „ყაზარმულ“ რეჟიმზე გადავიდა. მოწესრიგდა
საჯარო სკოლების შენობები, მომარაგდა სადეზინფექციო ხსნარებით,
გამოიყო საიზოლაციო და ჰიგიენური საშუალებების სასაწყობე ოთახები.
გაიკრა საინფორმაციო ბანერები, დარიგდა თერმოსკრინინგის აპარატები,
მოინიშნა დისტანციები დერეფნებსა თუ საკლასო ოთახებში. გამოიყო
პირები, ვინც უშუალოდ აგებს პასუხს დეზინფექციაზე, ბავშვებს შორის
დისტანციის დაცვაზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, სადეზინფექციო
საშულებების მარაგებზე.
თითქმის სამთვიანი მზადების მიუხედავად, სახელმწიფომ ჯერ ორჯერ
შეცვალა სწავლის დაწყების თარიღი და შემდეგ სწავლის
პირობები.
მთავრობამ 15 სექტემბერს მოსწავლეებისთვის სკოლის კარი მხოლოდ
მუნიციპალიტეტებისა და სოფლის სკოლებში გააღო. დიდი ქალაქები კი ისევ
ონლაინ სწავლების რეჟიმში დატოვა.
თერმოსკრინინგი სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლის
შესასვლელთან
პირველად სწავლის გადადების გადაწყვეტილება
პრემიერმა გიორგი გახარიამ ასე ახსნა:
„ეს დრო საჭიროა, რომ სწორად შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები.
ამისთვის გვჭირდება ორი კვირა და ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით
გადაწყვეტილებებს ბავშვებთან დაკავშირებით“.
იგივე აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილე
ეკა დგებუაძემაც მედიასთან გამართულ შეხვედრაზე:
„ის რომ სწავლა შენობაში განახლებულიყო,
ამის რისკი არ არსებობდა. აქ არის სხვა მიზეზი: ეპიდსიტუაციიდან
გამომდინარე, ის ადამიანები, რომლებიც ბრუნდებოდნენ ზღვისპირეთიდან და
არიან მაღალი რისკის მატარებლები, ეს იყო წინაპირობა, რომ ორი კვირის
განმავლობაში პრევენცია მოგვეხდინა და პრევენციის საფუძველზე, პირველ
ოქტომბერს გაგვეხსნა ყველა სკოლის საკლასო
ოთახი“.
საქართველოში 3201
სკოლაა
რა ხდება გახსნილ სკოლებში ?
ქუთაისის N 23 საჯარო სკოლაში 980 მოსწავლე სწავლობს.
დღეს, (1 ოქტომბერს) საკლასო ოთახებში მხოლოდ 450 მოსწავლე
მივიდა.
დანარჩენებისთვის სკოლა ისევ სახლში, კომპიუტერში, ან მობილურ
ტელეფონში დარჩა.
N23 სჯარო სკოლაში ბავშვების დასახვედრად დიდხანს
ემზადებოდნენ.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც მთლიანად ახალ პროტოკოლზეა
გადაწყობილი, ახალი წესები მოქმედებს:
სკოლის ეზოდან შენობამდე პირბადის ტარების აუცილებლობას არაერთი
სტიკერი შეგახსენებთ. შენობაში მოხვედრისთანავე დეზობარიერზე
გადაივლით. შემდეგ სიცხეს გაიზომავთ, ხელებს იქვე დადგმული
სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავებთ და მხოლოდ ამის შემდეგ მოგეცემათ
საშუალება შეხვიდეთ საკლასო ოთახებში, სადაც მერხები დისტანციის
დაცვითაა განლაგებული.
სკოლას მზად ჰყავს მომსახურე პერსონალიც,
რომლებმაც სველი წერტილების, საკლასო ოთახებისა და სკოლის საერთო
სარგებლობის ფართები, სანიტარული წესით, ყოველი დასვენების
შემდეგ უნდა დაასუფთავოს.
23-ე საჯარო სკოლის დირექტორი ნესტან სიხარულიძე
მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ დაწესებული ყველა მოთხოვნა შეასრულეს
და ამიტომ ახალ გამოწვევასაც გაუმკლავდებიან.
