მულტიმედია
ტყიბულელი ხელოვანების „გამოქნილი“ გიშერი (ვიდეო,ფოტო)
FaceBook

მას მილიონობით წელი სჭირდება სრულყოფილი სახის მისაღებად.


 

მის ხასიათზე ლეგენდები დადის. ამბობენ, რომ უნაკლო, ლამაზი და კეთილშობილია.

,,ის არის მხოფლიოში უნიკალური ,,შავტუხა.“ მისტკიური, დადებითი ენერგიის მქონე, მსუბუქი და სადა“, – ტყიბულელები გიშერს სხვაგვარად შავ განძსაც ეძახიან.

შავი განძი ტყიბულის ერთ სოფელში, ძიროვანში მოიპოვება. წიაღისეული ნახშირის იმერული სახესხვაობა მაღალი ხარისხის არის, მაგრამ ჩვენთან ნაკლებად ფასობს.

გიშრის ნამდვილი ღირებულება ტყიბულში ყველაზე კარგად ერთ კაცს ესმის. ის  ქართული ნახევრად ძვირფასი ქვის ბრენდად ქცევასაც აპირებს, თუმცა ამისათვის ბევრი წინააღმდეგობა უნდა დაძლიოს.

ლევან ცქიფურიშვილს საამქრო სოფელ დაბაძველში, გარდაცვლილი მეგობრის პატარა სახლში აქვს მოწყობილი. აქ ყველა კუთხე 25 წლის წინ დაწყებულ საქმეს ახსენებს. მაშინ გიშრის გულშემატკივარმა ორმა ტყიბულელმა ბიჭმა ნედლეულის ახალი მეთოდით დამუშავება დაიწყო. მოგვიანებით, ორი თანამოაზრე დაემატა. გიშრის მთლელთაგან ცოცხალი მხოლოდ ლევანია. მის სამ მეგობარს, ახალგაზრდა ასაკში, სხვადასხვა სენი მოერია.

,,90 იანები იყო, ყველას უჭირდა. ტყიბულელ ხალხს განძი ფეხებთან ეყარა და რჩენას მაინც მთავრობას ეხვეწებოდა. ამაზე ძალიან ვბრაზდებოდით და გადავწყვიტეთ, გიშრის ოსტატობა გვესწავლა. გვსურდა, საკუთარი თავიც გვესახელებინა და სოფელიც.


რთული იყო მაშინ დაოსტატება, არც გუგლი არსებობდა, არც ტრენინგები, ყველა ინფორმაცია თვითონ უნდა გვეპოვა და ცოდნა დაგვეგროვებინა“, – ნაღვლიანად გვიზიარებს 45 წლის ლევან ცქიფურიშვილი, გიშერივით ძვირფას მოგონებად დარჩენილ ისტორიას.




მეგობრები გიშრის დამუშავების ტექნიკას საკუთარ დაკვირვებაზე დაყრდნობით სწავლობდნენ. ნახევრად ძვირფასი ქვის წახნაგების თლაში, ფორმების გამოყვანაში ღამეებს ათენებდნენ. ხან დიდი ძიების შედეგად, წიგნში მიკვლეული მეთოდებით, ხან კი, უხუცესი ტყიბულელებისგან ზეპირად გადმოცემული ცოდნით ხელმძღვანელობდნენ.

,,ძველად მხოლოდ გიშრისგან ბურთულების დამზადების ტექნოლოგია იყო ცნობილი. ჩვენ კი ამბიცია
გვქონდა, იდეით შეპყრობილები ვიყავით და რაღაც ახალს, ინოვაციურს, განსხვავებულს ვეძებდით“, – იხსენებს ხელოვანი. 


გათლა-დამუშავებაში დაოსტატებასავით რთული იყო გიშრის მოჭრა-მოპოვება. სამუშაო მასალის შესაგროვებლად მეგობრებს არც საჭირო ტექნიკა და არც ლიცენზია გააჩნდათ. ახალბედა ხელოვანები თანხას აგროვებდნენ და ნედლეულს მომპოვებელი კომპანიებისგან იძენდნენ.

