მულტიმედია
კულინარიული ალქიმიკოსი გორდიდან (ფოტო-ამბავი)
FaceBook
როცა პანდემია მძვინვარებს, თითქმის ყველა წარმოება ჩერდება.
თუმცა, მეწარმესთან ერთად, გამომგონებელიც თუ ხარ, პანდემიით გამოწვეულ პაუზას სხვა საქმეს მოახმარ. მაგალითად, გააგრძელებ ახალი გემოების ძიებას და მოიფიქრებ ახალ ტექნოლოგიებს, ამ გემოების დასამუშავებლად. ზუსტად ასე მოიქცა კულინარიული ალქიმიკოსი გორდიდან და კარანტინის ორი თვე აღმოჩენებს მოახმარა. 


ტრადიციიდან სიახლემდე

"ჰარი პოტერისეული" ბერტი ბოტის ყველანაირი გემოს კანფეტები - ზღაპრული მოვლენაა. გია ღაჭავას მრავალნაირი გემოს კანფეტები და პროდუქტები - რეალობა.

ბერტი ბოტის ნაწარმის მხოლოდ წარმოდგენა შეიძლება. გია ღაჭავას გასტრონომიული გამოგონებების დაგემოვნებას კი, უბრალოდ სივრცეში გადაადგილება სჭირდება. საამისოდ, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდს უნდა ეწვიო.


ამ მაღაზიაში გია ღაჭავას მიერ შემუშავებული ფორმულით დამზადებული ტკბილეული, სასმელები, თუ საწებლები, იმერეთის მთიან მხარეში მოძიებული გემოებია. ნაწარმს სახელიც შესაბამისი ჰქვია
- „გორდული“.


,,ტყემლის რაფაელო", ,,ხურმის ჩურჩხელა", ,,ტყლაპი სეზამით", ,,ჩურჩხელა წიწაკით" - პროდუქტები გორდის მაღაზიიდან

იმერეთის მთიანი სოფელი ასეთ ეგზოტიკურ "გემოს ტოვებს", ქართულ გემოს ახალი, 21-ე საუკუნის არომატით.

ამ არომატის ძიება მეწარმემ ხუთი წლის წინ დაიწყო, იდეის ინსპირატორი ხურმა გახდა, რომელიც მის სოფელში მრავლად მოიძებნება - ნაცნობი და ტიპიური ხილი, ერთი შეხედვით არანაირი სიახლის მოლოდინს რომ არ იწვევს..


გიას ხურმა რომ "შეემჩნია" დისტანცია დასჭირდა. ხურმის მრავალმხრივი შესაძლებლობები რუსეთში ყოფნის დროს აღმოაჩინა. ერთ-ერთ ოჯახში ხილი გაყინული რომ მიართვეს. სწორედ მაშინ დაიბადა "ხურმის ნაყინის" წარმოების იდეაც.


დიდი სურვილის მიუხედავად, ხურმის ნაყინად ქცევა განუხორციელებელი დარჩა. სამაგიეროდ, ხურმამ სხვა ფორმით დაიჭირა დიდი ადგილი წარმოებაში - ხურმის ფელამუშის, ხურმის ჩურჩხელის, ხურმის კანფეტების სახით. იგი ტრადიციიდან დაბადებულ სიახლედ გარდაიქმნა... 



ახალი მეთოდი

სანამ კანფეტის, ან ჩურჩხელის სახით იარსებებდა, ძიება დასჭირდა ხურმის ჩირის სწორად დამზადების მეთოდს.

ბოლომდე საიმედო არ აღმოჩნდა სოფელში აპრობირებული დამზადების ტრადიციული ხერხები. არც ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია და ჩირის დიდი მწარმოებელი ქვეყნების - ჩინეთის, იაპონიის, ლაოსის, ვიეტნამის მიდგომები იყო საკმარისი.

"ჩემით მივხვდი, რომ თუკი ხურმას მდუღარე წყალში ამოავლებ, ნესტი არ რჩება და უფრო იოლი გასაშრობია", - გია ღაჭავამ წარმოების პროცესში ჩირის სხვა, უჩინარი მტერიც აღმოაჩინა - სოკო სახელად მიცელა, რომელიც მასში წვიმის შხეფებიდან ხვდება.

