კოლმეურნეობიდან - კოოპერატივამდე - ჩაის პლანტაციის ისტორია ჭიათურაში (ვიდეო/ფოტო)
17:15 / 26.05.2020
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხეში სეზონური ჩაის კრეფა მაისის
შუა რიცხვებში დაიწყეს.
სოფელი ჯერ კიდევ პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების
პირობებში ახმაურდა. ქვაციხეში გაერთიანებული ოთხი სოფელის
მოსახლეობის ნაწილს, ყოველ დილით, მანქანა აკითხავს და სამუშაო
ადგილზე გადაჰყავს. ღია ცის ქვეშ ბევრი ხალხის შეკრება ამ შემთხვევაში
საფრთხეს არავის უქმნის. ჩაის კრეფა ერთგვარ დისტანციას თავისთავად
მოითხოვს.
ოთხი წელია სოფლის მოსახლეობა სამსახურს სხვაგან აღარ ეძებს. ჩაის
პლანტაცია ბევრი ოჯახის შემოსავლის წყაროდ იქცა.
ჯუნა ბიწაძე რცხილეთის სკოლის ბუღალტერია. ხუთი შვილის დედას,
კორონავირუსის პანდემიისას დრო გამოუჩნდა და თანასოფლელებს ჩაის
კრეფაში შეუერთდა. დამატებით შემოსავალის გაზრდის მიზნით, მან ამ
ფერხულში შვილებიც ჩააბა.
ჯუნა ბიწაძე პლნტაციაში
„წელს ჩავერთე ამ საქმიანობაში. როცა დრო მაქვს, მოვდივარ და
ვშრომობ. შრომის არ უნდა შეგრცხვეს ადამიანს“.
ჯუნა ბიწაძესთან ერთად პლანტაციაში ყოვლედღიურად მისი 70 თანასოფლელი
გადის. მათ ნაწილს ჩაის კრეფის გამოცდილება ჯერ კიდევ საბჭოთა
საქართველოდან მოჰყვება. მაშინ გეგმას სახელმწიფო უწესებდა, ახლა კი
დღეში რამდენი უნდა დაკრიფონ, საკუთარ თავს თავადვე უსაზღვრავენ.
სოფლის მცხოვრებლებს ეს უფრო მოსწონთ. მუშაობენ იმდენს, რამდენიც
შეუძლიათ. შესვენების დროსაც თავად აწესებენ, ხის ჩრდილში იკრიბენიან,
ამერის და იმერის ამბავს ჰყვებიან, ხუმრობენ, იცინიან და ამის გამო,
ჩაის კრეფის პროცესი უფრო მეტად ეძვირფასებათ.
ქვაციხელი მეჩაიეები დასვენების დროს
ჩაის პლანტაციაში მუშაობის გამოცდილება საბჭოთა დროიდან მოჰყვება
„ქვაციხის ჩაის თაიგულის“ სულის ჩამდგმელსაც. ტარიელ ჩუბინიძე 7 წლის
იყო, როცა მწვანე ფოთლის კრეფა დაიწყო. მერე ქვაციხის კოლმეურნეობის
თავმჯდომარეც იყო. ბავშვობის ასაკიდან მიღებული გამოცდილება საბჭოთა
პერიოდის შემდეგ გავერანებული ჩაის პლანტაციების აღდგენაში
დაეხმარა.
„სულ გული შემტკიოდა ამ სოფელზე. რომ დავიწყე ჩაის
პლანტაციებზე ზრუნვა, ყველანი გიჟს მეძახდნენ. მგლებიც არ შედიოდნენ
აქ ისეთი ამბავი იყო“.
ტარიელ ჩუბინიძემ ორ კოლეგასთან ერთად ოთხი წლის წინ კოოპერატივი
დააფუძნა. ჩაის პლანტაციების აღდგენას სახელმწიფო პროგრამის, „ქართული
ჩაის“ ფარგლებში შეუდგა. 2016-დან 2020 წლამდე მხოლოდ ჩაის ბუჩქების
დასუფთავება-განახლებას მოუნდნენ, რაშიც მთელი სოფლის მოსახლეობა იყო
ჩართული.
„ქვაციხის ჩაის თაიგულს“ 10 000 ევრო გრანტის სახით ევროკომიისგან
გადაეცა. ამ თანხით კოოპერატივმა ერთჯერადი ჩაის დასაფასოებელი
დანადგარი შეიძინა.
მიმდინარე, 2020 წელს, დაახლოებით, 24 ტონა ნედლეულს მიიღებენ, რაც
ჯამშ
ი ხუთ ტონა მზა პროდუქტს ნიშნავს. ტარიელ ჩუბინიძის თქმით, საბჭოთა
დროინდელი პრიორიტეტები მკვეთრად შეიცვალა, მაშინ მთავარი რაოდენობა
იყო, ახლა - ხარისხი.
დასავლეთ საქართველოს ბევრ სოფელში მეჩაიეობა ცხოვრების წესი იყო.
იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან ხუთში - ჭიათურაში, ვანში, ტყიბულში,
ხონსა და წყალტუბოში, შავ ჩაის აწარმოებენ. აქედან ყველაზე დიდი
პლანტაციები ტყიბულშია. წარმოებული პროდუქტით უმეტესად ქვეყნის შიდა
ბაზარი მარაგდება. თუმცა, ჩაი იმერეთიდან ექსპორტზე ჩეხეთსა და
გერმანიაშიც გააქვთ.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს იმერეთის
რეგიონული სამსახურის უფროსი, დავით ჯინორიძე ამბობს, რომ ჩაის
პლანტაციების აღდგენით დაკავებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები
სამუშაოების ღირებულების 80%-სახელმწიფოსგან იღებენ. ამ დროისთვის
იმერეთში სულ შვიდი ასეთი კომპანიაა, განახლებულია 338 ჰექტარი ჩაის
პლანტაცია, სააგენტოში კი 45 ჰექტრის აღდგენაზე განცხადებაა
შესული.
"ამ დროისათვის იმერეთში შვიდ კოოპერატივს გადავეცით ჩაის
საწარმოებლად საჭირო ყველა აუცილებელი მოწყობილობა. ფიზიკურ პირებს
60%-ით ვაფინანსებთ, კოოპერატივებს 80%-ით".
ჩაის პლანტაციების განახლების სახელმწიფო პროგრამა "ქართული ჩაი"ოთხი
წლის წინ დაიწყო.
დღეს ჩაის პლანტაცია იმერეთში ბევრი ოჯახისთვის შემოსავლის მთავარ
წყაროდ იქცა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები