14 დღის განმავლობაში ცა
ჭიათურის თავზე უჩვეულოდ გამჭვირვალე იყო, ჰაერი სუფთა, დამტვერიანება
ნაკლები. მაღაროელთა 14 დღიანმა გაფიცვამ ჭიათურაში ბუნებაც
შეცვალა.
პრინციპული ცვლილებები გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა იყო.
გაფიცვამ ქალაქის ისტორია ორად გაყო - გაფიცვამდე და გაფიცვის შემდეგ.
გაფიცვის შემდეგ ჭიათურა სხვანაირი იქნება, ამის სჯერათ მაღაროელებს.
„წლინახევრის შვილი მყავს, რაც ის გაჩნდა, მისი თვალებით ვუყურებ ყველაფერს და მისი ფილტვებით ვსუნთქავ. ამის გამო უფრო მძიმეა ჩემთვის ის მდგომარეობა, რაც ჭიათურაშია. არ მინდა ჩემი შვილი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავდეს და ასეთ მძიმე გარემოში ცხოვრობდეს. ეს რომ შეიცვალოს, ამისთვის ვიბრძოდით“, - ამბობს მაღაროელი გიგა თაბაგარი.
14 დღის განმაბლობაში
მძიმე ტრანსპორტისა და მაღაროს დანადგარების ხმა ადამიანებმა
გადაფარეს. მაღაროელები ხელფასის 30%-ით მატებას, სამუშაო ადგილებზე
უსაფრთხოების წესების დაცვას, კვების, ჯანმრთელობის დაზღვევის
პაკეტებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ითხოვდნენ. მათი
პროტესტი მთელმა ჭიათურამ გაიზიარა.
კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” დათმობებზე წავიდა. ქალაქმა ბრძოლა
მოიგო. 1 ივლისიდან მაღაროელებს ხელფასი 25%-ით გაეზრდებათ, წლის
ბოლომდე კი კიდევ 10%-ით. გადაწყდა შრომითი უსაფრთხოების,
ჯანმრთელობის დაზღვევის და სხვა საკითხებიც. მაღაროში მუშაობა
განახლდა. ქალაქში ჩასულებს, უკვე მანგანუმით დატვირთული საბარგო
მანქანა გვხვდება.
გამარჯვებულის ინტონაცია
აქვს მაღაროელ გივი შერგელაშვილს. 11 დღიანი შიმშილობის მიუხედავად,
ენერგიას არ უჩივის. მას ბრძოლის შედეგი “აბედნიერებს”.
„ჩვენი მამების თაობამ არ იბრძოლა, ემორჩილებოდა ტრესტის და მერე კომპანიის ყველა გადაწყვეტილებას. არ გვინდა ჩვენმა შვილებმა თქვან, რომ თქვენ არ იბრძოლეთ ჩვენი უკეთესი მომავლისთვის, გაჩუმდით და დაემორჩილეთ სხვების სურვილებს. ჩვენ შევქმენით მაგალითი ბრძოლის და გამარჯვების, შეგვიძლია შვილებს თვალებში თამამად ჩავხედოთ“, - ამბობს გივი.
ახალი თაობა სწორად მიხვდა, რომ მაღაროელთა ბრძოლის მთავარი მოტივატორი იყო, ამიტომ მამების გევრდით დადგნენ.
„ჩემი კლასელების მამები და ჩემი ახლობლები იყვნენ გაფიცულები. მათ უკეთესობა სურთ და ჩვენც შევუერთდით. ვერ გავჩერდებოდით და დაველოდებოდით“, - ამბობს ჭიათურის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე გიორგი.
„ბავშვებმა დაარტყეს „პენალტი“ და გადამწყვეტი სიტყვა თქვეს“, - საუბარში ერთვება მაღაზიის ერთ-ერთი მფლობელი, რომელმაც გაფიცვის დღეებში მაღაზია დაკეტა და მაღაროელების გვერდით დადგა.
ასე მოიქცა ჭიათურელი
ნესტან ჩუბინიძეც. მას სრულად ჰქონდა გააზრებული მაღაროელთა
მოთხოვნების მნიშვნელობა.
„მოუმატეთ ჩვენს დედებს და მამებს ხელფასებიო, ითხოვდნენ ბავშვები, ამან ძალიან იმოქმედა“, - იხსენებს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, რომელსაც გაფიცულებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შუამავლის ფუნქცია ჰქონდა აღებული.
ჭიათურაში ასეთი მასშტაბის გაფიცვა არ ახსოვთ. მაღაროელების მიმართ სოლიდარობამ გააერთიანა სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, იდეოლოგიისა და შეხედულების ადამიანი. ამან განსაზღვრა შედეგებიც: 27 მაისს, ჭიათურის მერისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების - ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრების მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე “ჯორჯიან მანგანეზმა” და გაფიცულმა თანამშრომლებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
მაღაროელები ერთი წლის
წინ, 2018 წლის ივნისშიც გაიფიცნენ. მაშინაც ხელფასების 30%-იან ზრდას
ითხოვდნენ. შეთანხმება ვერ შედგა. გაფიცულები 10%-იან მომატებას
დაჯერდნენ. პროტესტი მანამდეც არაერთხელ გამოთქვეს, თუმცა
უშედეგოდ.
მაღაროელები წლობით
ნაგროვებ პრობლემებზე საუბრობენ, რომელიც თაობიდან თაობას, ერთი
სახელმწიფო წყობიდან - მეორეს გადაეცემოდა, მოქმედებდა ადამიანების
ბედზე, მდინარე ყვირილაზე, ჭიათურის მთებს და ქალაქში არსებულ
შენობებს ფერსა და ფომას უცვლიდა.
“ჯორჯიან მანგანეზი”, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის გარდა, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას და ვარციხე ჰესს ფლობს. საწარმოს მუშაობის შედეგად ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევამ გარემოს 60 მილიონზე მეტი ზიანი მიაყენა.
მძიმე ეკოლოგიური ვითარების შესამსუბუქებლად ჭიათურის მერიამ პროექტი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც მანგანუმის ტრანსპორტირება რკინიგზით მოხდება. ეს ქალაქში საბარგო ავტომობილებით მარგანეცის ღია წესით გადატანას აღკვეთს და დაწევს ჰაერის დამტვერიანების ხარისხს.
„კომპანია სწორად უნდა მუშაობდეს და დასაქმებულების უფლებებიც უნდა იყოს დაცული. ეს ორი სეგმენტი თანხვედრაში უნდა იყოს. შეთანხმება გვაქვს მიღწეული „ჯორჯიან მანგანეზთან“, პირველ ეტაპზე მძიმეწონიანი მანქანები შემცირდეს და საბაგირო გზებით გადაიტანონ მარგანეცი. მანქანები ცენტრალურ უბნებში არ იმოძრავებენ და მოხდება რკინიგზით გადაზიდვა. ამ ადგილებიდან საიდანააც მადანს ეზიდებიან მოხდება ე.წ. კეხერების დამონტაჟება, რაც საშუალებას მისცემს მანქანებს სუფთა მდგომარეობაში გადაადგილდდნენ. ასევე, დაიწყება ქალაქის ახლებურად მორწყვა და დასუფთავება “, - ამბობს ჭიათურის მერი.
„გაფიცვამ ეს პროცესი დააჩქარა, თუმცა შეიძლებოდა დროში გაწელილიყო,
მაგრამ ახლა ასე ვეღარ მოიქცევიან“, - ამბობენ
მაღაროელები.
კომპანია ძველებურად ვერც ხელფასების განაწილების საკითხში მოიქცევა. მეტის გაღება მოუწევს, თუმცა მაღაროელის შრომასთან და რისკთან შედარებით, მომატებული ხელფასიც მინიმალურია.
„600-900 ლარი შეიძლება ვინმეს დიდ ხელფასად მოეჩვენოს, მაგრამ როდესაც მეუღლე და სამი შვილი გყავს სახლში, ეს ფული საერთოდ არაფერს ჰყოფნის. თანაც ინფლაციამ ფასების მატება გამოიწვია. ხელფასი სრულიად არასაკმარისი გახდა არსებობისთვის. ოჯახი რომ გაიტანოს, ბევრი მათგანი, მაღაროდან თავისუფალ დღეებში, სხვა სამუშაოს ასრულებს, სოფლად თუ ქალაქად“, - ამბობს მაღაროელი ტარიელი მიქაცაძე.
ტარიელი ამფეთქებელია. 9 წელია მაღაროში მუშაობს. ეს საქმე პროფესიულ დონეზე შეისწავლა სასწავლებელში „პროფიუნიტი“, რომელიც „ჭიათურ მანგანეზმა“ დააფუძნა. პროფესიონალიზმი, საქმის კარგად კეთებასთან ერთად, რისკების აცილების ერთგვარი გარანტიაცაა. თუმცა, ტარიელი გარანტიებზე მტკიცებითი ფორმით ვერ ლაპარაკობს.
მაღაროელის პროფესია მაღალ რისკთანაა კავშირში, ამფეთქებლის - კიდევ უფრო მაღალთან. სამუშაო სრულ მობილიზებას ითხოვს, ყურადღების აბსოლუტურ კონცენტრაციას. უსაფრთოების წესების დაცვას რისკები ნულამდე დაჰყავს, მაგრამ საქმე ის არის, რომ სრულად დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია.
„ეს წესები რომ სრულად დაიცვა, სამუშაო ადგილზე უნდა იყოს განსაკუთრებული გარემო კომპანიის მხრიდან. მაღაროელს აქვს სამუშაოს შესრულების გარკვეული გეგმა. ამ გეგმის მიხედვით ეძლევათ შესაბამისი ანაზღაურება. თუკი ჩვენი პროცენტული გეგმა ვერ შესრულდება, დაბალი იქნება ანაზღაურებაც. აქედან გამომდინარე კიდევ ერთი პრობლემაა, არ არის სრულად გადაიარაღებული ის სამუშაო ადგილები, რითაც უწევთ მაღაროელებს ფიზიკური შრომა, ამ ტექნიკური გაუმართაობის გამო გვიხდება დავარღვიოთ ის შრომითი წესები, რასაც ზოგ შემთხვევაში მოჰყევბა ადამიანის დაზიანება, ან უფრო უარესი შედეგი“, - ამბობს ტარიელი.
„ჯორჯიან მანგანეზი“ პრობლემების გამოსწორების პირობას დებს. ამაზე შეთანხმების მეორე პუნქტში მიუთითებს - “ჯორჯიან მანგანეზი” გააუმჯობესებს და განავითარებს შრომის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ეფექტურ და პრევენციულ ღონისძიებებს.“
ამ დროისთვის რა
პირობებში მუშაობენ მაღაროელები, მხოლოდ ფრაგმენტულად ვიხილეთ.
„ჯორჯიან მანგანეზმა“ კოროხნარის მაღაროში შესვლის უფლება მოგვცა.
თუმცა მხოლოდ ეზოს გადაღების და შესასვლელთან მისვლის პირობით.
გვირაბის იქით სხვა სამყაროა...
“ტყიბულის შახტი ვერტიკალურია, 300-400 მეტრის შემდეგ ჰორიზონტალურად იშლება. ჩვენი გვირაბები შედარებით „კომფორტულია“. რელიეფიდან გამომდინარე, ჰორიზონტალურად შეგვიძლია შევიდეთ მიწის სიღრმეში, სადაც შეზღუდულია ყველაფერი. ჟანგბადიც არ აღწევს, თუკი რაღაც ძალამ არ შეიტანა. ასეთ სივრცეში მოძრაობს დიზელის მიწიქვეშა ტრაქტორები და ხდება მადნის ზიდვა, ამ დროს ის გამოყოფს დიზელის ნამწვს, რომლის განიავებაც ვერ ხდება იმ დონეზე, რასაც ის საჭიროებს, მიწის ქვეშაც მაღაროელს მოწამლული ჰაერის სუნთქვა უწევს“, - ყვება ტარიელ მიქაცაძე.
ჭიათურელებს ბევრი მაგალითის მოყვანა შეუძლიათ, თუ რა ზიანი მიაყენა კომპანიამ ქალაქს, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ იმაზე საუბარი, რა სიკეთე მოუტანა და რა შესძინა ჭიათურას.
ქალაქის ბიუჯეტში კომპანიის ყოველწლიური შენატანი დაახლოებით ათ მილიონ ლარამდეა. ეს ჭიათურის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. თანხა მხოლოდ აუცილებელ საჭიროებებს, ბაღებისა და სკოლების, გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციას ხმარდება. ქალაქს არაფერზე ეტყობა, რომ იქ “ჯორჯიან ამერიქენ ელოიზის” შვილობილი შავი ოქროს მომპოვებელი კომპანია ოპერირებს. მის უკან კი უკრაინელი მილიარდერების, იგორ კოლომოისკისა და გენადი ბლოგოლუბოვის კუთვნილი “პრივატ ჯგუფი” დგას.
მაღაროელები საინიციატივო ჯგუფის შექმნას გეგმავენ, რომელიც გააკონტროლებს, რამდენად ასრულებს კომპანია დანაპირებს.
„იმ შემთხვევაში, თუკი არ შესრულდება დაპირება, დიდი ალბათობით, ისევ დაგვჭირდება გამოსვლა და გაპროტესტება, მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არ დაგვჭირდება“, - ამბობენ მაღაროელები და ქალაქს გაჰყურებენ, რომელიც უჩვეულოდ ლამაზია ჩამავალი მზის ფონზე.
„არ მინდა ამ ქალაქის დატოვება. ჩემი შვილებიც აქ მინდა გაიზარდონ და არ გაუჩნდეთ აქედან გაქცევის სურვილი“, - ამბობს გიგა.
ქალაქი, სადაც 12 800 მცხოვრებია, მაღაროზეა მიბმული. იგი დასაქმების თითქმის უალტერნატივო წყაროდ რჩება. დღეს კომპანიაში 3700 ადამიანი მუშაობს.
ეს ფაქტი მაღაროელებს
ჭიათურის მთავარ გმირებად და პერსონაჟებად აქცევს. ზრდის მათ როლს
ქალაქის მომავლის ისტორიაში. მაღაროელები ამ პასუხისმგებლობას
გრძნობენ. პასუხისმგებლობას იმ ქალაქის წინაშე, რომელიც სხვას არ
ჰგავს, მაგრამ მისი სილამაზით დიდხანს ტკბობის საშუალებასაც არ
გაძლევს, რადგან მის გულში მაღაროა, რომელიც გადამრჩენიც და მკვლელიც
არის ერთდროულად.
მაღაროელები იბრძვიან,
რომ ქალაქის ქუჩებში სინათლე გაძლიერდეს და ჭიათურის
თავზე ცა საბოლოოდ გამჭვირვალე გახდეს.
ეკა კუხალაშვილი, თეკლე მორგოშია
მასალის გამოყენების პირობები