ერთ-ერთ აუქციონზე შემთხვევით გადავაწყდი, რომ იყიდებოდა 1941 წლის ნიუ-იორკის Town hall-ის საკონცერტო პროგრამა. გარეკანზე ახალგაზრდა სიმპათიური ბიჭის სურათით და წარწერით - გიორგი ჭავჭავაძე.
ეგრევე გავგიჟდი, რადგან ეს მაშინდელი town hall-ის კონცერტი იყო, ეს დარბაზი კი დიდი ტრამპლინი კარნეგი ჰოლამდე - აქ დაიწყეს პირველი კონცერტები ისეთმა კომპოზიტორებმა თუ პიანისტებმა, როგორებიცაა დიდი შტრაუსი, რახმანინოვი, შალიაპინი, ფედერევსკი, - უითნი ჰიუსტონიც კი ამ სცენაზე დაიბადა, როცა 14 წლის იყო.
გიორგი პეტერბურღში დაბადებულა. ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში დაუწყია დაკვრა ფორტეპიანოზე, ათი წლის ასაკში, გასაოცრად ასრულებდა ბეთხოვენისა და ლისტის საფორტეპიანო კონცერტებს. 1931-ში, პარიზული გაზეთები აღტაცებით სწერდნენ მასზე.
1950-ში, რომ იტყვიან ელვასავით გადაუარა ნიუ-იორკს “გრანდ ბალეტად”, „ბალეი მონტე-კარლოდ“ ცნობილი თეატრის, მარკიზ დე კუევასის საბალეტო დასის ნიუ-იორკში დამკვიდრების ამბავმა და პრემიერამ.
და ამ თეატრს რეპერტუარში ჩაიკოვსკის “მძინარე მზეთუნახავის” პარალელურად ჰქონდა სწორედ კომპოზიტორ გიორგი ჭავჭავაძის მუსიკაზე შექმნილი სპექტაკლი “აიგრეტტე”. გარდა ამისა, როცა კუევასმა “პერი” დადგა თავის დასში, იქაც მუსიკა ჭავჭავაძეს ანდო.
გიორგი ჭავჭავაძე ემეგობრებოდა უდიდესს მანუელ დე ფალას, ესპანელ კომპოზიტორს. 1916-ში ფალას ბალეტი “ელ ამურ ბრუჰოს” (სიყვარულის ჯადოქარი) როცა დაიდგა, თავად კომპოზიტორმა გადაწყვიტა ფორტეპიანოს ვერსიის დამატება და ეს მხოლოდ მის მეგობარს, გიორგი ჭავჭავაძეს ანდო.
გიორგი ჭავჭავაძის შესახებ საუბრობს მისი ძმისშვილიც, ამერიკული CIA-ის ყოფილი თანამშრომელი, დავით ჭავჭავაძე თავის წიგნში.
“ბიძაჩემი და მისი მდიდარი მეუღლე, ელიზაბეტი მაშინ დამკვიდრებულნი იყვნენ ვენეციაში, ფეშენებელურ ვილაზე გრანდ-არხთან. დღეს ეს ვილა მსოფლიოში ცნობილია სახელით Palazzo Polignac”. ამ სახლს ათეული წლები იჯარით ფლობდა მისის ჭავჭავაძე და რენესანსის მაგნატივით ცხოვრობდა”.
ჩემდა გასაკვირად, მისი სხვა მამულები ამერიკაშიც ვიპოვე და მის ყოველ შენაძენზე „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერდა. 1943 წლის 23 მაისის ნომერში ამოვიკითხე, პიანისტი ჭავჭავაძე მანჰეტენზე, ცნობილ „რივერ ჰაუსში“ დასახლდაო, 9-საძინებლიანი საცხოვრებელი აპარტამენტი მან აღმოსავლეთ 52 ქუჩაზე აიღო.
და რომ მეგონა სულ ეს იყო, შემთხვევით გაზეთ “ვოლ-სტრიტ ჟურნალის” გვერდებზე თვალი მოვკარი სტატიას.
იყო ასეთი არქიტექტორი, ჯორჯ პოსტი,
რომელმაც პირველი მაღალი შენობა ააშენა მანჰეტენზე. თავად ეს
არქიტექტორი ცხოვრობდა ნიუ-ჯერსში და ისევე როგორც მისი ყველა
ლეგენდარული ნაგებობები, სახლიც ასეთივე აიშენა - კორინთული მზიდი
სვეტებით, ნეო-ფეოდალური სტილში, 23 ოთახით, 7 მასტერ-საძინებლით, 28
ჰექტარი მიწითა და საკუთარი ტყეებით, საჯინიბოთი და სასტუმრო
კოტეჯებით, და ყველაზე მთავარი - მანჰეტენის ხედით.
და აი, ამ სტატიაში ამოვიკითხე, რომ ეს სახლი შეიძინა, ამ სახლში 1941-დან 1949 წლის ჩათვლით ცხოვრობდა და მუსიკალურ საღამოებს და საერთაშორისო საქველმოქმედო ღონისძიებებს მართავდა კომპოზიტორი და პიანისტი გიორგი ჭავჭავაძეო.
გიორგის საფლავს წლებია ვეძებდი, ადრე ამერიკაში მეგულვოდა. პრესის ფურცლებზე მივაგენი მის კვალს, რომ პიანისტი გიორგი ჭავჭავაძე 1962 წლის 5 თებერვალს საფრანგეთის ალპებში ავტოკატასტროფაში მეუღლესთან ერთად დაიღუპა.
უკვე მისი კვალის ძებნა გავაგრძელე პარიზში. ათამდე სასაფლაოს მივწერე წერილი და შეკითხვა დავუსვი.
ელექტრონულ ფოსტაზე პასუხი მოვიდა
ზუსტად იმ დღეებში, როცა დედასთან და ოჯახთან ერთად პარიზს
ვსტუმრობდი, რომელშიც მწერდნენ რომ გიორგი ჭავჭავაძე დაკრძალული იყო
პასის სასაფლაოზე.
როცა კი დავგუგლე, აღმოჩნდა რომ ტროკადორებთან, სადაც ვცხოვრობდი, ფეხით სავალ გზაზე, ზუსტად სახლიდან ორ ბლოკში იყო ეს სასაფლაო.
მე მას ვესტუმრე.
ამერიკა შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. და მეც, ყოველ საშობაოდ მახსენდება ჯერ კიდევ 325 წელს წმ. მეფე კონსტანტინეს ნიკეიდან გაგზავნილი ეპისტოლეს ფრაზა: „დაე, თქვენმა კეთილგონიერებამ განსაზღვროს, თუ რაოდენ არასაქებარია და საძრახისი, რათა ერთსა და იმავე დღეებში საქრესტიანოში ერთნი მარხულობდნენ და სხვანი კი იხსნილებდნენ”.
მასალის გამოყენების პირობები