მულტიმედია
თოჯინები დიდების სამყაროდან (ფოტოამბავი)
FaceBook
ბავშვობის გატაცებები ხშირად ბავშვობაშივე რჩება, არ გადმოდის დიდობაში და მხოლოდ ტკბილი მოგონებების სიაში ეწერება.

მითუმეტეს იშვიათია თოჯინებთან ბავშვობაში დაწყებული მეგობრობა მერეც გაგრძელდეს და თინეიჯერობის ასაკში ხისტად არ შეწყდეს.



ფილოლოგ ასმათ გოგატიშვილთან ასე არ მოხდა. ბავშვობის ყველა გატაცება (თოჯინები, ხატვა, დეკორატიული და გამოყენებითი ხელოვნებით დაინტერესება) მისი ზრდასრული ცხოვრების და არჩეული პროფესიის პარალელური რეალობა გახდა. კონკრეტული დანიშნულებით - შეამჩნიოს და აღმოაჩინოს სილამაზე, რომელიც ასმათის რწმენით, ყველგან და ყველაფერშია, თუკი დაინახავ.



"ზოგადად, ხელოვნების სიყვარული ჩემი მუდმივი სულიერი მდგომარეობაა. ესაა გზა, რომელიც მაძლევს შესაძლებლობას ვიყო მუდმივად სილამაზის ძიების პროცესში, სილამაზისა, რომელიც ასე უხვადაა სამყაროში, მაგრამ ხშირად მას არ, ან ვერ ვამჩნევთ."


თოჯინები ასმათ გოგატიშვილის აღმოჩენილი სილამაზის მისიონერები არიან.


მისი პარალელური რეალობის  მნიშვნელოვანი პერსონაჟები აჩვენებენ, რომ ყველაზე უბრალო, უსახო, ულამაზო მასალისგან შეიძლება შეიქმნას სრულფასოვანი არსება.
ძაფების, ქსოვილის, ბამბის ქაოსიდან დამზადდეს თოჯინა, რომელსაც უნარი აქვს ბევრი რამ „მოყვეს“ ავტორზეც და საკუთარ თავზეც.  თანაც ისე შთამბეჭდავად, რომ თოჯინამ მიიღოს აღიარება უფროსების სამყაროში.

ბავშვობაში დატოვებული და დავიწყებული ისევ დაბრუნდეს დიდების ცხოვრებაში, ოღონდ სხვა დანიშნულებით - შეეხოს იმ მგრძნობიარე სიმებს, რაც წლებმა და ყოფითმა რუტინამ გაახევა და დანიშნულება დაუკარგა. ის მისია შეასრულოს, რასაც მათი შემქმნელი და შემოქმედი უყენებს.


„ხელნაკეთ ნივთს, განსაკუთრებით თოჯინას აქვს გამორჩეული თვისება ლაკმუსივით შეისრუტოს მისი შექმნის პროცესის მთელი ისტორია და ავტორისეული ემოცია. ამიტომ, როცა ხელისგულზე მოთავსებულ თოჯინას დავხედავთ სასურველია ვიცოდეთ, რომ ავტორი თქვენზეც ფიქრობდა, თუ როგორ გამხდარიყავით იმ პროცესის თვითმხილველი, როცა თოჯინა ცოცხლდებოდა."


შექმნა რომ გაცილებით დიდი პროცესია, ვიდრე შექმნილით ტკბობა. ასმათი ამასაც ბავშობაში მიხვდა. მოტივატორი კონკრეტული წიგნი გახდა.

"ბავშვობაში, როგორც ყველა გოგონას , მეც მიყვარდა თოჯინებით თამაში. მაგრამ, როდესაც საქართველოს სახალხო მხატვრის ნელი ოქროპირიძის წიგნი ,,ფანტაზია და მარჯვე ხელები" აღმოვაჩინე საოჯახო ბიბლიოთეკაში მივხვდი, რომ თოჯინის შექმნა უფრო საინტერესო და სახალისო თამაში იქნებოდა და ასე თამაშ-თამაშით ვეზიარე ამ სფეროს".

კონკრეტულ წიგნს მიეძღვნა თოჯინების სერიაც. „ვეფხისტყაოსანის" ასმათ გოგატიშვილისეული გმირები თოჯინების სამყაროშიც ღირსეული და საინტერესო გამოჩნდნენ.





თუმცა თოჯინების ავტორი უმეტესად იმპროვიზირებს და წინასწარ არ იცის შექმნის პროცესი საით წაიყვანს, რა ფორმას მოითხოვს პერსონაჟის ხასიათი, რომელიც ასევე გზადაგზა იკვეთება. ამიტომ, ფინალი ავტორისთვისაც სიურპრიზია.

„მუშაობის პროცესში არასდროს ვხატავ ესკიზს... მაგრამ მთავარი, რაზეც ყოველთვის ვფიქრობ მისი ხასიათია, რომელიც სხვადასხვა მასალის ,,მოთვინიერებითა" და ამ საქმის სიყვარულით მიიღწევა".

,,შობის ანგელოზები" ასმათ გიგატიშვილის ბოლო წლების გატაცებაა. საშობაო თოჯინებში შობის დღის ყველა სევდა და სიხარული იყრის თავს. ნაკეთობა თითქოს შობით იჟღინთება. ამიტომ, თოჯინა საშობაო განწყობას ჰქმნის წელიწადის ნებისმიერ დროს.

„რამდენიმე წელია სხეულის სახალისო ფორმებიან, მაგრამ სევდიან სახასიათო საშობაო თოჯინებს ფრთებს ვუმაგრებ, რომ ანგელოზებად იქცნენ. ისინი არ არიან ზღაპრების, თუ სხვადასხვა ნაწარმოებების პერსონაჟები, ისინი ჩემი პატარა გმირები არიან, რომლებშიც შესაძლებელია საკუთარი თავი აღმოაჩინო."



დიდების სამყაროში თოჯინების ადგილი არ არის. ისინი, სადღაც ღრმა ბავშვობაში დარჩნენ. სამაგიეროდ, სხვადასხვა ხელოვანების წყალობით, თოჯინები ზოგჯერ ზრდასრულთა ცხოვრებაშიც ბრუნდებიან კონკრეტული მისიით და როგორც ქუთაისელი თოჯინების ოსტატი მიიჩნევს „საკუთარი თავის აღმოსაჩენად".
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოში სოფლები იცლება. ამას აჩვენებს სტატისტიკა და ამაზე
მიუთითებენ ნასახლარები იმერეთის ბევრ სოფელში.
14:24 / 18.12.2024
საქართველოში სოფლები იცლება. ამას აჩვენებს სტატისტიკა და ამაზე მიუთითებენ ნასახლარები იმერეთის ბევრ სოფელში.
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.