მულტიმედია
არა–კომპენსირებულები
FaceBook

ანტიკრიზისული გეგმა, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის კორონავირუსით მიყენებული ზიანის შემსუბუქებაა, ყველა თვითდასაქმებულზე  კომპენსაციის გაცემას არ ითვალისწინებს. მიზეზი  ერთია – ზოგიერთ არაფორმალურ სამსახურს, თან არ  ახლავს მტკიცებულებები.


შესაბამისად, სახელმწიფოს დახმარების მიღმა რჩებიან ის ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე სამსახური ვერც საჯარო,  ვერც კერძო დაწესებულებაში იშოვეს და თვითგადარჩენისთვის, თვითონ დასაქმდნენ.

ძიძები, რეპეტიტორები, დამლაგებლები, ბაზრის მტვირთავები, გარემოვაჭრეები  –  ის ხალხია, რომელთა მძიმე შრომა პანდემიის შემდგომ, არ – აღიარებული და უხილავია.

ამ ფონზე, არაფორმალურად დასაქმებულებს , რომლებსაც ახლა ძალიან   უჭირთ, ,,ბიოროკრატიული“ ბარიერების გამო, ერთჯერად კომპენსაციაზე უარის თქმა და ბედთან შერიგება უწევთ.


უჩინარი შრომა


,,სამასი ლარი რომ მიიღო , ჯერ დოკუმენტი უნდა მოგვიტანოო და აბა, საიდან?  ვინ მომცემს ბეჭდიან ფურცელს ოჯახში, სადაც  ბავშვს ვზრდიდი. ეს თვითონ არ იციან მთავრობაში  დოკუმენტებს რომ ვერ წარვადგენ და ზუსტად ჩემნაირებით სავსე რომ არის ქვეყანა? ხანდახან, მათხოვარი მგონია თავი და  იმასაც ვფიქრობ, რომც მოეცათ, რას მიშველიდა ეს ერთი სამასი ლარი. არადა,  რას მომცემდა იცით? – იმედს. ვიფიქრებდი,
ჭირის დროს მაინც ვხდებით ღირებული არსებები – მეთქი“, – ნინო კობეშავიძე საყოველთაო კარანტინმა, ორი თვე სამსახურის და ხელფასის გარეშე დატოვა.  ოჯახში, სადაც ძიძად იყო დასაქმებული, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ვერც ამ დრომდე ვერ ბრუნდება.


უმუშევარად დარჩენილი კიდევ ერთი არაფორმალურად დასაქმებული და პანდემიის პერიოდში ასევე, არა–კომპენსირებულ, 27 წლის სალომე კერესელიძეა. გოგონა კორონავირუსამდე, ოჯახებში კერძო მასწავლებლად მუშაობდა და ბავშვებს ჰუმანიტარულ საგნებში ამზადებდა. კორონავისურის გავრცელებიდან დღემდე, გაურკვეველი ვადით გადაიწია სალომესთვის თავის რჩენის შესაძლებლობამ, რადგან სტუმრობას ოჯახებში ჯერაც ერიდებიან.


,,ისე გამოდის, რომ ჩვენ არ ვშრომობდით და არც პანდემიამ დაგვაზარალა. არადა, ასეთ დროს ხელისუფლება ერთნაირად უნდა ედგეს გვერდით მოქალაქეებს. იმიტომ, რომ ყველას გაგვიჭირდა“.



სალომეს ყოველმხრივმა უიმედობამ სოფლისკენ უბიძგა და ხელი მეურნეობას მიჰყო. ახლა ჯანსაღ, მეგობრულ გარემოში ბედნიერია და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს. 

საკუთარი მარჯვენის იმედად რჩებიან, ქუთაისის ე.წ. მწვანე ბაზარში თვითდასაქმებული მტვირთავებიც. სწორედ ამ 40 მამაკაცის მხრებზეა მთელი ტვირთი. თითოეული მათგანი ლუკმა – პურის საშოვნელად ყოველდღიურად სახლიდან ბაზარში მიდის.  ასეთ მძიმე შრომაში ჩაბმული ერთ–ერთი მტვირთავი შუახნის იურა გაბუნიაა. ის ოჯახის სარჩენად ქუთაისში ლეჩხუმიდან ჩამოვიდა. აქ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, რაშიც ყოველთვე, 80 ლარს იხდის. ყველაზე მეტი, 50 კილოგრამის აწევა შეუძლია და თუ რამდენიმე  რეისს შეასრულებს, დაახლოებით, 7-8 ლარს გამოიმუშავებს.

