სკოლის დატოვება ერთდროულად
საწყენიც იყო და სასიხარულოც.
პედაგოგად მუშაობის 68 წელთან გამომშვიდობების სევდას, ახალგაზრდებისთვის ადგილის დათმობის სურვილი აბალანსებდა. სკოლის დატოვების სანაცვლოდ მიღებული თანხაც იძლეოდა სხვადასხვა მიზნით დახარჯვის შანსს.
,,ასაკოვანმა ხალხმა გზა უნდა დაუთმოს
ახლებს. აბა რა გამოვა ისე?
მითუმეტეს, როცა არც ქარხნებია და არც
სამუშაო ადგილები. არც მთავრობის მიმართ ვარ
უკმაყოფილო, სახელმწიფომ ხომ ჯილდო მომცა. განა, ეს
დაფასება არ არის? ფულადი ჯილდო რომ არა, ისედაც ხომ უნდა
წამოვსულიყავი უკვე სკოლიდან?! მე ყველას მიმართ მადლიერი
ვარ“.
უხუცესი მასწავლებელი წლების განმავლობაში სახლიდან სკოლამდე ოთხ
კილომეტრს ფეხით გადიოდა. მართალია, რთული იყო დანგრეულ გზებზე
სიარული, თუმცა, პროფესიის სიყვარულით ამასაც ითმენდა. თანაც,
გზად ყოველთვის იმ ბავშვებზე ეფიქრებოდა, კლასში რომ ელოდებოდნენ.
წევას საჯარო სკოლისკენ მიმავალი გზა
,,ბევრი თაობა გამოვზარდე. მათი სიყვარული დროს უძლებს და დღემდე
მომყვება. არასდროს, არც ერთი ჩემი მოსწავლისთვის დამიკარებია თითი.
ბავშვი ნებისმიერ ასაკში სრულფასოვანი ადამიანია, რომელსაც ისე უნდა
ესაუბრო, მოეპყრო, როგორც დიდ ადამიანს ექცევი“.
ელიკოს მიაჩნია, რომ პედაგოგობა შეუქცევადი აღმოჩენების პროცესია, სადაც მასწავლებელმა ინდივიდუალურად უნდა დაინახოს თითოეული მოსწავლე.
„კარგი მოსწავლე არ ნიშნავს მხოლოდ საგნების დაზეპირებას. აუცილებელია
მას დაეხმარო შრომისმოყვარე პიროვნებად
ჩამოყალიბებაში.“
სწორედ ამ ფაქტის გააზრებას ურჩევს დამწყებ მასწავლებლებს ელიკო. მისი
საზრუნავი კი ახლა სოფლის მეურნეობაა.
,,ყანა, ბოსტანი, ეზო, მარტო ვცხოვრობ და ყველაფერს მარტო ვაკეთებ.
განა, ასე მიჭირს, რომ ვთოხნო? არა! უბრალოდ, ამით მაგალითი
მინდა მივცე და დავაფიქრო ისინი, შრომა რომ ეზარებათ.“
საოჯახო საქმეებს რომ მოილევს,
ხელში წიგნს იღებს. ელიკო მასწავლებელს კითხვა თითქოს სკოლაში
აბრუნებს.
პროფესიასთან მუდმივი კავშირის
არსებობისთვის, სკოლიდან წამოსვლის წინ ეზოში ხე დარგო 79 წლის
გულნარა დავიდოვამ.
,,ეს ხე იქნება სკოლისადმი ჩემი მარადიული სიყვარულისა და მონატრების სიმბოლო“, – ამბობს დაწყებითი კლასის პედაგოგი, რომელმაც პროფესიული საქმიანობა 62 წლიანი მუშაობის შემდეგ მიატოვა.
„ბევრჯერ ვიფიქრე, ეს რა გავაკეთე
მეთქი და ცრემლებად ვიღვრებოდი. მერე მივხვდი,
ნამდვილად იყო საჭირო ასეთი გადაწყვეტილების მიღება“.
გულნარას სკოლიდან წამოსვლის
პერიოდი პანდემიას დაემთხვა. ამიტომ, საყოველთაო ჩაკეტილობა
პროფესიასთან განშორების შემსუბუქებაში დაეხმარა.
,,იქნებ ეგოისტურად ჟღერს, მაგრამ რომ არა პანდემია, გამიჭირდებოდა სახლში ჯდომა და სკოლისკენ მიმავალი სხვა პედაგოგების ყურება“.
