მულტიმედია
სახლი, როგორც კაფე - პანდემიის დროს დაწყებული ბიზნესი (ვიდეო)
FaceBook
ყველაფერი საყოველთაო კარჩაკეტილობის დროს დაიწყო.
მაშინ როცა, ყველამ სამუშაო ადგილი და საყვარელი საქმე დაკარგა. სახლებში გამოიკეტნენ და თითქოს არაფრის კეთების დროს დადგა. სწორედ ამ დროს, ზესტაფონის ავტობანიდან ზუსტად 900 მეტრში, სოფელ არგვეთაში, ჟორჟოლიანების ოჯახში ახალი სივრცე იქმნებოდა. სივრცე, რომელიც ახლა "ლია დეიდას კაფეს" სახელით არის ცნობილი.

კაფეში მისვლამდე მოკლე, მაგრამ ფერებითა და ემოცებით დატვირთული გზა უნდა გაიაროთ.

თავდაპირველად გხვდებათ გვირილებით მოხატული ჭიშკარი, ჭიშკრის იქით უბრალო, მშვიდი, სხვა სამყარო იშლება, სადაც ბევრი ფერადი ყვავილი, ქვებისგან მოწყობილი ჭა, ყვავილებით დატვირთული ორთვალა, ფერადი ჰამაკები და ჩიტების ფერადი სახლებია. ამ "ბაღნარში" დგას ორსართულიანი აგურის სახლი. მთავარი სიამოვნებისთვის სწორედ ამ სახლის დეზობარიერიან ზღურბლს უნდა გადააბიჯოთ.


ეზო

მოხატული იატაკი, ძველი კარადები, საკერავი მანქანები, როიალი, გიტარები, ღვინის ბოთლისგან დამზადებული ჭაღები, საბურავების საყვავილეები, ტულის ნაჭრისგან დამზადებული ფარდები და მაგიდის გადასაფარებლები, სახელდახელოდ შეჭედილი სავარძლები, მაგიდები, სკამები, სამოვარი, ბევრი წიგნი, სათამაშოები, ძველი ჩემოდნები, ფიროსმანი, მონალიზა, საათების, ქუდების და მოდილიანის კედლები - ასეთია სივრცე, რომელიც 100 კვადრატულ ბლოკის კედლებში ეტევა.

ეს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის გაურემონტებელი ნაწილი, რომელიც ახლა ვინტაჟურ გარემოს ქმნის,  "ლია დეიდას კაფეა".

აქ ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს, რომლის შექმნა ოჯახის დიასახლისმა 30 წლის წინ დაიწყო. ლია დეიდამ გადასაგდებად გამზადებულ ნივთებს ახალი სოცოცხლე მისცა. ოჯახის დიასახლისი ხან დურგალია, ხან მზარეული და ხანაც დიზაინერი. გააჩნია საჭიროებას.

"მთლიანად სახლი 400 კვადრატია, გარკვეული ნაწილი გავარემონტეთ, ნაწილისთვის თანხა არ გვეყო. ამიტომაც, დავიწყე ჩემებური მორთვა. მახსოვს, პირველად მოდილიანის კედელი გავაკეთე, ჩემმა დამ მაჩუქა კალენდარი, სადაც ეს სურათი იყო, ამოვჭერი და დავკიდე", - ამბობს ლია დეიდა.

თავისი ისტორია აქვს საცხოვრებელ სახლში კაფის მოწყობასაც. ამ ამბავში მთავარი "გმირი" არც მეტი არც ნაკლები პანდემიაა.

"გმირის" ირგვლივ გაჩნდა იდეები და შემდეგ გაჩნდნენ შემსრულებლებიც.

სახლის გაურემონტებელი ნაწილის კაფედ მოწყობის იდეა ლია დეიდას შვილს, გიორგის ეკუთვნის, რომელიც პანდემიამდე თბილისში, ერთ-ერთტურისტულ სააგენტოში მუშაობდა. კარანტინის დროს კი მშობლიურ სახლში მოუწია დაბრუნება. შემოსვლის გარეშე დარჩენილ ოჯახს რაღაც უნდა ეღონა. აღმოჩნდა, რომ ამისთვის სახლში ყველაფერი მზად იყო – ვინტაჟური სივრცე და ლია დეიდას უგემრიელესი კერძები.

