მულტიმედია
პროფესია, როგორც მემკვიდრეობა და პანდემიას გადარჩენილი ბიზნესი
FaceBook
"ვარდი ყვავილების დედოფალია" –ასე ამბობს საქართველოში ყველაზე დიდი სანერგე მეურნეობის მფლობელი, 25 წლის ამბაკო ბრეგვაძე.

დედოფალს, რომელიც პრეტენზიული ხასიათით გამოირჩევა, განსაკუთრებულადაც უვლის. უკვე ათი წელია დეტალურად შეისწავლა მისი ხასიათი და გამოცდილებით იცის როდის რა სჭირდება. ახალგაზრდა აგრონომს ჭიათურის სოფელ ქვაციხეში  300–ზე მეტი სახეობის ვარდი აქვს და წელიწადში ათი ათასობით ძირს ამრავლებს. ეს მისი პროფესიაცაა და საყვარელი საქმეც. ამიტომაც ამბობს ასე თამამად უზარმაზარი სათბურის მეპატრონე, რომ ვარდის გამრავლება და მოვლა რთული არ არის. მაშინაც კი თუ 35 ათას ნერგთან არც თუ იშვიათად მარტო მუშაობს.

საოჯახო მეურნეობაში, ძირითადად, ოჯახის წევრები არიან ჩართული. პერიოდულად ჰყავს დამხმარეებიც, თუმცა, ყოველდღიურად მუშაობა მაინც უწევს. ფიზიკურ შრომასთან ერთად, ამბაკო პირადადაა პასუხისმგებელი ყველა ორგანიზატორულ საქმეზე. ვარდის მყნობიდან მის რეალიზაცია–პოპულარიზაციამდე ყველა დეტალზე თავად ზრუნავს.

პირველი გამოცდა, რის წინაშეც მისი საქმიანობა დადგა, პანდემიაა. კორონავირუსის გამო ჩაკეტილი ქალაქების პირობებში, ამბაკოს "ვარდის სახლი" ფაქტობრივად მომხმარებლის გარეშე დარჩა. მანაც ახალი რეალობა გამოწვევად მიიღო და ონლაინ შეკვეთებზე გადავიდა.

"თითქოს ხომ არ იყო პრობლემა და ადრეც ხელმისაწვდომი იყო ონლაინ სისტემა, მაგრამ ასე ორგანიზებულად მუშაობის დრო არ გვქონდა. პანდემიამ კი დააჩქარა ამ მეთოდზე გადასვლა. შევქმენით ჩვენი გვერდი "ვარდის სახლი", ყვავილების ალბომები, ფერების, ჯიშების და ფასების მითითებით. რადგან ამ ჩაკეტილობის გამო ყველას აღარ შეეძლო ადგილზე ჩამოსვლა, დავიწყეთ მიტანის სერვისიც. აღმოჩნდა, რომ ამან კიდევ უფრო გაგვიმარტივა საქმე. შეიძლება ითქვას, რომ პანდემიამ უფრო მეტი განვითარებისკენ მიბიძგა, რაც საბოლოო ჯამში სასარგებლო აღმოჩნდა",– ამბობს ამბაკო.


მამის მემკვიდრეობა

ორი წლის წინ იყო უფრო რთული, ცხოვრების მთავარი გამოცდა. ამბაკოს მამა, პროფესიით ლანდშაფტური არქიტექტორი, რომელმაც ვარდის მეურნეობა ჯერ კიდევ ამბაკოს დაბადებამდე შექმნა, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. ამბაკომ, რომელიც ცხოვრების და საქმის მთავარი მასწვალებლის გარეშე დარჩა, მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ მხრებზე იტვირთა. ახლა სიამაყით იხსენებს მამის მიერ დაპროექტებულ სივრცეებს, რომელთა ნაწილში წვლილი თავადაც მიუძღვის.

"მისთვის ერთ–ერთი საპასუხისმგებლო საქმე იყო სამების საკათედრო ტაძრის ეზოს ლანდშაფტური არქიტექტურის მოწყობა, რაღაც ნაწილი იქ ჩემი ვარდებიცაა, ასევე, პარლამენტის ეზო და ქუთაისის მერიის შენობის ტერიტორია"

ამბაკოსთვის საქმე იმ გამოცდილებამ გაამარტივა, რომელიც მამასთან ერთად, 10 წლის წინ ფეხდაფეხ მუშაობის დროს შეიძინა. ამბობს, რომ წლების გასვლის შემდეგ უკეთესად ესმის ის, რასაც მამა ეუბნებოდა და ასწავლიდა.

"სანერგეს გაკეთება მამამ 30 წლის წინ გადაწყვიტა. თავიდანვე ვარდების გამრავლება დაისახა მიზნად. მისი მოწოდებაც და პროფესიაც ის იყო, რომ შესაბამისი ლანდშაფტი შეექმნა ისეთ რთულ ადგილებში, სადაც ეს წარმოუდგენელი იყო. რომ წამოვიზარდე, რადგან მამას მისი პროფესიის გამო ხშირად უწევდა სათბურიდან გასვლა, მე ჩავიბარე ეს პროცესი, ვარდის გამრავლება, რეალიზაცია, გამოფენები, მასტერკლასები და ყველაფერი. მამას აღარ ჰქონდა შიში, რომ აქ საქმე გაფუჭდებოდა და თავისუფლად მიდიოდა თავის საქმეზე. ისეთი ადამიანი იყო, მისი ნათქვამიდან ბევრ რამეს ახლა ვხვდები და რაც დრო გავა, უფრო მეტს ვისწავლი, ალბათ".

წელს, სწორედ პანდემიის დროს, ამბაკომ მამასთან ერთად დაწყებული საქმე, ვარდის ადრეული გამრავლების საკითხში, რეალობად აქცია, რაც ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად მიაჩნია.

"წელს უკვე მოვახერხე და მამის დაწყებული საქმე დავასრულე. თუ სხვას ჯანსაღი ვარდის მისაღებად ორი წელი სჭირდება, მე ამას წელიწადზე ნაკლებ დროში ვაკეთებ და ეს მამაჩემის ცოდნის დამსახურებაა. მიხარია, რომ შევძელი და პრაქტიკაში განვახორციელე ის, რაზეც თერიოულად ვმსჯელობდით მე და მამა. სამწუხაროა, რომ ეს მის გარეშე მოხდა".




ვარდი, როგორც ყვავილების დედოფალი

"ვარდი ყვავილების დედოფალია. მისი გახარება საქართველოში არც ერთ ადგილზე არ არის პრობლემური. თუმცა, რა თქმა უნდა არსებობს კლიმატური ზონები. პირველი ზონაა დასავლეთ საქართველო, კერძოდ, სამტრედია და ქუთაისი, ბოლო კლიმატური ზონაა ხულო და რაჭის მაღალმთიანი რეგიონები. სამტრედიაში რომ მოასწრებს ვარდი წლის განმავლობაში შვიდჯერ და რვაჯერ ყვავილობას, სხვაგან ახერხებს სამჯერ ან ოთხჯერ. ჭიათურაში გამოკვლეული გვაქვს მხოლოდ ორი აყვავება", – ამბობს ამბაკო და სიამაყით ათვალიერებს საკუთარი ხელით გამოყვანილ ვარდებს.

მისთვის არაფერი, რაც ვარდს უკავშირდება, რთული არ არის. ამბობს, რომ თუ საქმე გესმის, ყველაფერი მარტივია.

"მამის შემდეგ რა თქმა უნდა, მომემატა პასუხისმგებლობა. ახლა ჩემს კისერზეა ყვავილებიც და მათი რეალიზაცია–პოპულარიზაცია. ბუნებრივია უფრო მეტი შრომა მიწევს, მაგრამ რთული არ არის, რადგან ჩემი საქმე მიყვარს. გარდა ამისა, როცა საქმე გესმის, მარტივია მისი გაკეთება".



გაზიარებული ცოდნა

ამბაკოს საბოლოო მიზანი, მამის მიზნებს ემთხვევა. უნდა, რომ ვარდი ყველა ადამიანის ეზოში ყვაოდეს. მისი სურვილები უტოპიად არ ეჩვენება. პირიქით, მუშაობს იმისთვის, რომ მიზანი რეალობად აქციოს.

"ახლა უკვე დავიწყე ცოდნის გაზიარება სხვისთვის, რომ მარტო მე არ ვიყო ამ საქმეში. შეიძლება იყოს 5 წლის ბავშვი, ან 60 წლის კაცი, არ აქვს მნიშვნელობა, ვისაც აინტერესებს ყველას ვასწავლი. არ არის აუცილებელი ყველამ ეს პროფესია იცოდეს, მაგრამ როცა საქართველოში ამდენი ტერიტორიაა აუთვისებელი, მინდა, რომ გამოიყენონ ადამიანებმა. ამიტომ ვატარებ მასტერკლასებს. გარდა ამისა, მომხმარებელი რომ მოდის და ყიდულობს, ჯერ ხომ უნდა ვასწავლო როგორ მოუაროს?! ჩვენ ასეთი ინოვაციაც დავნერგეთ – მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ვუგზავნით მათ, ვინც ჩვენგან ყიდულობს ვარდს და ვუხსნით როგორ უნდა მოუაროს, რატომ უნდა შეწამლოს და ა.შ. მგონი ერთადერთი კომპანია ვართ, რომელიც არა რეკლამირების, არამედ, ინფორმირების მიზნით უგზავნის მომხმარებელს შეტყობინებებს. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი არის ვარდის კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში. პირადად ჩემი სურვილი კი ის არის, რომ ყველას ჰქონდეს ეზოში ვარდი".

მასტერკლასებში ამბაკოს პანდემიაც დაეხმარა. ამბობს, რომ ადამიანებსაც მეტი დრო გამოუჩნდათ და ონლაინ სწავლებებში ჩაერთნენ. ეს მისთვისაც მოსახერხებელია. აღარც სათბურიდან გასვლა უწევს და თეორიულ ცოდნასაც მარტივად გადასცემს სხვებს.

ერთადერთი შეფერხება ახლა მისთვის გამოფენებია, რომელსაც პანდემიის გამო ვეღარ აწყობს. არადა, ამბაკომ სულ ახლახანს დაიწყო მისი მეურნეობის პოპულარიზაციაზე მუშაობა. თუ მანამდე მისი ყვავილები მაღაზიებში ისე იყიდებოდა, რომ არავინ იცოდა რეალურად რომელ კომპანიას ეკუთვნოდა, ამბაკომ გადაწყვიტა მამის დატოვებული მეურნეობა ბრენდად აქციოს და ყველას გააცნოს "ვარდების სახლი". ამის საუკეთესო საშუალება კი გამოფენა – გაყიდვა იყო, რომელიც ყოველ გაზაფხულზე იმართებოდა.

ახალგაზრდა აგრონომი ახლა იმედოვნებს, რომ 2021 წლის გაზაფხულზე კორონავირუსი უკვე აღარ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი და მამის მემკვიდრეობას ღირსეულად უპატრონებს.


"მოცემული კონტენტი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, IREX-ის მიერ განხორციელებული "საქართველოს მედია პარტნირობის პროგრამის" GMPP -ს მხარდაჭერით შეიქმნა. გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას."


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.