შინ დაბრუნებული მასწავლებელი ისევ ძველებურ აღმზრდელობით საქმიანობას
ეწევა. განსხვავება იმაშია, რომ სკოლას სახლის კედლები, მოსწავლეებს კი შვილიშვილები
ცვლის.
,,ერთს ბაღისთვის, მეორეს პირველი კლასისთვის
ვამზადებ. ისე მეცადინეობენ ოთო და მართა, თვითონ მიკვირს. გამეორება
არ სჭირდებათ. თვითონაც არ მეგონა, ამ დოზით თუ ვჭირდებოდი
შვილიშვილებს, როგორც მასწავლებელი“.
,,თუ პედაგოგს არ უყვარს
მოსწავლე, ვერასოდეს იქნება კარგი
მასწავლებელი“.
მასწავლებელს სკოლის დატოვების სანაცვლოდ მიღებული თანხა ამ დრომდე არ
დაუხარჯავს. გულნარას მსგავსად, სახელმწიფოსგან ფულადი ჯილდო ქუთაისში
სულ 137-მა პედაგოგმა მიიღო.
საპენსიო ასაკის მასწავლებლებისთვის, განათლების სამინიტროს მიერ ფულადი ჯილდოს შეთავაზება, დადებითად მიაჩნია პედაგოგსა და ექსპერტს განათლების საკითხებში, გია მურღულიას.
"კარგი ჟესტია უწყების მიერ პენსიონერ პედაგოგებზე
დაწესებული ჯილდო, რადგან, უმტკივნეულოდ მოხდა მათი
ახალგაზრდებით ჩანაცვლება. თანაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არ
ყოფილა მოთხოვნა, არამედ ნებაყოფლობითი
არჩევანი“.
განათლების სამინისტრომ საპენსიო ასაკის პედაგოგებს სკოლის
დატოვება 2019 წელს შესთავაზა. საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს,
რომლებსაც სურვილი არ აქვთ გამოცდაზე გასვლით დაადასტურონ
კომპეტენცია, ან ორი მცდელობის მიუხედავად, ეს ვერ შეძლეს, ეძლევათ
პრივილეგია, სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის
ჯამური ხელფასი და შეწყვიტონ პროფესიული საქმიანობა.
რამდენმა პედაგოგმა მიიღო წინადადება, და ვინ დაიკავა ვაკანტური
ადგილები – კითხვებზე პასუხებს განათლების სამინისტროსგან
"ქუთაისიპოსტი" ამ დრომდე ელოდება.
რა შედეგი მოიტანა საქართველოში განათლების სამინისტროს შეთავაზებამ ფულადი ჯილდოს გაცემის დაწყებიდან დღემდე, რამდენმა პედაგოგმა ისარგებლა ხსენებული პროექტით და ვინ დაიკავა გამოთავისუფლებული კადრები – ამ კითხვებზე ,,ქუთაისიპოსტი“ განათლების სამინისტროდან პასუხებს ამ დრომდე ელოდება.
სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის (TALIS) მიხედვით,
რომელიც ბოლოს 2015 წელს ჩატარდა, საქართველოში მასწავლებლების
საშუალო ასაკი 48 წელია. კვლევაში მონაწილე სხვა ქვეყნებში კი ეს
ასაკი 43 წლით განისაზღვრა, რაც 5 წლით ნაკლები იყო
საქართველოს მაჩვენებელზე.
საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ 2015 წელს გამოქვეყნებული
ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში ახალგაზრდა პედაგოგთა
რაოდენობას, ასაკოვანი, ასევე ხანდაზმული პედაგოგების რაოდენობა
ჭარბობდა.
ხოლო განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, 2016 წელს
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 13 525 პენსიონერი მასწავლებელი
მუშაობდა. მათგან 12 771 საჯარო სკოლაში იყო დასაქმებული და
მასწავლებლების საერთო რაოდენობის 21 %-ს შეადგენდა. ამ
ფონზე, აქტუალური იყო განათლების
სისტემაში კადრების დაბერების საკითხი.
გასული წლის ბოლოს და 2020 წლის დასაწყისში, ქვეყნის მასშტაბით, 8
426-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სკოლიდან გასვლა გადაწყვიტა. მათ
შორის არიან ელიკო (გვარი) და გულნარა დავიდოვა. პედაგოები,
რომლებმაც თაობებს მხოლოდ გეოგრაფია და ლიტერატურა კი არა, როგორც
ელიკო მასწავლებელი ამბობს, "ადამიანობა და შრომა"
ასწავლეს.
მასალის გამოყენების პირობები