„ვითვალისწინებთ კონკრეტულ მითითებებს, რასაც
გვთავაზობენ. სკოლა მზად არის, რომ ვირუსთან ერთად ცხოვრებას
შევეჩვიოთ და ვიყოთ მაქსიმალურად ინფორმირებულები. მგონია რომ არ
დავიბნევით“.
ამ მზაობაზე მიუთითებდნენ შრომის ინსპექცია და სურსათის უვნებლობის
სამსახურებიც, რომლებიც აქტიურად ამოწმებდნენ სკოლებს.
9
სექტემბრის მონაცემებით, მათ 1500 სკოლიდან მხოლოდ 81 დაიწუნეს.
„დაწუნებულებს“ სიტუაციის გამოსასწორებლად ვადა პირველ ოქტომბრამდე
მისცეს.
რა ხარჯი
გაიღო კონკრეტულად ქუთაისმა სკოლების შერემონტებასა და ახალი სასწავლო
წლისთვის მომზადებაზე, ,,ქუთაისიპოსტმა“ მონაცემები ქუთაისის
მერიიდან გამოითხოვა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ ჩანს.
ექსპერტები სახელმწიფოს
დამაბნეველ კოვიდპოლიტიკაზე
განათლების სამინისტრომ მოინდომა. თუმცა სახელმწიფომ ეს მონდომება და
საკუთარი რეკომენდაციები საკმარისად არ მიიჩნია. სწავლა მაინც
გვიან და შერჩევითი პრინციპით დაიწყო.
სახელმწიფო ნაკლებად ენდობა სკოლებს და საკუთარ
რეკომენდაციებს, თუმცა ეჭვი არ შეაქვს წინასაარჩევნოდ
ხალხმრავალი შეკრებების უსაფრთხოებაში, მასშტაბური კამპანიის
წარმოების საჭიროებაში, როცა ბაგრატის ტაძრის ეზოში თუ ქალაქის
ცენტრში პარტიის მოზღვავებული ამომრჩევლები წესებსაც
უგულვებელყოფენ და ერთმანეთთან არც დისტანციას იცავენ. სწავლის
დაწყებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს პოლიტიკას დამაბნეველს უწოდებს
განათლების სპეციალისტი რევაზ აფხაზავა.
,,თანმიმდევრულობა და
ლოგიკა ძნელი გასაგებია იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვხვდებით რატომ
შეჩერდა არჩევანი სკოლაზე, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი დანარჩენი
ფუნქციონირებს მცირე გამონაკლისის გარდა. სკოლა, განსაკუთრებით
მაშინ, როდესაც ტექნიკურად აღიჭურვა ანტიკოვიდ მოწყობილობებით,
რეგულაციები შეიქმნა, რატომ გადაიდო სრულიად გაუგებარია. თანაც
გადაიდო დიდ ქალაქებში. მაგრამ დიდ ქალაქებში ჩვენ გვაქვს პატარა
სკოლებიც და მაგალითად, პატარა ქალაქებსა და სოფლებში გვაქვს დიდი
სკოლები. რატომ იყო ეს პრინციპი აღებული, გაუგებარია“.
სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს გააზრებული და
გათვლილი პანდემიით გამოწვეულ კრიზისებთან ბრძოლის სტრატეგია და
გამოსავალს მარტო ჩაკეტვაში ხედავს. ამაზე პოლიტიკოსი და პროფესიით
მასწავლებელი ამირან ძოწენიძე საუბრობს. მისი თქმით, სკოლები არც
მარტსა და აპრილში უნდა დაეხურათ, რადგან გარემოებები ამის
აუცილებლობას არ აჩენდა.
„თავის დროზე მე მგონი
შეცდომა იყო სკოლის გაჩერება, როცა 12 და 15 შემთხვევა გაქვს მთელ
ქვეყანაში, საზღვრები ჩაკეტილია, გადაადგილება შეზღუდული,
კომენდანტის საათი რომ გაქვს და დიდი ქალაქები ჩაკეტილი,
რა საჭიროა ამ სიტუაციაში ფარცხანაყანევის ორ საშუალო
სკოლაში სწავლის შეწყვეტა? ან მაგალითად, ცაგერში სწავლის გაჩერება,
ან ახმეტაში, ან წალკაში, სადაც საერთოდ არ დაფიქსირებულა
შემთხვევა. ასე, ერთ თარგზე მოჭრა მთელი ქვეყნის, შეცდომა
მგონია“.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის N 4 სკოლაში,
სადაც საგაკვეთილო პროცესი უკვე 15 სექტემბრიდან განახლდა,
სწავლება ყველა რეგულაციის დაცვით მიმდინარეობს.