ისევე, როგორც მიცელას ფაქტორს, მისგან დაცვის გზებსაც თავად მიაგნო. საშრობი ბადით დაფარა, რომელმაც ჩირამდე მიცელას გადამტანი წვეთები არ მიუშვა, პროდუქტი დაობებას გადაარჩინა და გემოც შეუნარჩუნა.


ახალი გემოს ძიებაში

რთულია ტრადიციულ ნუგბარზე ჩაატარო ექსპერიმენტი, მითუმეტეს, როდესაც გასტრონომიულ შედევრებს ეხები, მაგრამ  სწორედ ამ ტრადიციულ ქსოვილში გაბედულად ერევა გია - "ასეთია ადამიანის ბუნება, ახალ გემოს ეძებს".

ახლის ძიებაში კულინარიულმა ალქიმიკოსმა ერთმანეთს დაუკავშირა ჩურჩხელა და ჩირი, ჩირი და ფელამუში, ჩირი და არაყი, ჟოლო და ღვინო, წიწაკა და ფელამუში, ტყემალი და ჩურჩხელა, ჩირი და ტყლაპი. დაამზადა ჩირის არაყი, კეჩუბიდან შექმნა ტყლაპი, საფერავს დაუმატა ჟოლო. შეუთავსებელი, შეთავსებადი გახადა, მიიღო ახალი გემოები, რომლითაც სტუმარსაც და მასპინძელსაც აოცებს. 

სხვადასხვა ხილის ტყლაპი
ქართული  ,,რაფაელო"


"ადამიანს ჭირდება გემოთა სხვაობა. თუკი, მაგალითად, ჩემს  კანფეტს ავიღებთ, გარედან აქვს ტყემლის ტყლაპი, შიგნით მსხალი და მანდარინია. ტყემლის ტყლაპი მჟავეა, გსიამოვნებს ეს სიმჟავე, მაგრამ მერე მას ერევა მსხლის და მანდარინის მოტკბო გემოები. სიმჟავე გსიამოვნებს, სიტკბო - გაოცებს. გემოთა ეს ცვლილება საბოლოოდ კმაყოფილს გტოვებს".


"გორდულას" მთავარი დეგუსტატორები ტურისტები არიან, რომლებიც პანდემიამდე მრავლად სტუმრობდნენ გორდს და ოკაცეს კანიონს. მათი რეაქციებით, მოწონება–არ მოწონებით ცდილობს ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო მეწარმე ოპტიმალური გემოს პოვნას.


ტექნოლოგიები

გიას ძიებები მარტო გემოებზე არ გადის. ის საჭირო შედეგის მიღწევას მის მიერ შემუშავებული ტექნოლოგიებით ცდილობს. მეთოდი ზოგჯერ ძალიან მარტივია, თუმცა ეფექტური.

მაგალითად, იატაკის შავად შეღებვით და შავი ცელოფნის გამოყენებით, საშრობში ტემპერატურა აწია და ხილის გაშრობის პროცესი გააუმჯობესა.

დუღილის ხანგრძლივობით და ამით პროდუქტში შაქრიანობის ამაღლებით - ჩურჩხელას, ტყლაპს, ჩირს სირბილე და სიჯანსაღე თვეობით შეუნარჩუნა.

ცელოფანზე გადაკრული ტყლაპის გაყინვით, მისი სუფთად და დაუზიანებელი სახით აცილება გახადა შესაძლებელი, რაც მანამდე ტყლაპის მწარმოებლებისთვის მუდმივ პრობლემას წარმოადგენდა.

საშრობში მაღალ ტემპერატურას ვენტილაციაც დაუმატა და შრობის პროცესი უფრო ეფექტური გახადა. შეიმუშავა ხელსაწყო, რომელიც ერთის ნაცვლად, ერთდროულად ექვსი ჩურჩხელის ამოვლებას ხდის შესაძლებელს, ამით დროსაც იგებს და რაოდენობასაც ზრდის.