,,კერძო კომპანიები გიშერს არა შახტური მოპოვების, არამედ პირატული, ღია კარიერული წესით მოიპოვებდნენ, რაც ძალიან აზიანებდა გარემოს. ისინი უკონტროლოდ, მთის მთელ რელიეფებს ხსნიდნენ, ამსხვრევდნენ ძვირფას ქვებს და დაუმუშავებლად, პირდაპირი ნედლეულის სახით, იაფად გაჰქონდათ გასაყიდად უცხოეთში“, – ყვება ლევანი.

პირატულად მოპოვებული გიშრის ნამსხვრევებს ტყიბულში დღემდე აგროვებენ. ნედლეულის ღია წესით ამოღება უკვე აკრძალულია. სტანდარტების დაცვით გიშრის მოპოვება იმდენად ძვირია, რომ ამისათვის ტექნიკური და ფინანსური რესურსის მობილიზება ვერავინ შეძლო.

,,ჯერ–ჯერობით საკმაო მარაგი არსებობს იმ ნამსხვრევების სახით და მის ამოწურვას წლები დასჭირდება, შემდეგ ვნახოთ რა იქნება“, – ამბობს ოსტატი.

ბუნდოვანი მომავლისა და რესურსის შემცირების საპირწონედ, გიშრის მთლელების მრავალწლიანი შრომის შედეგად, საქრთველოში მხოლოდ ტყიბულში დამკვიდრდა გიშრის დამუშავების უნიკალური მეთოდი. დაბაძველის პატარა საამქროში ისეთი ნამუშევრები ინახება, რასაც ქვეყანაში ანალოგი არ აქვს.






გიშრისგან კუს გამოთლას ერთი კვირა სჭირდება


უნიკალურ მეთოდს ინკრესტრაცია ჰქვია, რაც გიშრის ვერცხლთან, ასევე ფერად ქვებთან ერთად დამუშავებას გულისხმობს და ნაკეთობას უფრო მშვენიერს ხდის.

 

 

გიშრის ყელსაბამი ვერცხლითა და ფერადი ქვებით



,,ვერცხლით და ფერადი ქვებით გიშრის დამუშავება ხელოვნებაა. ძალიან ფრთხილად უნდა ჩასვა სხვა მასალა გიშერთან სპეციალური აპარატის მეშვეობით. ისე, რომ გიშერი არ გატყდეს და ლამაზიც გამოვიდეს. ამ ცოდნის მოპოვებას, მე და ჩემმა მეგობრებმა წლები შევალიეთ. ახლა კი, ეს გამოცდილება რაც შეიძლება მეტ ქართველ ოსტატს უნდა გადავცეთ“, – ამბობს ლევანი, რომელიც გიშრის დამუშავებას ამჟამად შვიდ ტყიბულელ ახალგაზრდას ასწავლის.

დავით აშოთია, ლევანთან ერთად, გიშერს 17 წელია თლის. ნახევრად ძვირფასი ქვისგან ლამაზი ნივთების შექმნასთან ერთად მისთვის მნიშვნელოვანი უდანაკარგოდ მუშაობაა. „ხელოვანებად“ უფრო ნაკლები ხანია იწოდებიან დანარჩენები. თითოეულის სურვილია, ერთ დღეს გიშერი ტყიბულის სავიზიტო ბარათად იქცეს.








ტურისტულ სეზონზე სოფელ დაბაძველის გიშრის საამქროს სულ უფრო მეტი უცხოელი სტუმრობს. ქართული გიშრისგან დამზადებული სამკაულები ტურისტებს ძალიან მოსწონთ. ამის გამო, ლევან ცქიფურიშვილს საამქროს რეაბილიტაციისა და ტურისტულ ატრაქციად გადაქცევის იდეა გაუჩნდა.

,,დიდი იტერესით უყურებენ სამკაულების დამზადებას, ათვალიერებენ ნამუშევრებს და აღფრთოვანებულები მიდიან. ამიტომ ეზო – გარემოს გალამაზება და საგამოფენო კუთხის გაკეთება დავგეგმეთ. ასე სოფელიც შეინარჩუნებს ტრადიციას და ტურიზმიც  განავითარებდება. ეს მეტ შემოსავალსაც გააჩენს და აქაურობას სიცოცხლეს დაუბრუნებს, ხოლო ქართულ გიშერს თანდათან მთელ მსოფლიოში გაიცნობენ“, – ამბობს ლევანი.

მსოფლიო ბაზარზე მოხვედრამდე, ოსტატები ქართულ რეალობაზე ჩივიან. ამბობენ, რომ საქართველოში გიშრის სამკაულების უმრავლესობა ნამდვილი არ არის.

,,არავინ გაყიდის ნამდვილი გიშრის მთელ მძივს 20 ან 50 ლარად, როგორც ბაზრის დახლებზეა.  ნამდვილი გიშერის ერთი პატარა ბურთის ფასი 15 ევროს ექვივალენტია. გარდა ამისა, ხელოვნურად დამზადებული გიშრისგან განსხვავებით, ნამდვილი გიშერი ძალიან მსუბუქია, ასევე არავითარ შემთხვევაში არ გატყდება, თუ ძალით არ დაამსხვრევთ“, – გვეუბნება ოსტატი, რომელმაც ნივთების რეალიზაციისთვის ინტერნეტში სპეციალური გვერდი შექმნა.

საქართველოში გიშრის პირველად მოპოვების ზუსტი თარიღი არავინ იცის, თუმცა შემორჩენილია ლეგენდა.

ნივთიერი და წერილობითი წყაროების მიხედვით, საქართველოში გიშრის სამკაულები და ამულეტები ჩვ. ერამდე მე-16 საუკუნეში ჩნდება. ფეოდალურ საქართველოში ამ ქვის სკვნილები მზითვის აუცილებელი ნაწილია. მას მონასტრებსა და ეკლესიებშიც იყენებენ. XIX საუკუნეში ქართული გიშერი საზღვარგარეთაც გააქვთ. 1840-იან წლებში ქუთაისში „შავი განძის“ ნაწარმის ექსპორტი წელიწადში 2000 მანეთ წმინდა მოგებას ტოვებს.


ტყიბულელებს შავი განძი შესახებ საკუთარი ლეგენდა აქვთ: ერთმა მეტყევემ, „შავტუხა“მიწის ჩიჩქნის დროს იპოვა და გიშრის დაუმუშავებელი ნატეხი თილისმად გაიკეთა. ქვას მეტყევისა და მისი ღარიბი ოჯახისთვის იღბალი მოუტანია. ეს ამბავი სხვა გლეხებს გაუგიათ და გიშრისთვის კეთილშობილი ქვა უწოდებიათ. ის ქალებს, ავი თვალისგან დასაცავად, აკვნებისთვის დაუბნევიათ, კაცებს იღბლისათვის თილისმები და ამულეტები დაუმზადებიათ. მოგვიანებით, გიშრის ყელსაბამი საქორწინო ნიშანი გამხდარა, პატარძლის მზითევში ამ ქვისგან „გამოქნილი“ ნივთი აუცილებლად უნდა ყოფილიყო.

ბუნებაში რბილი, დასამუშავებლად ადვილი ქვა, მიღებული ვერსიით, წიწვოვანი მცენარეების - არაუკარიების აღმდგენელ გარემოში მოხვედრის შედეგად გაჩნდა. დანახშირებული ხე კი, ტყიბულელი ოსტატების ხელში, სხვა სიცოცხლეს იძენს. ხელოვაებს იმედი აქვთ, რომ ოცნების ახდენას, ტყიბულში „გამოქნილი“ სამკაულები მსოფლიოს გააცნონ, გიშრის დაბადების მსგავსად, მილიონობით წელი არ დასჭირდება.



ავტორები: ანა ჯანაშია, ხვიჩა ვაშაყმაძე

უნიკალურ მეთოდს ინკრესტრაცია ჰქვია, რაც გიშრის ვერცხლთან, ასევე ფერად ქვებთან ერთად დამუშავებას გულისხმობს და ნაკეთობას უფრო მშვენიერს ხდის.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც
საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო
მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ
წყვეტს.
16:10 / 03.08.2024

არის საქართველო და არსებობს პარალელური საქართველო, სადაც საქართველოს მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობს. პარალელური საქართველო მთელ მსოფლიოშია გაბნეული, თუმცა მთავარ საქართველოსთან კავშირს არ წყვეტს. "ავთენტური საქართველო" მისი მიზიდულობის ცენტრად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათწლეულების განმავლობაში არ/ვერ დაადგას მის მიწაზე ფეხი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.