სკოლაში 235 მოსწავლეა. ისინი ექვსთვიანი პაუზის
შემდეგ დაუბრუნდნენ სკოლას, სადაც შეცვლილი გარემო დახვდათ.
თერმოსკრინინგი და დეზობარიერები შენობის შესასვლელში, დისტანციისთვის
მონიშნული ადგილები სკოლის დერეფნებსა და საკლასო ოთახებში.
სადეზინფექციო ხსნარები კედლებზე და ბევრი საუბარი
უსაფრთხოებაზე.
სკოლის ეზო შედარებით თავისუფალი სივრცეა, თუმცა პანდემია აქაც
აღწევს, უკვე ბავშვების თამაშებში. „კოვიდობანა“, „კარანტინობანა“ –
ახალი რეალობის გასართობია.
სკოლის დირექტორმა არ ისურვა ესაუბრა ხარჯზე, რაც სკოლამ
კორონავირუსთან ბრძოლისთვის გაწია. „ქუთაისიპოსტმა“ განათლების
სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, რა დაუჯდა სახელმწიფოს
პანდემიის პირობებში სკოლების სასწავლო წლისთვის მომზადება.
საქართველოში არსებულ 3 201 საჯარო სკოლაზე 5 მილიონი ლარი
დაიხარჯა.
პრობლემა კერძო
სკოლებში
საჯარო სკოლებისგან განსხვავებით, ზუსტი
და დროული პასუხების არარსებობამ პრობლემის წინაშე დააყენა კერძო
სკოლები.
ქუთაისში კერძო სკოლა „პროგრესი“ 19 წელია არსებობს. ჰყავთ 700
მოსწავლეზე მეტი და აქვთ სწავლების დიდი გამოცდილება. მათ შორის,
ონლაინსწავლების მრავალწლიანი პრაქტიკა. მიუხედავად ამისა, მათი
მოსწავლეების მშობლების მოთხოვნა უშუალოდ კლასში სწავლებაზეა,
სადაც გამოიყენება სწავლის ის განსხვავებული მეთოდები, რითაც
მშობლები კერძო სკოლას საჯაროს ამჯობინებენ.
დღესდღეობით, დისტანციურმა სწავლებამ ეს
განსხვავება პრაქტიკულად გააქრო და კერძო სკოლებს კონტიგენტის
შემცირებით დაემუქრა.
,,პროგრესის“ აღმასრულებელ დირექტორს, ნათია კილაძეს მიაჩნია, რომ
ონლაინსწავლებამ წარმოქმნა დილემა პირველი საფეხურის
მოსწავლეებისთვის.
„მშობელი მუშაობს და ბავშვს ვერ დაუჯდება დისტანციური სწავლებისთვის,
საუბარია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებზე, ამიტომ მშობელი
გვეუბნება, რომ იძულებულია გაიყვანოს სკოლიდან და ძიძა დაუქირაოს.
ბავშვების გადინება დადებითად ნამდვილად არ აისახება კერძო
სკოლებზე“.
მართალია პირველი საფეხურის მოსწავლეებს სწავლის უფლება მიეცათ, თუმცა
ეს გადაწყვეტილება იმდენად გვიან მიიღეს, ზოგიერთმა მშობელმა დროულად
ვერ განსაზღვრა, როგორ მოქცეულიყო.
,,კერძო სკოლაში მინდოდა გადაყვანა, სწორედ იმიტომ რომ ბავშვს
სხვანაირად მიხედავდნენ და მე მშვიდად შემეძლო მუშაობა სამსახურში.
მაგრამ სწავლის გადადებამ და გაუგებრობამ, რა ფორმით გაგრძელდებოდა
სწავლა, ძალიან არია ჩემი გეგმები. ვერ გავიგე რა მექნა“, – გვიყვება
ერთ- ერთი მშობელი, რომელმაც ვინაობის დასახელება არ
ისურვა.
სახელმწიფოს მხრიდან განათლების სფეროში
მიღებული არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებები, როგორც განათლების
სპეციალისტი რევაზ აფხაზავა მიიჩნევს, ისევ სახელმწიფოს
დააზარალებს.
„კერძო სკოლებს ძალიან მნიშვნელოვნად
დაარტყა ამ საკითხმა. მშობელბსაც შემოსავალი შეუმცირდათ
ეკონომიკური პრობლემების გამო. ასეთი მშობლების დიდი ნაწილი
მაინც უკმაყოფილოა დისტანციურად ამ სერვისის მიღებაით და ვერ ხედავენ
უკვე განსხვავებას თუ რატომ უნდა ატარონ კერძო სკოლებში
ბავშვები და არა საჯაროში. კერძო სკოლებიდან საჯაროში მიგრაცია უკვე
დაიწყო და ეს ძალიან მნიშვნელოვნად დაარტყამს მთლიანად სისტემას.
კერძო სკოლები მნიშვნელოვან შენატანს აკეთებენ ზოგადად
განათლების სისტემაში. ამ შემთხვევაში კი შესაძლებელია სკოლები
გაკოტრდნენ და შეწყვიტონ საქმიანობა“.
ქუთაისში, სადაც ცხრა კერძო სკოლაა, კერძოდან საჯაროში აქტიური
მობილობა არ შეინიშნება. ყოველ შემთხვევაში, ამაზე მიუთითებს
განათლების ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია
ცქიტიშვილი.
„მობილობა ყოველთვის არის კერძოდან საჯაროში, ან პირიქით,
თუმცა ბოლო ერთი წლის განმავლობაში რაიმე განსაკუთრებული ტენდენცია არ
შეიმჩნევა არც ერთი მიმართულებით“.
თუმცა სწავლის ონლაინ გაგრძელების შემთხვევაში
გამორიცხული არ არის კერძოდან საჯარო სკოლებში მიგრაცია თვალსაჩინო
გახდეს.
„თუ ასეთ მდგომარეობაში ჩავაყენებთ
საჯარო განათლების სისტემას, ის ვერ აუვა იმ ნაკადს, რაც კერძო
სკოლებიდან წამოვა. განსაკუთრებით დიდ ქალაქებში იქნება
პრობლემა, სადაც ინფრასტრუქტურა ვერ უძლებს ამას და
რასაც ნაწილობრივ ინაწილებს კერძო სკოლები. ეს თუ ასე არ
მოხდება საჯარო სკოლები ვერ გაუძლებენ ამ დატვირთვას“, - ამბობს
რევაზ აფხაზავა.
ვიდრე სახელმწიფო კვლავ ბუნდოვანი და მომავალზე ნაკლებად გათვლილი
პოლიტიკით აგრძელებს განათლების სისტემის მართვას,
ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ჩართული ყველა მონაწილე
ზარალდება.
სწავლისა და სწავლების „მოუხერხებელ“ ფორმაზე მიუთითებს მასწავლებელი
ანიც (მისი თხოვნით სახელი შეცვლილია).
ცალ ხელში ცარცი და მეორეში კამერა, - ასე აღწერს ანი მის სამუშაო
დღეს სხვადასხვა კლასებთან. ის უკვე ათი წელია მათემატიკას ასწავლის.
თუმცა ცოდნის გადაცემაში ასეთ სირთულეს, რაც ონლაინსწავლების პერიოდში
დაინახა, ჯერ არ გადაწყდომია. იგი ონლაინრეჟიმში სწავლების
ჩრდილოვან მხარეზე ლაპარაკობს და ცოდნის ნორმალურად გადაცემის
პრაქტიკულად შეუძლებელ პროცესზე მიუთითებს.
„იქმნება ბევრი ტექნიკური პრობლემა, მაგალათად, წერ დაფაზე ნახევარი
კლასი გეუბნება რომ ხედავს, მეორე ნახევარი - რომ ვერა. ცდილობ
დაანახო, ატრიალებ კამერას, არაფერი გამოდის, ახლა პირველი ნახევარი
ვეღარ ხედავს. მაშინ გთხოვენ ფურცელზე დაწერო, მერე ფოტო
გადაუღო და მესენჯერში ჩაუგდო. მოკლედ, ათასი მანიპულაციის კეთება
გიწევს, რომ ყველა მოსწავლესთან მიხვიდე. ამასობაში გავიდა დრო და
დასრულდა გაკვეთილი. თანაც სწავლება რომ მარტო ინფორმაციის გადაცემა
არაა. კლასში ყოველ წუთში რაღაც ხდება, ეს ურთიერთობები მათ
სჭირდებათ. ამაში იზრდებიან, ყალიბდებიან“.