დაპაუზებული ბიზნესი

ტურიზმი გია ღაჭავას საქმის მთავარი მოტივატორია, თუმცა პანდემიის ერაში, ზუსტად ტურიზმი გახდა მისი საქმის ძირითადი შემაფერხებელი. ტურიზმზე მიბმულ ბიზნესს ბანკმაც უარი უთხრა კრედიტზე.

„ნედლეული მაქვს და ამ კუთხით შეფერხება არ მექნება, ვაპირებ,  საწარმოში ადგილები გადავტიხრო და ასე დავიცვა დისტანცია. ამ პირობებშიც, რეკომენდაციების დაცვით  შემეძლო მუშაობა. საამისოდ, მჭირდებოდა  მცირე სესხი ბანკიდან და უპრობლემოდ ვიმუშავებდი. თუმცა პანდემიური კრიზისის გამო და იმიტომაც, რომ ჩემი ბიზნესი ტურიზმთან დაკავშირებულ საქმედ ჩაითვალა, ბანკმა თავი შეიკავა სესხის გაცემისგან. მეც სხვა გზების ძიებაში ვარ“.  ამ გარემოებამ გიას ორი გამოსავალი დაუტოვა - ან ახალი ინვერსტორის ძიება, ან პანდემიური ვითარების მკვეთრი ცვლის იმედი და ივლისში ფრენების აღდგენის მოლოდინი.

"გორდულმა" წარმოება მარტში შეაჩერა, ახალი საწარმოსთვის ხუთსართულიანი შენობის მშენებლობა - მაისში. თუმცა, მის დამფუძნებელს განვითარებაზე ფიქრი არ შეუწყვიტავს.

პანდემიით გამოწვეული პაუზა გიამ ახალი ტიპის სახარში ქვაბის იდეის შემუშავებას დაუთმო. ასევე, ტყემლისგან დამზადებული პროდუტების ხაზის გაძლიერებას. ამ მიმართულებისკენ ტურისტებმა უბიძგეს.

"ვინც კი ცხოვრობს ევროპის ნაწილში, ბალტიის ქვეყნებში, ბელორუსში, უკრაინაში, რუსეთში, განიცდიან  რკინის შემცველობის უკმარისობას. ეს ადგილები გეოგრაფიულად დაბლობია და მოხმარებული წყალი არ შეიცავს რკინას საკმარისი რაოდენობით. სწორედ ამიტომ, ამ ადგილებიდან ჩამოსულ ტურისტებს ძალიან მოსწონთ ტყემლის ნატურალური ტყლაპი, რადგან პროდუქტი რკინის შემცველია. კილოგრამობით მიაქვთ ხოლმე ტურისტებს ტყემლის ტყლაპი. მეუბნებიან, ამ პროდუქტს იმდენი სასარგებლო თვისება აქვს, აფთიაქებშიც უნდა იყიდებოდესო".


"გორდული" არც საქართველოს სხვა მაღაზიებში შესულა და არც ევროპის ბაზარზე გასულა. სამაგიეროდ, გია ახალ საწარმოსაც ევროსტანდარტების შესაბამისად აწყობს. ამის შემდეგ, შესაძლებელი იქნება გორდში დამზადებული პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანა.



საწარმო, რომელიც საოჯახო მცირე ბიზნესით დაიწყო, ამუშავების შემთხვევაში 35-40 ადამიანის დაასაქმებას შეძლებს. გორდში, სადაც ხილის საწარმოში პროდუქტი ბოლოს 1998 წელს ჩაიბარეს, ახლა ეს საქმე გიას საწარმომ გადაიბარა. შესაბამისად, მცირემიწიან სოფელსაც დამატებითი შემოსავლის წყარო გაუჩნდა.

მართალია გორდი ღარიბი სოფელია, სამაგიეროდ, ყურადღებას იქცევს მისი მრავალფეროვნებით – ულამაზესი ბუნებით, ოკაცეს კანიონით. ახლა, ეს მრავალფეროვნება აისახება ახალ  გემოებშიც,  რომელიც გია ღაჭავამ დაიჭირა და მის რეცეპტებში  მოაქცია. იპოვა ქართული გემო 21-ე საუკუნის არომატით.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.