1921 წლის 25 თებერვალს თბილისი დაეცა.
ქალაქი რუსულმა მე-11 წითელმა არმიამ
დაიკავა.
დანაკარგი აუწონელია. ამას ყველა გრძნობს და
ხედავს.
საბჭოთა უღელი იმაზე მძიმე და გამანადგურებლი
აღმოჩნდება, ვიდრე ამას იმ დროს, საქართველოს პირველი დემოკრატიული
რესპუბლიკის ყველაზე პესიმისტი მოქალაქე წამოიდგენდა.
თუმცა, ჯერ 25 თებერვალს დავუბრუნდეთ, როცა კვლავ
არსებობდა სიტუაციის შემობრუნების იმედი.
მართალია, თბილისს ტოვებს ქართული ჯარი და
მთავრობა.
გააქვთ საეკლესიო და სამუზეუმო განძი.
მტერიც ფეხდაფეხ მისდევთ.
მაგრამ თბილისის დაცემა არ ნიშნავს ყველაფრის დასასრულს.
საქართველოს სხვა ქალაქს უნდა შეეფარებინა და
გადაერჩინა ქართული მთავრობა, ჯარი და ზოგადად ახალგაზრდა ქართული
სახელმწიფო.
გეგმის თანახმად, ეს ქალაქი ქუთაისია.
ქუთაისთან ერთად რჩება იმედი, რომ უკანდახევის პირობებში მთავრობა და შტაბი გადავა ქუთაისში. იგი გამოცხადდება დედაქალაქად. მთავრობა იქიდან უხელმძღვანელებს თავდაცვას მცხეთასთან თუ სურამის უღელტეხილზე გამართულ ბრძოლებს.
ქუთაისში ამ დროს რთული ვითარებაა.
„1920 წლის ბოლოს და 1921 წლის დასაწყისში
მთლიანად განეიტრალებული იყო ყველა ბოლშევიკური ქსელი. თბილისის,
სოხუმის, გაგრის, ოჩამჩირის და სხვა პატარ-პატარა ქალაქებიდან
ყველა ბოლშევიკი პატიმარი ჩამოჰყავთ ქუთაისში, როგორც ღრმა ზურგში“, -
ამბობს ისტორიკისი დავით ხვადაგიანი.
მთელ ბოლშევიკურ „ელიტას“- 932 ადამიანს -
ე.წ. გუბერნსკის ციხეში უყრიან თავს.
ბოლშევიკების ფოტო ქუთაისის საგუბერნიო
საპყრობილესთან
მათი კონცენტრაცია გუბერნსკის ციხეში, სადაც ყველზე მძიმე
დამნაშავეები გადმოჰყავდათ, საომარმა მდგომარეობამ
განაპირობა.
ქუთაისის საგუბერნიო ციხე
„გუბერნსკის“ ციხის შენობა ქუთაისში
საქართველოს ხელისუფლებამ იცოდა, რომ ომი ბოლშევიკურ რუსეთთან
გარდაუვალი იყო, თუმცა, იმედი ჰქონდათ, რომ წითელ შემოტევას
მოიგერიებდა.
თბილისის დაცემის შემდეგ იმედი უჩნდებათ
პატიმრებსაც - მათი ბოლშევიკი ამხანაგები მოიწევენ ქუთაისისკენ.
ახლოვდება თავისუფლება, საქართველოს თავისუფლების დაკარგვის
ფასად.
ტყვე-ბოლშევიკთა უზარმაზარი მასა ჯანყდება. მენშევიკებისა და ქართული სახელმწიფოებრიობისადმი მტრულად განწყობილი 932 ადამიანი, თითქმის მთელი არმია, დაუმორჩილებლობას აცხადებს.
შეუძლიათ ქალაქი აიღონ.
პატიმრებსა და მთელი ზურგის მდგომარეობაზე
პასუხისმგებელია ზურგის უფროსი ვალოდია სულაქველიძე. მასვე ემორჩილება
ქართული მილიცია. ვალოდიას მოვალეობაა ამბოხებული მასის
დაშოშმინება. აქამდე ყველა სხვა საქმეს წარმატებით ართმევდა თავს,-
ზურგში სერიოზული დივერსიის მოწყობა ვერასდროს ვერავინ
შეძლო.