„მხოლოდ პურისა და სიგარეტის ყიდვას ვახერხებ დღეში. ორი თვე ესეც ვერ ვიშოვე. არც ის ვიცით,  თუ დაგვეხმარებიან მთავრობიდან“.

მტვირთავი



აი, კიდევ ერთი მტვირთავი ქუთაისის ბაზრობაზე. მერაბ ალავიძე ზოგჯერ სხვების ნავაჭრს სახლამდეც ურიკით ეზიდება. დანარჩენების
მსგავსად, არც მან იცის მიიღებს, თუ არა კომპენსაციას.




ქუთაისის მწვანე ბაზრის დირექტორი, ოლეგ არღვლიანი განმარტავს, რომ ყველა თანამშრომლის შესახებ აგროვებს ინფორმაციას. მათ შორის, ერთჯერადად გადახდილ ჩეკებსაც.

,,ამით ვეცდები შუამავლობა გავუწიო ხელისუფლებისგან კომპენსაციის მისაღებად, მაგრამ არ ვიცი ჩაერიცხებათ თუ არა, რადგან ტვირთმზიდავები ბაზარში არაფორმალურად არიან დასაქმებულები“.

კომპენსაციის გარეშე რჩებიან ქუთაისში ნიკეას ბაზარზე თვიდასაქმებულებიც.


ქუთაისის ნიკეას ბაზარი

ქუთაისის ახლოს მდებარე სოფლებიდან ჩასული გარემოვაჭრეები იმედგაცრუებულები არიან და არც კომპენსაციის მიღების იმედი აქვთ.




ბაზრის ადმინისტრაციიაში აცხადებენ, რომ ბაზრის გარეთა ტერიტორიაზე მოვაჭრეები სალაროს აპარატებს არ იყენებდნენ, ამიტომ ვერც ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ.  ბაზრის შენობაში დასაქმებულებისთვის კი კომპენსაციის მისაღებად, მთავრობის მიერ მოთხოვნილი საბუთების წარდგენას შეძლებენ.


სამართლის ძიებაში

პანდემიის შემდგომ არა–კომპენსირებულთა ნაწილმა, შრომითი უფლებების დასაცავად იურისტებსაც მიაკითხა.

არაფორმალურად დასაქმებულების მიმართ მთავრობის არამართლზომიერ დამოკიდებულებას არც სამართალმცოდნეები იწონებენ. მეტიც, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სახელმწიფოს  საკანონმდებლო პოლიტიკის გადახედვას ურჩევს.

„საიას“ ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი, ზაალ გორგიძე მიიჩნევს, რომ  სახელმწიფო ვალდებულია დაინახოს ეს ადამიანები, აღიაროს მათი შრომა და შესაბამისი კომპენსაციაც გასცეს.


,,ამ საკითხზე კონსულტაციისთვის  ბოლო სამი კვირის განმავლობაში, 100-ზე მეტმა მოქალაქემ მოგვმართა. ასეთი მიდგომა არ არის სწორი. სხვა კრიტერიუმებით უნდა განსაზღვრულიყო კომპენსაციების მიღება. თუ თვითდასაქმებულს  განსაზღვრავ, მაშინ ყველა თვითდასაქმებულს უნდა შეხვდეს ეს დახმარება. სახელმწიფომ სამართლიანი მოპყრობისა და გასაცემლების თანაბრად გადანაწილების პრინციპი არ დაიცვა“.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რაიმე სახის შრომით საქმიანობას ეწეოდა, კომპენსაციასაც იმსახურებს. ხოლო სახელმწიფოს საკანონმდებლო გადაწყვეტილება, მხოლოდ იმ ადამიანებმა მიიღონ კომპენსაცია, რომლებზეც იურიდიული პირები ცნობებს გასცემენ, არასწორია.