მასწავალებელი აღნიშნავს, რომ ვინც
ონლაისწავლების სრულფასოვან მხარეებზე საუბრობს,
ცრუობს.
„ვინც ამას იწონებს მხოლოდ ქულების დასაწერად ამბობს ამას.
მოსწავლის ინტერესებიდან არავინ გამოდის“.
რას ამბობს იუნისეფი და
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია?!
ქართული სახელმწიფოსგან განსხვავებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის
გენერალურმა დირექტორმა იცის, რა შედეგები მოაქვს
სკოლების დაკეტვას და სწავლის ონლაინრეჟიმში დატოვებას, ამიტომ
სკოლების დახურვას არ მიესალმება.
„სკოლების დახურვა უკიდურეს შემთხვევაში
და დროებით უნდა მოხდეს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა
ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სკოლები ადგილობრივად, მხოლოდ იმ ტერიტორიაზე უნდა
დაიხუროს, სადაც კორონავირუსის გავრცელება ინტენსიურია. იმ სკოლებში
კი, რომლებიც იხსნება, უსაფრთხოების დაცვაა პრიორიტეტი.
სკოლების დახურვის მავნე და მძიმე შედეგებზე
მიუთითებს UNICEF-იც.
სკოლების გლობალური დახურვა COVID-19-ის
პანდემიის საპასუხოდ, უპრეცენდენტო რისკს შეიცავს ბავშვების
განათლების, დაცვის და კეთილდღეობის კუთხით.
,,განათლების მომსახურების შეწყვეტას
ასევე სერიოზული, გრძელვადიანი ცუდი შედეგები მოაქვს ეკონომიკასა და
საზოგადოებებში, ზრდის უთანასწორობას, ამცირებს სოციალურ ერთობას და
მოაქვს ჯანმრთელობის პრობლემები,“ – აღნიშნავენ გაეროს
ბავშვთა ფონდში.
***
„დეტალურად ვაკვირდებით დინამიკას.
გამოცხადებული თარიღები შერჩეულია ადაპტაციის პროცესების ეტაპების
გათვალისწინებით. რაც შეეხება მე-7-მე12 კლასის მოსწავლეებს მათ
შესახებ ახლო მომავალში დამატებით გავაკეთებთ განცხადებას“,
-ამბობს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.
არადა, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიიდან თითქმის ერთი წლის
თავზე, მსოფლიომ პრაქტიკულად მხოლოდ ის გაარკვია, რომ მომავალში
ყველას კორონავირუსთან თანაცხოვრება მოუწევს.
თუმცა საქართველოს ხელისუფლება ახალ კორონარეალობასთან ადაპტირებაზე
თითქოს უარს ამბობს, მისგან დამალვის პოლიტიკას ენდობა და კონკრეტულ
ინსტიტუციებთან მიმართებაში, ვირუსიდან „გაქცევის“ რეჟიმში
რჩება.
სოლიდური დანახარჯის მიუხედავად, მთავრობა
ინფიცირების შემთხვევების მატების, ანუ, პირველი დაბრკოლების
წინაშე, უკან იხევს და განრიდების პოლიტიკას მიმართავს. ეს კი ზიანს
აყენებს განათლების სისტემას და ამ სფეროში ჩართულ ყველა
აქტორს.
ცნობისათვის, UNICEF-ის მიერ ერთი თვის წინ გამოქვეყნებული ანგარიშის
თანახმად, 51 ქვეყანაში 872 მილიონამდე ბავშვი, კორონავირუსის
პანდემიის გამო, დახურულ სკოლებში ჯერ არ დაბრუნებულა, აქედან 463
მილიონ ბავშვს ხელი არც დისტანციური სწავლის რომელიმე ფორმაზე
მიუწვდება.
ეს მონაცემები საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ შესაძლოა, სკოლების
დახურვამ იმაზე შორსმიმავალი და მძიმე კვალი დატოვოს მსოფლიოში, ვიდრე
კოვიდინფექციამ ადამიანის ორგანიზმში.
არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება.
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ
დაადგას მის მიწაზე ფეხი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები