მულტიმედია
საქმე, რომელიც ხეს სიცოცხლეს უბრუნებს (ფოტო/ვიდეო)
FaceBook

ნებისმიერ ხის ნაჭერი, უსახური ნაფოტი ყოველთვის შეიძლება იქცეს საჭირო, ან ლამაზ ნივთად. მთავარია ოსტატის ხელში მოხვდეს.

საჩხერეში ორი ადამიანი ცხოვრობს,   რომლის ფანტაზიისა და ხელების კარნახით ხე გარდაისახება და მრავალნაირ ფორმას იღებს. ორი ადამიანი, რომელიც დამოუკიდებლად და განსხვავებულად ერთ საქმეს - დაკარგული ტრადიციის აღორძინებას ცდილობს.

ბარძიმები, ყანწები, სანაყები, დოქები, რაგბის, ფეხბურთის ბურთების ფორმის სასმისები - მათი ნახვა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეში მცხოვრები ხის ოსტატის ჯაბა ყაველაშვილის სახელოსნოში შეიძლება.



საბარძიმეები  – ჯემალ ჭიღლაძე




ყველა ეს ნივთი ხისგან არის დამზადებული.

თვითნასწავლი ოსტატი კარგად იცნობს იმ მასალას, რასთანაც საქმე აქვს, მის ხასიათს, ბუნებას, ფაქტურას. თუმცა უპირატესობას მაინც „ხის არჩევანს“ ანიჭებს, რომელიც თავად კარნახობს რა შეიძლება „მისგან“ გამოვიდეს.

„როდესაც ხის ნაჭერს ხელში ავიღებ, ხე თავად მიმახვედრებს რა ნივთი შეიძლება გამოითალოს აქედან - თასი, სანაყი თუ დოქი“, - ამბობს ჯაბა.

გამომშრალი და დამუშავებული ხის ნაჭერი ყველაზე ცოტა, ოთხ ნაწილად იყოფა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, გასკდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისთვის ფორმის მიცემა.

საჭირო ნივთის მიღებამდე საკმაოდ გრძელი გზაა გასავლელი. ცული, დანა, რკინის ყალიბი ელექტროჩარხი და კიდევ ბევრი სხვა ინსტრუმენტი უნდა შეეხოს ხეს, ვიდრე ის სახეს მიიღებს.



ჯაბა არა მხოლოდ საღვინე ჭურჭელს ამზადებს არამედ ღვინოსაც. მას სავანეში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვენახი აქვს.

ხესთან ერთად,  ღვინის ბუნებასაც იცნობს. სასმელის ხასიათის ცოდნა ნაკეთობების შექმნაშიც  ეხმარება. ერკვევა ღვინოს რა ჭურჭელი სჭირდება, სად ინარჩუნებს ყველაზე უკეთ თვისებებსა და გემოს. მის დამზადებულ სასმისებში, გემოს შეგრძნებასთან ერთად, ღვინის მოსმენაც შეიძლება.

„ტიკის ფორმის სასმისიდან, ღვინოს როდესაც სვამ, რაკრაკის ხმა ისმის“, -ამბობს ჯაბა.

ხის ჭურჭელს მარჯვე ხელები ლამის ინსტრუმენტად აქცევს.

თუმცა მარჯვე ხელები საკმარისი არ არის. საჭიროა გამოცდილება და ხის სხვადასხვა ჯიშის ბუნების, იქამდე გემოს გათვალისწინება. ჯაბამ იცის რომ კაკლის ხის მასალა მწარეა.

„როდინი (სანაყი) აუცილებლად მსხლისგან უნდა დამზადდეს, კაკლის მასალამ შეიძლება თავისი სიმწარე მისცეს  და გემო შეუცვალოს სუნელს თუ რასაც ამზადებ სანაყში“, -ამბობს ჯაბას მეუღლე ზინა ყაველაშვილი.

ცუდი გემოსგან რომ დაიცვან,  ხის ნივთების გული ადუღებული სანთლით ივსება, გასანთლული ნივთი რომ გამოშრება, შემდეგ ლაქავენ, მაგრამ მხოლოდ ჭურჭლის გარეთა მხარეს.

გასანთვლისა და ლაქის წასმის მისია ზინას, ჯაბას მეუღლეს  ებარა. ახლა ამ საქმეს ჩამოსცილდა. ხის  ნივთების დამზადების სრულ ციკლს ჯაბა უძღვება.

პროფესიით ენერგეტიკოსია.  ხეზე სამუშაოს სამსახურის შემდეგ ჩაუჯდება, ხოლმე. ადრე საქმეც ბევრი იყო, ენერგიაც და მოთხოვნაც. ჯაბას ნაკეთობები ყველა თანასოფლელის ოჯახშია.

„სადღეისოდ შემცირდა ხის ჭურჭელზე მოთხოვნა. ხალხს ფული არ აქვს. ახლა გამოფენებისთვის თუ გვთხოვენ ან უცხოელი ტურისტები თუ დაინტერსედებიან“, - ამბობს ზინა.

ტურისტები სახლშიც ეწვივნენ, ჭურჭლის დამზადების პროცესი რომ ენახათ.

თუმცა, ჯაბას ურჩევნია ხეზე მუშაობით, არა როგორც ეგზოტიკით, არამედ შესწავლის მიზნით დაინტერესდნენ. ამ ტრადიციულ საქმიანობას მიმდევრები გამოუჩნდეს და ხელობა მომავალმა თაობამ გადაიბაროს. მაგრამ მოსწავლეები არ ჰყავს.

„რთული სამუშაოა, არც ჯანმრთელობისთვის არის უსაფრთხო, დიდ მტვერს აყენებს და ესეც არის ხელისშემშლელი, რომ ხის ხელოსნობით არავინ ინტერესდება“, - მიაჩნია ზინა ყაველაშვილს.

მოსწავლეები არც ხის ოსტატ ჯემალ ჭიღლაძეს ჰყავს.

ჯემალ ჭიღლაძე ხის ოსტატი სოფელ ორღულში

ჯემალი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულში ცხოვრობს და  ათწლეულებია ხეზე მუშაობს. ჯაბას მსგავსად, ჯემალისთვისაც ეს ხელობა არავის უსწავლებია.



ამას ხელი არ შეუშლია ყველა ის ნივთი დაემზადებინა, რაც მის წარმოსახვაში გაიელვებდა. თვითნასწავლი ხელოვანის სახლში ხისგან დამზადებულ ყველანაირ გამოსახულებას იპოვი: სპილოს, არწივს, ხარის თავს, ხელის მტევანს, რქებს, ქალის ფეხსაცმელს, საქართველოს რუკის ფორმის ნივთებს,  ურემს, ღუზას, და ა.შ. - მოკლედ, რისი წარმოდგენაც შეიძლება, ან არ შეიძლება. მათ დეკორატიული ან ყოფითი დანიშნულება აქვთ.



ხის ხინკალი– ჯემალ ჭიღლაძის ნაკეთობა

ჯემალი არ აკეთებს ესკიზებს,  იგი ერთი მთლიანი ხისგან, დაჭრის და დანაწევრების გარეშე, თლის  ნებისმიერ ნივთს - სასმისიდან დაწყებული, ხის უზარმაზარი ჯაჭვით დამთვრებული.

ის რაც ათვისებული და დაძლეულია, ოსტატს ინტერესსა და ენთუზიაზმს უკარგავს. მას  მხოლოდ ერთ პირობა აქვს:

„მთავარია სხვისი გაკეთებული ხის ნივთის გამეორება არ მომთხოვონ“.



"ხეში ნამდვლად ვდებ სულ, რადგან ის ჩემს ფანტაზიებზე მარტივად "მომყვება", თითქოს მასაც ესმის ჩემი", – ჯემალ  წიღლაძის ნამუშევრები




ყველაფერს თავად იგონებს, აღმოაჩენს და ამზადებს, თუნდაც ჰიდროელექტროსადგურს.

ჯემალ ჭიღლაძეც ჯაბას მსგავსად ენერგეტიკოსია, ოღონდ თვითნასწავლი. გასული საუკუნის  90-იანების ბნელი წლები, ჯემალმა მის სოფელს თავისი დამზადებული ელექტროსადგურით გაუნათა.  ჩაბნელებულ საჩხერეში მხოლოდ ორღულში მცხოვრებ 23 ოჯახს ჰქონდა შუქი, ოსტატის მიერ მდინარე ყვირილაზე დადგმული „ჰესის“ წყალობით.

დღეს „ჰესი“ არ არსებობს, მაგრამ არსებობს ისტორია კაცზე, რომელმაც  ყველაზე მძიმე წლებში, საკუთარი ძალებით შეუძლებელი შეძლო - ამირანივით სინათლე გამოსტაცა მითიურ „მეცხრე ბლოკს“.

ამიტომ თანასოფლელები მას „მოვლენას“ უწოდებენ.





საკუთარ თავს კი ხუმრობით  „კოსმონავტს“ ეძახის. ახსნა მარტივია: დიპლომი და დოკუმენტურად დადასტურებული პროფესია არ გააჩნია, თუმცა რასაც ხელი მოჰკიდა, ყველაფერი გამოუვიდა.

„ყველაფერს თითქოს „ზეციდან“ ვიღებ, თითქოს რაღაც მკარნახობს, თავისთავად გამომდის, შესწავლის, გათვლის და გაზომვის გარეშე“, - ამბობს ჯემალი.

“ზეცასთან“ ერთად ხეც კარნახობს და ბუნებაში არსებული პროპორციები თუ კანონზომიერებები მიანიშნებს. ეს ორივე ოსტატს საშუალებას აძლევს ხის ნაფოტს  ახალი ფორმა მისცეს  და  წართმეული სოცოცხლე  ასე დაუბრუნოს. ახლა მთავარია აღორძინებული ხეზე კვეთის ტრადიცია მათი ნივთებივით სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდეს და ეს ხელობა საჩხერეში ისევ არ გაქრეს.



ავტორები
: ეკა კუხალაშვილი, თეკლე მორგოშია

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოში სოფლები იცლება. ამას აჩვენებს სტატისტიკა და ამაზე
მიუთითებენ ნასახლარები იმერეთის ბევრ სოფელში.
14:24 / 18.12.2024
საქართველოში სოფლები იცლება. ამას აჩვენებს სტატისტიკა და ამაზე მიუთითებენ ნასახლარები იმერეთის ბევრ სოფელში.
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
16:21 / 09.10.2024
წყალტუბო შეპირებების „ჰაბია“.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.