„ასეთი მიდგომა ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია. მითუმეტეს, რომ პანდემიის მიღმაც თვითდასაქმების ეს ნაწილი მოწყვლადი კატეგორია იყო, რადგან მათ აქვთ დაბალი ხელფასები და არანაირი შრომის კანონმდებლობა, შრომის დაცვის სტანდარტები მათზე არ ვრცელდება. ამ პირობებში კი, როცა ძირითადმა ნაწილმა სამსახური დაკარგა, გამოდის ერთჯერად დახმარებასაც ვერ იღებენ“.


თვითდასაქმებულთა უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ მთავრობას უკვე მიმართა. შრომითი უფლებადამცველები მთავრობას საკანონმდებლო პოლიტიკის გადახედვას ურჩევენ.

სახელმწიფოს მიერ 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარების მისაღებად, იმერეთიდან 9261 თვითდასაქმებული დარეგისტრირდა.
ხოლო ქუთაისში ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე რეგისტრაცია 6924-მა ადამაინმა გაიარა. ჯამში, კორონავირუსის პანდემიის გამო მიღებული ზარალის კომპენსაციას 112 387 ადამიანი ითხოვს. ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე რეგისტრაცია პირველ ივლისამდე გაგრძელდება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  ინფორმაციით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 51 217 თვითდასაქმებული, ვინც 300 ლარიან დახმარებას მიიღებს.

კომპენსაცია მთავრობის ხედვით

რა პრინციპით გაანაწილა მთავრობამ კომპენსაციების გაცემა თვითდასაქმებულებზე და რატომ არ ჩართეს დახმარების მიმღებთა სიაში არაფორმალურ შრომაში ჩართული ადამიანები – ფინანსთა სამინისტროში განგვიმარტეს, რომ ხსენებულ კითხვებზე პასუხებს  ათ სამუშაო დღეში დაგვიბრუნებენ. იქამდე, მათ მიერ ისედაც ცნობილი გადაწყვეტილებით, მთავრობა ბაზრობის ტერიტორიაზე დასაქმებულ მეწარმეებსა და ფიზიკურ პირების დახმარების განმსაზღვრელ კრიტერიუმად – დეკლარაციას უწესებს.


ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, თუ 2020 წლის პირველ კვარტალში მათ ერთხელ მაინც აქვთ ჩაბარებული დეკლარაცია, ან გამოყენებული საკონტროლო სალარო აპარატი, დახმარებას მიიღებენ.


„გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურში ბაზრობის ორგანიზატორებისგან შესაბამისი სიები იგზავნება და ესეთი პირი და თუ დაფიქსირებული იქნება ამ სიაში, მას შეეძლება შესაბამისი კომპენსაცია მიიღოს. ამ შემთხვევაში საუბარია ამ იდენტიფიცირების საშუალებიდან ერთ-ერთს მაინც თუ აკმაყოფილებს პირი, მას შეუძლია დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია“.


მთავრობის ანტიკრიზისული ბიუჯეტიდან, თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამაზე სულ 75 მილიონი ლარია განსაზღვრული.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში 840 000 თვითდასაქმებულია, 300 ლარიანი დახმარებას კი მხოლოდ 250 000 ადამიანი მიიღებს.

პანდემია, რომ არავის ცნობს და ყველას თანაბრად აზარალებს ეს უკვე საქართველოშიც გამოვცადეთ.

პანდემიისგან განსხვავებით, ცნება – ყველა ჯერ კიდევ გაუთვალისწინებელი რჩება მთავრობისთვის. ეს კი მინიმუმ იქამდე, ვიდრე უფლებადამცველების რჩევებით კომპენსაციების გაცემის პოლიტიკას გადახედავენ და ერთჯერადი დახმარებებიც ყველა თვითდასაქმებულზე დანაწილდება მართლზომიერად.

არაფორმალურად დასაქმებულებს, რომლებსაც ახლა ძალიან   უჭირთ, ,,ბიოროკრატიული“ ბარიერების გამო, ერთჯერადკომპენსაციაზე უარის თქმა და ბედთან შერიგება უწევთ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.