"ვიფიქრე, რატომაც არ უნდა გვეცადა რაღაც ახალი, დედაჩემს ვუთხარი ჩემი იდეის შესახებ, მოეწონა და ზუსტად ორ დღეში ეს სივრცე იქცა კაფედ. პრინციპში, მხოლოდ მაგიდების შემოტანა დაგვჭირდა, სხვა ყველაფერი მზად იყო".

გიორგი "ლია დეიდას" კაფეს ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელია. იგი მისული სტუმრების მიღებაზე და მათ განწყობაზეა პაუხისმგებელი.

ამის გარდა, კაფისთვის სახელის შერჩევის პასუხიმგებლობაც გიორგის ერგო. ამბობს, რომ ამაში ტურისტულ სააგენტოში მიღებული გამოცდილება დაეხმარა.
სახელი უბრალო და ამავე დროს მენეჯმენტურად მომგებიანი უნდა ყოფილიყო. "ლია დეიდას კაფე" მოიფიქრა და გაამართლა კიდეც.

მიაჩნია, რომ ადამიანებს, მით უმეტეს პანდემიის რთულ პერიოდში ოჯახური, თბილი, მყუდრო და მშვიდი გარემო სჭირდებათ.
"ეს განწყობა, პირველ რიგში, სახლწოდებაშიც უნდა გამოჩენილიყო".
წიწილა ახალ ტყემალში, იმერეული ხაჭაპური, ბაჟე, ლობიო ქოთანში, ახალი კარტოფილი ახალი ტყემლით, ფხალის დაფა, პიტნის ჩაი, ნაყინი, კომპოტი - კერძები, რომელსაც ლია დეიდასთან დააგემოვნებთ მის ბოსტანშივე მოყვანილი პროდუქტებისგანაა დამზადებული.

კაფის სამზარეულო

პროფესიით ბუღალტერი, ოთხი შვილის დედა თვლის, რომ სოფელში ოჯახს მეურნეობა უნდა ჰქონდეს.

"შრომა ყოველთვის ეზარება ადამიანს, მაგრამ როცა შეგიძლია ამის გაკეთება და შესაძლებლობა გაქვს რატომ არ უნდა გააკეთო. მყავს ქათმები, მაქვს დიდი ბოსტანი და ყველაფერი, რაც სოფელში შეიძლება ჰქონდეს ადამიანს".

იმ შემთხვევაში, თუკი საკუთარი ხელით მოწეული პროდუქტი შემოაკლდება, ქათამს და ყველს მეზობლისგან ყიდულობს. ასევე, მეზობელს იხმარს სამზარეულოშიც, თუმცა, მთავარი მზარეული მაინც თვითონაა.

„ლია დეიდას კაფე“ ორი ერთი თვეა რაც გაიხსნა, მასპინძლობისთვის ყოველდღე დილის 11:00 საათზე იღება და საღამოს 8 საათამდე შეგიძლიათ დატკბეთ გვირილებიან ჭიშკარს იქით არსებული მშვიდი სივრცით.

კაფეში სულ 6 მაგიდაა, პანდემიის გამო სტუმრებს რეკომენდაციის დაცვით იღებენ. აქ ერთდროულად მხოლოდ 16 ადამიანის გამასპინძლებაა შესაძლებელი.  გიორგი ამბობს, რომ ჯერჯერობით არ ყოფილა შემთხვევა, რომ 16 -ივე სტუმარი ერთად მისულიყო, რადგან, მომხმარებლები უმეტეს შემთხვევაში  თავს იკავებენ გარეთ გასვლისგან.  კაფეში  მისვლის შემთხვევაში კი, მთავარ რეკომენდაციას სოციალური დისტანციის შესახებ, მომხმარებლები თავადაც იცავენ და ხშირ შემთხვევაში მითითებების მიცემაც კი არ სჭირდებათ.

"ჩვენთან სტუმრობა, ძირითადად, ჯავშნებით ხდება. წინასწარ გვირეკავს მომხმარებელი, ან ჩვენი ფეისბუქის  გვერდზე  გვწერს. ეს მეთოდი უფრო მოსახერხებელია, რომ ვიცოდეთ რამდენი ადამიანის მიღება შგვიძლია, იქნება თუ არა მაგიდები საკმარისი, თუმცა, ჯერჯერობით ასეთი პრობლემა არ შეგვქმნია. პანდემიაა და ადამიანები ერიდებიან გარეთ გასვლას".

გიორგი გვიყვება, რომ კაფე ყოველდღე დატვირთულია და მათთან ძირითადად ის ადამიანები შეირბენენ (რადგან გზისპირზეა) ხოლმე, რომლებიც დასავლეთიდან აღმოსავლეთში ან პირიქით მიდიან.
თუმცა, ჰყოლიათ სტუმრები, რომლებიც სპეციალურად ლია დეიდას კერძების დასაგემოვნებლად მივიდა.

"ძალიან ბევრი ასეთი სტუმარი გვყოლია, მაგალითად გვყავდა პრეზიდენტი, მომღერალი ნინო ქათამაძე, ქეთი მელუა და სხვა ცნობადი სახეები".

"ლია დეიდას კაფეს" ცნობილი სახეები სტუმრობენ

თუმცა, ლია დეიდა ყველა სტუმარს ერთნაირი მასპინძლობით და განწყობით ხვდება.

"ლია დეიდას კაფის" მომხარებლები ამბობენ, რომ პანდემიით გამოწვეული სტრესის დროს ასეთი ოჯახური, 
მშვიდი და უსაფრთხო გარემო დროული აღმოჩნდა. მათი თქმით,
შუძლებელია ლია დეიდასთან სტუმრობა დაგავიწყდეს.

"ფეისბუქში ვნახე ეს კაფე,  ისეთი ლამაზი იყო წასვლა მომინდა.  ვესტუმრე კიდეც და მართლაც აღფრთოვანებული დავრჩი. საოცარი გარემოა, იშვიათად შეხვდები ასეთ მშვიდ და ლამაზ ადგილს", – ამბობს თეონა ხვისტანი.

"ახლობელმა მითხრა ამ კაფეზე, სულ ახლახანს გახსნილა. ჩემს ორ მეგობართან ერთად წავედი. არ ველოდი იმას, რაც დამხვდა,  მართლაც საოცარი გარემოა, რომ არ დაგავიწყდება ისეთი", – ამბობს გიორგი ადამია.


კაფის სტუმრები
ლია დეიდას კაფეში, რომელიც ამავე დროს სახლიცაა, მიაჩნიათ, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. ლია გვეუბნება, რომ საყოველთაო კარჩაკეტილობის დროს ყველაზე მარტივი წუწუნი იქნებოდა, ამიტომ ადამიანმა ყველაფერი უნდა სცადოს. მით უფრო, როცა მინიმალური დანახარჯებით შეგიძლია ზარალი აანაზღაურო და სხვებსაც დაეხმარო.

"ამ კაფის მოწყობაში არც ერთი კაპიკი არ დამიხარჯია, ეს გარემო მანამდეც მოწყობილი მქონდა. კერძებს რაც შეეხება, ესეც ჩემი მეურნეობიდან არის, აქ მთავარი მოფიქრება და სიტუაციის სწორად აღქმაა".

ლიაც და გიორგიც მიიჩნევენ, რომ პანდემიის ფონზე მათი ბიზნესი წარმატებულია და ღირსეულად გაართვეს თავი გამოწვევას.

"ლია დეიდას კაფის" გაფართოებაზე ჯერ არ ფიქრობენ, თვლიან რომ ჯერ ეს მოცემულობა სრულად უნდა ამოწურონ. მის ამოწურვამდე კი შორი გზაა გასავლელი. 


"მოცემული კონტენტი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, IREX-ის მიერ განხორციელებული "საქართველოს მედია პარტნირობის პროგრამის" GMPP -ს მხარდაჭერით შეიქმნა. გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას."




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.