ზურგის უფროსი ვალოდია სულაქველიძე
მას ამჟამადაც რთული ამოცანა აქვს შესასრულებელი. პატიმრები ბათუმში
უნდა გადაიყვანოს და საფრთხის კიდევ ერთი კერა ქვეყანას
მოაშოროს.
ტუსაღები მილიციას წინააღმდეგობას უწევენ. ვალოდიას ბრძანებით, ქართულ
მილიციას და ბადრაგს, ძალის გამოყენებით, პატიმრები ეშელონებში
გადაჰყავთ. ისინი არ ცხრებიან. მათ ძალას აძლევს ფრონტის ამბები, რომ
ქართული ნაწილები მარცხდებიან და ახლოა „წითელი
ოცნება“.
იგივე ამბავი სასოწარკეთაში აგდებს და წონასწორობას აკარგინებს ზურგის უფროსს. ამ მდგომარეობაში ის მძიმე გადაწყვეტილებას იღებს.
აჯანყების შეჩერების მიზნით, ციხიდან გამოჰყავს სამი პატიმარი.
ცნობილი ბოლშევიკი, დივერსანტი პავლე მარდალეიშვილი,
რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი პოლკოვნიკი ივანოვი, რომელიც
საქართველოს გენშტაბში რუსების სასარგებლოდ მუშაობდა და სისხლის
სამართლის დამნაშავე ვინმე
უკლება.
ბოლშევიკი, დივერსანტი პავლე
მარდალეიშვილი
9 მარტს, ევაკუაციის წინ, სულაქველიძეს ისინი ქუთაისის შემოგარენში
მუხნარის, იგივე საღორიის ტყეში მიჰყავს და გასამართლების გარეშე,
დახვრეტას უსჯის. მერე გვამებს ბენზინს ასხამს და წვავს.
ამ ფაქტს და დამწვარი გვამების ფოტოებს საბჭოთა
პროპაგანდა ათწლეულების განმავლობაში აფრიალებს, როგორც საშინელ
კომპრომატს მენშევიკების, იგივე სოციალ-დემოკრატების წინააღმდეგ. მათ
„სისხლისმსმელობასა“ და „სისასტიკეზე“ ბევრს ილაპარაკებენ. ზიზღს
გააღვივებენ, მოძალადეებად გამოიყვანენ.
დახვრეტილებს საპატიოდ დაკრძალავენ, გმირების და
წამებულების სახელებს მიანიჭებენ. ათასობით პიონერი,
ათწლეულების განმავლობაში, ყვავილებს დააწყობს მათ საფლავებზე.
ბავშვებს, იმ ხალხის ხსოვნაზე მიაგებინებენ
პატივს, ვინც მათ მომავალი წაართვა.
ბათუმში პატიმრები ეშელონებით გადაჰყავთ, მაგრამ ქუთაისში გამაგრების
გეგმა იშლება.
სამხრეთ-დასავლეთიდან ბორჩალოს მიმართულებით, აღმოსავლეთიდან -
კახეთის, ვლადიკავკაზიდან - დარიალის ხეობით, ჩრდილოეთიდან -
მამისონის უღელტეხილით, ჩრდილო-დასავლეთიდან - გაგრა-სოხუმის
მიმართულებით რუსული ჯარები შემოდიან. ამიტომ მთავრობა ქუთაისში
დარჩენას აღარც ცდილობს.
1921 წლის 10 მარტს მთავრობა ბათუმში
გადადის.
ქალაქს ტოვებენ სამხედრო ნაწილები და სახალხო გვარდია.
ბოლშევიკებთან მოლაპარაკებებისთვის ქუთაისში რჩება მთავრობის
თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ ლორთქიფანიძე. მის გვერდითაა პავლე
წულაიაც - დამფუძნებელი კრების წევრი.
მათ უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები ცეცხლის
შეწყვეტის პირობებზე, ასევე, ფაქტობრივი ახალი ხელისუფლებისთვის
ძალაუფლების გადაცემის თაობაზე.
თუმცა, ბოლშევიკებისთვის ეს საკმარისი არ არის. მათ მეტი სჭირდებათ - კაპიტულაცია.
გრიგოლ ლორთქიფანიძეზე ხორციელდება ზეწოლა, რათა კაპიტულაციას
მოაწეროს ხელი.
სიცოცხლის რისკის ფასად, ლორთქიფანიძე კატეგორიულ
უარს უცხადებს ბოლშევიკებს და ამით ასრულებს ისტორიულ მისიას იმ
მომავლის სასარგებლოდ, რომელიც მაშინ საერთოდ არ ჩანდა და კიდევ 70
წელი არ გამოჩნდება.
მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გადაასახლეს და ბოლოს დახვრიტეს 1937
წელს.
საქართველოს ხელისუფლება არ გამოაცხადებს კაპიტულაციას, რის
საფუძველზეც, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იურიდიულად
არსებობას არ შეწყვეტს.
მარცხის მიუხედავად, არ წყდება წინააღმდეგობა.
მთავრობის თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად,
ბოლშევიკების შემოსვლის დროს, ქუთაისში რჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც
გასვლა ვერ მოასწრო. მათი ნაწილი ქუთაისის რკინიგზის სადგურში იყრის
თავს. ისინი საევაკუაციო ნივთების და განძის თანმხლები პირები არიან.
მათ წითელი არმიის გაძლიერებული ასეული ალყაში აქცევს. უკვე აღარაფრის
იმედი აქვთ. ამ ხალხის მომავალი, უკეთეს შემთხვევაში,
ტყვეობაა.
მაგრამ ყველაზე უიმედო სიტუაციაში - შუქი
ჩნდება.
და ეს შუქი მატარებლისაა.
თითქმის დაცლილ ქალაქში, ყველასთვის მოულოდნელად, შემოიჭრება სახალხო
გვარდიის ჯავშნოსანი მატარებელი #4 სახელწოდებით -
„თავისუფლების სიმაგრე“.
ჯავშნოსანი ბრუნდება, რომ ქალაქში დარჩენილები გამოიყვანოს. არ დატოვოს, არ ჩაუგდოს მტერს ხელში.
ჯავნშნოსანზე მყოფი მეომრები ბრძოლით იკვლევენ გზას და არა
მხოლოდ დარჩენილების გაყვანას ახერხებენ, არამედ ამარცხებენ
გამარჯვებული წითელი არმიის „მოდარაჯე“ ასეულს.
„მისი მეთაური იყო ალფეს გოგუაზე, სახალხო
გვარდიის ჯავშნოსან მატარებელთა რაზმის სახელოვანი მეთაურის, ვალოდია
გოგუაძის ძმა, ვალოდია მეუღლესთან და 3 ძმასთან ერთად 4 წლის
განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდა ყველაზე რთულ მონაკვეთებში“-
ამბობს დავით ხვადაგიანი.
ქართული არმია ომს აგებს, თუმცა ჯავშნოსანი
ბრძოლას აგრძელებს.
ჯავშნოსანი მატარებელი „თავისუფლების სიმაგრე“ და
ძმები გოგუაძეები: ვალოდია, ალფეს, ნოე, მელენტი
რკინიგზის სადგური ქუთაისში, სადაც
„თავისუფლების სიმაგრე“ შემოიჭრა
ძმები გოგუაძეები ოთხი წელი არ ჩამოსულან ჯავშნოსნიდან, ყველაზე ცხელ
წერტილებში ომობდნენ, საოცარ მანევრებს ატარებდნენ, სამხედრო
თვალსაზრისით „სასწაულად“ შეფასებულებს.
ერთ-ერთი „სასწაული“ იყო ქუთაისის ოპერაცია.
ალფეს გოგუაძეს, თავდადებისა და გმირობისთვის, მთვარსარდალი გიორგი კვინიტაძე მადლობასაც გამოუცხადებს.
სამაგიეროდ, რუსული საბჭოთა პროპაგანდა შეეცდება ყველა ამ ადამიანის
სახელის ამოშლას ისტორიიდან თუ ქართული მახსოვრობიდან.
ადამიანებს გააქრობენ. ისტორიას გადაწერენ და
გააყალბებენ.
26 მაისს - 25 თებერვლით ჩაანაცვლებენ.
წაიღებენ მილიონობით სიცოცხლეს და დიდ დროს. თუმცა, ის ნაბიჯები,
რომლებიც პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მომავალზე
გათვალა, მაინც იმუშავებს.
სტატიაში გამოყენებულია „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის “
მასალები
მასალის გამოყენების პირობები